ზაზა შენგელია - “უბრალოდ, დავიქანცე!”

ზაზა შენგელია - “უბრალოდ, დავიქანცე!”

ტელებიზნესში 15-წლიანი საქმიანობის შემდეგ საზოგადოებრივი ტელერადიოდეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შენგელია უკვე მეორედ გადადგა თანამდებობიდან.

განცხადების გაკეთებისთანავე შენგელიას გარშემო ჭორების ქარბორბალა დატრიალდა. ზოგმა თქვა, ვარდების რევოლუციის მამამთავრებმა მოიშორესო. I არხზე საკადრო შემცირებებით გამოწვეული თანამშრომლების ხშირი ბუნტის გამო არაპოპულარულ სახედ იქცა და არჩევნებში მაინც წააგებდა, ამიტომაც წასვლა ამჯობინაო. ასე კი ამბობენ, მაგრამ შენგელია სულაც არ ჰგავს ამ სამსახურიდან იძულებით წასულ კაცს (თუმცა, ის ყოველთვის ახერხებდა თავისი განწყობილების დაფარვასაც). სახეზე ღიმილი დასთამაშებს და ამბობს, რომ მშვიდად მიდის ტელევიზიიდან, თუმცა არა სამუდამოდ. რა საქმეს მოჰკიდებს ხელს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს. ახლა კი ბრიტანეთიდან ახალგასტუდენტებული მეუღლისა და ტინეიჯერი ქალიშვილის ჩამოსვლას ელოდება და...

- ძალიან მინდა დასვენება, მერე კი ვნახოთ... არჩევნებამდე გადადგომა იმიტომაც გადავწყვიტე, რომ ახალი ხელმძღვანელის არჩევისას უხერხულობა არ შექმნილიყო. არ ეფიქრათ, ახალ დირექტორს ირჩევენ და ძველი ისევ ადგილზეაო. უკვე შემომთავაზეს რამდენიმე ახალი სამსახური, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიდანაც. მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, არც არჩევნებში ვიყარო კენჭი და რაიმე გადაწყვეტილების მიღებისგანაც თავი შევიკავო.

უცნაურია... საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტზე სხვა კანდიდატებს შორის თქვენც მოიაზრებოდით. არაერთხელ ითქვა კიდეც, რომ დირექტორობისთვის ბრძოლას აპირებდით. რატომ გადაიფიქრეთ? ამბობენ, იმათ, ვისაც ძველი სახეები (ანუ შევარდნაძის დროინდელი) არ მოსწონს, შენგელიას ფარ-ხმალი დააყრევინესო. მართალია?

- დიდი ხანია გადავწყვიტე, რომ კენჭი აღარ მეყარა. ეს იძულებით არ გამიკეთებია, პირიქით, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. 2001 წელს, რეფორმები რომ დავიწყე, ერთადერთი, ვინც მეხმარებოდა, სააკაშვილი იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგაც იმიტომ დავბრუნდი, რომ მან აღმითქვა დახმარება ტელევიზიის მოწყობაში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეფორმებმა იმხელა ენერგია წამართვა, იმდენი ცილისწამება და შეურაცხყოფა გადავიტანე, რომ უბრალოდ დავიქანცე. თუმცა, ვფიქრობ, რეფორმა შედეგიანია. ნამდვილად ძნელი იყო ახალი სტრუქტურის შექმნა, ახალი პრინციპების დანერგვა, უამრავი თანამშრომლის შემცირება.

ანუ გადაკიდება...

- დიახ, მაგრამ მთელ საქართველოში ჩვენი ტელევიზია არის ერთადერთი სამსახური, რომელიც 120 ყველაზე გაჭირვებულ ყოფილ თანამშრომელს ხელფასებიდან ყოველთვიურად 3-3%-ს ვუხდით. ვფიქრობ, ასეთი რეფორმები ყველა სფეროში უნდა ჩატარდეს.

თქვენ ტელევიზიიდან დათხოვნილთა დიდი ჯგუფი გიჩივით. ამბობენ, რომ ბევრი დაუმსახურებლად გაათავისუფლეთ.

- რეფორმის დროს 2500 კაცი გავათავისუფლეთ, მაგრამ მათგან ნახევარზე მეტი დახმარებას სულაც არ საჭიროებდა. სხვაგან მუშაობდნენ და “თავშესაფრად” ტელევიზიის წიგნაკები სჭირდებოდათ. სხვათა შორის, შემცირების შემდეგ რამდენიმე კაცმა (რომლებიც ჩემს რეფორმებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და არც მე მოვწონდი) მადლობა გადამიხადა - თქვენ რომ სამსახურიდან არ გაგეშვით, ჩვენს ადგილს ვერ ვიპოვიდით, ჩვენი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ შევძლებდით და მანდ ჩავრჩებოდითო. ეს ვიღაცას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. საზოგადოებრივი მაუწყებლობა, რომელიც ხალხის ხარჯზე არსებობს, ადვილი შესანახი უნდა იყოს. სამუშაო პირობებიც უნდა ჰქონდეთ თანამშრომლებს. ამის გამო ბევრი კარგი მუშაკი წავიდა ჩვენგან.

ყველა ასე არ ფიქრობს. ბევრის აზრით, საზოგადოებრივი ტელევიზია მანამ არ იქნება საზოგადოებრივი, სანამ სახელმწიფოში არ შეიგნებენ, რას ნიშნავს ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზია; და კიდევ, ამბობენ, საზოგადოებრივი ტელევიზია ისეთივედამოუკიდებელიიქნება, როგორიც სასამართლოო.

- ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არსებობს საზოგადოებრივი ტელევიზია, ტელევიზიის საბჭოს, მთავრობასა და მენეჯმენტს შორის ყოველთვის არის პრობლემები. ეს ავტომატური პროცესია. ორივე მხარე ცდილობს, გაზარდოს თავისი უფლებამოსილება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ბალანსი დაცული იქნება, თუკი საბჭო შეასრულებს თავის უფლებამოსილებას. შევარდნაძის დროს საბჭოს რომ ეარსება, მე გადადგომა აღარ მომიწევდა. ვერ მეტყოდნენ, მე შენ ფულს გიხდი. ეს ჩემი არხია და ეთერში ოპოზიცია არ გააჭაჭანოო. უმრავლესობას საბჭოში ჭკუა რომ გადაუბრუნდეს, ერთი აუცილებლად გამოჩნდება, რომელიც ან გადადგება, ან პროტესტს გამოხატავს. მოკლედ, საბჭოს საშუალებით დირექტორი დაცული იქნება პოლიტიკური ზეწოლისაგან.

ჩვენს ქვეყანაში თითქოს არაჯანსაღ ტრადიციას ეყრება საფუძველი, ყველა რეფორმატორობს (ან იბრალებს ამას) და გაიძახის: აი, რა კარგი ვარ, ყველაფერს რა კარგად ვაკეთებო. ალბათ, დამეთანხმებით, შეუძლებელია ყველაფერს უშეცდომოდ აკეთებდე, მით უმეტეს, რეფორმირებისას. თქვენ თუ აღიარებთ შეცდომებს?

- რა თქმა უნდა. შეცდომა იყო თუნდაც ის, რომ მე და ჩემმა გუნდმა სამსახურების შემცირებისას კადრების “გამოხშირვა” უშუალოდ სამსახურის უფროსებს დავავალეთ. ბევრმა მათგანმა პროფესიონალი მუშაკი დაითხოვა. ეს უფრო ტექნიკურ პერსონალს ეხება, ვიდრე ჟურნალისტთა კორპუსს. ჩვენ სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავით, ყველა პროცესი ზედმიწევნით უნდა გაგვეკონტროლებინა.

როგორ ფიქრობთ, მოახდინა თუ არა რეფორმამ ზეგავლენა ყოფილი პირველი არხის რეიტინგზე? მაყურებელთა ერთ ნაწილს მოსწონს დოკუმენტური ფილმები, სერიალები და შემეცნებითი პროგრამები, მაგრამ უკმაყოფილო არიან იმით, რომ ეთერში წარმოდგენილი პროდუქცია ან უცხოურია, ან მოძველებული. საზოგადოებას სურს, რომ მისი ტელევიზია ფეხდაფეხ მიჰყვებოდეს დროს.

- საზოგადოებრივ მაუწყებლობას აქვს თავისი ნიშა - შემეცნებითი, კულტურული, საგანმანათლებლო, სოციალური პროგრამები, რომელიც ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას, ვთქვათ, “დროებას”, “კურიერს” ან “შაბათის შოუს” და ა. შ. საზოგადოებრივი მაუწყებლობა აკეთებს იმას, რაც სჭირდება ხალხს. კერძო არხები კი აკეთებენ იმას, რაც უნდა ხალხს. ამიტომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტელევიზია რეიტინგში პირველ ადგილზე არ არის. მაგალითად, “ბი-ბი-სის” აუკრძალეს რეიტინგებში მონაწილეობა და ისეთი კომერციული პროექტების გაკეთება, რომელიც უფრო კერძო არხების სეგმენტს ეკუთვნის. ჩვენი ყველა გადაცემა ხალხის გამოკითხვებისა და მათი საჭიროებისამებრ მომზადდა. ვფიქრობ, მომავალში უფრო გაიზრდება იმ მაყურებელთა რიცხვი, რომელსაც რაღაცის შემეცნებისა და შესწავლის სურვილი გაუჩნდება და ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად საზოგადოებრივ ტელეარხს მიმართავს.

როცა კარგად დაისვენებთ, ისევ ტელევიზიისკენ ხომ არ გაგიწევთ გული? მით უმეტეს, რომ ამბობენ, ტელეკომპანიამზეშიმიიწვიეს სამუშაოდო.

- არა, “მზე” არაფერ შუაშია. თუმცა, თუ ტელებიზნესზე ვიფიქრებ, ალბათ, უფრო გასართობი ხასიათის, მუსიკალურ ტელევიზიას მივანიჭებ უპირატესობას.

ხომ არ დაასრულებთ იმას, რაც თითქმის ორი წლის წინ დაიწყო - მგონი, გასართობი ტელეარხი ეთერში გასასვლელადაც მზად იყო.

- მაშინ ამას სხვა ხალხი აკეთებდა. ახლა სწორედ კარგი დროა გასართობი ტელეარხის შესაქმნელად, მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

თქვენი მეუღლე სესილი გოგიბერიძე კარგა ხანია უმუშევარია. ამდენ ხანს ისვენებს?

- სულ მალე სესილი ჩვენს ქალიშვილთან ერთად დაბრუნდება დიდი ბრიტანეთიდან. ჩემი შვილი ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. სესილიმაც ჩააბარა დიპლომატიურ ფაკულტეტზე, სადაც ერთი წელი ისწავლის და შემდეგ მიეცემა ბრიტანეთში მუშაობის უფლება.

საზოგადოებრივი ტელევიზიის შეფობის სავარაუდო კანდიდატურებიდან ვინმეს თუ გულშემატკივრობთ?

- ვფიქრობ, ყველა ღირსეულია, მაგრამ მხარს მაინც იმას დავუჭერ, ვისთანაც მიმუშავია და ვინც აქაური და ჩვენიანია.