ქიბარ ხალვაში - „წილები ბაჩო ახალაიას კაბინეტში გადაფორმდა“

ქიბარ ხალვაში - „წილები ბაჩო ახალაიას კაბინეტში გადაფორმდა“

ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის  საყოველთაოდ ცნობილი განცხადების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში. აშკარა გახდა, რომ პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ. სამაგიეროდ, არსებობენ მეგობრობის გამო დაზარალებულნი.

ოქრუაშვილთან მეგობრობა საკმაოდ ძვირად დაუჯდა საქართველოში ერთ დროს ყველაზე გავლენიან ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს. ის ახლა გერმანიაში ცხოვრობს. მისი ფირმები დაყადაღებულია და გაკოტრების პირასაა. ამის მიზეზი კი მათი საბოლოოდ წართმევის სურვილი გახლავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ფირმების წართმევას შეიძლება საერთაშორისო სკანდალი მოჰყვეს (ქიბარ ხალვაშის თურქი პარტნიორები საერთაშორისო სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან), ამ «საშურ საქმეს» მაინც წარმატებით ართმევენ თავს ქართული სასამართლოები. ჩანს, გულხელდაკრეფილ ჯდომას არც ქიბარ ხალვაში აპირებს. არადა, იყო დრო, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ქიბარ ხალვაშს ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად იხსენიებდა და მაღალ თანამდებობებსაც სთავაზობდა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ქიბარ ხალვაშთან:

ბატონო ქიბარ, თქვენ ირაკლი ოქრუაშვილის უახლოესი მეგობარი იყავით...

- ვიყავი და ვარ ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი. არც გავბრაზებივარ და არც მიჩხუბია მასთან, მიუხედავად იმისა, რომ დიდად ვიზარალე.

ირაკლი ოქრუაშვილთან მეგობრობის გამო დაზარალდით?

- ირაკლი ოქრუაშვილთან მეგობრობის გამო კი არა, იმის გამო, რომ საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ხალხს მეგობრობის გამო სჯის.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თქვენი «კრიშა» იყო ბიზნესში...

- ეს მიშა სააკაშვილის მოგონილი ზღაპარია. სააკაშვილმა კრიზისულ პერიოდში, ოქტომბერ-ნოემბერში, ჩაატარა ერთი ძალიან საინტერესო სამთავრობო სხდომა და იქ განაცხადა, ერთ-ერთი ჩვენი მინისტრი თავის მეგობარ ბიზნესმენს ტანკებით ეხმარებოდა ბიზნესშიო.

ერთი რამ მინდა შევახსენო სააკაშვილს: სანამ ტანკებს მისცემდა ოქრუაშვილს, მანამდე კარგა ხნით ადრე მქონდა ბიზნესი. სად იყო 1996 წელს ან ოქრუაშვილი, ან მიხეილ სააკაშვილი? ოქრუაშვილი კომპანიის იურისტად ავიყვანე, როცა ადვოკატი იყო. სხვათა შორის, ზურაბ ადეიშვილიც ჩემი კომპანიის იურისტი და ისეთივე მეგობარი იყო, როგორიც ირაკლი ოქრუაშვილი.

როგორი ურთიერთობა გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან?

- სააკაშვილი 2004 წლის ზაფხულში, აჭარის მოვლენების შემდეგ გავიცანი, «პროქტერ ენდ გემბელის» დელეგაციის მიღებაზე. მე დელეგაციის წევრი ვიყავი. მაშინ პრეზიდენტს თბილი სიტყვები არ დაუშურებია ჩემთვის. ისე, სააკაშვილს ამოჩემება სჩვევია, - შეიძლება ერთხანს მოსწონდე, უყვარდე კიდეც, მაგრამ მერე შეგიძულოს...

რამდენადაც ვიცი, მაღალ თანამდებობებსაც გთავაზობდათ.

- დიახ, მთავაზობდნენ რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის, ფოთის პორტის დირექტორის თანამდებობებს, საგადასახადო შემოსავლების დეპარტამენტის გახსნას აპირებდნენ და იმის უფროსობაც შემომთავაზეს. თავად პრეზიდენტმა ქობულეთის რაიონის დეპუტატობა შემომთავაზა. ოღონდ თავი დაენებებინა და დავპირდი, ვისაც თქვენ წარმოადგენთ, მას დავეხმარები-მეთქი და კობა ხაბაზს ვეხმარებოდი. რაღა დაგიმალოთ და დიდი ცოდვა მაქვს ჩადენილი. მაგისთანა კაცი პარლამენტში კი არა, სოფლის საბჭოში არ უნდა შეუშვა. სხვათა შორის, მაშინ მთავრობის წევრებსაც ვუთხარი, სირცხვილია, ეგ კაცი პარლამენტარად რომ გაგყავთ-მეთქი.

რა დაგიშავათ ხაბაზმა ასეთი?

- რა უნდა დაეშავებინა? მიშა სააკაშვილს ხაბაზებისთანა რომ არ ჰყოლოდა პარლამენტში, დღეს ქვეყანა ამ დღეში არ იქნებოდა.

როდის დაიძაბა ურთიერთობა თქვენსა და ხელისუფლებას შორის?

- ჯერ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, შენს მეგობარს გადაეცი, პარტიულ მოძრაობებსა და პოლიტიკას თავი დაანებოს, არაფერი გააკეთოთ ჩვენს საწინააღმდეგოდ და კარტ-ბლანშს მიიღებთ. რა ბიზნესიც გინდათ, აკეთეთ, ჩვენ ხელს შეგიწყობთო. დანაბარები ოქრუაშვილს გადავეცი. მითხრა, შენ მაგ საქმეში ნუ ჩაერევი, ვისთან გაქვს საქმე, არ იცი. თუ სათქმელი აქვთ, ჩემი ტელეფონის ნომერი იციან და დამიკავშირდებიანო. ეს საუბარი 2007 წლის აგვისტოში შედგა.

ანუ ხელისუფლებამ თქვენი ტერორიზება ოქრუაშვილის ცნობილ განცხადებამდე დაიწყო?

- ვითარება რომ დაძაბული იყო და ოქრუაშვილი რაღაცას აპირებდა, იცოდნენ და ემზადებოდნენ. ამიტომ უკვე ლეგენდებზეც მუშაობდნენ.

მაგალითად?

- მაგალითად, ვითომ ქიბარ ხალვაშს პროექტები უტენდეროდ ჰქონდა აღებული სახელმწიფოსგან. არადა, უტენდეროდ იმ კომპანიებს მისცეს, რომლებიც თვითონ ჩამოიყვანეს თურქეთიდან. სხვათა შორის, თურქებს აქედან არაფერი წაუღიათ, პირიქით, ორი ბაზა ააშენეს.

ამ კომპანიის პარტნიორი 2006 წელს გავხდი. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მოხელეებმა ჩამოიყვანეს და დაკვეთა მისცეს თურქებს, ჩინოვნიკივით მარბენინებდნენ წინ და უკან. ამიტომ ადეიშვილს ვუთხარი, არ გამოვა მოტივაციის გარეშე ჩემი ასე სირბილი, ამ კომპანიებში მეც მივიღებ მონაწილეობას-მეთქი. დამთანხმდნენ და «ბილდინგკომპანის» ერთ-ერთი დამფუძნებელი გავხდი.

ობიექტები ტენდერების გარეშე მთავრობის ინიციატივით მოგვცეს. ტენდერის ჩაუტარებლობის მიზეზად ის დასახელდა, რომ სენაკი, გორი და ციხე საიდუმლო ობიექტები იყო და ეს პროექტები საჯარო არ უნდა გამხდარიყო. დაკვეთების საკითხებს უშუალოდ მინისტრები წყვეტდნენ და არც ტენდერების ჩატარებით იწუხებდნენ თავს. ციხის მშენებლობის დამკვეთები ადეიშვილი და მერაბიშვილი იყვნენ, იუსტიციის სამინისტროს არავინ არაფერს ეკითხებოდა.

რა მოხდა შემდეგ?

- კეზერაშვილი მოავლინეს მომლაპარაკებლად. თავდაცვის სამინისტროსგან დაკვეთები მქონდა და ფიქრობდნენ, რაკი დაინტერესება აქვს, ამასთან გარიგება შეიძლებაო.

19 თუ 22 სექტემბერი იყო, კეზერაშვილს რომ შევხვდი. აინტერესებდა, ვაპირებდი თუ არა ოპოზიციონერობას. ვუთხარი, პოლიტიკა არ მაინტერესებს-მეთქი. ოქრუაშვილმა რომ პოლიტიკური მოძრაობა დაიწყოს და ფული მოგთხოვოს, თუ მისცემო. ვუთხარი, რა მნიშვნელობა აქვს ფულის მიცემას, ოქრუაშვილი გაჩერდება, თუ ხალხი უკმაყოფილო აღარ იქნება-მეთქი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, უნდოდათ ჩემი მეშვეობით ოქრუაშვილისთვის კორუმპირებულის იმიჯი შეექმნათ. მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა «იმედის» ეთერში განცხადებები გააკეთა, ჩემი კომპანიების ტერორიზებაც დაიწყო. ჩემს ყველა ფირმაში ფინანსური პოლიცია შევიდა. ყველა დამიყადაღეს და იმდენი ჯარიმა დაუწესეს, რამდენიც აქტივები ჰქონდა თითოეულს.

საიდან მოდიოდა ეს იდეები?!

- ბუნებრივია, იდეები პირველი პირისაგან მოდის. კეზერაშვილი და ახალაიები შუამავლები არიან.

ახალაიებიც იყვნენ მოლაპარაკებაში ჩართული?

- კეზერაშვილის მუქარამ რომ ვერ გაჭრა, საქმეში ძმები ახალაიები ჩაერთვნენ.

მათთანაც მეგობრობდით?

- ახალაიებს  საქმეზე საერთოდ არ ველაპარაკებოდი. დათა ახალაიას 2003 წლიდან ვიცნობ. მაშინ მერიის მისაღებში მუშაობდა. «მაკდონალდსში» წასასვლელ ფულს რომ მივცემდი, სიხარულით აღარ იყო. მასზე დიდად უფროსი არ ვარ, მაგრამ ქიბარ ბიძიას მეძახდა. არათბილისელისთვის დამახასიათებელი თვისება, უფროსის გადაჭარბებული პატივისცემა ჰქონდა. მე თუ მკითხავთ, მისგან დიდი კაცის გაზრდა შეიძლებოდა, მაგრამ გამზრდელებში არ გაუმართლა. დათა ახალაია ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ზრდიან მერაბიშვილი და სააკაშვილი კადრებს. ვისგანაც ძალიან დიდი კაცის გაზრდა შეიძლებოდა, მისგან მონსტრი შექმნეს.

ახალაიებთან ვაჭრობამ რა ნაყოფი გამოიღო?

- რა იციან მაგათ ვაჭრობა?! ტერორია მაგათი მოლაპარაკება და ვაჭრობა.

ვინ გადაიხადა ოქრუაშვილის გირაო? ოფიციალურად ის თქვენიბილდინგკომპანი მთავარმა ინჟინერმა, მალხაზ ოსაძემ გადაიხადა.

- ათმილიონიანი გირაო მთავრობამ გადაიხადა, მაგრამ ხალხის დასანახავად გირაო ოქრუაშვილს ან მასთან დაახლოებულ პირს უნდა გადაეხადა. ასე შეინარჩუნებდა ხელისუფლება იმიჯს. ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი გურამ გოგუა ციხიდან გამოუშვეს და დაავალეს, 10 მილიონი ქიბარ ხალვაშის კომპანია «ბილდინგკომპანიმ» უნდა გადაიხადოსო. საწყალს ყოველდღე ფინანსურ პოლიციაში არბენინებდნენ. მაგრამ რადგან გოგუა ამ საკითხებს ვერ წყვეტდა, მე მომძებნეს. მოლაპარაკებას ისევ კეზერაშვილი უძღვებოდა. მითხრა, 10 მილიონი გირაო უნდა გადაიხადო, 7 მილიონი კი ჯარიმაო.

კეზერაშვილის განმარტებით, 7 მილიონი ის თანხა იყო, რომელიც „ვარდების ხელისუფლების“ წყალობით ვიშოვე, მაგრამ არ ვიყავი ღირსი, რადგან მათ მხარს არ ვუჭერდი. ვუთხარი, არც ერთ კაპიკს არ გადაგიხდი და ჩემს მეგობარს რამდენს მივცემ, შენი საქმე არ არის-მეთქი. გაწიწმატდა და მითხრა, ამას მწარედ განანებ, ყველაფერს წაგართმევთო. ვიცი, რომ ყველაფერს წამართმევთ, მაგრამ ღირსებას ვერა, ფულის გულისთვის ყველაფერს არ ვიკადრებ-მეთქი.

ეტყობა, ეს ამბავი კეზერაშვილმა სააკაშვილთან მიიტანა. საღამოს 11 საათი იყო, მაცნობეს, ახალაიები გეძებენო. ისე, კარგად აქვთ საქმე აწყობილი. დათა იჭერს, ბაჩო ამუშავებს, კეზერაშვილი ფინანსურ საკითხებს წყვეტს. რომ მიხვდნენ, ვერ გამირიგდებოდნენ, ორ დღეში ჩემი ძმა დააპატიმრეს. მალე ისევ მომიგზავნეს შუამავალი, მოვილაპარაკოთო. იძულებული გავხდი, ცოტა ეშმაკურად მოვქცეულიყავი. ვუთხარი, აგერ „ბილდინგკომპანი“ მაქვს, სახელმწიფოსგან დაკვეთების საფასური - 15 მილიონი მქონდა ასაღები (ვიცოდი, რომ ამ თანხას არ ამინაზღაურებდნენ, ისედაც დაკარგული მქონდა), მაგ კომპანიას მოგცემთ, მძევლები გამოუშვით და ის ასაღები აქტივები როგორც გინდათ, ისე მოიხმარეთ-მეთქი. მოეწონათ ეს ამბავი და მოვილაპარაკეთ. „ბილდინგკომპანიდან“ უნდა წაეღოთ 10 მილიონი, დანარჩენი ქონება და ტექნიკა კი უნდა დაებრუნებინათ ჩვენთვის. ამაზე იმიტომ დათანხმდნენ, რომ უნდოდათ ოქრუაშვილის გირაო გაემართლებინათ.

მაგრამ ბილდინგკომპანის მოწილეები ხომ თურქი პარტნიორები იყვნენ, ისინი როგორ დათანხმდნენ ამაზე?

- თურქი პარტნიორების წილები მე გამოვისყიდე, ვუთხარი, სანაცვლოდ „არტიჯგუფის“ წილებს დაგითმობთ-მეთქი. თურქები საქართველოში ღამით ჩამოვიდნენ, ფირმა ბაჩო ახალაიას კაბინეტში გადააფორმებინეს. 75% ჩვენი დაცვის უფროსს ზაზა გოცირიძესა და მალხაზ ოსაძეს გაუფორმეს. თავიდან მთავრობის კაცზე უნდოდათ წილების გაფორმება, მაგრამ ოქრუაშვილის გირაო იყო გადასახდელი და მათი კაცის გამოჩენა არ ივარგებდა. ასე რომ, ერთ ღამეში, 22 ოქტომბერს მოახერხეს ყველაფერი, - დაყადაღებულ კომპანიებზე ყადაღაც მოხსნეს, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებიდან ანგარიშზე თანხებიც გადმორიცხეს, დირექტორები და მეპატრონეებიც შეცვალეს, მეორე დღეს კი თავიანთივე გადმორიცხული ფული მალხაზ ოსაძეს გადაარიცხვინეს ოქრუაშვილის გირაოს ანგარიშზე. სანამ ეს ოპერაციები არ დამთავრდა, პატიმრები მძევლად ჰყავდათ.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, ოქრუაშვილის გირაოს თანხა ქიბარ ხალვაშმა გადაიხადაო...

- საინტერესოა... მაინცდამაინც იმ დღეს რატომ მოუხსნეს ქვეყნის დამაქცევარი ხალვაშის ფირმებს ყადაღა და მილიონებიც გადმოურიცხეს?

თქვენ გიგა ბოკერიამაც დაგადანაშაულათ. განაცხადა, - ხალვაში კორუმპირებული ბიზნესმენიაო.

- საბუთი და დოკუმენტი ჩემი კორუმპირებულობისა ჯერ კუბლაშვილმაც ვერ იპოვა და ბოკერიას გულთმისნობამ სადამდე მიგვიყვანა, კი ვიცით. ისე, მაინტერესებს, რით არის მამამისი ჩემზე უკეთესი ბიზნესმენი? ეგ ამბავი ძალიან მაიტერესებს და შევეცდები ოდესმე გავიგო.

რატომ დაიწვა არტ იჯგუფის საწყობი?

- ერთადერთი მიზეზით - საწყობში არსებული ქონება არ უნდა გადაქცეულიყო ფინანსურ რესურსად, ფული ოპოზიციის ხელში არ უნდა მოხვედრილიყო. შიშის გამო დაწვეს საწყობი...

ტელევიზია როგორღა დაგათმობინეს?

- ტელევიზიის თაობაზე ხელისუფლებასთან საუბარი კიდევ მომიწევს. სამართლიანობის აღდგენას ნამდვილად ვაპირებ. როცა ჩემი მეგობარი კოტე კუბლაშვილი გამოსწორების, სასამართლო კი სამართლიანობის გზას დაადგება, მაშინ მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა ღრმად პატივცემულ პრეზიდენტსა და კიდევ ბევრ სხვას მოუწევს.

ვის გულისხმობთ?

- მაგალითად, გიორგი არველაძეს. ეგ დროც დადგება.

ვინ მართავდა რეალურად რუსთავი 2-?

- ტელევიზიას და საერთოდ კომპანიებს დირექტორების საშუალებით ვმართავდი. ნიკა ტაბატაძე საკმაოდ კარგი მენეჯერი იყო, მაგრამ ადგილი ჰქონდა სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მასთან დაახლოებული პირები გიგა ბოკერია, გიგი უგულავა რეკავდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. მე კი შენიშვნებს ადეიშვილი, მერაბიშვილი და პრეზიდენტი მაძლევდნენ, - ჩვენ ქვეყანას ვაშენებთ, თქვენ კი ანგრევთო.(?!)

საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

- არსად ვაპირებ ცხოვრებას ჩემი ქვეყნის გარდა. ჩემგან გერმანელი არ გამოვა. ჩვენს ხელისუფლებას მადლობა უნდა ვუთხრა. ახლა გერმანულს ვსწავლობ. მაგათი წყალობით. საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები და საუბარიც მაშინ განვაგრძოთ.