ჭყონიამ მკვდარ ჯაბა იოსელიანს ნაჩუქარი „ბეემვე“ უკან წაართვა

ჭყონიამ მკვდარ ჯაბა იოსელიანს ნაჩუქარი „ბეემვე“ უკან წაართვა

ან თავიდან ვინა რჯიდა, ხელი რომ გაშალა, ან მერე მოჭერა რაღა იყოო - უეჭველი ამას იკითხავთ, როცა ახალ ამბავს გაიგებთ. ჩვენც ზუსტად ასე დაგვემართა, როცა ეს ამბავი შევიტყვეთ.

მოკლედ, როდესაც ჯაბა იოსელიანი ციხიდან გამოვიდა, „კოკა-კოლას“ თემურ ჭყონია „კაცურ ფოსტას“ ჩამოვიდა - ჯაბას „ბეემვე“ დაახვედრა - აჩუქა. მერე რა, რომ ის „ბეემვე“ 10 წლის ნახმარი იყო და როგორც ჭეშმარიტ „სემსოტკას“ შეეფერება, ბენზინს კაცურად ხაფავდა.

ჯაბა იოსელიანი სიკვდილამდე სწორედ ჭყონიას ნაჩუქარი „ბეემვეთი“ დადიოდა. რომ გარდაიცვალა, ჭყონიას ლამის გაციება არ დაუცლია და ჯაბას გარემოცვასთან კაცი უფრენია - ჩემი „ბეემვე“ გამომიგზავნეთო. როგორც „ალიას“ შეატყობინეს, ჯაბა იოსელიანის ნაქონი „ბეემვე“ - უკვე 12 წლისაა. გასულ კვირას, ხუთშაბათს ისევ ჭყონიას დაუბრუნდა. როგორც „ალიამ“ ექსპერტებთან გადაამოწმა, ამ მანქანის ფასი სულ რაღაც 1500 დოლარამდე მერყეობს.

რაში დასჭირდა თემურ ჭყონიას იმ საქციელის ჩადენა, რომელიც, მინიმუმ, ყბას ჩამოგაგდებინებს? ჯაბა იოსელიანი უეჭველად გადატრიალდებოდა საფლავში.

ჯაბა იოსელიანის ოჯახში ნამდვილად არ გვიცდია დარეკვა, გასაგები მიზეზების გამო. ამიტომაც მის მოადგილეს, პატრიოტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს ბადრი ფირცხელიანს დავუკავშირდით:

- რაღა გითხრათ, ზუსტად გაქვთ ინფორმაცია. ასე იყო, ჯერ აჩუქა და ბატონი ჯაბა რომ დაიღუპა, უკან დაიბრუნა. ფაქტია, ის „ბეემვე“ დღეს მასთან არის და ფაქტია ისიც, რომ ჩვენ არ შეგვითავაზებია - წაიყვანეო. ჩვენი ინიციატივით ნამდვილად არ მომხდარა მანქანის დაბრუნება. კომენტარი? რა კომენტარი გავაკეთო? ფაქტი თვითონ კომენტარია, - განაცხადა „ალიასთან“ საუბარში ჯაბას მოადგილემ.

„ალიას“ ისღა დარჩენოდა, ავდექით და თავად თემურ ჭყონიას დავურეკეთ.

ბატონო თემურ, გავიგეთ და ჯაბა იოსელიანის მოადგილემ უკვე დაგვიდასტურა კიდეც ინფორმაცია, რომ ისბეემვე“, რომელიც ციხიდან გამოსულ ჯაბა იოსელიანს აჩუქეთ, ხუთშაბათს უკან წამოგიყვანიათ. ან ჩუქება რა იყო, ან უკან წამოყვანა?

- მე არაფერი ვიცი, საქმის კურსში არა ვარ.

რას ჰქვია, „საქმის კურსში არ ხართ“, ბადრი ფირცხელიანი აცხადებს, რომ მანქანა უკვე თქვენ გყავთ.

- მე არაფერი წამომიყვანია, ბადრი ფირცხელიანი ვინღაა?

პატრიოტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.

- არ ვიცი, არ ვიცი, მე საქმის კურსში არ ვარ.

როგორ, ამ ფაქტზე უკვე მთელი ქალაქი ლაპარაკობს, რომ ჭყონიამ მკვდარ კაცს ნაჩუქარი მანქანა წაართვაო.

- არ ვიცი, თქვენ, მგონი, არასწორად რეკავთ.

თქვა „კოკა-კოლას“ შეფმა და ყურმილი დაგვიკიდა. ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა არასწორად დარეკვაში, მაგრამ ფაქტია, რომ რაც მან გარდაცვლილ ჯაბა იოსელიანს აკადრა, სწორი საქციელი ნამდვილად არ იყო და ცოცხალისთვის რომ გაებედა, კაი პასუხსაც მიიღებდა.