„პოპული“ ლათინური სიტყვაა და ხალხს ნიშნავს. აქედანაა ტერმინი „პოპულარული“, ანუ სახალხო. პოპულარული, ანუ სახალხო მაშინ ხარ, როცა ხალხი გიყვარს, ხალხისთვის იღვწი, ხალხისთვის აკეთებ იმას, რასაც აკეთებ და ამის გამო ხალხს უყვარხარ.
აქედან გამომდინარე, დღეს პოპულარული შეიძლება ჭაბუა ამირეჯიბს, ოთარ მეღვინეთუხუცესს, გივი ბერიკაშვილს, ნინელი ჭანკვეტაძეს, რეზო ესაძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს უწოდო, ისეთებს, ვინც ყოველთვის ხალხთან იყო, ხალხისთვის იყო და ხალხს უყვარდა.
დანარჩენებს, ვისაც დღეს პოპულარულს უწოდებენ, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ამ სიტყვის ზუსტ განმარტებას, ანუ „სახალხოს“ ნამდვილად ვერ მიუსადაგებ და ეს საყოველთაო აღტყინების დღეებშიც დამტკიცდა. ისეთი პიროვნებისთვის როგორიც არის დუტა სხირტლაძე, სპეციალურად გამოიგონეს ყურით მოთრეული და მორფოლოგიურად და სინტაქსურად საშინელი ტერმინი: „ცნობადი“.
იმ მშფოთვარე დღეებში, რომელიც 7 ნოემბრის ბართლომეს ღამით დასრულდა, „პოპულარულისა“ და „ცნობადის“ ერთმანეთისგან გარჩევა ასწავლა საქართველოს. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ მიხვდა, ვინ არის „პოპულარული“, ანუ ისეთი, თავის ხალხთან რომ არის და ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება აქვს და ვინ არის „ცნობადი“, ანუ ისეთი, რომელსაც ხალხი მარტო იმით ცნობს, რომ ყოველდღე ტელეეკრანზე ხედავს.
მსახიობი, შოუმენი თუ ლატარია - კონცერტების მხოლოდშობილი წამყვანი დუტა სხირტლაძე 2007 წლის 2 ნოემბრამდე ვინმეს შესაძლოა პოპულარული, ანუ სახალხო ეგონა, მაგრამ პატივცემულმა დუტამ თვითონვე დაამტკიცა, რომ ის მხოლოდ „ცნობადი სახეა“, რომელსაც „ყურებადი“ გადაცემები მიჰყავს.
ისე, ამ „ცნობადს“ კიდევ არა უშავს, მაგრამ „ყურებადი“ რაღა დარდუბალაა? „ყურებადი“ ყურპარტყუნა ვირებია კახეთში. „ცნობადი“ და „ყურებადი“ დუტაც კახეთიდანაა.
მაშინ, როცა 5 დღის განმავლობაში, სუსხსა და წვიმაში ასიათასზე მეტი ქართველი პარლამენტის შენობის წინ სააკაშვილის მმართველობას აპროტესტებდა, ეს ჩვენი „ყურებადი“ კახელი დუტა „რუსთავი - 2“-ის ეთერში გამოვიდა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ქართველობას სულელები უწოდა - კიდევ კარგი, თინეიჯერები არ დგანან პარლამენტის წინ და ამ სულელებს არ უყურებენო.
ჩემო ძვირფასო, „ცნობადო“ და „ყურებადო“ დუტა, თინეიჯერები, სამწუხაროდ, კარგა ხანია იქ არ დგანან, სადაც მათი მომავალი წყდება. ისინი ამ დროს ან ბუჩქებში ძრომიალობენ, ან რომელიმე კონცერტზე ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს უკრავენ ტაშს, ზოგი ნებით და ზოგიც - იძულებით. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი კონცერტების წამყვანი კი სწორედ შენ ხარ!
დუტა - ჯან, შენ რომ კარგი ხელფასი გაქვს, კარგი სახლი და მანქანა გაქვს, დროსტარება, კონცერტი, ტანცი - მანცი ლავხაღუმე არ გაკლია და მეორე თუ მესამე ცოლი გყავს, განა არ იცი, ქართველ ბიჭებს უკიდურესი გაჭირვების გამო ოჯახი ვერ შეუქმნიათ, უმუშევრობით სული ძვრებათ, სახლში პური ვერ მიაქვთ და დედ - მამა ექიმთან ვერ მიჰყავთ? ამ უკიდურესმა გაჭირვებამ გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში და შენ მოდგე და სულელები ეძახო, ეგრე სად არის, დუტა - ჯან? შე კაი დედმამიშვილო, „ყურებადი“ რომ ხარ, ერთხელ შენც შეხედე ხალხს, რა მოხდება?
პატივცემული დუტა, ეტყობა, ვერ ხვდება, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე კარგად ვერ არის, როგორც „რუსთავი - 2“-ზე „დუტას ზღაპრები“ მთავრდება ხოლმე. ან, ეტყობა, მას შემდეგ, რაც რუსულ სერიალში სტალინის როლი შეასრულა, ხალხის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ ცოტა ალმაცერად უყურებს.
დუტა - ჯან, რუსთაველის გამზირზე, სანამ ბარბაროსულად გაუსწორდებოდნენ, ქვეყნის სვე - ბედით შეწუხებული ნამდვილი ქართველები იდგნენ და არა ისეთები, რომელსაც სპექტაკლ „ეტცეტერაში“ საოცარი ნატურალიზმით თამაშობ. ამ ხალხს სათავეში ეროვნული გმირების ჟიული შარტავასა და ზვიად გამსახურდიას შვილები ედგნენ და შენგან მათი სულელებად დასახელება რას ნიშნავდა?
თუ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აპირებ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოგიწევს.
დუტა - ჯან, საინტერესოა, ქართველი ხალხი სულელად მიგაჩნია? სხვათაშორის, იმ მიტინგზე მარტო ქართველები არ იდგნენ. ერთი ჯიგარი სომეხიც გამოვიდა სიტყვით და ჯიგრულად იკითხა: რატომ უნდა ვცხოვრობდე მე, სომეხი კაცი საქართველოში კარგად და ქართველი კი ცუდადო? შენ თუ დაგისვამს ასეთი კითხვა შენი თავისთვის?
შენ ასეთ გაუბედურებულ ქვეყანაშიც კი დალხენილად ცხოვრობ, ჩემო „ყურებადო“, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის გამაუბედურებლები შენი ძმაკაცები და მეგობრები არიან! ჭეშმარიტი ხელოვანი და მამულიშვილი თავის ხალხსა და ქვეყანაზე უკეთ არასდროს უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ თუ გაუკუღმართებულ ქვეყანაშიც კი კარგად ცხოვრობს, ეს იმის უფლებას არ აძლევს არავის, რომ უბედური ქვეყნის უბედურ შვილებს სულელები ან სულელების შემყურეები ეძახოს ვინმე „ყურებადმა“.
მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას თავიდან ისეთი ბუმბერაზი სახალხოები, ანუ პოპულარულები უჭერდნენ მხარს, როგორებიც, მაგალითად, ორი მაესტრო: პოეტი - მუხრან მაჭავარიანი და მსახიობი - რამაზ ჩხიკვაძე იყვნენ, მაგრამ ისინი, როგორც პოპულარულები, პოპულის, ანუ ხალხის მხარეს დადგნენ მაშინ, როცა სიმართლე ერთმნიშვნელოვნად ხალხის მხარეს იყო!
ლეგენდარულ რამაზ ჩხიკვაძეს ტელეეთერით შენსავით ორი საათი არ ულაქლაქია, ჩემო „ყურებადო“, სულ ორი წუთით დარეკა საინფორმაციო გამოშვებაში და იმ ორ წუთში აზდაკის როლი საოცარი გულწრფელობით შეასრულა, იმიტომ, რომ რამაზ ჩხიკვაძე „ყურებადი“ არასდროს ყოფილა. ის პოპულარული იყო ყოველთვის და ბოლომდე პოპულარულად დარჩა.
საინტერესოა, იმ „სულელებში“ რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გოგი ქავთარაძე და სხვა ჭეშმარიტად პოპულარულებიც ხომ არ იგულისხმე, „ყურებადო?“
დუტა, შენ რომ სულელები უწოდე, ის ხალხი ყოველდღე ტელევიზორში გიყურებს და როცა მორიგი შოუს, გათამაშების ან კონცერტის წამყვანად მოევლინები, მაინტერესებს, როგორ მიმართავ: „ძვირფასო ტელემაყურებლებო“ თუ „სულელო ტელემაყურებლებო?“
ეეჰ, დუტა - ჯან, მაგარი იაღლიში მოგივიდა ხალხთან, ანუ პოპულთან და ამიტომაც ვერასდროს გახდები პოპულარული. დიდი - დიდი, ისევ „ყურებადად“ დარჩე.
„ყურებადებისა“ და სამყურაშვილების ყურამდე კი ხალხის ხმა არასდროს მიდის. ხალხისა მხოლოდ პოპულარულებს ესმით.
შენ კი, ალბათ, შენს შეცდომას რომ მიხვდები, აუცილებლად ჰკითხავ შენს თავს: დუტა, ინჩუ ჰამარ? ანუ, დუტა, რისი გულისთვისო?
მართლაცდა, რისი გულისთვის, დუტა - ჯან?