სტალინის ფენომენზე მსჯელობისას გვერდს ვერ ავუვლით მეორე მსოფლიო ომში იოსებ სტალინის, როგორც უმთავრესი ისტორიულ ფიგურის მოღვაწეობას. აღნიშნული მსოფლიო ომის მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგულა ამას ისიც ადასტურებს, რომ გასული წლის 6 ივნისს საფრანგეთში, ნორმანდიაში კოალიციის ჯარების გადასხმიდან 70 წლისთავი დიდი ზარზეიმით აღნიშნეს ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სახელმწიფოების უკლებლივ ყველა ლიდერის თანდასწრებით.
მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარეობს ისტორიის უკუღმა, დემაგოგიურ იდეოლოგიურ პრიზმაში წაკითხვა, სავარაუდოდ კიევში საქართველოდან ჩასული მრჩევლების დამსახურებითაც, რის შედეგადაც ჩვენი პოლიტიკური ელიტების მიერ გერმანიის აგრესიული ნაციზმი და მასთან მებრძოლი საბჭოთა კავშირი იდენტურ ძალებად არის მიჩნეული, რაც ნიშნავს რეალობას მოწყვეტილი მაქსიმალისტური თვალათახედვით მსოფლიო მოვლენების შეფასებას.
ამ შეფასების მიხედვით გერმანულ ნაციზმთან ბრძოლა სულაც არ ყოფილა ქართველებისა და უკრაინელების ინტერესის საგანი, მითუმეტეს, გერმანიის დამარცხების შემდეგ რუსეთის მიერ ჩვენი სახელმწიფოების ოკუპაცია გაგრძელდაო.
რა უნდა ითქვას აღნიშნულ შეხედულებაზე, გარდა იმისა რომ, ის სრულიად არის დაშორებული მაშინდელი მოვლენების სწორ აღქმასა და მასზე დაფუძნებულ ანალიტიკას. ასე გამოდის, რომ ამ პატრიოტების ქურქში გახვეული ადამიანებისათვის გერმანული ნაციზმის გამარჯვების შემთხვევაში მთელი ერის გარანტირებულ განადგურებასა და საბჭოეთის შემადგენლობაში ერთ-ერთ რესპუბლიკად ყოფნას შორის განსხვავება არ ყოფილა, რომლის დროსაც საბჭოთა კავშირის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად საქართველოს ეკონომიკაც ვითარდებოდა, რომელიც თავისი მრავალდარგობრივი ინდუსტრიითა და სოფლის მეურნეობით მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკების დონეზე იმყოფებოდა, ხოლო ეროვნულ-კულტურული ავტონომიის არსებობით ეთნიკური იდენტურობა მტკიცედ იყო დაცული.
თავიანთი შეხედულების მამტკიცებელ არგუმენტად ეს ფსევდოლიბერალები საბჭოთა ჯარებში ქართველების გაწვევასა და მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობას ადარებენ დამპყრობელ მონღოლთა თუ ირანელთა ლაშქარში ქართველების ბრძოლას ეგვიპტისა და ინდოეთის წინააღმდეგ.
სამაგიეროდ, ჩვენი ლიბერალისტები ამერიკის მიერ წამოწყებულ ომებში, ეს ავღანეთია თუ ერაყი, ქართული შენაერთების მონაწილეობას დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებენ, რაც ისლამური საფრთხის საკმაოდ დიდი რისკის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამის სანაცვლოდ ამერიკის საქართველოსადმი მხარდაჭერას უფრო ფასეულად მიიჩნევენ, რითაც ამართლებენ ნატოს ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობას.
სწორედ ასეთივე კონტექსტში, წარსულში ქართული ჯარის მიერ გადახდილი არც ის ბრძოლებია დასაგმობი, თუ გავიხსენებთ, რომ მაშინდელი ქართული პოლიტიკური ელიტა მეფისა და მისი დარბაზის სახით აღნიშნულ ბრძოლებში მონაწილეობას აუცილებლად თვლიდა, რადგან ეს იყო მონღოლებთან თუ ირანელებთან დადებული ზავის ერთ-ერთი პირობა, რაც მათი მხრიდან საქართველოს მუდმივად აოხრებას გვაცილებდა. ამას ამტკიცებს ერეკლე მეფის ნადირ შაჰთან ერთად ინდოეთში ლაშქრობის დროს ინდოელი მმართველისადმი ნათქვამი სიტყვები, რომ მე აქ საქართველოსთვის ვიბრძვი, რადგან ეს უამრავი ქრისტიანის სიკვდილს გვარიდებსო.
მითუმეტეს, ქართველების ბრძოლა საბჭოთა არმიის შემადგენლობაში, თუ ისტორიულ პარალელს გავავლებთ, უფრო ჰგავს მე-5 საუკუნეში ერთმორწმუნე ბიზანტიის ქვეშემრდომობაში მყოფი ეგრისის მეფის, გუბაზის ბიზანტიის ჯარებთან ერთად ბრძოლას ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისათვის უფრო საშიში მტრის ირანის წინააღმდეგ.
ანალოგიურად გერმანული ნაციზმიც არა მარტო ქართული სახელმწიფოებრიობის, არამედ მთელი ქართველი ერის მოსპობის საფრთხეს წარმოადგენდა. ეს საფრთხე კი უკვე კარზე იყო მომდგარი, რადგან ვერმახტის ჯარები 1942 წლის აგვისტოში კავკასიის მისადგომებთან ქლუხორის უღელტეხილის ხელში ჩასაგდებად იბრძოდა, რომ საქართველოს გადაქელვით ბაქოს ნავთობი ჩაეგდო ხელთ.
საომარი ინიციატივა გერმანელების ხელში იყო გადასული და თითქოს სასწაული თუ იხსნიდა გერმანული ოკუპაციისგან საქართველოს და ეს სასწაულიც გამოჩნდა. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში სტალინმა კავკასიის ფრონტის ხელმძღვანელად დანიშნა არა რომელიმე სამხედრო მარშალი თუ გენერალი, რომელიც კავკასიის ფრონტს ისედაც არ აკლდა, არამედ სსრკ-ის თავდაცვის კომიტეტის წევრი და შინაგან საქმეთა კომისარი, თანამემამულე ლავრენტი ბერია, რომელმაც სხვადასხვა ნაწილებიდან გამოიწვია და ერთად შეკრიბა ქართველი ოფიცრები, შექმნა დამატებითი ქართული შენაერთები, ალპინისტების დივერსიული ჯგუფები, სხვადასხვა ფრონტიდან გადმოისროლა მის დაქვემდებარებაში მყოფი შინაგანი და სასაზღვრო ჯარების ნაწილები და საქართველოს საზღვრებთან გადაულახავი კედელივით გადაეღობა გერმანიის ნარჩევ დივიზიებს. იხილეთ ლავრენტი ბერიას შესახებ დოკუმენტური ფილმი: https://www.youtube.com/watch?v=8aJHUx1qcFg
გერმანულ ოკუპაციას კი რა გენოციდიც მოსდევდა, კარგად მტკიცდება ნაციზმთან ომის მსხვერპლთა სტატისტიკური მონაცემებით: საბჭოთა არმიაში ომში დაღუპულთა საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 10 მილიონ ჯარისკაცს, ხოლო საბჭოთა კავშირის მთლიანი დანაკარგი 27 მილიონი ადამიანის მოსპობილი სიცოცხლეა, ანუ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი 17 მილიონი იყო და მათ შორის შედის გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში შეყრილი და მასობრივად დახოცილი მილიონობით საბჭოთა მოქალაქე.
ცნობილია, რომ ბელორუსიის სრული ოკუპაციის შედეგად თითქმის ყოველი მესამე ბელორუსი გახდა გერმანული გენოციდის მსხვერპლი. არანაკლები პროპორციით დაიღუპა უკრაინაში ომის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა. ისევე როგორც მანამდე პოლონეთში. აი, რა მსგავს კოლოსალურ ტრაგედიას გადაურჩა საქართველო, თუ გავითვალისწინებთ იმ ინფორმაციას, რომ ჰიტლერს კავკასია და საქართველო უშუალოდ გერმანიის ტერიტორიად ჰქონდა მონიშნული, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას სლავების მსგავსად მომავლის უფლების არმქონე დაბალხარისხოვან რასას მიაკუთვნებდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორე მსოფლიო ომში თუ გერმანული არმია საქართველოს დაპყრობითა და ნაციონალური კატასტროფით ემუქრებოდა, მაშინ ეს ომი ქართველებისთვისაც ისეთივე მნიშვნელობის ყოფილა, როგორც რუსებისთვის, უკრაინელებისთვის, ბელორუსებისა და საბჭოეთის სხვა ერებისთვისაც და თუ ისინი უწოდებენ მას სამამულო ომს, ანალოგიურად, მარტივი ლოგიკით ის ქართველებისთვისაც ყოფნა-არყოფნისთვის ბრძოლა, ანუ სამამულო ომი ყოფილა, ხოლო მისი მოხსენიება სხვის ომად და ამის გამო ნაცრეჟიმის მიერ ქუთაისში ომში გამარჯვების მონუმენტის დანგრევა და უფრო მეტიც, ამ სამამულო ომში გამარჯვებული მთავარსარდლის სტალინის ძეგლის ჩამოგდებაც ისტორიის გაყალბება და ისტორიული გმირების შეურაცხყოფაა. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა კი ამ დანაშაულებრივი ქმედების დაგმობითა და მის ჩამდენთა დასჯით არის შესაძლებელი.
დიდი ომების ისტორია გვასწავლის, რომ ომში გამარჯვების მოპოვება დიდწილად არის დამოკიდებული მეომარი სახელმწიფოს მეთაურსა და მთავარსარდალზე. დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაურიც და არმიის მთავარსარდალიც იყო ერთი და იგივე პიროვნება, ქართველი კაცი იოსებ სტალინი-ჯუღაშვილი, რომელსაც მადლიერი და გონიერი კაცობრიობა არ უვიწყებს თავის განუზომელ დამსახურებას.
თანამედროვე გამოკვლევებით უკვე ისიც ირკვევა, რომ ომის დასაწყისის კატასტროფული მარცხი არა სტალინის სტრატეგიული ხედვების სიმცდარით იყო გამოწვეული, არამედ გრანდიოზული მასშტაბის სამხედრო შეთქმულებით, რომელშიც მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის კომისარი მარშალი ტიმოშენკო, გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ჟუკოვი, დასავლეთის ფრონტის სარდალი პავლოვი და სხვადასხვა რანგის საბჭოთა გენერალიტეტი. ამის შესახებ საარქივო მასალებზე დაყრდნობით მრავალი წიგნი აქვს გამოქვეყნებული არსენ მარტიროსიანს, რომელთა შესახებ თავად მარტიროსიანი დაწვრილებით საუბრობს მოცემულ ვიდეორგოლში: https://www.youtube.com/watch?v=mNq_WOHGV3o
ანალოგიური დასკვნები გამოაქვს ვლადიმერ მეშჩერიაკოვს თავის წიგნში: ”სტალინის დაპატიმრება სამხედროების მიერ 1941 წელს”, სადაც ამტკიცებს, რომ ტიმოშენკომ და ჟუკოვმა ომის პირველ დღეებში სტალინის იზოლაცია განახორციელეს, მისი მოკვლაც სცადეს მოწამლავით და სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტს თავად ჩაუდგნენ სათავეში, მიზნად კი სტალინის ჩამოგდება და ჰიტლერთან სეპარატისტული ზავი ჰქონდათო. იხილეთ: http://royallib.com/read/meshcheryakov_vladimir/arest_stalina_ili_zagovor_voennih_v_iyune_1941_g.html#61440
სტალინის პოლიტიკური არაშორსმჭვრეტელობის შესახებ მითი ცილისმწამელთა კოჰორტას სურს დაამტკიცოს 1941 წლის 14 ივნისის საბჭოთა საინფორმაციო სააგენტოს ტასს-ის განცხადების საფუძველზე, სადაც საბჭოთა მთავრობის პოზიცია იყო ჩამოყალიბებული, რომელშიც თითქოს გამოხატულია სტალინის დიდი ნდობა ჰიტლერისადმი, რის გამოც დაფიქსირებულია საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი განწყობა გერმანიის მიმართ. ამ ტალახის მსროლელნი სრულიად არ ითვალისწინებენ იმ მიზეზებს, თუ რა მოტივით გაკეთდა ამგვარი განცხადება.
1941 წლის აპრილში აშშ-ის კონგრესმა მიიღო შემდეგი გადაწყეტილება, რომ გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ დაეხმარებოდა საბჭოთა კავშირს, ხოლო საბჭოთა კავშირის გერმანიაზე თავდასხმის შემთხვევაში, გერმანიას დაუჭერდა მხარს. სტალინმა იცოდა რა, რომ ომი უკვე კარზე იყო მომდგარი, ამგვარი განცხადება სწორედ ამერიკის მთავრობის მისამართით გააკეთა, რომლის სამხედრო პოტენციალი სტატისტიკური მონაცემებით იმ დროს მსოფლიო სამხედრო პოტენციალის 41%-ს შეადგენდა და ვის მხარესაც ამერიკა დადგებოდა, ცხადია, ომის მოგების რეალური შანსი მის მხარეს იქნებოდა. სტალინმა დიდი დიპლომატიური ძალისხმევით მოახერხა ის, რომ ამერიკა ანტიჰიტლერულ კოალიციაში მოაქცია, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ინგლისზე. ამ უკანასკნელის გეგმებში კი ჰიტლერთან ალიანსში საბჭოეთის მოხრჩობა იყო, რომლის შესახებაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ სწორედ სტალინის აღნიშნული პოლიტიკის დამსახურებით ინგლისიც ანტიჰიტლერულ კოალიციაში აღმოჩნდა.
სტალინის სისასტიკის შესახებ ერთ-ერთი ბრალდებაა რუსეთში კატინის ტყეში პოლონელი ტყვეების დახვრეტა. ამ ბრალდებას დოკუმეტების გაანალიზებით აქარწყლებს რუსი ისტორიკოს მკვლევარი იური მუხინი თავის წიგნში ”ანტირუსული უსინდისობა”, რომლის ვიდეოვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ: http://rutube.ru/video/cbc70c97e523d03d0d87058478c2d801/ - Юрий Мухин. Катынь. Антироссийская подлость
სტალინის წინააღმდეგ ხრუშჩოვის ცილისმწამებლური სახელმწიფო კომპანიის შესახებ ფუნდამენტური ნაშრომი აქვს შექმნილი ამერიკელ ისტორიკოსსა და პუბლიცისტს ფერ გროვერს სახელწოდებით ”ანტისტალინური უნამუსობა”, რომელშიც არგუმენტირებულად ამტკიცებს, რომ ხრუშჩოვის ყოველი ბრალდება სიცრუეა და არანაირ მტკიცებულებას არ ეყრდნობა. იხილეთ: http://x-libri.ru/elib/furrg000/index.htm
სტალინის მთელი მოღვაწეობის შესანიშნავი მიმოხილვა აქვს გაკეთებული ცნობილ რუს მეცნიერ-ეკონომისტს მიხეილ დელიაგინს, რომლის ვიდეორგოლის ნახვას ყველას ვურჩევდი, ვისაც სტალინის შესახებ კარგად ჩამოყალიბებული შეხედულებების მოსმენა სურს: https://www.youtube.com/watch?v=akZbinW9BaM#t=273 - Почему Сталин вернётся
(დასასრული იქნება)