ფსონები პრეზიდენტებზე

ფსონები პრეზიდენტებზე

 

 

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კოლუმბიას ესტუმრა და პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია მასზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

აურზაური ატყდა არა მარტო სპეცსამსახურებში, არამედ ბუკმეიკერების ოფისებშიც.

იმავე დღეს ვირტუალური კაზინოების რამდენიმე საიტზე ერთდროულად დაიწყეს ფსონის დადება ვიზიტის შესაძლო დასასრულის შესახებ - გადაურჩება თუ არა ამერიკის პრეზიდენტი სიკვდილს.

მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი ბუში თავის ქვეყანაში სწრაფად კარგავს პოპულარობას, 12 000 გამოკითხული ამერიკელიდან ვიზიტის მშვიდობით დამთავრებას 98.7%-მა დაუჭირა მხარი.

ერთ პროცენტზე ცოტა მეტმა მიიჩნია, რომ ჯორჯს „გაასაღებდნენ“. ამ უმცირესობას რომ მოეგო, ალბათ საარაკოდ გამდიდრდებოდნენ.

ლას - ვეგასის ზოგ სათამაშო დაწესებულებაში ფსონებს იღებენ არა მარტო სპორტულ მატჩებზე, არამედ პოლიტიკურ მოვლენებზეც. მიახლოებითი გამოთვლებით, სათამაშო ბიზნესის ამ სფეროში ყოველწლიურად 3.6 მილიონი დოლარი ტრიალებს...

ფსონების ყველაზე აქტიური მიღება ხდება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. სარეკორდო თანხა - 15 მილიონი შეგროვდა 2000 წელს, როცა პრეზიდენტის სავარძლისათვის იბრძოდნენ ჯორჯ ბუში და ალბერტ გორი - თეთრი სახლის ამჟამინდელმა პატრონმა მცირეოდენი უპირატესობით გაიმარჯვა.

სხვათა შორის, სადამ ჰუსეინის დაჭერამ არა მხოლოდ დამჭერები გაახარა. ამ მოვლენის შედეგად დივიდენდები მიიღო ამერიკელმა დიასახლისმა შერი ლინდბერგმა.

2003 წლის 12 დეკემბერს იგი ინტერნეტში „დასეირნობდა“ და შემთხვევით წააწყდა ტოტალიზატორს, რომლის ორგანიზატორებიც თანხებს იღებდნენ - როდის დაიჭერდნენ სადამს.

შერიმ გადაწყვიტა, 10 დოლარის დადება 14 დეკემბრისთვის - ეს მისი დისშვილის დაბადების თარიღი გახლდათ.

როგორც შემდეგ ჰყვებოდა, ფსონის დადების დროს მან შემთხვევით დააჭირა თითი ზედმეტ ნულს და 10-ის ნაცვლად ტოტალიზატორში 1000 დოლარი გაგზავნა.

ქალი შეწუხდა, მაგრამ ვეღარაფერი შეცვალა. 14 დეკემბერს სადამს შავი დილა გაუთენდა, ქალბატონმა ლინდბერგმა კი გაიხარა: სადამ ჰუსეინი დაიჭირეს, შერიმ კი 130 ათასი დოლარი მოიგო.

ამჟამად ლას - ვეგასში აზარტული მოთამაშეები ფსონს დებენ შემდეგზე - გახდება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი.