ახლა მივუბრუნდეთ 1937-38 წლების რეპრესიების მიზეზებსა და მოტივაციას, რომლის დროსაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაზე მეტი ადამიანი იყო რეპრესირებული.
მაშინდელი პოლიტიკური მოვლენების დინებას თუ გავყვებით, მოცემულ წლებში საბჭოთა სახელისუფლო იერარქიას იმდენად მტკიცე პოზიციები გააჩნდა, რომ არანაირი საშინაო საფრთხე არ ემუქრებოდა. სტალინის პროგრამის მთავარი სტრატეგიული მიმართულებები ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის სახით წარმატებით ხორციელდებოდა, ხოლო სტალინის ხელისუფების პოლიტიკური ოპოზიციის გავლენიანი ლიდერი ლევ ტროცკი (ბრონშტეინი) საბჭოეთიდან გაძევებული იყო.
სხვა ლიდერები: კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი და სხვები იმდენად ნეიტრალიზებულნი იყვნენ, რომ თავად აღიარებდნენ საკუთარი წარსული პოზიციების სიმცდარეს და პატიებას ითხოვდნენ. მართალია, 1934 წელს ლენინგრადში მოკლეს ბოლშევიკური პარტიის ცნობილი მოღვაწე სერგეი კიროვი და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული ადამიანი დაისაჯა, მაგრამ ეს მასობრივი რეპრესიების დაწყების მიზეზებზე მაინც არ მიუთითებს.
ზემოაღნიშნულის განსჯით გამოდის რომ 1937-38 წლების რეპრესიები სრულიად აბსურდული, ლოგიკას მოკლებული და საბჭოთა ხელისუფლების კაცთმოძულე, ტირანული ბუნების გამოვლენა ყოფილა, რასაც ამტკიცებენ კიდეც ლიბერალისტ-პროპაგანდისტები, მაგრამ მოვლენების შესახებ ყოველი დასკვნა-შეფასება უნდა ეყრდნობოდეს ამ მოვლენების ღრმა შესწავლასა და ანალიზს, თორემ ამის გარეშე ის ვერ იქნება სწორი და არგუმენტირებული.
ზოგადადაც, სტალინის დროინდელი საბჭოთა ხელისუფლება, რომელმაც სრულიად აღმოფხვრა უმუშევრობა, უზრუნველყო საკუთარი მოსახლეობის ძირითადი სოციალური მოთხოვნები: უფასო ჯანმრთელობის დაცვა, უფასო საშუალო და უმაღლესი განათლება, მაღალი ტემპებით ხორციელდებოდა საცხოვრებელი ბინებით მშრომელი ფენების დაკმაყოფილება, მიმდინარეობდა ხელფასების რაოდენობის ზრდა, ხოლო მასობრივი მოხმარების საგნებზე ფასების საგრძნობი დაკლება, კანონზომიერად ვერ იქნებოდა მთელი მოსახლეობის მიმართ არაჰუმანური, მიზანთროპული ხასიათის.
შიშველი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, ამიტომ სტატისტიკაც მოვიშველიოთ. 1928 -1937 წლებში საშუალო წლიური ხელფასი 703 მანეთიდან გაიზარდა 3047 მანეთამდე, ანუ ოთხჯერ, ხოლო სახელმწიფოს ხარჯები განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე იმავე წლებში გაიზარდა 17-ჯერ. დამეთანხმებით, რომ საკუთარი ხალხის ჩაგვრა-ტანჯვაზე ორიენტირებული ხელისუფლება იმავე ხალხის კეთილდღეობისათვის ასე მასშტაბურად არ იზრუნებდა.
ამიტომ 1937-38 წლების რეპრესიების მიზეზების აღმოჩენა და დასკვნების გაკეთება ასე იოლი და მარტივი არ არის, როგორც ეს ჭორიკანა ინტელექტუალებს წარმოუდგენიათ. იმ ეპოქაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ნათლად გარკვევას მივყავართ სრულიად მოულოდნელ და მანამდე წარმოუდგენელ დასკვნებამდე.
კერძოდ, სტალინისა და მისი დაჯგუფების მიერ მომზადებულმა სახელმწიფო მმართველობის დემოკრატიული სისტემის პროექტის შემოტანამ 1935-36-37 წლებში გამოიწვია პარტოკრატიულ -ბიუროკრატიული აპარატის დიდი გაღიზიანება და სტალინის რეფორმატორული ჯგუფის წინააღმდეგ მობილიზებული დაპირისპირება. რომ გავერკვეთ რა გვაძლევს ამის თქმის უფლებას, ამისთვის საჭიროა გავეცნოთ სტალინელ-რეფორმატორთა პროექტის შინაარსს, რომელიც თავიანთ გამოსვლებში ყველაზე უკეთ დახასიათებული აქვთ თავად სტალინსა და მის თანამოაზრეეებს.
აღნიშნული პროექტი შეეხებოდა საბჭოთა სახელმწიფოსა და მოკავშირე რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების არჩევითობის წესის ძირეულ შეცვლას, რომელიც უნდა დაფუძნებოდა პირდაპირი, თანასწორი, ფარული, მრავალმანდატიანი და საერთო ჯამში რეალურად დემოკრატიული საარჩევნო სისტემის დაკანონებას. ეს იყო პროლეტარიატის დიქტატურაზე უარის თქმის ტოლფასი, რაც საბჭოთა სახელმწიფოს განვითარების ახალი სტრატეგიული გზის არჩევას ნიშნავდა.
1936 წლის 5 მარტს გაზეთ ”პრავდაში” გამოქვეყნდა სტალინის ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტთან როი ჰოვარდთან. იხილეთ: http://alternathistory.org.ua/intervyu-iv-stalina-roi-govardu-iz-gazetnogo-obedineniya-skrips-govard-nyuspeipers-1936-god
ჩვენი თემისთვის მეტად საინტერესოა ჰოვარდის ერთი შეკითხვა სტალინისადმი: ”მუშავდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს ახალ საარჩევნო სისტემას. რა ზომით შეცვლის ეს ახალი სისტემა სსრკ-ში მდგომარეობას, როცა არჩევნებზე ძველებურად გამოვა მხოლოდ ერთი პარტია?”
მომყავს სტალინის პასუხი შემოკლებით: ”როგორც გამოცხადდა, ახალი კონსტიტუციით არჩევნები იქნება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული. საარჩევნო სიებს წარმოადგენს არა მარტო კომუნისტური პარტია, არამედ ყველანაირი საზოგადოებრივი არაპარტიული ორგანიზაციები და ასეთი ჩვენთან ასობით არის. ჩვენთან არ არის ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები, ისევე როგორც არ არის ურთიერთდაპირისპირებული კაპიტალისტებისა და კაპიტალისტების ექსპლოატირებული მუშათა კლასი. ჩვენი საზოგადოება შედგება გამორჩეულად ქალაქისა და სოფლის თავისუფალი მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციისგან. თითოეულ ამ ფენას შესაძლოა ჰქონდეს სპეციალური ინტერესი და შეუძლია ისინი გამოხატოს მრავალრიცხოვან საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. ...თქვენ ფიქრობთ რომ არ იქნება საარჩევნო ბრძოლა. მაგრამ ის იქნება და მე წინდაწინ ვხედავ საკმაოდ გამოცოცხლებულ საარჩევნო ბრძოლას. ჩვენი საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნები საბჭოთა კავშირში იქნება მათრახივით მოსახლეობის ხელში ცუდად მომუშავე ხელისუფლების ორგანოებისათვის. ჩვენი ახალი საბჭოთა კონსტიტუცია, ჩემი აზრით, იქნება მსოფლიოში ამჟამად არსებულ კონსტიტუციებს შორის ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია.”
დიახ, სტალინი აღიარებდა კაპიტალისტურ სახელმწიფოებში დემოკრატიული სისტემის არსებობას და მას მხარსაც უჭერდა თუნდაც იმის გამო, რომ ასეთ სისტემაში მუშათა კლასს თავისუფლებისათვის ბრძოლის საშუალება ეძლეოდა განსხვავებით დიქტატორული სახელმწიფოებისგან. ახლა სტალინს სურდა ანალოგიური სისტემის დამკვიდრებით არა მარტო ეკონომიკური დონით, არამედ დემოკრატიულობის ხარისხითაც შეჯიბრებოდა კაპიტალისტურ სამყაროს.
ამის დასამტკიცებლად მოვიყვანთ სტალინის შემდეგ სიტყვებს: ”ჩვენ საბჭოთა დემოკრატიის მომხრეები ვართ, ყველაზე თანმიმდევრული დემოკრატიიისა მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ ვიცავთ და მომავალშიც დავიცავთ კაპიტალისტურ ქვეყნებში ბურჟუაზიული დემოკრატიული თავისუფლების თითოეულ მტკაველს, რასაც ხელყოფს ფაშიზმი და ბურჟუაზიული რეაქცია, რადგან ეს ნაკარნახევია პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ინტერესებით”.
საბჭოთა დემოკრატიის განვითარების შესახებ არანაკლები პირდაპირობით საუბრობდა სსრკ-ის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვინოვი: ”ჩვენ ვერ ვიგრძნობთ თავს განსაკუთრებულად შეცბუნებულებად, როცა კონსტიუტუციასთან დაკავშირებით გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვბრუნდებით ევროპული დემოკრატიის სამყაროში, ბურჟუაზიულ თავისუფლებებთან. სწორად ნათქვამი იქნება, რომ ჩვენ გამოფიტული ბურჟუაზიის სუსტი ხელებიდან ვიღებთ დემოკრატიის დროშას, თავისუფლების დროშას და ვავსებთ მას ახალი გამოცდილებით, საბჭოთა შინაარსით”.
ამავე დროს, სტალინის რეფორმატორული გუნდი დემოკრატიული საარჩევნო სისტემის შემოღებით მიზნად ისახავდა ქვეყნის წინსვლის შემაფერხებელი პარტოკრატიულ-ბიუროკრატიული აპარატის დასუსტებასა და მოსპობას.
ამის შესახებ თავად სტალინი საუბრობს იმავე ჰოვარდთან ინტერვიუში: ”ამ სისტემამ არ შეიძლება არ დაარტყას გაბიუროკრატებულებს, მასებიდან მოწყვეტილებს. მეორეს მხრივ ეს სისტემა გააიოლებს ახალი ძალების წამოყენებას მოწინავე მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციისგან, რომლებიც უნდა მოვიდნენ ჩამორჩენილი და გაბიუროკრატებული ელემენტების ნაცვლად”.
რეფორმების მომხრე ცკ-ის წევრი იაკოვლევი უფრო შორსაც მიდიოდა: ”პარტიული ჯგუფები საბჭოებში და განსაკუთრებით საბჭოების აღმასკომებში ხშირად გადაქცეულნი არიან საბჭოების შემცვლელ ორგანოებად, რადგან ყევლაფერს ისინი წყვეტენ, ხოლო საბჭოებს რჩებათ მხოლოდ დაშტამპონ წინასწარ მომზადებული გადაწყვეტილებები.” ამიტომ ის მოითხოვდა, რომ საბჭოებში პარტიული ჯგუფები გაუქმებულიყო, რომ ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხის გადაწყეტაში უფლებამოსილი ყოფილიყო მხოლოდ საბჭოები და მისი აღამასკომები.
ეს უკვე ბოლშევიკური პარტიის განუსაზღვრელი ძალაუფლების წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სტალინურ რეფორმაციას მმართველობის მთელი სისტემის ტრანსფორმირება ჰქონდა მიზნად არჩევნების საშუალებით ხალხისთვის ხელისუფლების გადაბარების გზით. ამ ამოცანის განხორციელება კი დაგეგმილი იყო დემოკრატიული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ხალხის მიერ არჩეული საბჭოებისა და მის მიერ შედგენილი აღმასრულებელი კომიტეტებისათვის ძალაუფლების გადაცემით.
სტალინი, უკვე საბჭოთა კავშირში, თვით პროლეტარიატის არსებობას უარყოფდა და აქედან გამომდინარე, მისი დიქტატურის სახელმწიფო მმართველობით ჩანაცვლების მომხრე იყო. ის ამბობდა:”ჩვენს მუშათა კლასს არათუ წართმეული აქვს წარმოების იარაღები და საშულებები, არამედ, პირიქით, ის მას ფლობს მთელ ხალხთან ერთად ... ამის შემდეგ ის შეიძლება იწოდებოდეს პროლეტარიატად? ნათელია რომ არა”. ის ახალი კონსტიტუციით საბჭოთა კავშირის სოციალური ბაზის ორიგინალურ განმარტებას იძლეოდა: ”მუშათა კლასის დიქტატურის გაფართოება და დიქტატურის გადაქცევა უფრო მძლავრ სისტემად -საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მმართველობად”.
ამიტომ სტალინი მოითხოვდა საზოგადოების ყველა ფენის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას და ამბობდა, რომ მოვიდა დრო, როცა არამშრომელ და ექპლუატატორთა ელემენტებს საბჭოთა ხელისუფლების მიერ წართმეული საარჩევნო უფლება აღუდგეთო. ამასთან დაკავშირებით პარტოკრატიის გასაგონად ხმამაღლა ამბობდა: ”ამბობენ, რომ ეს საშიშია, რადგან უმაღლეს ორგანოებში შეიძლება გაძვრნენ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი ელემენტები, ვიღაც-ვიღაცეები ყოფილი თეთრგვარდილებიდან, კულაკებიდან, მღვდლებიდან და ასე შემდეგ, მაგრამ საკითხავია, რა არის აქ საშიში? მგლის შიშით ტყეში არ ვიაროთ? ჯერ ერთი, ყველა ყოფილი კულაკი, თეთრგვარდიელი და მღვდელი არ არის საბჭოთა ხელისუფლების მტერი. მეორეც, თუ ხალხი სადმე აირჩევს მტრულად განწყობილ ადამიანებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სააგიტაციო მუშაობა ცუდ მდგომარეობაშია, ხოლო ჩვენ დავიმსახურეთ ამგვარი სირცხვილი”.
ამავე დროს, არჩევნებში ხმების მიუკერძოებლად დათვლის კონტროლის საკითხზე სტალინმა მეტად საყურაღღებო ფრაზა წარმოთქვა: ”ჩვენთან სხვადასხვა პარტიები არ არის. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ჩვენთან ერთი პარტიაა”. ამიტომ სტალინმა გააკეთა შეთავაზება, რომ ხმების დათვლის კონტროლი ეწარმოებინათ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და არა ბოლშევიკების კომპარტიას, როგორც ამას ელოდნენ კომპარტიის ცკ-ის გენერალური მდივნისგან.
მაშ ასე, პროლეტარიატის დიქტატურის ქვეყანაში, რომლის სახელისუფლო ბერკეტებსაც ფლობდა ბოლშევიკური პარტია, სტალინმა მისი განუსაზღვრელი ძალაუფლების შესაზღუდად, აღნიშნულ პარტიას პირდაპირ ესროლა ხელთათმანი და საბრძოლველად გამოიწვია.
პასუხმაც არ დააყოვნა და კომპარტიის ცკ-ის პლენუმებსა თუ საბჭოების ყრილობებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დასახული რეფორმების წინააღმდეგ ბოლშევიკების პარტიის მთელი ბიუროკრატიული მანქანა ამუშავდა. პოლიტბიუროს წევრები, მინისტრები, მოკავშირე რესპუბლიკების კომპარტიის მდივნები, სხვადასხვა მსხვილი თუ წვრილი ოლქებისა, თუ რაიონების პარტიული კომიტეტების მდივნები ერთხმად დაირაზმნენ და სიკვდილითა და სრული განადგურებით ემუქრებოდნენ ყველას, ვინც მათი ძალაუფლებისათვის ოდნავ საფრთხეს წარმოადგენდა.
კომკავშირის ცკ-ის მდივანი ა.ვ. კოსარევიც კი ჩაერთო საკუთარი გარანტირებული კარიერის დაცვისათვის ბრძოლაში. გადავხედოთ მის სიძულვილით სავსე სიტყვებს: ”კლასობრივი ბრძოლა არ ნელდება, არამედ იღებს ახალ, უფრო რთულ ფორმებს. მტერი ნებაყოფლობით არ თმობს თავის ადგილს. მისი მოშორება შეიძლება მხოლოდ ძალადობით, ეკონომიკური მეთოდების ზემოქმედებით, ორგანიზაციულ-პოლიტიკური მეთოდებისზემოქმედებით, ხოლო როცა საჭიროება მოითხოვს -ფიზიკური მოსპობის მეთოდებითაც”.
დასავლეთ ციმბირის მხარის აღმასკომის თავმჯდომარე ფ.პ. გრიადინსკი ცოფებს ყრიდა: ”ყველაზე საზიზღარი მკვლელები, ფაშიზმის აგენტები - კაპიტალიზმის ნაძირალა რესტავრატორები, დივერსანტები, ტერორისტები, ტროცკისტ-ზონოვიევის მიმდევრები ისევ ცდილობენ ხელი შეგვიშალონ მუშების მოკვლით, საწარმოებში მავნებლობით, ავარიების ორგანიზებით. მათი ნაწილი განადგურებულია, მაგრამ იმისთვის რომ ავღგვათ ისინი საბჭოთა მიწიდან, ჩვენ საყოველთაოდ უნდა გავაძლიეროთ რევოლუციური სიფხიზლე”.
ს.ვ. კოსიორი უკრაინის კპ ცკ-ის პირველი დივანი და პარტიის პოლიტბიუროს წევრი დაპირებას იძლეოდა: ”უკრაინელი ხალხი გაანადგურებს როგორც როგორც ტროცკისტ-ზინოვიევის ნაძირლებს, ისე ნაციონალური მოღალატეების ნარჩენებს, რომლებიც აწარმოებენ თავინთ ძირგამომთხრელ მუშაობას”.
იუსტიციის მინისტრი ნ.ვ. კრილენკოც კი, იმის ნაცვლად რომ ახალი კონსტიტუციით შეთავაზებული დემოკრატიული არჩევნების გარშემო ესაუბრა, უაპელაციოდ განაცხადა: ”პროლეტარიატის რევოლუციური დიქტატურა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს არსებობის საფუძველი ბოლომდე სტალინური კონსტიტუციით გაფორმებული”.
დასავლეთ ციმბირის სამხარეო კომპარტიის მდივანმა და პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატმა რ.ი.ეიხემ თავისი კაცთმოძულეობით ყველას გადააჭარბა, როგორც თავის გამოსვლებში, ასევე რეალურად განხორციელებულ რეპრესიებში. ეიხე 1936 წლის დეკემბერში ცკ-ის პლენუმზე ამბობდა: ”გამოძიების მიერ გახსნილმა ფაქტებმა მთელი მსოფლიოს წინაშე გამოავლინა ტროცკისტების მხეცური სახე. ... რა ეშმაკად ვაგზავნით, ამახანაგებო, ასეთ ადამიანებს გადასახლებაში? ისინი უნდა დაიხვრიტონ! ამხანაგო სტალინ, ჩვენ ძალიან რბილად ვიქცევით”.
სტალინის გამოსვლა აღნიშნულ პლენუმზე დღესაც მიუწვდომელია მეცნიერ-ისტორიკოსებისათვის, რაც ეჭვს ბადებს, რომ ეს, ხრუშჩოვის ინიციატივით, საარქივო დოკუმენტების გამნადგურებელ-გამყალბებელთა ბრალია. უნდა ვივარაუდოთ, რომ სტალინი ცდილობდა პარტოკრატიის აგრესიული განწყობის შეკავებასა და შერბილებას, რისი გასაჯაროებაც ხრუშჩოვშჩინას რეპრესიების მთავარ ორგანიზატორად სტალინის გამოცხადების გამო არ აწყობდა.
1937 წლის 23 თებერვალს იმართება საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცკ-ის მორიგი პლენუმი, სადაც ლენინგრადის ოლქისა და ქალაქკომის კომპარტიის მდივანი, პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი ა.ა. ჟდანოვი სტალინელ რეფორმატორთა იდეებს კიდევ ერთხელ აჟღერებს: ”ახალი საარჩევნო სისტემა მოგვცემს საბჭოთა ორგანოების მუშაობის გასაუმჯობესებლად მძლავრ ბიძგს, ბიუროკრატიული ნაკლის ლიკვიდაციას ... ეს ნაკლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პარტიული ორგანოები მზად უნდა იყვნენ საარჩევნო ბრძოლისთვის. ფარული კენჭისყრა წარმოადგენს ყველაზე ფართო შესაძლებლობას მასების თვალსაზრისით ყველაზე უვარგისი კანდიდატების უარყოფისათვის... ვუხელმძღვანელოთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოტრიალებას და უზრუნველვყოთ დემოკრატიული არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტიული ორგანიზაციები არ უნდა დაელოდონ როცა მასები მათ ქვევიდან ხელს კრავენ კრიტიკით და უვარგისი კანდიდატურების მოხსნით, არ უნდა დაელოდონ ფარულ კენჭისყრაში ჩავარდნას”.
ამ სიტყვების შინაარსი პირდაპირ მიუთითებს, რომ სტალინის ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების წესით ხალხს გადასცემდა საკუთარი მმართველობის არჩევის უფლებას და მასში ბოლშევიკური პარტიის კანდიდატების დამარცხებასაც არ გამორიცხავდა.
(გაგრძელება იქნება)