ლეიბორისტების დაპირებები და ტყუილები

ლეიბორისტების დაპირებები და ტყუილები

გახსოვთ ლეიბორისტების წინასაარჩევნო დაპირებები: უფასო სასწრაფო, უფასო წიგნები, კორუფციის მოსპობა და საერთოდ, კაი ცხოვრება? არჩევნებიდან საკმაო დრო გავიდა. აი როგორ შეასრულეს პირობა...

„ნუ დაუჭერთ მხარს ფულის ტომრებით მოსიარულე პარტიებს და კანდიდატებს, ზურგი აქციეთ ასევე იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც შევარდნაძის ინკუბატორში გამოიზარდნენ და დღეს შიდა ოჯახური უსიამოვნება აქვთ მამა-მარჩენალთან,“ - ასეთი შინაარსის იყო ორი სათაურის მქონე „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის“ წინასაარჩევნო პროგრამა ადგილობრივ არჩევნებში.

ერთი სიტყვით, ადგილობრივი არჩევნებიდან საკმაო ხანი გავიდა იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რას შეგვპირდნენ და რა გააკეთეს. მოკლედ, წინასაარჩევნოდ „ლეიბორისტები“ გვპირდებოდნენ:

„უკანონოდ პრივატიზებული სტრატეგიული წყაროების, ენერგეტიკის, მძიმე მრეწველობის, ბუნებრივი სიმდიდრეების, მსხვილი სატრანზიტო ინფრასტრუქტურების, კავშირგაბმულობის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგების - ღვინის, ღვინომასალების, თამბაქოს წარმოების საერთო სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას და ბიუჯეტში მილიარდობით თანხის შემოტანას“.

ოფიციალური ინფორმაციით, ნავთობში არაფერი შეცვლილა. თუკი რამე საბადო გვაქვს, უმეტესად უცხოელები ამუშავებენ. ღვინის და თამბაქოს ბიზნესშიც ყველაფერი უცვლელად „რიგზეა.“ კავშირგაბმულობაში კი - ლეიბორისტების ინკუბატორში გამოზრდილი ინჯიას დროს შექმნილმა „ახალმა ქსელებმა“ ჯერ წუთობრივი გადასახადი ჩაგვახუტა, 1 თებერვლიდან კი სააბონენტო გაგვიორმაგა. ხოლო „ელექტროკავშირმა“ სააბონენტო ლამის გააოთხმაგა. არც მრეწველობაშია სიახლე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ „აზოტი“ რუსებს გადაულოცეს.

სადაა, ნენა, მილიარდები? ქვეყნის ბიუჯეტი ძლივს გახადეს 9-ნიშნა ციფრი და ისიც დაასეკვესტრეს. თუ ლეიბორისტები იმას იტყვიან, ხელისუფლება არ მოგვცესო და მილიარდები ამიტომ ვერ შემოვიტანეთო, მაშინ რატომ წერს ამას ადგილობრივი არჩევნების ბუკლეტებში, თბილისში ამხელა რეზერვია?

„განათლება და ჯანდაცვა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური პროგრამების სახით. არ დავუშვებთ სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის შემცირებას. გაეზრდება შეღავათები საგანმანათლებლო დაწესებულებებს, თითოეული სკოლა ინტერნეტის საშუალებით ჩაერთვება მსოფლიო საინფორმაციო ქსელში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაწესდება ბავშვებზე სახელმძღვანელოების უფასოდ გაცემა. განვითარდება საბიბლიოთეკო ქსელი, პრიორიტეტულად გამოცხადდება სპორტი ყველა ქალაქში, სოფელსა და დასახლებაში.“

ჯერ ერთი, განათლებასა და ჯანდაცვაში უფასო პროგრამები ყოველთვის არსებობდა და თუ ახლად მიღებულ თბილისის ბიუჯეტს გადავხედავთ, ეს პროგრამები ისეთივე მწირი და სასაცილოა, როგორიც აქამდე იყო. „სასწრაფო 03“ უფასო მაინც არ გახდა. სახელმძღვანელოებს უფასოდ ადრეც აძლევდნენ დაუცველ ფენებს, მაგრამ ამას მაინც არ ჰქონდა შედეგი, ვინაიდან ქვეყნის „განმანათლებლები“ ათობით სხვადასხვა სახელმძღვანელოს უშვებენ ერთ საგანში და ისინი მუდმივად იცვლება იმისდა მიხედვით, ვის რა „ხოდი“ აქვს კარტოზიასთან. ეს დღესაც ასეა და აქ არაფერი შეუცვლიათ „ლეიბორისტებს“. ისევე, როგორც პედაგოგები, სპორტიც „ნაციონალებმა“ „აახიეს“ „ლეიბორისტებს“, რადგანაც, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, 150 სტადიონის მშენებლობა ჩადეს თბილისის ბიუჯეტში. ჯერაც ვერ ვიპოვეთ სკოლა, სადაც ნათელაშვილი დაამონტაჟებდა ინტერნეტს, ვერც მისი განვითარებული ბიბლიოთეკა ვნახეთ. რაც შეეხება ექიმებს, ლეიბორისტები ითხოვენ, 11 ათასი ექიმი უმუშევრად არ დატოვოთო, იმას კი არ ამბობენ, როგორი „კარგები“ არიან ეს ექიმები მილიონობით პაციენტისთვის.

ზემოხსენებულის გარდა, წინასაარჩევნოდ „ლეიბორისტები“ ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ მშიერ ჯარისკაცს და უხელფასო პოლიციელს, რაც ჯერ ისევ ფანტასტიკის სფეროა, რომ მოსამართლე იქნება ხალხის არჩეული, არადა, სასამართლო სისტემა, როგორც ამბობენ, ისეთი პოპ-კომერციული, როგორიც დღესაა, არასდროს ყოფილა. და ბოლოს. „ლეიბორისტები“ ამბობდნენ, რომ იბრძოლებენ, რათა უცხოელებს არ ჰქონდეთ ქვეყნის მოქალაქეებზე მეტი პრივილეგიები ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და სხვა სფეროში. არადა, ქართულ ავიაბაზარზე, დღემდე მოღვაწეობენ უცხოური კომპანიები, რომლებსაც ბიუჯეტში თეთრი არ შეაქვთ, ქართველები კი ოფლში იღვრებიან.

ჯამში ნათელაშვილი, პარტიის წინასაარჩევნო ბუკლეტში, სარგებლობს ფრაზით - ჩამოვაშოროთ მძარცველები ხელისუფლებას! რომელ ხელისუფლებას? რომელთანაც ნათელაშვილი გარიგებებში შედიოდა, საკუთარ ფრაქციას შლიდა ერთი ჩინოვნიკური სკამის სანაცვლოდ და ა. შ. პოლიტიკა რომ ბინძურია, ვიცით, მაგრამ ის, რაც „ლეიბორისტებმა“ ორიოდ დღის წინათ საკრებულოში გააკეთეს, ყველა ზღვარს სცილდება.

ზოდელავამ მამასახლისების საკითხს ვეტო დაადო, „ლეიბორისტებმა“ კი, რომლებმაც  ზუსტად წინა დღეს მიწაში ჩადეს სააკაშვილის მამასახლისების ინიციატივა, ვეტოს დაძლევის ხმა ზარ-ზეიმით მისცეს. ანუ საკუთარი იდეის წინააღმდეგ წავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვას და, მით უმეტეს, ხალხსაც იორღად გაყიდიან ნებისმიერ დროს.

„ალია“ საკრებულოს აქტიურ „ლეიბორისტს“, სოსო შატბერაშვილს განსაკუთრებული სოციალური ორიენტაციის გამო დაუკავშირდა:

თქვენი ბუკლეტი დასაწყისშივე ბევრს გვპირდება, თუმცა აღსრულებული ვერაფერი ვნახეთ, რატომ?

- აღსრულება არაა, რომ „თელასს“ სასამართლოში ვუჩივლეთ და დენის ტარიფმა დაიწია?

ჯერ ერთი, ამ სასამართლოს შემდეგ თბილისი დღემდე დაბნელებულია, მეორეც, ტარიფთან მიმართებაში თქვენ არასწორად თქვით, რომ 10 თეთრამდე დაიწია, დღგ რატომ არ ჩათვალეთ?

- აბა, რა, გავჩუმებულიყავით, როცა ვიცოდით, რომ ჯერ 14, მერე 24 და 35 თეთრი გახდებოდა და ასე გაგრძელდებოდა? მეორეც, თბილისი ამის გამო არ დაბნელებულა, ის დააბნელა „თელასმა“ და ხელისუფლებამ, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი გადამთიელს ჩაუგდო ხელში. გარდა ამისა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით „თბილგაზის“ და „წყალკანალის“ გასხვისების პროცესსაც. ჩვენ კომისიიდანაც კი გავედით. იგივე თქვა სააკაშვილმაც.

კომისიიდან გასვლა ორივეს მხრიდან თავის არიდებაა და არა საქმის გაკეთება?

- ჩვენ იარაღს ვერ ავიღებთ და ვერ დავამხობთ შევარდნაძეს. სამართლებრივი გზით ყველაფერს გავაკეთებთ. ბრძოლას განვაგრძობთ.

ბუკლეტში საუბრობთ ახალ საბაჟო რეჟიმზეც, სხვათა შორის უქონელი ხალხი სწორედ ასეთი შეღავათების გამო გახდა ქონიანი და ეს იგივეს გამეორებას არ ნიშნავს?

- ჩვენ არ შეგვიძლია საბაჟო და საგადასახადო სისტემები შევცვალოთ, საკრებულო ამას ვერ გააკეთებს.

მაშინ რატომ ჩაწერეთ ადგილობრივი არჩევნების ბუკლეტში?

- რაც საკრებულოს კომპეტენციას სცილდება, იმას ვერ გავაკეთებთ. რაც ბუკლეტში წერია, იმას ეტაპობრივად ვაპირებთ, ადგილობრივი, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში.

ეს ბუკლეტი რომ ადგილობრივ არჩევნებზეა გათვლილი? შემდეგ წერია, ჯანდაცვა და განათლება უფასო იქნებაო...

- აქ გაკეთდა ის, რომ „სასწრაფო 03“ იქნება უფასო. ჩადებულია 2.5 მილიონი ლარი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ უმრავლესობას არ ვფლობთ, წელს ვერ მოხერხდა მუნიციპალური დაფინანსების სტაციონარის გახსნა, ვინაიდან წელს გაზარდეს საოფისე, კეთილმოწყობის და ათასი სულელური ხარჯები. იგივე ლტოლვილთა საბაგიროთი მომსახურება, მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება, რომელიც არ ხორციელდება და ა. შ.

ორივემ კარგად ვიცით, რომ „03“ უფასო მაინც არ არაა...

- მე არ ვიცი და თქვენ საიდან იცით. სოციალურ საკითხთა კომისიას ჯერ პროგრამა არც განუხილავს. მოხდება განხილვა და საკრებულო დაამტკიცებს.

საკრებულო ამტკიცებს პროექტს, სადაც მომსახურება უფასო იქნება მხოლოდ სამჯერ და თანაც გარკვეული ნოზოლოგიებით. ასე ამბობს უმრავლესობა. გარდა ამისა, 2.5 მილიონი საკმარისი არაა ყველაფრისთვის.

- ჯერ ერთი, მთავარი ის კი არაა, რას ამბობენ, არამედ ის, რა დამტკიცდება. მეორეც, ჩვენ გავთვალეთ და დღეში საშუალოდ 420 გამოძახებაა, შეიძლება ეპიდემიაზე მეტი იყოს, მაგრამ ზაფხულში 200-იც არ იქნება. გამოვიანგარიშეთ და 2.5 მილიონი ჰყოფნის.

ვინ დაიანგარიშა?

- ექსპერტებმა, ექიმებმა და იმ ხალხმა, ვინც ამ სფეროში მუშაობს.

დათო გველესიანმა თქვა, მე არ ვეთანხმებიო.

- ჯერ ერთი, გააჩნია, რას არ ეთანხმება. მეორეც, მის გარდა, არსებობენ კერძო სასწრაფოების ხელმძღვანელები, რომლებიც ამ საქმის პროფესიონალები არიან.

თქვენ, თუ არ ვცდები, აგრონომი ხართ.

- არა, ინჟინერი.

თქვენ საავადმყოფოების ოპტიმიზაციის პროცესიც გაასაჩივრეთ და ექიმს უმუშევრობისგან იცავთ. ხომ არ სჯობდა, 11 ათასი ექიმის დაცვას მილიონობით პაციენტი დაგეცვათ ვაიექიმებისგან და გაპარტახებული, ცარიელი საავადმყოფოებისგან?

- საავადმყოფოები ცარიელი იმიტომ კი არ არის, რომ ზედმეტია, ხალხს საშუალება არა აქვს. კომუნისტების დროს საავადმყოფოები გადაჭედილი იყო. დღეს როცა გაცილებით ცუდი დროა, ავადმყოფობა უფრო მეტიცაა, მაგრამ საშუალება არა აქვთ. მალე საქართველო ფეხზე დადგება და აღმოჩნდება, რომ საავადმყოფოების დეფიციტი გვაქვს. ამიტომ ვეწინააღმდეგებით.

ჯერ ერთი, ამას დასაბუთება სჭირდება. მეორეც, თქვენ მოგწონთ დღევანდელი ქართული მედიცინა და მომსახურება?

- არ მომწონს, 18 საავადმყოფოს ნამდვილად სჯობია, იყოს 5 და ნორმალური, უკანასკნელი ტექნიკით აღჭურვილი, კარგადმოვლილი, პაციენტის უფლებებიც მეტად იქნება დაცული, მაგრამ რა ვუყოთ 11 ათას ექიმს, ისინი ჩვენი მოქალაქეები არ არიან.? რა უფლება აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, ასე ხელაღებით გაყაროს ეს ხალხი და გადაამზადოს სოციალურ მუშაკებად. ოპტიმიზაცია კარგია, მაგრამ ის გონივრულად უნდა გაკეთდეს. საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნა და მისი წევრი მეც ვარ.

რა გარანტიაა, რომ სიტყვას არ გადაუხვევთ, ასეთი რამ ხომ სულ ორი დღის წინ გააკეთეთ, როცა მამასახლისების საკითხს ჯერ ეწინააღმდეგებოდით, შემდეგ კი ვეტოს დაძლევას ხმა დაუჭირეთ.

- ნამდვილად ვეწინააღმდეგებოდით და მიგვაჩნია, რომ თბილისს ეს არ სჭირდება, მაგრამ ვინაიდან ზოდელავამ დაადო ვეტო, ჩვენ ბრალი დაგვდეს, მერის ლობისტები ხართო და ამიტომ დავუჭირეთ მის დაძლევას მხარი. ამასთანავე, ჩვენ დავაყენეთ ზოდელავას იმპიჩმენტის საკითხიც.

თუ ამბობთ, რომ თბილისს ეს არ სჭირდება, გამოდის, პოლიტიკური ნიშნით მიიღეთ გადაწყვეტილება და ამით, თქვენივე ლოგიკით, საქმე გაფუჭდა.

- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცინიკურად განაცხადა, ხმები მაინც გვაქვსო და აპირებდნენ პიარის აგორებას, რომ ჩვენ შევარდნაძის აგენტები ვართ და მხარი ამიტომ დავუჭირეთ.

თქვენ არ ამბობდით, სააკაშვილმა და ზოდელავამ კოალიციური მთავრობა შეკრესო? მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები მათ არ მიუღიათ. თუ ისედაც გაჰქონდა სააკაშვილს საკითხი, თქვენი პოზიცია დაგეფიქსირებინათ და თქვენსავე აზრის წინააღმდეგ არ წასულიყავით.

- ესეც შეიძლებოდა, მაგრამ იმ წუთში ასე გადავწყვიტეთ.

სხვათა შორის, ამბობენ, ყველაზე მეტად მთავრობასთან გარიგებაზელეიბორისტებიგადიანო. თუნდაც ის, რომ როცა ერთი ვიცე-პრემიერის ადგილის სანაცვლოდ ფრაქცია დაიშალა.

- წინა საკრებულოს ლეიბორისტი წევრები მართლაც წავიდნენ მთავრობასთან გარიგებაზე. საერთოდ, წინა საკრებულოში ფრაქციის დაშლის თემა დიდი ხნის სასაუბროა, მაგრამ დღევანდელი ათკაციანი ფრაქცია რანაირად წავიდა მთავრობასთან გარიგებაზე ჩემთვის გაუგებარია, თუნდაც იმიტომ, რომ მერის შემოტანილ ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, მერის, პრემიერის და გამგებლების იმპიჩმენტს ვითხოვთ პერმანენტულად და ა. შ. სადაა აქ გარიგება?

ერთი სიტყვით, ყველაფერი ნათელია, თუმცა „ლეიბორისტები“ სხვა თემებზე პირდაპირ ამბობენ, რომ ეს იმ შემთხვევაშია აღსრულებადი, თუ ჯერ პარლამენტს დაეპატრონნენ და შემდეგ კანცელარიას. აღდგომა და ხვალეო...