ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი უკვე მიხვდებოდა, რომ მთავრობა გადაწყვეტილებას არ შეცვლის და ისე ამოიღებს საგადასახადო კოდექსიდან მუხლს დამოუკიდებელი არბიტრაჟის შესახებ, რომ ბიზნესმენებს მხოლოდ ტკბილი მოგონებებიღა შერჩებათ.
არადა, გამკაცრებული ადმინისტრირების ფონზე, ამ ნაქებ საგადასახადო კოდექსში ეს მუხლი ლიბერალიზმის ერთადერთ გამოვლინებად ითვლებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ის ზელიბერალურიც კი იყო, რადგან ბიზნესმენს შეეძლო მისთვის სასურველ კერძო არბიტრაჟში მოეწყო საგადასახადოსთვის საქმის გარჩევა.
ბიზნესმენები თავს მოტყუებულად გრძნობენ და უკვე საჯაროდ აცხადებენ, რომ ასეთ პირობებში მთავრობასა და საქმიან წრეებს შორის დაპირისპირება გარდაუვალია. ამავე დროს არავინ უარყოფს, რომ კანონი მართლაც იყო ეფექტიანი, მაგრამ დახვეწის ნაცვლად მისი სრულად გაუქმება სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს.
ფადი ასლი, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე საქართველოში:
„მთავრობის ასეთი გადაწყვეტილებით თავს მოტყუებულად ვგრძნობ. როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსი იქმნებოდა, აქტიურად ვთანამშრომლობდი ხელისუფლებასთან და კერძო არბიტრაჟის ცნება კოდექსის ყველაზე დიდ ღირსებად მიმაჩნდა.
დიდი ხანია საქართველოში ვსაქმიანობ და ვიცი, რომ ბიზნესმენისთვის ქართულ სასამართლოში საქმის მოგება, ფაქტიურად შეუძლებელია. კერძო არბიტრაჟი კი ჩვენთვის ინვესტიციების დაცვის გარანტია იყო. მთავრობამ უნდა დაიწყოს დიალოგი კერძო სექტორთან და კონსტრუქციული გამოსავალი უნდა გამოიძებნოს. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი დიალოგი მთავრობასა და საქმიან წრეებს შორის უკვე წელიწადია, რაც არ შემდგარა. პირადად ვესაუბრე პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში ბატონ ლანსელოტ ფლეჩერს და ვთხოვე, ჩვენი პოზიცია ქვეყნის მეთაურისთვის გაეცნო.“
ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტი:
„ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი მთავრობის წევრებთან და ვფიქრობდი რომ საგადასახადო კოდექსის არცთუ ისე ცუდი ვარიანტი მივიღეთ. გადაწყვეტილება კი დამოუკიდებელი არბიტრაჟის გაუქმების შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ ცალმხრივად მიიღო.
დღეს პრემიერთან გახლდით შეხვედრაზე, ამასთან დაკავშირებით ჩემი გეგმები გავაცანი. არაფერი უთქვამს, რომ მეორე დღეს ასეთი განცხადების გაკეთებას აპირებდა. მინდა გითხრათ, რომ პირადად ვარ დაინტერესებული რათა საქართველოში მიმდინარე ლიბერალური პროცესები არ იქნეს დისკრედიტებული. ამიტომ ამ პრობლემას სერიოზულად ვეკიდები. არ იფიქროთ, მთავრობისთვის ბარიერების მოწყობას ვაპირებდეთ. ჩვენ შევეცდებით დავარწმუნოთ, რომ საჭიროა დიალოგი და არა პარლამენტისთვის მითითების მიცემა.“
დიმიტრი გაბუნია, თბილისის საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე:
საქართველოში კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტი 1997 წლიდან არსებობს. იმ დროს ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოში წევრდებოდა და სავალდებულო მოთხოვნათა ჩამონათვალში ეწერა, რომ კერძო არბიტრაჟის კანონი უნდა გვქონოდა. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი იმ დროს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. კერძო არბიტრაჟი განიხილავდა მხოლოდ სამოქალაქო დავებს, რადგან ჩვენი კანონი სახელმწიფო დავების განხილვას არ გულისხმობდა.
პარტნიორები წინასწარ თანხმდებოდნენ, რომ მათი დავა კერძო არბიტრაჟს გადაეწყვიტა და ეს პირობა კონტრაქტში იდებოდა.
მაგალითად, 1997 წელს, როდესაც „თელასის“ პრივატიზება განხორციელდა, ჩვენმა ხელისუფლებამ ინვესტორთან ხელშეკრულება ლონდონის საარბიტრაჟო პალატაში გააფორმა.
კონტრაქტი ამ გარიგებისთვის ახლანდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მოამზადა. 2005 წლის პირველი იანვრიდან კი კერძო არბიტრაჟს უფლება მიენიჭა, რომ კერძო პირსა და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი დავები განეხილა. ბოლო დროს გახმაურებული სამივე დავა - „თელასსა“ და საგადასახადოს (სადაც ლაპარაკი იყო კომპანიისთვის 10 მილიონი ლარის უკანონოდ დარიცხვაზე), კომპანია „კოკა-კოლასა“ და საგადასახადოს (კომპანიას 9000 ლარის გადახდას ავალებდნენ) და „იბერკომპანისა“ და საგადასახადოს შორის (ლაპარაკი იყო კომპანიისთვის 500000 ლარის დარიცხვაზე) - ჩვენი პალატის არბიტრების მიერ იქნა განხილული.
ნოღაიდელი „ჯიბის არბიტრაჟების“ შექმნის შესაძლებლობამ შეაშინა. თქვენ არ ფიქრობთ, რომ საფრთხე მართლაც რეალურია?
- ამის პრეცედენტი მართლაც შეიქმნა საქართველოში და ერთი ე. წ. „ჯიბის არბიტრი“ დღეს სასჯელს იხდის. სწორედ ასეთი მოვლენის თავიდან ასაცილებლად მივაწოდეთ მთავრობას მე და ვახტანგ ხმალაძემ სქემა, თუ როგორ შეიძლებოდა ისეთი არბიტრაჟის ჩამოყალიბება, სადაც მთავრობა დაუცველი არ იქნებოდა. ვფიქრობთ, მთავრობამ მიზანმიმართულად არ გაიზიარა ჩვენი რჩევა, რათა მალევე მოეხდინა კერძო არბიტრაჟის დისკრედიტება. გამოდის, რომ სასამართლოს გარდა ბიზნესმენებს სხვა ალტერნატივა არ აქვთ. რეალობა კი ასეთია, - საგადასახადომ სასამართლოში რამდენიც უნდა იდავოს, ბაჟს არ იხდის. მეწარმეს კი ერთი საქმის განხილვა 5000 ლარი მაინც უჯდება. ასეც რომ არ იყოს, ნებისმიერ მოსამართლეს, რომელიც სახელმწიფოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაშინვე ქრთამის აღებაში დაადანაშაულებენ, მშიშარა მოსამართლე კი ხიფათს მთელი ქვეყნისთვის წარმოადგენს.
ქვეყანაში თითქოს კანონების მიღებისა და მალევე გაუქმების პრაქტიკა დამკვიდრდა. როგორ ფიქრობთ, შეუძლია მთავრობას ასეთივე შემართებით ფინანსური ამნისტია გააუქმოს?
- გგონიათ, ფინანსური ამნისტია რეალურად მუშაობს?! ეს კანონი ისევე, როგორც არბიტრაჟი, გააპიარეს და მხოლოდ რამდენიმე კაცს მოარგეს. ჩემი ინფორმაციით, საგადასახადო ორგანოებში დამალული ქონების ლეგალიზებისთვის ჯერ ერთი დეკლარაციაც კი არავის შეუვსია. ხალხი მთავრობის მიმართ ნდობას კარგავს. არავინ იცის, ხვალ-ხეგ კიდევ რომელ კანონს გააუქმებენ.
ნოღაიდელმა ბრძანა, რომ არ დაუშვებს ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადინებას. როგორ ფიქრობთ, შეელევა ის 10 მილიონის, 9 და 500 ათასი ლარის დაკარგვას?
- ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რომ არბიტრაჟის გაუქმების შესახებ კანონს უკუქცევითი ძალა მიანიჭონ, რაც კერძო არბიტრაჟის მიერ მიღებული შედეგების გაუქმებას ნიშნავს.