საქართველოში პრორუსული ძალების გააქტიურებაზე ბოლო ორი წელიწადია, საუბარი არ წყდება, დროდადრო საპარლამენტო ტრიბუნიდანაც ისმის-ხოლმე ისეთი განცხადებები, რაც შემდეგ მთლიანი ხელისუფლების საგარეო ვექტორის შესახებ აჩენს კითხვებს. თუმცა, ვიცით, რომ ქართველი ხალხის და ხელისუფლების არჩევანიც, რომელიც დღემდე პროდასავლური იყო, არ შეცვლილა. სამაგიეროდ, არასაპარლამენტო ოპოზიცია უკვე ღიად ითხოვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, ალბათ, უკვე არარსებული ევრაზიული კავშირის წევრებიც ვიქნებოდით. ამის მიუხედავად, მაინც საინტერესოა, გააქტიურებული რუსული აგრესიის ფონზე ღირს თუ არა 7 წლის წინ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ფიქრი.
მიმდინარე პროცესების შეფასება ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს ვთხოვეთ.
ბატონო ვახტანგ, ვნახეთ, რომ რუსეთის ბოლო ქმედებები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთის მხრიდან შეფასდა პროვოკაციად. პარალელურად, აქტიურდებიან პრორუსული ძალები და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოწოდებით გამოდიან. დავუშვათ, ქვეყანამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, შეგვიძლია, დაახლოებით მაინც მოვხაზოთ კონტური, ეს რისი მომტანი იქნება?
- როდესაც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზეა საუბარი, უნდა გამოვიდეთ არსებული რეალობიდან. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო სამი წელია, მუდმივად ცდილობს, რაღაც ურთიერთობები დაამყაროს რუსეთთან, იქნება ეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ჟენევის ფორმატი, თუ სხვა, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ ყველაფრის შესაბამისად ვღებულობთ იმას, რაც ხდება იგივე საზღვრისპირა რეგიონებში.
თავის დროზე, პუტინმა თქვა, რომ მათ ტერიტორიები არ სჭირდებოდათ - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე იყო მაშინ ლაპარაკი - კვადრატული კილომეტრები არ გვიზიდავს, ჩვენიც გვყოფნისო. ახლა კვადრატულ კილომეტრებზე კი არა, მეტრებზეა ლაპარაკი, მაგრამ რუსეთი ამასაც აკეთებს სპეციალურად (ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს), რომ გამოიწვიოს მხოლოდ და მხოლოდ პროვოცირება.
ანუ, რუსეთიდან რომ მოდიოდეს შესაბამისი იმპულსები, შესაძლებელია ადამიანმა კიდევ იფიქროს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, მაგრამ ეს იმპულსები მოდის სწორედ საწინააღმდეგო მიმართულებით.
ის, რაც ხდება ხურვალეთში, რაც ხდებოდა შარშან და შარშანწინ ამ რეგიონის სოფლებში, წმინდა ადამიანური თვალსაზრისითაც რომ შეხედო, ეს არის ისეთი საქციელი, ღირსეული მტერიც კი რომ არ იკადრებს. ასეთ ვითარებაში არ მგონია, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იყოს აუცილებელი, ან რაიმეს მომტანი.
არაფერს არ უნდა ველოდეთ გარდა იმისა, რომ რუსეთი და მისი პროპაგანდა ისევ ჩვენს წინააღმდეგ ამუშავდება, თუკი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები არ მოგვისმენია, თუ არ ჩავთვლით საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის პოზიციას. სამაგიეროდ, ამ თემას აქტიურად ახმოვანებს არასაპარლამენტი ოპოზიცია - ნინო ბურჯანაძე იმასაც კი ამბობს, რომ მოსკოვში მისი ყოველი ვიზიტის შემდეგ ურთიერთობები უმჯობესდება. სხვა თემაა რომ ფაქტები საწინააღდეგოს მეტყველებს...
- მოვისმინე ბურჯანაძის ეს განცხადება, მაგრამ კარგი იქნება ისიც გვითხრას, რომელ სფეროში უმჯობესდება, რა მიმართულებით. ეგებ ჩვენ ვერ ვხედავთ და მართლაც ასეა? თუ მისი პირადი ურთიერთობები უმჯობესდება რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, ქვეყნისთვის ეს კარგის მომტანია თუ ცუდის, საკითხავია.
საქართველოსა და რუსეთს შორის რომ ურთიერთობები არ უმჯობესდება, ეს მე მგონი, ძალიან ნათლად ჩანს. კიდევ ვიმეორებ, თუ არსებობს რაიმე სეგმენტი, სადაც ურთიერთობები გაუმჯობესდა, გვითხრას, ასევე გაგვიმარტოს, რაშია მისი დამსახურება, იმიტომ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რომ ეკონომიკური მიმართულებით მაინც რაღაც შეცვლილიყო, ამას ემსახურება აბაშიძე-კარასინის ფორმატი.
პოლიტიკურ ნაწილში ვერანაირ გაუმჯობესებას ვერ ვხედავ, ისევე როგორც ვერ ვხედავ გაუმჯობესებას იმ კუთხით, რომ სამხედრო ბაზები იქმნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში.
თუ რაიმე დაპირებები არსებობს და ვინმეს გზავნილები ჩამოაქვს რუსეთიდან საქართველოს მთავრობისთვის გადასაცემად, ამისთვის სხვა ფორმატები არსებობს და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს ფუნქცია ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დააკისრონ.
ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს უფლება, წავიდეს და იმას დაელაპარაკოს, ვისაც თვლის საჭიროდ, მაგრამ როდესაც ცდილობს, რომ ეს ვიზიტები მოგვაწოდოს, როგორც ქვეყნის დიდი წარმატება, ეს ჩვენც გვეხება და გვაქვს უფლება, კითხვები დავსვათ.
ხელისუფლების პოზიციას რაც შეეხება - თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ჩვენ გვაქვს ევროპული პასუხი რუსეთის პროვოკაციაზე და ეს არის ის, რომ ამ ყველაფერს შევხვდეთ მშვიდად - ანუ ჯერეჯერობით ქმედითი პასუხი რუსეთს ვერ გავეცით. პარალელურად, ვხედავთ, რომ სოციალური ფონი დღითიდღე მძიმდება და უკვე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე ლაპარაკობენ. მთლიანობაში შექმნილი ფონი ხომ არ გამოიწვევს საზოგადოებრივი აზარის გადახრას ევრაზიული კავშირისაკენ? ასეთი საფრთხე რამდენად რეალურია?
- თეორიულად, შეიძლება ასეთი საფრთხე დადგეს და ამაზე შეიძლება ვილაპარაკოთ კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად, ასეთი საფრთხე არ არსებობს და როგორც არ უნდა გააქტიურდნენ პრორუსული ძალები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევრაზიის კავშირში შესვლა ჯობია ევროკავშირში შესვლას, არ მგონია, ეს დიდად წარმატებული აღმოჩნდეს.
შესაძლოა, მათმა რაოდენობამ პროცენტულად ცოტა მოიმატოს, მაგრამ ის, რომ უმრავლესობას შეადგენს და ფეხს მოიკიდებს საქართველოში პრორუსული ძალები, ვფიქრობ, გამორიუცხულია. გამომდინარე, თუნდაც იქიდან, რაც ხდება ხურვალეთში - ცხინვალის მხრიდან საზღვრის მხოლოდ რამდენიმე მეტრით გადმოწევაზე ხომ არ არის ლაპარაკი? საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ამ პროცესის უკან რუსეთი დგას და მას ჩვენთან არა კეთილმეზობლური ურთიერთობა, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის იგნორირება და რუსულ ორბიტაზე დაბრუნება სურს.
რას ნიშნავს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება, მე მგონი, ძალიან მალე დაგვავიწყდა - 9 აპრილი, 1956 წელი, 1924 წელი და ა.შ. - 1800-იანი წლებიდან მოყოლებული მოვდიოდით მართლმადიდებლურ საფარქვეშ ეგზარხოსების დანიშვნით, ფრესკების გადაღებვით, ეკლესიების ნგრევით - მაშინ როცა ის ძირითადი პრინციპი, რითაც რუსეთს ვირჩევდით, იყო ერთმორწმუნეობა. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ხელისუფლებამაც უნდა იმუშავოს, საზოგადოებას შეახსენოს ის, რაც ხდებოდა...
რაც შეეხება საკითხის მეორე მხარეს - თუ დღეს ვინმეს ჰგონია, რომ ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთში გაცილებით უკეთესია, ვიდრე საქართველოში, ძალიან ცდება. საჭიროა ამ ყველაფრის შესახებ ქართულ საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, გავაცნოთ, რა მდგომარეობაა, გნებავთ, ეკონომიკური, გნებავთ - სოციალური თვალსაზრისით, რომ ეიფორია არ შეიქმნას.
ამ კუთხით მუშაობა მაინც აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, როგორც არ უნდა იაქტიუროს პრორუსულმა ძალებმა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მაინც არ აირჩევს ევრაზიის გზას.
არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ რუსეთი არ არსებობს და ჩავკეტოთ - საფრთხეები ყოველთვის იყო და მომავალშიც იარსებებს - საქართველოს მასთან გამკლავების მხოლოდ ერთი გზა აქვს - ეს არის სახელმწიფოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ჭაობიდან ვერ ამოვალთ და ყოველთვის იქნება საფრთხე, რომ რუსული ძალები დაიწყებენ მოსახლეობის გადაბირებას.
საქართველოს უკვე აქვს უსაფრთხოების ახალი სამსახური და როგორც ვახტანგ გომელაური აცხადებს ის ძირითადად, ორიენტირებული იქნება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობის გამოვლენაზე, კონტრდაზვერვით სამუშაოებზე და ა.შ. თუ საგარეო საფრთხეებს გავითვალისწინებთ, მათ შორის, რუსეთს, რამდენად სერიოზული გამოწვევის წინაშე დგება ახალი უწყება?
- კონტრდაზვერვის სამსახურიც არსებობდა და უშიშრროების სამსახურიც, თუმცა ვერ გეტყვით რამდენად ეფექტურად მუშაობდა. რაც შეეხება იმ ორი სამსახურის დაშორიშორებას, რომელიც შს სამინისტროში შედიოდა, გულისხმობდა იმას, რომ ერთი უწყების ხელში არ ყოფილიყო მოქცეული უდიდესი ძალაუფლება - შს სამინისტრო იყო ფაქტობრივად, სახელმწიფო სახელმწიფოში - მისი გაყოფა თუნდაც, მექანიკურად, ნიშნავს, რომ მათ შორის გარკვეული კონკურენციაც შეიძლება გაჩნდეს რაც იმას განაპირობებს, რომ სისტემა უფრო მოქნილი და დემოკრატიული გახდება.
რამდენად შეესაბამება უსაფრთხოების სამსახური შესაბამის სტანდარტებს, ეს ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდება. უჩვეულოდ მომეჩვენა ერთი მომენტი - რომ ის ანტიკორუფციულ საქმიანობასაც შეითავსებს - ასეთი მიდგომა ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ გარკვეული დრო იქნება საჭირო მისი საქმიანობის შესაფასებლად. თუ მხოლოდ მექანიკური გაყოფა მოხდა, არსებულზე უკეთესი ალბათ, იქნება, მაგრამ ის არა, რაც უნდა იყოს.
რაც შეეხება გარე გამოწვევებს, უსაფრთხოების სამსახურს ყველა ქვეყანაში უზარმაზარი დატვირთვა აქვს, მითუმეტეს, საქართველოსნაირ ქვეყანაში. წინა ხელისუფლება ამ სამსახურს პიარისთვის უფრო იყენებდა, როდესაც სატელევიზიო დაკავებები ხდებოდა ე.წ. ჯაშუშების.
ასეთი ტიპის ქმედებებს თუ გავაგრძელებთ, ეს არაფერში გამოგვადგება - ქვეყანას უამრავი გამოწვევები აქვს - ჩვენს ირგვლივ ევროპა ჯერ არ არის განლაგებული და ქვეყნის ხელისუფლების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აუცილებელია და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე. მითუმეტეს როდესაც მეზობელ რუსეთზეა საუბარი.
ამიტომ, ამ სამსახურს სჭირდება სერიოზული მიდგომა და პროფესიონალთა დიდი არმია, რომელიც ამ ურთულეს საქმეს გაართმევს თავს. კარგი იქნება, თუ ეს სამსახური გამოყენებული არ იქნება მოსახლეობის მოსასმენად და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასაშანტაჟებლად როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა.
რუსული ფული რამდენად სერიოზული პრობლემაა დღეს საქართველოსთვის?
- რუსული ფული პრობლემაა, მაგრამ არ მგონია, იმდენად სერიოზული, რომ რაღაც გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ცოტა სხვანაირი ქვეყანა და ხალხი ვართ. კი, შეიძლება ამ ფულმა გარკვეული პერიოდი იმუშავოს, მაგრამ ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც არ აქვს, როცა ლაპარაკია პოლიტიკაზე. ფულით რომ შეიძლებოდეს მთელი არჩევნების ყიდვა, ამას გააკეთებდა წინა ხელისუფლება.
მცდარია შეხედულება, რომ ივანიშვილმა ფულით მოიგო - მან თავისი რეიტინგით გაიმარჯვა და იმით, რომ მოსახლეობისთვის აუტანელი გახდა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება - სხვაგვარად ის ვერ მოიგებდა.
ბუნებრივია, უნდა ვიფიქროთ, რომ რუსული ფული პოლიტიკაში არ შემოვიდეს, მაგრამ იმისი დაშვება, რომ რუსეთი ყველაფერს იყიდის ფულით, გამორიცხულია. ეს რომ შესაძლებელი იყოს, რუსეთი ამას აქამდე გააკეთებდა.