რა გზით იმედოვნებს რუსეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას

რა გზით იმედოვნებს რუსეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას

საუკუნის წინათ, როდესაც ორმა იმპერიამ რეგიონში გავლენის სფეროები და ტერიტორიები გადაინაწილა, საქართველოს ნაწილი თურქეთს ერგო, დანარჩენი კი რუსეთმა, კერძოდ, საბჭოეთმა დაიტოვა. ორი იმპერია ამჯერადაც ებრძვის ერთმანეთს (მაშინდელზე ოდნავ ცივილიზებული მეთოდებით) რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად. შესაბამისად, ჯერჯერობით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს დარჩა, დანარჩენი საქართველო კი – სახელად ამერიკას (თუმცა სახრავად ისევ რუსეთს). როგორ დასრულდება გეოპოლიტიკური ომი და რა დარჩება ამის შემდეგ საქართველოსგან, – ამ თემაზე მოსკოვიდან სერგეი მარკოვი, თბილისიდან კი ვახტანგ რჩეულიშვილი იმსჯელებენ.

სერგეი ალექსანდროვიჩ, ოდესღაც თურქეთმა ხარკად წაიღო საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, დღეს კი რუსეთის იმპერიამ წაიღო, ასევე, ხარკად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ხარკის გადახდა დასრულდა თუ რუსეთს კიდევ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები?

სერგეი მარკოვი: არ შეიძლება ასეთი პირდაპირი შედარებები. ჯერ ერთი, თურქეთმა თავის შემადგენლობაში ჩართო ლაზიკა, სადაც ცხოვრობდნენ ლაზები, ანუ ქართველები, რუსეთს კი არაფერი შეუერთებია, აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ დამოუკიდებელი ერთეულები გახდა, მეტიც, აფხაზეთს კავკასიურ ლიბანად გახდომის შესაძლებლობაც გაუჩნდა. აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ არ არის ქართული ტერიტორიები და იქ მოხდა ომი. საქართველოს უნდოდა, დაენგრია საბჭოთა იმპერია და, იმავდროულად, ჰქონდა პრეტენზია, რომ თავად ყოფილიყო პატარა კავკასიური იმპერია. ანუ უნდოდა, რომ ყველა მოეტყუებინა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ დიდები დაიშლებიან და პროცესი აქ გაჩერდება.

ანუ საქართველოს დაშლა რეალურია, რადგან დაიშალა რუსეთის, ანუ საბჭოთა იმპერია?

– აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დაცემა არის საბჭოთა კავშირის დაშლის გაგრძელება და, იმის თქმა, დასრულდა თუ არა დაშლა, არ შეგვიძლია. ჩვენ ვხედავთ იუშჩენკოს არაგონივრულ პოლიტიკას, რაც ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას; ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ანტირუსულ პოლიტიკას; ვხედავთ სააკაშვილის პოლიტიკას, რომელმაც, ნაცვლად იმისა, რომ ავტონომია მიეცა ოსებისა და აფხაზებისთვის, ძალისმიერად გადაწყვიტა ამ პრობლემის მოგვარება.

რაც მართალია, მართალია, საქართველოს ხელისუფლება სთავაზობდა აფხაზებსა და ოსებს ავტონომიის მოდელებს.

– საქართველოს შემდგომი დაშლა დამოკიდებულია ქართველ ელიტაზე, თუმცა ამისთვის ხელსაყრელი გარე ფაქტორებიც არსებობს. აშშ და ევროკავშირი დღესაც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთიც 15 წლის განმავლობაში უბიძგებდა ოსებსა და აფხაზებს საქართველოსკენ.

ბატონო ვახტანგ, უბიძგებდა რუსეთი ოსებსა და აფხაზებს ქართველებისკენ?

ვახტანგ რჩეულიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ მე საქართველოში პრორუს პოლიტიკოსად მივიჩნეოდი, არ გეთანხმებით რიგ საკითხებში. რა თქმა უნდა, ისტორიას ქმნიან დიდი იმპერიები და საქართველო ყოველთვის იყო ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. რუსეთის იმპერიამდე იყვნენ სხვა იმპერიებიც, მათ შორის, ერთმორწმუნე ბიზანტიის იმპერია და პირველად სწორედ ბიზანტიელებმა მისცეს დამოუკიდებლობა აფხაზეთს. საქართველოც იმპერია იყო და სწორედ ამან შექმნა ქართული კულტურის განვითარების საფუძველი. დღევანდელობა კი იმით განსხვავდება წარსულისგან, რომ საქართველო არის სახელმწიფო აღიარებული საზღვრებით, რუსეთმა ომით დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აღიარა აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ და იქ თავისი სამხედრო ბაზები ააშენა. ბუნებრივია, რუსეთმა ეს გააკეთა იმის საპასუხოდ, რომ საქართველომ გამოთქვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი. უნდოდა ნატოში, რუსეთმა კი უზრუნველყო თავისი სახელმწიფო ინტერესები აქ ბაზების შექმნით.

სერგეი ალექსანდროვიჩ, გარდა სამხედრო ბაზებისა, კიდევ რა არის ამ ეტაპზე რუსეთის სახელმწიფო ინტერესი?

სერგეი მარკოვი: გეთანხმებით, რომ იმპერია არის სახელმწიფოს არსებობის იდეალური ფორმა, რადგან ეს აძლევს ადამიანებს თვითრეალიზების საშუალებას უდიდეს სივრცეზე. ევროკავშირიც იმპერიის ერთგვარი ფორმაა, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ ჩვენც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩამოვაყალიბოთ იმპერიული ტიპის ახალი გაერთიანება. ჩვენი წინადადება, მათ შორის, ქართველი ხალხისადმი, შემდეგია: არ არის ცუდი, რომ იოცნებო ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაგრამ შეგახსენებთ, რომ სარკოზის ინიციატივით საფრანგეთში ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში, რის მიხედვითაც ევროკავშირში ახალი წევრის მიღების საკითხი უნდა გადაწყდეს რეფერენდუმზე და რთული წარმოსადგენია, რომ ფრანგებმა მხარი დაუჭირონ თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, კავკასიის ქვეყნების გაწევრიანებას. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ ევროპელები, თორემ, მათთვის – ნახევრად აზიელები. მათ ჩვენი ეშინიათ და არ უნდათ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ამიტომ რეინტეგრაციის ახალი ფორმა უნდა შევიმუშაოთ. ის უნდა ეფუძნებოდეს ევროკავშირის პრინციპებს. „ნა ხალიავუ“ კი არ უნდა გვინდოდეს, არამედ თვითონ უნდა ავაშენოთ ევროკავშირი.

ვახტანგ რჩეულიშვილი: იდეა ძალიან კარგია. ისტორიულად სახელმწიფოები არ იქმნება თვით მკვიდრი ხალხების ინიციატივითაც კი, ეს უამრავ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, მეზობლების ინტერესებზეც. ამიტომაც, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა იგივეა, რომ აფრიკაში გაკეთდეს 50 სახელმწიფო, ხვალ ის 500 გახდება, ზეგ კი – 5 000. ანუ ტომებად დაშლა არ არის საქმე, რადგან, გასაგებია, რომ, სანამ რუსეთი იქნება დაინტერესებული, აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ იარსებებენ, როდესაც ისინი აღარ დასჭირდება რუსეთს, აღარ იარსებებენ. რაც შეეხება ახალი ტიპის გაერთიანებას: რა არსებითი განსხვავებაა ევროპასა და რუსეთს შორის? პირადად ჩემთვის რუსული და ევრაზიური ღირებულებები უფრო ახლობელია, ვიდრე ევროპული, მაგრამ ევროკავშირი ვერ შექმნა ვერც ნაპოლეონმა და ვერც სხვა მმართველმა, სანამ ევროპაში არ ჩამოყალიბდა ბალანსი ორ-სამ პარტნიორს შორის. მათ, შეიძლება, არ უყვარდათ ერთმანეთი, ომობდნენ კიდეც, მაგრამ ისინი აბალანსებენ ერთმანეთის ამბიციებს. ევროპაში ასეთი სახელმწიფოებია: გერმანია, საფრანგეთი და ინგლისი. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი, ძალის თვალსაზრისით, რუსეთის ადეკვატური სახელმწიფო არ არის. მეორე მთავარი საკითხი ისაა, თუ თვითონ რუსეთი როგორ გამოვა დემოგრაფიული კრიზისიდან. რუსეთს, როგორც მოთამაშეს, არ ჰყოფნის მოსახლეობა. ამერიკა და ევროპა, ანუ დასავლური ცივილიზაცია, მილიარდამდეა; ჩინეთი – მილიარდზე მეტი, ინდოეთი – მილიარდზე მეტი, რუსეთს კი მხოლოდ 145-მილიონიანი მოსახლეობა ჰყავს და, მთელი პოსტსაბჭოთა სივრცეც რომ დაიმატოს, ეს ციფრი 300 000-ს არ სცილდება. ამდენად, არავინ იცის, რით დასრულდება რუსეთის გარშემო დიდი გაერთიანების შექმნა.

სერგეი ალექსანდროვიჩ, რაც უნდა ლამაზი სახელები დავარქვათ, ეს საბჭოთა კავშირის რეანიმაციაა და ბატონმა ვახტანგმაც აღნიშნა, რომ ამ სივრცეში, რუსეთის გარდა, ამ მასშტაბის მოთამაშე არ არის. რით უნდა იყოს მომხიბვლელი რუსეთი ყოფილი მოკავშირეებისთვის? თუ ისინი კარგად არ მოიქცევიან, მათ რუსეთი ისევე დანაყავს, როგორც საქართველოს?

სერგეი მარკოვი: არ მგონია, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს ძალით კეთდება. ჩემი აზრით, ჩვენ უფრო ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ, იმ საკითხებზე, რომლებიც ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ვახტანგმა. დიახ, ეს არის რუსეთის, საბჭოთა იმპერიის რეინტეგრაცია, ამ სიტყვის კარგი გაგებით. რუსეთისა თუ საბჭოთა იმპერია სხვადასხვა ფორმით ყალიბდებოდა, მაგრამ ხალხების თანაცხოვრების დონეზე ერთი ლოგიკა იყო. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევქმნათ ეკონომიკური გაერთიანება და პოლიტიკაზე ბევრი არ უნდა ვილაპარაკოთ. პოლიტიკა უნდა მოემსახუროს ამ სივრცის ეკონომიკურ განვითარებას. უნდა ჩამოყალიბდეს ევროკავშირის მსგავსი ინსტიტუტები, რომ შემდეგ შეუერთდეს ევროკავშირს და ეს იქნება რეალური გზა ევროკავშირისკენ.

ანუ, გვთავაზობთ, მოვხვდეთ ევროკავშირში რუსეთის გავლით?

სერგეი მარკოვი: სხვისი ხელით კი არ მივიღოთ ევროკავშირი, არამედ თვითონ ავაშენოთ ევროკავშირის დონის ინსტიტუტები.

სერგეი ალექსანდროვიჩ, ამბობთ, რომ მთავარი ეკონომიკაა და პოლიტიკა ამ ეკონომიკას უნდა წავახმაროთ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ყველაფერზე მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დევნილთა ბედი. ამ პრობლემებს რა ეშველება? ისინი უნდა დავივიწყოთ?

სერგეი მარკოვი: გადავდოთ გვერდზე – ეს ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილებაა. უნდა აღიაროთ აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიასთან“ დაკავშირებით შექმნილი სტატუს-კვო. მაქსიმალურად უნდა გავხსნათ ეკონომიკური საზღვრები, რომ მოხდეს რეინტეგრაცია, საქართველო რატომ იკეტება?!

რუსეთმა არ დააწესა ემბარგო ქართულ პროდუქციაზე? თუ რუსეთს მეგობრული ნაბიჯის გადმოდგმა უნდა, გააუქმოს ემბარგო ისევე, როგორც შემოიღო?

სერგეი მარკოვი: თქვენ გულწრფელად მეკითხებით ამას თუ პროვოცირებას მიკეთებთ?!

არა, პროვოცირებას არ გიკეთებთ, უბრალოდ, გეკითხებით.

ვახტანგ რჩეულიშვილი: მეც ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი.

სერგეი მარკოვი: გიპასუხებთ და შემდეგ მეც დაგისვამთ შეკითხვას. ომამდე მოსკოვის ხელისუფლება ბევრჯერ ეცადა, რომ გაეუმჯობესებინა ურთიერთობა. სააკაშვილი უფრო ადრე ცდილობდა ომის დაწყებას და რუსეთმა სწორედ ემბარგოს შემოღებით ჩაშალა ომის დაწყების გეგმა. ამიტომ მიკვირს, რატომ მისვამთ ამ შეკითხვას: ან არ იცით, ან ხართ იდეოლოგიურ ტყვეობაში.

გარწმუნებთ, არანაირ ტყვეობაში არ ვარ.

სერგეი მარკოვი: ამაზე უამრავჯერ დაიწერა. ჩვენ მზად ვართ, გამოგიწოდოთ ხელი და ბევრჯერ გამოგვიწვდია, მაგრამ სააკაშვილი საპასუხოდ ყოველთვის შეურაცხმყოფელად ხითხითებდა.

ვახტანგ რჩეულიშვილი: ყველასთვის ცხადია, რომ სააკაშვილი უცოდველი არ არის რუსულ-ქართულ ურთიერთობაში და იმასაც ყველა ვხედავთ, რომ ორივე მხარის პოლიტიკოსები სიტუაციას ძაბავდნენ. მაგრამ მე ასე დავაყენებ საკითხს: როდესაც სააკაშვილი პირველად ჩავიდა მოსკოვში პუტინთან შესახვედრად და მანამდე კი ეკლესიაში სანთლები დაანთო, ესე იგი, მისი მხრიდანაც იყო მცდელობა. უბრალოდ, მან, ალბათ, თავისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ ეს საკითხები მოეგვარებინა სწრაფად, რაც არ ხდება. ჩვენ ბევრჯერ დაგვინახავს, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოში რეინტეგრაცია რეალური ხდებოდა, მოსკოვიდან ამ პროცესს ყოველთვის ამუხრუჭებდნენ. ასე რომ, იმის ქექვა არ არის საჭირო, ვინ არის დამნაშავე ომის გაჩაღებაში. თავის დროზე წამოვაყენე პოლიტიკური კონცეფცია, რომელსაც ეწოდებოდა სამკუთხედი: თბილისი-მოსკოვი-ვაშინგტონი და შევარდნაძის დროს ეს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეც ავიყვანე, მაგრამ რუსი პოლიტიკოსებისგან ხშირად მესმოდა: რა ჯანდაბად გვჭირდებიან ამერიკელები, მოდი, ავაწყოთ ჩვენი ურთიერთობა, მაშინ, როდესაც გლობალიზაციის პირობებში ასეთი პოლიტიკა უპერსპექტივოა, ისევე, როგორც უპერსპექტივო იყო რუსეთისადმი ცალსახად კონფრონტაციული პოლიტიკა. მაგალითად, ამერიკელებს ყოველთვის ჰყოფნიდათ გამძლეობა, როდესაც ვაცხადებდით, რუსეთთანაც უნდა ავაწყოთ სტრატეგიული პარტნიორობაო, რუსეთს კი არასდროს ყოფნიდა ეს გამძლეობა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ვაშინგტონთან გაღიზიანებული უყურებდა. ასეა თუ ისე, ჩვენ ხელიდან გავუშვით მოვლენების მოკრძალებულად განვითარების შესაძლებლობა. თქვენ ახლა გვთავაზობთ რეინტეგრაციას, მაგრამ ეს ხომ ვერ განხორციელდება იმ სამი სახელმწიფოს ფონზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა?! პოლიტიკოსს, რომელიც ამ თემაზე დაიწყებს ლაპარაკს საქართველოში, უბრალოდ, არავინ მოუსმენს. ასე რომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, რომ მომავალში მაინც დაახლოვდეს ჩვენი გზები. დღეს ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, საქართველო ანექსირებულია და იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. უნდა შევიმუშაოთ რაღაც სქემები, რომ მომავალში მაინც აეწყოს ჩვენი ურთიერთობა.

სერგეი ალექსანდროვიჩ, თქვენ, ალბათ, გიფიქრიათ ამაზე. რით უნდა დავიწყოთ?

სერგეი მარკოვი: უნდა დავიწყოთ ნორმალური ურთიერთობების აღდგენით. უპირველესად, უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები.

ვახტანგ რჩეულიშვილი: და საქართველოში რუსეთის სამი საელჩო იქნება?!

სერგეი მარკოვი: მოსკოვსა და თბილისს შორის უნდა იყოს ნორმალური მიმოსვლა. ამერიკელი კოლეგები მპატიჟებდნენ თავიანთ სემინარზე თბილისში და მარჩიელობდნენ, შემომიშვებდნენ თუ არა საქართველოში. საჭიროა ურთიერთობის ნორმალიზაცია, არ არის აუცილებელი კარგი, საკმარისია ნორმალური ურთიერთობები.

სერგეი ალექსანდროვიჩ, დიპლომატიური ურთიერთობით უნდა დავიწყოთო. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ დაელაპარაკება საქართველოს ხელისუფლებას. რას ველოდებით?

სერგეი მარკოვი: რუსეთის პრეზიდენტს არ უნდა საქართველოს პრეზიდენტთან ლაპარაკი, იმიტომ რომ მას მიიჩნევს სამხედრო დამნაშავედ. ასევე, მას არ უნდა ლაპარაკი უკრაინის პრეზიდენტთანაც, რადგან იუშჩენკოს ბოროტი ნებაა, რომ გამწვავდეს რუსულ-უკრაინული ურთიერთობები, მაგრამ, მერე რა? ჩვენ გვაქვს ურთიერთობა უკრაინასთან, მიმოსვლაც, ვაჭრობაც.

თქვენ არ გიომიათ უკრაინასთან?

სერგეი მარკოვი: დიახ, არ გვიომია, ამიტომაც არ მივიჩნევთ იუშჩენკოს სამხედრო დამნაშავედ.

ესე იგი, ელოდებით, როდის აღარ იქნება სააკაშვილი პრეზიდენტი?

სერგეი მარკოვი: სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება, მას ჩვენები არ შეხვდებიან, მაგრამ ველოდებით, როდის მისცემს ქართველი ხალხი სამართლიან შეფასებას იმ დამნაშავეებს, რომლებმაც ომი გააჩაღეს. ეს ძმათამკვლელი ომი იყო, რადგან რუსები, ქართველები და ოსები ძმები არიან და პუტინმა თქვა კიდეც, ეს სამოქალაქო ომი იყოო.

სერგეი ალექსანდროვიჩ, რას გულისხმობთ სამართლიან შეფასებაშიდამხობას, არჩევნებით შეცვლას თუ რევოლუციას?

– მე არ ვერევი საქართველოს შიდა საქმეებში, მაგრამ არსებობს ხელისუფლების კანონიერი საშუალებებით შეცვლის გზები. მაგალითად, ამერიკაში ნიქსონი იმპიჩმენტით გადააყენეს. მესმის, რომ ქართველები ამერიკელებზე ემოციური ხალხია. ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმე მოკვდეს, დამნაშავეც კი. ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“, სანამ იარები არ მოშუშდება და ეკონომიკური ურთიერთობა აღვადგინოთ პოლიტიკური აღიარების გარეშე. არ გირჩევთ, რომ აღიაროთ აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ მიგეღოთ უგუნური კანონი ოკუპაციის შესახებ, საქართველოს ვურჩევდი, აიღოს ევროკავშირის მოდელი, დე-ფაქტო აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მათთან ეკონომიკური კავშირები აღადგინოს. თუ თბილისს უნდა აფხაზები და ოსები, კედლები არ უნდა ააშენოს. რატომ დაანგრია მიხეილ სააკაშვილმა ერგნეთის ბაზრობა?!

მაგრამ კედლებს აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთი აშენებს დე-ფაქტო საზღვარზე.

– დაუჯერეთ ევროკავშირს!

ვახტანგ რჩეულიშვილი: ჩვენ ევროკავშირს დავუჯერებთ! მაგრამ ერთის თქმა მინდა: თქვენთან სააკაშვილს მიიჩნევენ დამნაშავედ, ჩვენთან – რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს, თუმცა, თუ ერთმანეთის ლანძღვას განვაგრძობთ, კიდევ უფრო გავართულებთ სიტუაციას. კონკრეტულად შემოგთავაზებთ ასეთ რამეს: ჩვენ ბევრი რამ გვთიშავს, მაგრამ გვაკავშირებს ის ქართველები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ სხვადასხვა მონაცემებით, ნახევარი მილიონიდან მილიონამდე ადამიანი. იყოს, თუნდაც, ნახევარი მილიონი, ეს არ არის ცოტა. რუსეთში ქართველებისადმი დამოკიდებულებით, შეიძლება, ვიმსჯელოთ რუსეთის დამოკიდებულებაზე. თუ რუსეთის ხელისუფლება მწვანე შუქს აუნთებს ქართველებს, რომ მათ ჩადონ ფული ქართულ ეკონომიკაში, ეს იქნება ნიშანი. ანუ, არის რაღაც საკითხები, რომელთა მოგვარება შეიძლება პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტამდე.

სერგეი მარკოვი: გეთანხმებით, ასეთი პატარ-პატარა ნაბიჯებით შეიძლება შედეგის მიღწევა. პოზიტიური ნაბიჯია ამ მხრივ ზემო ლარსის გახსნა.

ლარსის გახსნაში რა რუსული ინტერესია და რატომ არის ეს პოზიტიური საქართველოსთვის, თუ სომხური ტვირთები რუსეთში საქართველოს გავლით შევა?

სერგეი მარკოვი: საქართველო ცოტას არ იღებს ამ შეთანხმებიდან. ჯერ ერთი, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა. სომხური ტვირთები გავა და, ვიცით, რომ არავინ შეამოწმებს, სომხური იქნება თუ ქართული.

რა, ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებს დააკრავენ სომხურ ეტიკეტს?

სერგეი მარკოვი: ყველანაირი პროდუქტი გავა.

ბატონო ვახტანგ, აშკარაა, რომ რუსეთმა შეამზადა ნიადაგი, რომ ისევ უკან მიგვიღოს, ოღონდ, როგორც ჟირინოვსკი ამბობდა, „ოთხზე დამდგარი“. რეინტეგრაციის მათებური მოდელი მისაღებია?

ვახტანგ რჩეულიშვილი: რუსეთი პოლიტიკურად არ აპირებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დათმობას, ამ დათმობის გარეშე კი ნებისმიერი შემოთავაზება განწირულია უარის მისაღებად. ვერც სააკაშვილი და ვერც ერთი ოპოზიციონერი ვერ წავა კონტაქტზე იმ ადამიანებთან, რომლებმაც ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ საზოგადოებრივი დიალოგის ყველა საშუალება. ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ხალხია, მათ შორის რუსეთში მცხოვრები ქართველები და ყველა ის არაქართველი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. რადგან ტერიტორია ვერ გადავარჩინეთ, ხალხი მაინც უნდა გადავარჩინოთ. რესპონდენტმა ვერ გამცა პასუხი მთავარზე: რუსეთს არ აქვს ამ სივრცის გაერთიანების პერსპექტივა. მართალია, დასავლეთს არ უხარია ჩვენი ევროკავშირში შესვლა, მაგრამ მზადყოფნას მაინც გამოხატავს, დღეს თუ არა ხვალ, შემოგიყვანთო. რუსეთი კი ვერ ამბობს, დღეს თუ არა ხვალ, აფხაზეთსა და ცხინვალს დაგიბრუნებთო. რუსეთთან დიალოგი აუცილებელია არა ჩვენი ინტერესების დათმობის ხაჯზე, არამედ იმ მტკივნეული საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა გადაწყვეტა დღესაც შეიძლება.