ახლა გადავიდეთ იმ ბრალდებებზე, რომლებიც სტალინის მიმართ მხოლოდ ქართველებს გააჩნიათ. ძირითადი შინაარსი ამ ბრალდებებისა იმაში მდგომარეობს, რომ სტალინს და მის ქართველ ბოლშევიკ თანამებრძოლებს აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული საქართველოს 1921 წლის ოკუპაციასა და მისი ტერიტორიების მოსაზღვრე საკავშირო რესპუბლიკებისა და თურქეთისათვის გადაცემაში, ასევე, თავად საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური უმცირესობებისათვის ავტონომიური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების შექმნაში, რამაც მე-20 საუკუნის ბოლოს სეპარატისტული კონფლიქტების გაჩაღება გამოიწვია.
რუსეთის მიერ 1921 წელს საქართველოს ოკუპაციაში სტალინის მონაწილეობას რაც შეეხება, ამის უარყოფა სრული ულოგიკობა იქნება და ამ საკითხში დემაგოგიას არც ვაპირებ, მაგრამ სტალინის აღნიშნული ქმედების შეფასებისთვის მისი მოტივაციის გარკვევა მიმაჩნია აუცილებელად. ქმედების მოტივაციას კი სწორად ვერ განვსაზღვრავთ, თუ თავად სტალინის პიროვნების მიზნებს, ამოცანებს და აქედან გამომდინარე, მის ისტორიულ როლსა და დანიშნულებას არ ჩავწვდებით.
სტალინის მოღვაწეობის არეალის ზოგადი მახასიათებლების განსაზღვრის მიხედვით სტალინი ნამდვილად არ იყო მხოლოდ ქართველი ეროვნული მოღვაწე, ანუ ცალკერძად საქართველოს სამსახურში მყოფი პოლიტიკოსი. მან თავისი ცხოვრების ამოცანად კაცობრიობის სოციალური თანასწორობის იდეის განხორციელებისთვის ბრძოლა დაისახა და ამ იდეის მასშტაბურობიდან გამომდინარე რუსეთი მიიჩნია აღნიშნული მიზნის აღსრულებისთვის შესაბამისი მასშტაბის იარაღად. აღნიშნულმა იდეამ მის სულში ეროვნული იდეისთვის სამსახური გადასწონა, თორემ სტალინის ბიოგრაფიის მეტ-ნაკლებად მცოდნემ კარგად იცის, რომ სტალინი ყმაწვილკაცობაში ხალასი პოეტური ნიჭის გამო, რომელიც ქართული კულტურის ფესვებზე იყო ამოზრდილი, ჩვენი დიდი მწერლისა და ეროვნული ავტორიტეტის ილია ჭავჭავაძის ყურადღების ქვეშ მოექცა. ამიტომ დიდი შეცდომაა თუ სტალინის შეფასებას ვინმე აკეთებს მხოლოდ ეროვნული ქართველი მოღვაწის ჩარჩოებში.
სტალინი, ისევე როგორც ქართული სოც-დემოკრატიული მოძრაობის ყველა წევრი საქართველოს მიიჩნევდა მსოფლიოსა და რუსეთის სოციალურ-რევოლუციური მოძრაობის ასპარეზის ნაწილად. ამის გამო საქართველოს დამოუკიდებლობა მათ გეგმებში არ შედიოდა და ბედის ირონიით, როცა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის მენშევიკური პარტიის ქართულ ფრაქციას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება დაეკისრა, ამას თავიანთი საქმის ღალატადაც კი მიიჩნევდნენ და საკმაო ხანს ეროვნული დროშის ნაცვლად საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს მთავრობის სახლზე სოც-დემოკრატიის წითელი დროშა ჰქონდათ ჩამოკიდებული. პეტრე გელეიშვილი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მენშევიკური პარტიის დეპუტატი იყო, 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პერიოდში ამბობდა - რა მოხდა მერე, ერთი სოც-დემოკრატიული პარტია მიდის და მეორე მოდისო.
თავისთავად ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს რომ სტალინმა საქართველო საერთოდ გულიდან ამოირეცხა და მის კეთილდღეობაზე სრულიად არ ფიქრობდა, რაც ქვემოთ მისი ზოგიერთი პოლიტიკური ნაბიჯის შესახებ მსჯელობითაც გამოჩნდება, მაგრამ, როცა საქმე სტალინის მთავარ პოლიტიკურ იდეას ეხებოდა, ის ყოველთვის ამ იდეის პრიორიტეტულობით მოქმედებდა. კავკასია კი თავისი ბაქოს ნავთობით, საქართველოზე გამავალი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული გზით, შავ ზღვაზე ნავსადგურებითა და სამხრეთ აზიისკენ პლაცდარმით რუსეთისა და შემდგომ საბჭოთა კავშირის, როგორც სოციალისტური იდეების მსოფლიოში გამავრცელებლის სახელმწიფოებრივი სიძლიერისთვის სტალინსა და მის თანამოაზრეებს აუცილებელ კომპონენტად მიაჩნდათ, მითუმეტეს, თავად სტალინი ერეკლე II-ის პოლიტიკურ ორიენტაციას რუსეთთან სტრატეგიული კავშირის შესახებ საქართველოს ინტერესებისთვის სწორად და დადებითად აფასებდა.
უფრო მეტიც, სოციალისტური რუსეთის პოლიტიკური მთლიანობის სიმტკიცისა და სიძლიერისათვის, სტალინი მეფის რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ერებისათვის სუვერენული უფლებების ბევრად მეტი შეზღუდვის მომხრე იყო და ნაციონალურ თემაზე თავის ნაშრომში აღნიშნული ერების სახელმწიფოების არა მოკავშირე რესპუბლიკებად, არამედ რუსეთის ფედერაციაში შემავალ ავტონომიურ სუბიექტებად ჩამოყალიბების შეხედულებას გამოთქვამდა, რომლებსაც, თავისთავად, ფედერაციიდან გასვლის უფლება არ ექნებოდათ, მაგრამ ლენინს არ სურდა მსოფლიოს თვალში რუსეთი სხვა ერების სუვრენულ უფლებათა ლიკვიდატორად და დამპყრობლად წარმოჩენილიყო და ამიტომაც საბჭოთა კავშირი თანასწორუფლებიანი მოკავშირე რესპუბლიკების ნებაყოფლობით გაერთიანებად გამოცხადდა.
მიუკერძოებლად თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელი გადასახედიდან სტალინმა სწორად განჭვრიტა, რომ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური სტრუქტურა მისი ეროვნულ სახელმწიფოებად დაშლის საფრთხის მომცველი იყო და ეს ასეც მოხდა 1991 წლის დეკემბერში ბელოვეჟის ხელშეკრულებით, როცა გამოყენებული იქნა მოკავშირე რესპუბლიკების კავშირიდან გასვლის უფლება.
შეიძლება ითქვას, რომ სტალინს ცალკეული რესპუბლიკების პოლიტიკური სუვერენიტეტის იდეები ნაკლებად აწუხებდა და მათ უფლებებს ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევდა სოციალისტური იდეის რუსეთში, როგორც მსოფლიოს დიდ და პოლიტიკურად ძლიერ სახელმწიფოში გამარჯვებასთან შედარებით, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოში აღნიშნული იდეის გავრცელების წინაპირობა გახდებოდა, რაც წარმატებით დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში ჩინეთ-სამხრეთ კორეის სახით.
რაც შეეხება ცალკეული რესპუბლიკების ტერიტორიების გადანაწილებას, აქაც, ფაქტია, რომ 1921-22 წლებში სტალინმა საქართველოს ისტორიული ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად განსაკუთრებული პოლიტიკური ძალისხმევა არ გამოიჩინა, რასაც ხელი შეუწყო ქართველი ბოლშევიკების სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის, სერგო ქავთარაძის, მამია ორახელაშვილის თუ სხვათა პოზიციამაც, რომლებმაც კავკასიაში ნაციონალური საკითხის გამწვავებას ამჯობინეს სომხეთ-საქართველოს 1919 წლის ომში ინგლისელთა ჩარევის შედეგად ნეიტრალურ ზონად გამოცხადებული ლორეს ოლქი სომხებისთვის გადაეცათ, რომლებიც დამატებით ახალაქალაქსაც ითხოვდნენ იქ სომხების კომპაქტური დასახლების გამო, ხოლო ძირითადად მუსულმანებით დასახლებული ზაქათალას ოლქი (საინგილო) აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრებში მოაქციეს.
თუმცა ბოლშევიკების საქციელში საოცარი არაფერია, როცა რუსეთის ყოფილი ძირძველი ოდესის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, დონბასის გუბერნიები, სადაც ისტორიულად რუსები სახლობდნენ, იმავე 20-იან წლებში უკრაინის რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანეს, რაც სადღეისოდ რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლიანი დაპირისპირების კატალიზატორი გახდა.
რა თქმა უნდა, ქართული ნაციონალური იდეის მატარებელ ქართველში რუსეთის ეროვნებათა საქმის კომისრის სტალინის ის პოზიცია, რომელიც ეგუებოდა, თუ ხელს უწყობდა ძირძველი ქართული მიწების ჰერეთის, (ზაქათალას ოლქის) და ლორეს ოლქის მეზობელი რესპუბლიკებისთვის გადაცემას, სტალინის მიმართ დიდ უარყოფით გრძნობებს აჩენს და რაც არ უნდა გამართლება მოვუძებნოთ მის ამ ქმედებას, ეს უარყოფითი განწყობა მაინც დარჩება, თუმცა, სტალინის მხრიდან ამგვარი პოზიციის დაჭერის მოტივაციის ვერსიების გარკვევა მოაზროვნე ადამიანისათვის საინტერესო უნდა იყოს.
ერთ-ერთ ვერსიად კი შეიძლება დავუშვათ ისიც, რომ სტალინი გაურბოდა მის მიმართ მტრულად განწყობილი ლიდერობის პრეტენზიის მქონე კონკურენტი ბოლშევიკი პოლიტიკოსებისათვის ტროცკის მეთაურობით რაიმე ბრალდების წაყენების საბაბი მიეცა. ნაციონალიზმსა და შოვინიზმში ბრალდება კი სტალინის პოლიტიკური კარიერისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა, (რუსეთის სახელმწიფოს მეთაურობა კი სტალინს რისთვის სჭირდებოდა, ამაზე უკვე საკმარისად ვისაუბრე) მითუმეტეს, სხვა ცნობილი ქართველი ბოლშევიკები ორჯონიკიძის მეთაურობით ნაციონალური კონფლიქტების გადაჭრას კავკასიაში საქართველოს ინტერესების ფეხ-ქვეშ გათელვის გზით ცდილობდნენ.
გავიხსენოთ ორჯონიკიძის ის გამონათქვამი, რომელიც მან ქართველ პატრიოტ ინტელიგეციას უთხრა, როცა მას სწორედ ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით მოთხოვნები წაუყენეს - ჭკვიანად იყავით თორემ საქართელოს საზღვრებს თბილისში, აგერ, ავლაბარზე გავიყვანო.
ისიც უნდა ითქვას, რომ სტალინი იმ დროს იყო ბოლშევიკური რუსეთის ერთ-ერთი რიგითი კომისარი, ანუ მინისტრი და რეალური ძალაუფლებითა და გავლენით ლენინზე რომ არაფერი ვთქვათ, ტროცკი, ზინოვიევი, ძერჟინსკი და კამენევი მას აჭარბებდნენ. სტალინმა მხოლოდ 1922 წლიდან ბოლშევიკების პარტის გენერალურ მდივნად დანიშვნის შემდგომ დიდი ორგანიზატორული და იდეოლოგიური მუშაობით რამდენიმე წლიანი დაძაბული პოლიტიკური ბრძოლის შედეგად მოახერხა ტროცკისტული ოპოზიციის დამარცხება. თუმცა, აბსოლუტური ძალაუფლება საბჭოთა სახელმწიფოში ერთ პიროვნებას არასდროს ჰქონია. ის უფრო გუნდურ სისტემას ეყრდნობოდა პარტიის პოლიტბიუროსა და ცენტრალური კომიტეტის სახით.
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ტოტალიტარულ-დიქტატორულ სახელმწიფო სისტემაშიც, თუ ლიდერი ყურადღებას მოადუნებს, შექმნილ სტანდარტებს ზედმეტად გადაუხვევს და მის გარშემო მყოფი პარტოკრატიის ინტერესებს შელახავს, მაშინ ასეთ ლიდერს თავად ელოდება განადგურების საფრთხე, როგორც ეს დაემართა შემდგომში თვით სტალინს, მერე ლავრენტი ბერიას და ბოლოს ნიკიტა ხრუშჩოვსაც, რომელსაც ხელისუფლებით ტკბობის ზენიტში მყოფს ისე სწრაფად გამოაცალეს ძალაუფლება, რომ გონს ვერ მოეგო და თუ არ დახვრიტეს სახელმწიფოს წინაშე უამრავი დანაშაულისათვის, მხოლოდ იმიტომ რომ მის შემდეგ სათავეში ისეთივე უპრინციპო ადამიანები მოვიდნენ, როგორც თავად იყო.
ისეც არ ყოფილა საქმე, რომ სტალინის პერიოდში ნაციონალურ საკითხში ყველაფერი საქართველოს საზიანოდ კეთდებოდა. ცნობილია ისტორიული ფაქტები, რომ აფხაზი სეპარატისტები მონარქიული რუსეთის იმპერიის დაშლის დღიდან მიზანმიმართულად იბრძოდნენ აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფისათვის და ამისთვის ხან თურქი ასკერების რაზმები შემოჰყავდათ აფხაზეთში, ხან რუსული თეთრგვარდიული ნაწილები და ხანაც ბოლშევიკური შენაერთები, თუმცა 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე ქართული არმია გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ყოველთვის ახერხებდა მტრის განდევნას და აფხაზეთი რჩებოდა საქართველოს შემადგენელი ნაწილი, რაც 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაშიც იქნა აღნიშნული.
აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას ასევე განამტკიცებდა 1919წ. 13 თებერვალს აფხაზეთის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნებით არჩეული აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს, სახალხო საბჭოს 1919 წლის 20 მარტს მიღებული “აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ”, რომლის პირველი პუნქტი აცხადებდა: “აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული.” 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციის 107-ე მუხლით აფხაზეთი სოხუმის ოლქის სახელით საქართველოს განუყოფელ ნაწილად იქნა აღიარებული.
აფხაზები საკუთარი სახელმწიფოებრიობის საფუძვლად მიიჩნევენ იმას, რომ რუსეთის მიერ 1921წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ოკუპაციის შემდგომ 28 მარტს ბათუმში გამართულ თათბირზე, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო ე.წ. კავბიურო, რომელსაც სერგო ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდა, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის წარმომადგენლები, აფხაზეთი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა.
ამ გადაწყვეტილებას რომ აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით გაუგებრობა არ გამოეწვია, იოსებ სტალინი 1921 წლის 1 სექტემბერს სრულიად რუსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს (საბჭოების ყრილობებს შორის პერიოდში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო) აცნობებდა, რომ “აფხაზეთი არის დამოუკიდებელი საქართველოს ავტონომიური ნაწილი, ამის გამო დამოუკიდებელი წარმომადგენლობები რუსეთში არ ჰყავს და არც უნდა ჰყავდეს. ამიტომ კრედიტის მიღება რსფსრ-დან მას არ შეუძლია”.
1921წ. 14 ნოემბერს აფხაზეთის ხელმძღვანელმა ე. ეშბამ დასვა საკითხი მაშინ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში აფაზეთის უშუალოდ შესვლის შესახებ. ამის პასუხად კავბიურომ ორ დღეში – 16 ნოემბერს დაადგინა: “წინადადება მიეცეს ამხანაგ ეშბას, წარმოადგინოს თავისი საბოლოო დასკვნა სახელშეკრულებო საწყისებზე აფხაზეთის საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში ან ავტონომიური ოლქის საწყისებზე რსფსრ-ში შესვლის შესახებ”. ამრიგად, კავბიუროს სახელით ს.ორჯონიკიძე აფხაზებს სთავაზობდა რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიური ოლქის სტატუსით შესვლას, ან საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსით, ანუ უფლებრივად უფრო მაღალი სტატუსით საქართველოს ფედერაციაში გაერთიანებას.
1921წ. 16 დეკემბერს საქართველოსა და აფხაზეთს შორის, “ღრმა საერთო ეროვნული კავშირებიდან გამომდინარე”, გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო, პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური კავშირის დამყარების შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე “ყველა სამხარეო გაერთიანებაში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციაში აფხაზეთის შესვლას საქართველოს მეშვეობით” და არა უშუალოდ. აქედან კარგად ჩანს, რომ 1921წ. 16 დეკემბრის ხელშეკრულებით ორი თანასწორუფლებიანი რესპუბლიკის გაერთიანება კი არ მოხდა, არამედ ერთი რესპუბლიკა (აფხაზეთი) შევიდა მეორის (საქართველოს) შემადგენლობაში.
გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოების I ყრილობამ 1922წ. 28 თებერვალს დაამტკიცა რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის I თავის I პუნქტში ნათქვამია: “საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე შედიან: აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა; უკანასკნელი უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას – ამ რესპუბლიკათა შორის დადებულ, განსაკუთრებულ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე”.
ამიერკავკასიის ფედერაციის ხელმძღვანელმა ს. ორჯონიკიძემ, რომელმაც მისცა თანხმობა აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადებაზე, აფხაზეთის საბჭოების II ყრილობაზე 1923წ. 21 დეკემბერს განაცხადა: “აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რომ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა და თანასწორუფლებიანია ჩვენს კავშირში”. საბჭოთა იმპერიის ძირითადი კანონის – სსრ კავშირის პირველი კონსტიტუციის (1924-36წ.წ.) მიხედვით, აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა.
ყოველგვარი ლოგიკით უნდა ვიფიქროთ, რომ სერგო ორჯონიკიძის ეს განცხადებაც და სსრკ-ის კონსტიტუციაში აფხაზეთის ავტონომიური სტატუსით საქართველოს შემადგენლობაში დარჩენა იოსებ სტალინის დამსახურება იყო, თორემ აფხაზები რომ იმ პერიოდშიც საქართველოდან თავის დაღწევას თავდაუზოგავად ცდილობდნენ, ეს სადავო არ უნდა იყოს, ხოლო რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის წარმატებით გულანთებული ორჯონიკიძისთვის სულ ერთი იყო აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დარჩებოდა თუ რუსეთის წიაღში გადავიდოდა, აკი ასეთი ვარიანტი მათ შესთავაზა კიდეც.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, აფხაზები მაინც თავიანთი იდეის აღსრულებას ცდილობდნენ და აფხაზეთის საბჭოების III ყრილობაზე 1925წ. 1 აპრილს ყოველგვარი განხილვის გარეშე მიიღეს კონსტიტუცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა სსრ კავშირის, ამიერკვაკასიის ფედერაციისა და საქართველოს კონსტიტუციებთან. მისი II თავის V პუნქტში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ინარჩუნებდა როგორც ამიერკავკასიის ფედერაციიდან, ისე საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლებას.
მხოლოდ 1931 წლის 11 თებერვალს, სსრ კავშირის მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობამ აფხაზეთის სსრ-ს სახელი გადაარქვა და აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (აფხაზეთის ასსრ) უწოდა. როგორც 1931 წლამდე, ისე სახელის გადარქმევის შემდეგაც აფხაზეთი იყო და დარჩა საქართველოს შემადგენლობაში. სტალინი, როგორც ფაქტები მეტყველებს, თავიდანვე წინააღმდეგი იყო აფხაზეთის თანასწორუფლებიან საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადებისა და საქართველოს შემადგენლობიდან მისი გასვლისა.
უფრო მეტიც, 1935წ. 7 იანვარს აფხაზეთის საბჭოების VII ყრილობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა აფხაზეთის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც ავტონომიური რესპუბლიკის ყველა კომისარიატი საქართველოს შესაბამის კომისარიატებს ექვემდებარებოდა (მუხლი 42).
1938წ. დასრულდა დამწერლობის რეფორმა ავტონომიურ რესპუბლიკაში. (ლათინური გრაფიკის ქართული გრაფიკით შეცვლა, 1945-46 სასწავლო წლებში სასკოლო რეფორმა “აფხაზურ სკოლებში” სწავლების რუსული ენიდან ქართულზე გადაყვანა აფხაზური ენის სწავლების შენარჩუნებით.)
განხორციელდა მიწისძვრით დაზარალებული საქართველოს სხვა რაიონებიდან მოსახლეობის ნაწილის აფხაზეთში ჩამოსახლება, რამაც აფხაზეთში ქართული ეთნოსის გამრავლება და ამით დანარჩენ საქართველოსთან ეკონომიკურ-კულტურული დაახლოების გაღრმავებას შეუწყო ხელი. მოცემული მოვლენების შეჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტალინ-ბერიას ხელისუფლების კიდევ 20-30 წლით გაგრძელების შემთხვევაში მოხდებოდა აფხაზეთის სრული პოლიტიკურ-კულტუროლოგიური ინტეგრაცია ერთიან საქართველოსთან და სეპარატიზმის ფესვებიც ბოლომდე ამოიკვეთებოდა.
გაგრძელება იქნება