სტალინის ფენომენი და საქართველო (მეშვიდე ნაწილი)

სტალინის ფენომენი და საქართველო (მეშვიდე ნაწილი)

რაც შეეხება ოსების ავტონომიური ოლქის შექმნას, ოსების ბრძოლა ქართული მიწების ხელში ჩაგდებისთვის ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან არის ცნობილი, რომელიც გიორგი სააკაძის ეპოქაშიც გამწვავებული იყო, ხოლო მუდმივი ომებისა და ლეკიანობისგან ნასახლარებად ქცეულ შიდა ქართლში ერეკლე მეორეც და თავად-აზნაურობაც ამ ტერიტორიებზე ოსების ჩამოსახლებას ხელს გამიზნულად უწყობდა, რომ მუშა ხელი ჰყოლოდათ.

კომპაქტურად დასახლებულ ოსებში ბოლშევიკებს დიდი გავლენა ჰქონდათ და ცნობილი ისტორიული ფაქტებია, რომ ისინი ბევრჯერ აუჯანყდნენ საქართველოს მენშევიკურ მთავრობას.

ე. წ. "სამხრეთ ოსეთის" IV ეროვნულმა საბჭომ, პოლიტიკურ პარტიათა მონაწილეობით, შეიმუშავა ავტონომიური "სამხრეთ ოსეთის" კონსტიტუციის პროექტი, რომელიც, 1919 წლის 16 ივნისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კომისიას წარუდგინა. ოსები ავტონომიურ მმართველობას მოითხოვდნენ, რაზეც საქართველოს დამფუძნებლი კრების (პარლამენტის) საკონსტიტუციო კომისიიდან უარი მიიღეს. 1920 წლის 6 მაისს სოფელ როკში გაიმართა სამხედრო-რევოლუციური საბჭოსა და ადგილობრივ პასუხისმგებელ მუშაკთა სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება დაემყარებინა საბჭოთა ხელისუფლება, შეერთებოდნენ საბჭოთა რუსეთს და ეცნობებინათ ეს, როგორც მოსკოვისათვის, ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისათვის.

1921 წლის 6-8 სექტემბერს, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" რევოლუციური კომიტეტისა და პარტიული კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელმაც "სამხრეთ ოსეთის" თვითგამორკვევისა და პოლიტიკური მოწყობის საკითხი განიხილა. სხდომამ დაადგინა საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა შექმნილიყო, რომლის ცენტრი ცხინვალი იქნებოდა. სხდომამ დაამტკიცა, აგრეთვე, "სამხრეთ ოსეთის" საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი" და "სამხრეთ ოსეთის" სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრების პროექტი", რომელშიც სათითაოდ იყო ჩამოთვლილი ის სოფლები, რომლებიც ოსების აზრით, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკაში უნდა გაერთიანებულიყვნენ. მათ შორის იყო ბევრი ქართული სოფელი გორის, დუშეთის, რაჭის და შორაპნის მაზრებიდან.

საქართველოს რევკომის 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტით ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" გამოცხადებული იქნა საქართველოს სსრ შემადგენელ ნაწილად ცენტრით ქ. ცხინვალში. დეკრეტის მეორე მუხლით, განისაზღვრა სრულიად ხელოვნური ავტონომიური ერთეულის ტერიტორიული საზღვრები, მმართველობის ორგანოებად აღიარებული იქნა ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი და ადგილობრივი საბჭოები.

თავისთავად, ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა სრულიად უკანონო მოვლენა იყო, მაგრამ იმ დროს ბოლშევიკურ რუსეთში ერთა თვითგამორკვევისა და მათი ეთნიკურ-კულტურული უფლებების დაკმაყოფილების პოზიცია იყო გაბატონებული, რაც პროლეტარული სახელმწიფოს მიერ ნაციონალური საკითხის წარმატებით გადაწყვეტის გასაღებად იქნა მიჩნეული. ამიტომ თვით რუსეთშიც ეროვნულ ნიადაგზე უამრავი ავტონომიური წარმონაქმნი ჩამოყალიბდა.

თავისთავად, სტალინი ამგვარ პროცესს წინ ვერ აღუდგებოდა და თავის პოლიტიკურ მომავალს დიდი რისკის სასწორზე ვერ შეაგდებდა, მითუმეტეს, ოსებმა თავიანთი რევოლუციური ბრძოლით ბოლშევიკების თვალში სიმპათიები დაიმსახურეს.

ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა ეპოქაში ოსები ყველაზე მეტად იყვნენ ინტეგრირებულნი ქართულ ეთნოსთან, მათმა დიდმა უმრავლესობამ იცოდა ქართული ენა, ბევრი თავის გვარს ქართულ დაბოლოებას აძლევდა და ნათესაურ-ოჯახური კავშირებიც ფართოდ იყო გავრცელებული, ამიტომ ამგვარი გამწვავებული ეთნოკონფლიქტის საფუძველი თითქოს არც არსებობდა, მაგრამ 90-იანი წლებიდან საქართველოს მიმართ რუსეთის გეოპოლიტიკური პოზიციების დაპირისპირებამ და საქართველოს მხრიდან დიდწილად პოლიტიკურად გაუთვლელმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რაც დღეს სახეზეა, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა და აღარ განვავრცობ.

ყოველივე ზემოთ თქმული იძლევა შემდეგი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ იმის მტკიცება, თითქოს, სტალინი საქართველოს ტერიტორიების დაშლა-დაქუცმაცებას მისი ავტონომიზაციის სახით განზრახ უწყობდა ხელს, ეს ისტორიის ფალსიფიკატორთა მორიგი მონაჩმახია, რადგან, როგორც ზემოთ ფაქტოლოგიური მასალებით მტკიცდება, საქართველოში ავტონომიები უკვე დაკანონებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს 1921 წლის თებერვლის კონსტიტუციით და ეს ზერელე საუბრად რომ არ გამოგვივიდეს, მოვიყვან აღნიშნული კონსტიტუციის შესაბამის მუხლს:

მუხლი 107. “საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა”.

აჭარის ავტონომიის სტატუსი ამავე დროს გამოწვეული იყო თურქეთისა და ბოლშევიკური რუსეთის შეთანხმებით, რომელსაც მაშინ ლენინი მართავდა და სამოქალაქო ომებით დასუსტებულ მაშინდელ რუსეთს თურქეთთან მდგომარეობის გამწვავება, რომლის უკანაც ტრადიციულად ინგლისის იმპერია იდგა, სრულიად არ აწყობდა, რაც ტერიტორიების საკითხში თურქეთის მიმართ დიდი დათმობებითაც გამოიხატა. ამ ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება სტალინმა მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ პერიოდში მოინდომა, რაზეც ქვემოთ ვეცდებით ამომწურავად ვისაუბროთ.

საბოლოოდ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სტალინის პიროვნების შეფასებას. ვისაც ტვინში ჩაბეჭდილი აქვს, რომ სტალინი იყო აბსოლუტური ძალაუფლების მქონე დიქტატორი და ტირანი, რომლის თითის გაქნევა საკმარისი იყო, რომ საქართველო ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე გადაჭიმულიყო, ის ყოველთვის მცდარი შეხედულების მატარებელი დარჩება.

რეალობა ის არის, რომ სტალინი იყო უპირველესად დიდი პოლიტიკოსი და დიდი პოლიტიკოსი სწორედ იმიტომ გახდა, რომ ის პოლიტიკის მთავარ მცნებას ყოველთვის იცავდა, რაც გამოიხატება პოლიტიკის, როგორც შესაძლებლის გამოყენების ხელოვნების აღიარებაში. შესაძლებლის გამოყენების ხელოვნება კი არსებული გარემოებების გათვალისწინებასა და მათ რაციონალურ გამოყენებას ნიშნავს, ხოლო ვინც საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მყარი საყრდენის გარეშე ზედმეტის მიღწევას მოინდომებს, ის რაც არ უნდა გაბედული შემართების მქონე იყოს, ბოლოს მაინც აღნიშნული გადაულახავი გარემოებების მსხვერპლი გახდება.

სტალინის სიცოცხლის მისია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისთვის უმთავრესი საკაცობრიო იდეის განხორციელებისთვის ბრძოლა იყო, რასაც თავისი დიდი ნიჭითა და ძალისხმევით მსოფლიო მასშტაბები შესძინა და უდიდეს წარმატებებსაც მიაღწია.

ამიტომ სტალინის ფენომენის შესახებ მსჯელობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების გადასახედიდან არის სრულიად არასწორი მეთოდოლოგიით საკითხის განხილვა. მას მიაჩნდა, რომ ის იდეა, რასაც თავად ემსახურებოდა, საქართველოსთვისაც სიკეთის მომტანი იყო, რადგან იმ სივრცეში სადაც მის მიერ ეს სიკეთე დამკვიდრდა, საქართველოც იმყოფებოდა.

ამიტომ სტალინი თავის მშობლიურ საქართველოს, მის მიმართ რაც არ უნდა სიყვარულის გრძნობები ჰქონოდა, ცალკე ოაზისად ვერ გამოყოფდა და განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობას ვერ შეუქმნიდა, რადგან ეს მას ვიწრო ნაციონალური იდეების სამსახურში მყოფად წარმოაჩენდა. ეს უკვე ხატოვნად რომ ვთქვათ, ორ სკამზე ჯდომას ნიშნავდა, რაც, როგორც წესი, ხშირად დიდი მარცხით მთავრდება. მითუმეტეს, იმ წლებში, როცა სტალინის პოლიტიკური გავლენა არც ისე დიდი იყო, როგორც ზოგიერთებს წარმოუდგენია და ამას ემატებოდა ხელისუფლებისათვის ბრძოლის გამო შიდა დაძაბული დაპირისპირებით გამოწვეული რისკებიც.

სწორი შეხედულებები ჰქონდა თუ არა სტალინს, ეს უკვე ღრმა და ობიექტური მსჯელობის საკითხია, რადგან ერთ-ერთი ურთულესი თემაა, ყოველ შემთხვევაში, ლიბერალისტ ინტელექტუალთა პრიმიტიული და მიკერძოებული აზროვნებით განსახილველი თემა ნამდვილად არ არის.

 

გაგრძელება იქნება