რა პროგრამებს ახორციელებს სახელმწიფო ფსიქიკური დაავადებების მქონე პირთა მიმართ? რამდენად არის დაცული ქრონიკული ხასიათის პაციენტებისგან სხვა ადამიანების მდგომარეობა და შეგვიძლია თუ არა თავდაჯერებულნი ვიყოთ, როცა მცირეწლოვან ბავშვებს ვუშვებთ ეზოში, სადაც შეიძლება, მწვავე პრობლემის მქონე პირმა მათ მიმართ აგრესია გამოხატოს?!
პრაქტიული შემთხვევები ადასტურებს, რომ ასეთი ზემოქმედებისგან ადამიანები დაცულნი არ არიან და შესაძლოა, თქვენს გვერდით მობინადრე სულაც ფსიქიკური პრობლემის მქონე აღმოჩნდეს, რომლის იზოლირება ჯერ ვერ მოხერხდა.
როგორც გავარკვიეთ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჩვენს ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს, რომლის ბიუჯეტი წელს 15 მილიონ 700 ათას ლარამდეა. ეს პროგრამა ამბულატორიულ და სტაციონარულ კომპონენტს მოიცავს. ამბულატორიულ კომპონენტში შედის საკუთრივ ამბულატორიული მომსახურება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა, კრიზისული ინტერვენციის მომსახურება, რასაც წელს კიდევ დაემატა მობილური გუნდების მომსახურება, რომლებიც ამ ტიპის პაციენტებთან ბინაზე მიდიან. ისინი სტაციონარიდან გაწერილ იმ ბენეფიციარებს ემსახურებიან, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ აკითხავენ სტაციონარულ მკურნალობას.
იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქიატრიული მკურნალობისთვის აუცილებელია მკურნალობის უწყვეტობა, სავალალოა, რომ სტაციონარიდან გაწერილი პაციენტები, ხშირ შემთხვევაში, აღარ აკითხავენ სტაციონარულ დაწესებულებას, მედიკამენტებსაც აღარ იღებენ და ეს მათი მდგომარეობის გამწვავების პრობლემას ქმნის.
რაც შეეხება ფსიქიატრიული პაციენტებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას -ასათიანის ქუჩაზე მდებარე კლინიკის გაყიდვის შემდეგ იგი ბევრ კლინიკად და განყოფილებად დაიშალა, რის შემდეგაც მივიღეთ ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე 80-საწოლიანი განყოფილება (ამბულატორიული სერვისით და ნარკოლოგიის განყოფილების ჩათვლით).
გარდა ამისა, სამ მულტიპროფილურ დაწესებულებაში ფუნქციონირებს სტაციონარული განყოფილებები (ღუდუშაურის საავადმყოფოსა, მეხუთე კლინიკურსა და 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე კლინიკაში). ასევე, რუსთავში შეიქმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. ამის მიუხედავად, საინტერესოა, ცალკეული პაციენტები რატომ რჩებიან ფსიქიკური მომსახურების გარეშე და რატომ ვერ ხერხდება მათი საზოგადოებისგან იზოლირება? იქნებ, ამის მიზეზი სტაციონარებში არასაკმარისი ადგილებია?!
ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი უბედურია თავისთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც, ის საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს და რა შედეგი მოჰყვება ამას, არავინ იცის. თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, წინა ხელისუფლებამ გააუქმა სტაციონარები და ჩათვალა, რომ ამ პაციენტების მკურნალობა შეიძლებოდა ჩვეულებრივი პროფილის კლინიკურ განყოფილებებში.
„მეეჭვება, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს, რადგან ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ ასეთი ადამიანი ისევ თავის გარემოცვაში ბრუნდება. თუ მკურნალობა ეფექტური არ არის, ეს დროთა განმავლობაში გამოვლინდება და გარანტია არავის აქვს - როგორც ფსიქიატრები ამბობენ, მსგავს შემთხვევებში განკურნებაზე საუბარი ზედმეტია.
ცოტა არაადეკვატურია თვითონ დაავადების ბუნება, მაგრამ პროცესის შეჩერება, ანუ ე.წ. რემისია მაინც ხერხდება. ოღონდ ასეთი ადამიანი სულ უნდა იყოს სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ. მეჩვენება, რომ მობილური ჯგუფების ადგილზე მისვლით, ან ამბულატორიულ კლინიკაში პაციენტის მიყვანით პრობლემა საბოლოოდ არ წყდება. თუ შედეგიანი იქნება ჩარევა, ხომ კარგი; ხოლო, თუკი ადამიანი იმდენად რთულადაა, რომ გარემოსთან მისი ურთიერთობა დაუშვებელია, აქ მისი იზოლაციაა საჭირო“,-აცხადებს რამაზ საყვარელიძე. ამასთან, დასძენს, რომ ჩვენ თავქუდმოგლეჯილები მივდივართ ევროპისკენ, ამიტომ ნუ დაგვავიწყდება, რომ ცივილიზებულობის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი მოხუცების, ბავშვებისა და ავადმყოფების მოვლაა, თუ რამდენს ვხარჯავთ ამ ადამიანებზე და რამდენად არიან დაცულნი სხვა ადამიანები შესაძლო გართულებისგან.
სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი არჩილ ბეგიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა რაოდენობა ძალზე დიდია და ყოველ ათას მოსახლეზე დაახლოებით 1 %-ია. მართალია, 70 ათასი ასეთი პირია ოფიციალურად აღრიცხვაზე, მაგრამ რეალობაში ორჯერ მეტი უნდა იყოს. ამიტომ საჭიროა ამ ადამიანების კონტროლი ამბულატორიული პროგრამებით, რისთვისაც არასაკმარისი დაფინანსებაა და როგორც ამბულატორიული მეთვალყურეობა, ისე ამბულატორიული მკურნალობა მძიმე დღეშია.
„ქრონიკული პაციენტები, რომლებიც გარეთ დადიან, უნდა იყვნენ ამბულატორიის ან სათემო სერვისის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც საკმარისი არ არის. თითო-ოროლა სათემო სერვისია, ისიც პილოტური პროექტის სახით, ამბულატორია კი, როგორც გითხარით, ძალზე ცუდად ფინანსდება. უფრო მეტიც, ამბულატორიის რეფორმა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
მართალია, მთლიანობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტია, მაგრამ ამ თანხის 70 % მიდის ჰოსპიტლებში და მხოლოდ 30 % მიდის ამბულატორიულ სერვისზე. არადა, პირიქით უნდა იყოს, რადგან საავადმყოფოში პაციენტი ნაკლებ ხანს ატარებს და უფრო მეტ დროს ატარებს სახლში“,-აცხადებს არჩილ ბეგიაშვილი და განმარტავს, რომ თუ პაციენტი ქრონიკულია და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, მაშინ კატასტროფის მედიცინის ბრიგადის გამოძახება უნდა მოხდეს.
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი სოფიო მორგოშია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ფსიქიატრიული მკურნალობის თვალსაზრისით, სტაციონარებში ადგილების კლება არ შეიმჩნევა, მაგრამ არის მომენტები, როცა სეზონურად (გაზაფხულსა და შემოდგომაზე) მწვავდება ამ პაციენტების მდგომარეობა და, შესაძლოა, ერთეულ შემთხვევებში, მათთვის საკმარისი ადგილი არ იყოს.
„დაახლოებით 1400 საწოლამდეა დღეს საქართველოში და ხდება მათი მონაცვლეობა. ძალზე იშვიათად არის სიტუაცია, როცა პაციენტის მოთავსება ადგილების გამო პრობლემურია. სტაციონარულ მომსახურებაზე გვაქვს სამი გრადაცია - მწვავე ეპიზოდის მართვის ღირებურება არის 840 ლარი, ეს არ არის ვადაზე მიმართული მომსახურება. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს 5 დღე, უცბად მოხდეს მწვავე მდგომარეობის ალაგმვა და ხუთ დღეში სახლში გაუშვან, 840 ლარი კი ფაქტობრივ ხარჯს აუნაზღაურებს, რაც იმ ხუთ დღის განმავლობაში დახარჯა დაწესებულებამ. აქ შედის კვება, მედიკამენტოზური მკურნალობა. გრძელვადიანი სტაციონარული მომსხაურება კი 450-ლარიანი ვაუჩერია თვეში.
არ შეიძლება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულება ან თუნდაც სისტემა დავადანაშაულოთ, რომ არ არის საკმარისი ადგილები. აქ სისტემური პრობლემაა. მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 13 დაწესებულებაა და არასდროს ყოფილა, რომ ცამეტივე დაწესებულება ასი პროცენტით იყოს დატვირთული. თუმცა არის მეორე მომენტიც, თვითონ საზოგადოების ცნობიერება იმდენად დაბალია, რომ უშუალოდ ოჯახის წევრები ვერ ამჩნევენ ამ პრობლემას, ან სტიგმა აქვს, რომ დაინახონ. შესაბამისად, ასეთი ბენეფიციარები ვერც მიდიან კლინიკამდე, ჯაჭვით ჰყავთ ხოლმე ბენეფიციარი სახლში დაბმული, იმდენად რცხვენიათ, რომ ფსიქიატრიული პაციენტი ჰყავთ ოჯახში.
ამიტომ, ადგილი არ იყო და ვერ მივიღეთ, არ არის მარტო ეს პრობლემა. როცა პაციენტი აგრესიულია, ამ შემთხვევაში, სასწრაფოს იძახებენ, რომელიც, თავის მხრივ, იძახებს საპატრული პოლიციას. სასწრაფო როგორც კი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას, მის აგრესიას, პირდაპირ მიჰყავს ფსიქიატრიულში. უბრალოდ, საპატრულო პოლიციის გარეშე არ მიჰყავთ ფსიქიატრიულში. ზოგჯერ თვითონ მოსახლეობამ არ იცის, რა უნდა მოიმოქმედონ, როცა ასეთ პაციენტებს ხედავენ, სამინისტროშიც მოდის წერილები, ასეთი პაციენტი გვყავს და როგორ მოვიქცეთო. ჩვენც ვურჩევთ, გამოიძახონ სასწრაფო“,-აცხადებს სოფიო მორგოშია.