„…ყარხარ, ვახტანგ და ბოდიში მოიხადე...“

„…ყარხარ, ვახტანგ და ბოდიში მოიხადე...“

პარლამენტში სისხლი დაიღვარა. ეს პირველი შემთხვევა არ არის. მოახლოებული არჩევნების ფონზე, ალბათ, არც უკანასკნელი. მუშტი-კრივი შიგადაშიგ მძიმე შედეგებითაც მთავრდებოდა ხოლმე. იგივე „ახლებსა“ და ნაციონალისტებს შორის.

ამჯერად დემოკრატებმა სოციალისტებს ლიდერი მიუბეთქეს. მაგრამ რჩეულიშვილმა იმ წუთშივე „მოწვა“, რომ საკუთარ „სოციალისტურ“ სისხლზეც კი შეეძლო პოლიტიკის კეთება. მას თავში „დემოკრატიული“ ვაზა მოხვდა.

ინციდენტი გუშინ საღამოს ექვს საათზე პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს ერთ-ერთ ოთახში მოხდა. აქ რჩეულიშვილი საკუთარი სურვილით აღმოჩნდა.

მოკლედ, ბიუროზე მისულ რჩეულიშვილს გარეთ დემოკრატების ჯგუფი დახვდა. მაჭავარიანი, კუსიანი, ტყეშელაშვილი, ბარამიძე, ცქიტიშვილი და შერაზადაშვილი, მეტსახელად „პაპუასა“. რჩეულიშვილი დაცვასთან ერთად იყო.

- შაბათს შეურაცხმყოფელი განცხადებები რომ გააკეთე, ბოდიში მოიხადე, ვახტანგ...

სოცლიდერმა ჟვანიას გუნდის მისამართით განაცხადა: კმარა - მაშინ ეთქვათ, ქვეყანას რომ ცისფერები მართავდნენო... ბოდიშსაც ამისთვის ითხოვდნენ. რჩეულიშვილს ჩვეულ სტილში ჩაეცინა და მარჯვენა თვალი სატელევიზიო კამერებისკენ გააპარა:

- რა, ახლა პრესის წინ უნდა გამირჩიოთ საქმე? სადმე შევიდეთ, ბიჭებო...

- რატომ, ბრალდებები ხომ პრესის თანდასწრებით გააკეთე, ბოდიშიც ღიად მოიხადე.

მაგრამ მისი მოთხოვნით, ბურჯანაძის სამდივნოს ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ. დეპუტატები ჩქარი ნაბიჯით მიჰყვნენ ერთმანეთს. რჩეულიშვილს დაცვაც შეჰყვა. „პაპუასამ“ დაცვის წევრს რამდენიმე მუშტი უთავაზა და გარეთ გამოაგდო. მხოლოდ დეპუტატები დარჩნენ. მათ შორის, რჩეულიშვილის თანაპარტიელი მინდელიც.

- მძღ... გაქვს ნაჭამი და ყარხარ, ვახტანგ და ბოდიში მოიხადე ან რამე გააკეთე, გვითხარი, რას აპირებ...

- არა, მე თქვენზე არაფერი მითქვამს, - უკან დაიხია რჩეულიშვილმა და ჩაეცინა.

- აბა, ვისზე თქვი?

- ვისზეც... სინამდვილეში რა ხდება - მე ფაქტებიც მაქვს...

- რა ფაქტები, გვითხარი...

- და თუ თქვენ ხართ დამნაშავე?

- ბოდიშს მოგიხდით. აგერ „პაპუასას“ უთხარი, ჩვენ ყველანი გავალთ და „გააიასნე“, რა...

- არა, „პაპუასასთან“ არ დავრჩები... - იუარა რჩეულიშვილმა.

„პაპუასა“ სოცლიდერის შორეული ნათესავია. ის უბრალოდ, შუამავლის როლში იყო და ჩხუბში არ გარეულა. ერთადერთი, ვისაც მან დაარტყა, ეს რჩეულიშვილის დაცვა იყო...

- მაშინ ცქიტიშვილი დარჩება და მას მოუყევი...

რჩეულიშვილი იჯდა, დანარჩენები იდგნენ. ამ სიტყვების შემდეგ დემოკრატები კარებთან მივიდნენ, „მძევლად“, მხოლოდ ცქიტიშვილი რჩებოდა. მაგრამ მოულოდნელად სოცლიდერიც ადგა და კარებისკენ გაიწია...

- მოიცა, მოიცა, შენ საით გაგიწევია?

რჩეულიშვილი გაჩერდა.

- ხომ ვთქვი, ერთ ადამიანს დაველაპარაკებიო, დაელაპარაკე. გვითხარი, რა, რა ფაქტები გაქვს.

რჩეულიშვილი მაგიდას მიუჯდა. ცოტა ხნის პაუზის შემდეგ ფეხზე წამოხტა და დაიყვირა:

- დიახაც, თქვენი ჟვანიაც და თქვენც ყველანი პედერასტები ხართ...

ამ ფრაზას გინება და მუშტი-კრივი მოყვა.

ამასობაში, გარეთ, ოთახის კარებთან პარლამენტის დაცვასთან ერთად, ბოლთას სცემდა რჩეულიშვილის გალახული დაცვაც. ისინი ნერვულად გადი-გამოდიოდნენ და შიგნით ბრაგაბრუგს უსმენდნენ. სხვათა შორის, პირველად ყვირილი ჟურნალისტებმა მორთეს. მხოლოდ ამის შემდეგ იღებს დაცვა მოქმედების გადაწყვეტილებას. ისინი კარებს ამტვრევენ. ყველა ხედავს, როგორ მოსჩქეფს რჩეულიშვილის თავიდან სისხლი... არეულობა და მუშტი-კრივი უკვე პარლამენტის ფოიეში ინაცვლებს. გრძელდება გინება, წიხლებისა და მუშტების ქნევა...

ოთახიდან ჯერ პარლამენტის დერეფანში გადაინაცვლეს, შემდეგ - ეზოში. ყველაზე მეტად „პაპუასა“ აქტიურობდა. მან ფეხი პარლამენტის დაცვის ერთ-ერთ წევრს მოუქნია. ამ უკანასკნელმა ხელი ჯიბისკენ წაიღო. „შე ყ... თუ ასეთი მაგარი ხარ, ამოიღე იარაღი, აბა...“ - მიაძახა „პაპუასამ“, თან მარჯვენა ხელიდან სისხლი სდიოდა. რჩეულიშვილი და „პაპუასა“ ერთ მანქანაში სხდებიან. მათ უკან მეორე მანქანა მიჰყვება.

და მერე გაჩნდება კითხვა - სად წავიდნენ „პაპუასა“, რომელმაც ხელი დაიზიანა და რჩეულიშვილი? ექიმთან თუ „რაზბორკებზე“? სოცლიდერს თავიდან სდიოდა სისხლი, „პაპუასას“ - ხელიდან. მან შუშას მიარტყა მაჯა და ამბობდნენ, რომ ვენა გადაეხსნა. მანქანაში მსხდომ ორივე პირს მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა. რა ხდება? ჯანდაცვის სამინისტრო ნახევარი საათის მანძილზე ეძებდა რჩეულიშვილს საავადმყოფოებში. უშედეგოდ. ბოლოს მას რკინიგზის საავადმყოფოში მიაგნეს. პირველი კომენტარებიც რჩეულიშვილმა სწორედ იქ გააკეთა. გატეხილი თავით მან იგივე გაიმეორა. თუმცა, ხან მძაფრი, ხანაც შერბილებული ინტონაციით...

ისე, რჩეულიშვილს, როგორც ჩანს, მხოლოდ პოლიტიკაში არ ეშლება. მას ყველგან და ყველასთან აქვს პრობლემები. ჯერ კიდევ 1992-95 წლების პარლამენტში ყოფნისას, შევარდნაძის გვერდით გამოჯგიმულმა რჩეულიშვილმა „ბორჯომი“ მშვიდად ჩაისხა ჭიქაში და ნოდარ ნათაძეს სახეში „ვაჟკაცურად“ შეასხა. რა იცოდა მაშინ რჩეულიშვილმა, რომ წლების შემდეგ ჭიქა „ბორჯომი“ ვაზით დაუბრუნდებოდა.

რამდენიმე წლის უკან ის ყელშეხვეული დადიოდა და ამბობდა, უწყლო აუზში ჩავხტიო... თუმცა, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სცემეს. პოლიტიკოსები მაშინ რჩეულიშვილის ყელსაბამს „აბაშიძის აშეინიკს“ ეძახნენ. აბაშიძის - იმიტომ, რომ ის „აღორძინებაში“ იყო. ბათუმიდან ის შევარდნაძეს სანაგვეზე ისროდა, ჟვანიას კი მოგვიანებით პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატად აცხადებდა. აბაშიძის კარზე ის „აშეინიკს“ ატარებდა, ახლა შევარდნაძის, უფრო ზუსტად ჯორბენაძის კარზე თავშეხვეული ივლის. მართალია ნოდარ გრიგალაშვილი:

- ის თავისი ცხოვრების წესით ცემას იმსახურებს.

სხვათა შორის, როცა პარლამენტს სოცლიდერის გალახვის ფაქტი მოედო, თითქმის ყველა ერთხმად აცხადებდა: ახია რჩეულიშვილზე, დიდი ხნის წინათ უნდა ეცემათო...

რჩეულიშვილი ალბათ ვერ გაიგებს, რატომ გაუჩნდა ხალხს ასეთი აზრი. შეიძლება იმიტომ, რომ რჩეულიშვილი ხან ილანძღება - თანაც უცენზუროდ და ხანაც იგივე პირებს ხოტბა-დიდებას ასხამს. ყველაფერი რჩეულიშვილის ინტერესებზეა დამოკიდებული.

სოცლიდერის თანაპარტიელი ჩვენ მიერ ზემოთ ციტირებულ დიალოგს ადასტურებს, ისევე, როგორც თავად რჩეულიშვილი. თუმცა, სოცლიდერმა ამ ამბავში ბურჯანაძეც გახვია. მას ხომ პარლამენტის თავმჯდომარეობა უნდა. ასე რომ, განაცხადა: „ეს ორგანიზებული თავდასხმა იყო ჩემზე, რატომღაც, ბურჯანაძემ დამირეკა და მითხრა: ჩამოდი, ვახტანგ, აუცილებლად და სასწრაფოდო.“ ამას ბურჯანაძის სამდივნო უარყოფს, რჩეულიშვილი უკან იხევს.

კიდევ ერთი დეტალი: მინდელი აცხადებს, რომ რჩეულიშვილი ბიუროზე ჩავიდა, თუმცა, ოსეთის კონფლიქტის მოგვარებით იყო დაკავებული და ჩასვლას არ აპირებდა, სამდივნოს ზარი რომ არაო. თავად რჩულიშვილმა, ეტყობა, „მარკის“ აწევა გადაწყვიტა, როგორც ჩანს, ოსეთის მასშტაბები ეცოტავება, ამიტომაც სატელევიზიო ეთერში განაცხადა, ევროკავშირში მქონდა შეხვედრაო...

ვის სჭირდება რჩეულიშვილი? ბათუმს - არა. „აღორძინება“ საერთოდ ნანობს, რომ ის პარლამენტში შემოიყვანეს. „აღორძინების“ წევრები იმაზეც საუბრობენ, როგორ აქებდა ის აბაშიძეს და სანაცვლოდ ვიცე-სპიკერობას ითხოვდა, მხარი დამიჭირეთო. ამას ის მუდმივად აკეთებდა შემაწუხებლად და მლიქვნელურად. აბაშიძის გულის მოსაგებად შევარდნაძე სანაგვეზეც მოისროლა. ახლა ის პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის იბრძვის და მხარდაჭერას შევარდნაძეს სთხოვს. ამიტომაც ის სანაგვე ურნიდანაც ამოიღო და ხოტბა-დიდებასაც ასხამს. პარალელურად, მოქალაქეების განადგურებაც სურს. როგორც ჩანს, რჩეულიშვილს მხოლოდ ჟვანიასი ეშინია, ამიტომაც აცხრება ხოლმე მას მუდმივად თავს. მისი შიში გასაგებია! გაუგებარია მხოლოდ, როგორ იტანენ იმიჯ - ახლა უკვე თავგატეხილ რჩეულიშვილს სახელისუფლებო ბლოკში. სარიშვილმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ რჩეულიშვილის საქციელზე და განცხადებებზე სერიოზულად იმსჯელებენ და რომ რჩეულიშვილი, რასაც ამბობს, ეს მისი აზრია.

თუმცა, ამ აზრს რჩეულიშვილი იცვლიდა ხოლმე. ვიცე-სპიკერობა რომ უნდოდა, ჟვანია ერთადერთი ჭკვიანი და განუმეორებელი ადამიანი იყო. მან სადღეგრძელოც კი შესვა ჟვანიასი. შემდეგ, 1998 წელს რჩეულიშვილმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რაც წლების შემდეგ, ანუ გუშინ გაიმეორა. პირველად კი „ცისფერები“ მან შაბათს, სოციალისტების „სხადნიაკზე“ ახსენა: რატომ არ ამბობდნენ კმარას მაშინ, როცა ქვეყანას ცისფერები მართავდნენო? არჩევნებში ოპოზიციამ თუ გაიმარჯვა, რჩეულიშვილს არ გაუჭირდება ღვინით ყანწის ავსება და ჟვანიასა და მისი გუნდისათვის ხოტბა-დიდების შესხმა.

ვნახოთ - არგებს რჩეულიშვილს „წამალი“? გამოძიება იმასაც დაადგენს, რამდენი დაუჯდა პარლამენტს რჩეულიშვილის მორჯულება, ანუ რა ღირებულების იყო „მფრინავი“ ვაზა, შემტვრეული კარი და სხვა დალეწილი ინვენტარი.