„პრემიერ-მინისტრობას არ ვაპირებ“

„პრემიერ-მინისტრობას არ ვაპირებ“

განათლების და მეცნიერების სამინისტროში, პარლამენტარ გია ნუცუბიძის დაპატიმრებიდან მეორე დღეს, კახა ლომაია აშშ-ში ისე გაემგზავრა, რომ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია (თუ არ ჩავთვლით მის გამოსვლას პრესკონფერენციაზე).

სანამ მინისტრი აშშ-ში იმყოფებოდა, ხმა დაირხა, - ლომაია და ნუცუბიძე ადრევე დაპირისპირებულნი იყვნენ და მინისტრის მოადგილემ პარლამენტარი დანაშაულის ჩასადენად წააქეზაო. ზოგიერთებმა კი ლომაიას აშშ-ში ვიზიტს მოუძებნეს “საინტერესო” ახსნა: ლომაია მსოფლიო ბანკმა ისე მიიწვია, როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი და განსაზღვრული ვალდებულებებიც დააკისრაო.

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კახა ლომაია ექსკლუზიურ ინტერვიუში გვესაუბრება:

- ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით გავემგზავრე. მსოფლიო ფორუმზე მოხსენება გავაკეთე საქართველოს განათლების რეფორმების შესახებ. ეს იყო შტატებში ჩემი ჩასვლის მიზეზი.

რაც შეეხება ჩემს პრემიერ-მინისტრობაზე ხმების პერიოდულად გავრცელებას, არ ვიცი, ამას რის საფუძველზე ამბობენ. ჭორის გამომგონებელსა და მომსმენს რა გამოლევს. ეტყობა, არის ხალხი, მთავრობის წევრებს შორის ნევროზული დამოკიდებულების შექმნაზე რომ ოცნებობს. ასე რომ, არც პრემიერ-მინისტრობას ვაპირებ და არც რაიმე ვალდებულებები ამიღია. პრემიერ-მინისტრს კაბინეტის ყველა წევრთან, და მათ შორის ჩემთანაც, შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

ანუ ნოღაიდელზე ეს ჭორები გავლენას არ ახდენს?

- ნამდვილად არა. ის არის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ლიდერი, რომელთან მუშაობაც ჩემთვის ადვილია.

რაკი ეფექტიან მუშაობაზე ჩამოაგდეთ სიტყვა, ითქვა, დაპირება, რომ ამ ზამთარს მოსწავლეებს თბილ სასკოლო ოთახებში მოუწევთ სწავლა, შესაძლოა, არარეალური იყოს, ფირმებს, რომელთაც ეს სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ, ხელშეკრულებები გაუუქმესო.

- ვინც ამ ჭორებს ავრცელებენ, შევიდნენ და ნახონ, თანამედროვე გათბობის სისტემა 200-მდე სკოლაში დავაყენეთ. 2400 სკოლაში ერთბაშად ვერ შევცვლიდით გათბობის სისტემას, ეს პროგრამა გაგრძელდება.

მითქმა-მოთქმა მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკრედიტაცია ვერ გაიარა. ზოგიერთმა ეს თქვენი და ხუროძის გართულებული ურთიერთობით ახსნა. ზოგი კი ირწმუნება - ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უნივერსიტეტის კორპუსების გაყიდვა აქვს განზრახული და ამიტომ არ მისცეს საშუალება, სტუდენტები მიეღოო.

- მატერიალურ-ტექნიკური პარამეტრები არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. 2004-2005 წლებში 247 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 110-მა მიიღო აკრედიტაცია. ამჟამად დასრულდა უმაღლესი სასწავლებლების მეორე ეტაპი. ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ვერ გაიარა აკრედიტაცია. ამაში ფატალური არაფერია. უბრალოდ, 2007 წელს უნივერსიტეტი სტუდენტებს ვერ მიიღებს. თუმც ვფიქრობ, რომ არსებობს ყველა რესურსი, რომ უნივერსიტეტმა გამოასწოროს მატერიალურ-ტექნიკური პირობები, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს აკრედიტაციისთვის საჭირო სტანდარტებთან. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და 2008 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტი გააგრძელებს სტუდენტების მიღებას.

სტუდენტებს, რომლებიც არააკრედიტებულ ინსტიტუტებში სწავლობენ, მიმდინარე და მომდევნო სასწავლო წლები კანონის თანახმად ჩაეთვლებათ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლად.

რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებას, მთავრობისა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ამოცანაა მისი ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გაუმჯობესებისთვის ხელის შეწყობა.

ანუ არავინ აპირებს ამ კორპუსების აუქციონზე გატანას?

- არავითარ შემთხვევაში... დარწმუნებული ვარ, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს მომავლის, მისი ეკონომიკის განსაზღვრაში გადამწყვეტ და საკვანძო სიტყვას იტყვის (მართალია, კახა ლომაია ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე არაფერს ამბობს, მაგრამ როგორც კულუარებში ირწმუნებიან, რექტორობის კანდიდატებად არჩილ ფრანგიშვილი და არჩილ მოწონელიძე განიხილებიან. - ავტ.).

ბატონო კახა, გია ნუცუბიძეზე მინდა გკითხოთ. საზოგადოებამ მხოლოდ დეპუტატის დაპატიმრება შეიტყო, მანამდე რა ხდებოდა?

- პროგრამა “იაკობ გოგებაშვილის” შესასრულებლად ათობით მილიონი ლარი გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამშენებლო კომპანიების შესარჩევად ჩატარდა ტენდერები. თბილისსა და რეგიონებში ბევრი ტენდერი ჩავარდა, რადგან საერთოდ არ შემოვიდა განაცხადი ან კიდევ წინადადებები იყო ჩვენთვის მიუღებელი. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ტენდერში გამარჯვებული ფირმების უმეტესობამ კეთილსინდისიერად და პროფესიულად შეასრულა საქმე, მაგრამ მათ შორის აღმოჩნდნენ არაკეთილსინდისიერებიც. ზოგიერთმა აღებული ავანსის შესაბამისი სამუშაო არ შეასრულა. როდესაც ჩვენმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი ფირმის მიერ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა რეალიზებული სამშენებლო სამუშაოებში, სათანადო მასალები გენერალურ პროკურატურას გადავეცით. ეს მოხდა გია ნუცუბიძის დაკავებამდე 1 თვით ადრე. ჩემი ვარაუდით, მას შემდეგ, რაც ამ ფირმამ გაიგო, რომ მასალები გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნა, შუამავლის მეშვეობით სცადეს საქმის მოგვარება...

ერთ დღეს ჩემმა მოადგილემ, თემურ სამადაშვილმა, მითხრა, ჩემთან გია ნუცუბიძე იყო და გარიგება შემომთავაზა: თუ თქვენ ამ ფირმას განსაზღვრულ თანხას გადაურიცხავთ, სამშენებლო სამუშაოებს დაასრულებს და თქვენც პირადად მიიღებთ გასამრჯელოსო. 20 წუთში ჩვენ უკვე გენერალური პროკურორის კაბინეტში ვიყავით. ასეთ ვითარებაში სამართალდამცავი ორგანოებისთვის რომ არ მიემართა სამადაშვილს, თავად იქნებოდა დამნაშავე.

ხომ შეიძლებოდა სამადაშვილს გაეგდო კაბინეტიდან ნუცუბიძე, მან კი მასთან მოლაპარაკებები გამართა და დაელოდა, ქრთამს როდის მიუტანდა...

- ეს ხომ კერძო საქმის გარჩევა არ იყო? თუ საქმე ორ პირს შორის კერძო ურთიერთობას ეხება, მათ შორის ყველაფერი შეიძლება ითქვას და ეს არ არის სამართალდამცველების საქმე, მაგრამ, როცა პარლამენტის წევრი მინისტრის მოადგილეს ქრთამს სთავაზობს სახელმწიფო სახსრების მისაკუთრების მიზნით, ეს აღარ არის კერძო საქმე.

ისიც ითქვა, სამადაშვილმა ნუცუბიძეს დაურეკა, თანხა მომიტანეო.

- სამადაშვილი აბსოლუტურად სწორად მოიქცა. მოიქცა ისე, როგორც კანონმა და სინდისმა უკარნახა. ასჯერაც ასე მოიქცევა და ასჯერვე მეც ანალოგიურად მოვიქცევი. როცა სახელმწიფო სახსრების მისაკუთრებას მთავაზობენ, ვალდებული ვარ, სამართალდამცველ ორგანოებს შევატყობინო. რას ჰქვია, ეთქვა, აქედან წადიო და დაემალა ეს ამბავი?!

დაიბადა აზრი, სამინისტრომ შეგნებულად გაახმაურა ეს ფაქტი, ანუ მავანთ ამ საქმეში პიარელემენტებიც დაინახეს.

- რატომ არ უნდა გახმაურებულიყო? ქურდული გაგებისა და “შავი” ცნობიერების ხალხი, როგორც ჩანს, პარლამენტშიც გვყავს.

პროკურატურაში მისვლისთანავე თემურ სამადაშვილმა დაწერა განცხადება და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე. შემდგომ უკვე მთელი ოპერაცია სამართალდამცველებმა დაგეგმეს და შეასრულეს.

გამორიცხავთ, რომ თქვენც დაგიმონტაჟონ კაბინეტში ფარული კამერა?

- აბსოლუტურად გამოვრიცხავ. პარლამენტარის სამხილებლად კამერის დამონტაჟება კანონის ფარგლებში მოხდა, ანუ მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის, რომ დამნაშავე მხილებული უნდა იქნეს და პარლამენტარებისა და ჩინოვნიკების ქურდული გარიგებები არ უნდა ხდებოდეს, ჩვეულებრივი რამ არის განვითარებული სახელმწიფოსთვის. საქართველოს კალაშოვები, ტარიელ ონიანები და “ტარასები” მართავდნენ. საზოგადოების ერთ ნაწილს ურჩევნია, სიმართლე არ იცოდეს. დემოკრატიული სახელმწიფოს ღირსება ის კი არ არის, რომ იქ ცუდი რამ არ ხდება, არამედ ის, რომ არსებობს კანონიერი მექანიზმები ცუდის აღმოსაფხვრელად. ჩვენი ხელისუფლების სიძლიერედ მიმაჩნია ის, რომ საკუთარ თავში ვეძებთ ნაკლოვანებებს.

ამბობენ, ლომაიასა და ნუცუბიძეს კონფლიქტი ჰქონდათ და მინისტრმა შური იძიაო.

- რაზე უნდა მეძია შური. სულ ერთი-ორჯერ შევხვედრივარ ნუცუბიძეს და არც კონფლიქტი გვქონია, მხოლოდ ვესალმებოდით ერთმანეთს.

ითქვა, უკვე მესამე დეპუტატი შეეწირა განათლების და მეცნიერების სამინისტროს. როგორც ჩანს, მის ხელმძღვანელობას პარლამენტისგაწმენდასურსო.

- ვინც კანონს დაარღვევს, ის პასუხსაც აგებს. ეს ყველამ უნდა იცოდეს და მათ შორის, პარლამენტშიც. მით უმეტეს, კანონმდებლებს არ ეპატიებათ კანონის დარღვევა.