რა სახელმწიფოებრივი ინტერესის გასატარებლად სჭირდება რუსეთს სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და როგორ ემზადება აზერბაიჯანი კავკასიაში ლიდერობისთვის

რა სახელმწიფოებრივი ინტერესის გასატარებლად სჭირდება რუსეთს სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და როგორ ემზადება აზერბაიჯანი კავკასიაში ლიდერობისთვის

– შეიძლება, თუ არა ვიფიქროთ, რომ რუსეთი ამზადებს საფუძველს აზერბაიჯანის მიმართულებით იმისთვის, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში, რომ არ დაუშვას ირანის ინტერესის შემოსვლა და დასავლეთის მიერ აქ ფეხის უფრო მყარად მოკიდება?
– ის, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არავის დაუთმობს, ეს ისედაც ცხადია და 2008 წელმა ზუსტად ეს აჩვენა. ასე რომ, ნაბიჯებს ახლა კი არ დგამს, არამედ დიდი ხნის წინათ გადადგა. მეტიც, მან ყველაფერი გააკეთა, რომ გამაგრდეს სამხრეთ კავკასიაში და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო ბაზები იმ ბაზების მონაცვლედ სჭირდება, რომლებიც აქ ჰყავდა.

– გავახსენოთ მკითხველს, საუბარია რუსეთის სამხედრო ბაზებზე ბათუმსა და ახალქალაქში.
– თბილისსა და გუდაუთაში.

– გუდაუთა არც გაუტანია არასდროს.
– აქედან ძირითადი მაინც ბათუმი და ახალქალაქი იყო, იმავე მიზეზებით, რის გამოც ახლა არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს რუსეთს აძლევს საშუალებას, იზოლაციაში ჰყავდეს ჩრდილოკავკასია გარე გავლენებისგან. მისი კავკასიური პოლიტიკა ეს არის მყარი ბუფერის შექმნა საიმისოდ, რომ შიგნით არ დაიწყოს სახელმწიფოებრივი რღვევა.

– თუმცა არც ჩვენთვისაა ძალიან ხელსაყრელი ჩრდილო კავკასიის ჩამოშორება რუსეთისგან.
– ეს სხვა საკითხია, ჩვენ ახლა რუსეთზე ვლაპარაკობთ. რუსეთს არ შეუძლია, მარტომ იქონიოს ზეგავლენა მთელ იმ პროცესებზე, რომლებიც კავკასიაში ვითარდება და ვერც კონფლიქტების მოგვარებას აიღებს მხოლოდ თავის თავზე, ვინაიდან მისი კონკურენტი პარტნიორები, ევროპა და შეერთებული შტატები, ამას არ დაუშვებენ, ვინაიდან ის ნიშნავს კავკასიის გადაბარებას რუსეთისთვის, იმ აზრით, რომ ამ შემთხვევაში, მათ ცალსახად უნდა აღიარონ რუსეთის გავლენის სფეროდ სამხრეთ კავკასია. ამისთვის კი არც ევროპაა მზად და არც შეერთებული შტატები.
მეორე მხრივ, ევროპა და შეერთებული შტატები არც იმისთვის არიან მზად, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიონ ამ სივრცეში, ამიტომ არც მათ შეუძლიათ ამ კონფლიქტების მოგვარება და კასპიის ენერგომატარებლებისთვის სივრცის გახსნა ევროპისკენ. ეს სიტუაცია არის გარანტი იმისა, რომ, ვიდრე რომელიმე მხარე არ იგრძნობს სტრატეგიულ უპირატესობას, ეს საკითხები იქნება გაყინული.

– სომხეთში მიმდინარე მოვლენებს აქვს კავშირი ირანის გააქტიურების პერსპექტივასთან?
– იმას, რაც სომხეთში დაიწყო, ეტყობა, რომ სპონტანურია და მართლაც ტარიფებია მიზეზი, იმიტომ რომ გაგრძელება არ ჩანს და მეტიც, არ ჩანს ორგანიზატორი. შეიძლება, გადაიზარდოს რამე უფრო მნიშვნელოვანში, თუმცა ასეთი რამეები სპონტანურად არ ხდება. როგორც ჩანს, ეს ვითარება მილევად რეჟიმში გადავა და ყველაფერი დარჩება ისე, როგორც იყო. ხოლო, თუ არ დარჩება ისე, როგორც იყო, მაშინ არსებობს სერიოზული ბერკეტი იმისთვის, რომ შეატრიალონ სიტუაცია, რათა არსებული ბალანსი არ დაირღვეს. ეს გახლავთ აზერბაიჯანის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია, სპონტანურად დაიწყოს საომარი მოქმედებები სომხეთის წინააღმდეგ და თუკი სომხეთს არ ექნა რუსეთის მხარდაჭერა, შესაძლოა, ერთბაშად დაკარგოს ძალიან ბევრი რამ, რაც მოუპოვებია ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოებრიობის ჩათვლით. ამიტომ არ მგონია, რომ იქ დღეს სიტუაცია გართულდეს.

– ირანის გამოჩენა არ დაარღვევს უკვე არსებულ ბალანსს: სომხეთი – რუსეთი, თურქეთი – აზერბაიჯანი?
– მიუხედავად იმ კონსტურქციისა, რომელიც თქვენ ააგეთ. არც ევროპა და არც შეერთებული შტატები, თუმცა ეძებენ რაღაც გზას, არ არიან მზად ურთიერთობის დასარეგულირებლად. ასე რომ, თუ ეს მოხდება, სავარაუდოა, რომ არა ამ დეკადაში, ვინაიდან ამის დამაბრკოლებელი სერიოზული ფაქტორია ისრაელის პოზიცია ირანისადმი. მეტიც, დღეს ირანი უფრო მეტადაა დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ეს შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს. გნებავთ, მხარდაჭერით, ასევე, შეიარაღებითაც. ერთი მხარის მიერ მეორისთვის შეიარაღების გადაცემის ან მიყიდვის ერთ-ერთი დანიშნულება, გარდა იმისა, რომ აიარაღებ, ისიც გახლავთ, რომ მიმღები დამოკიდებული ხდება მომწოდებელზე. იმიტომ რომ ნებისმიერ შეიარაღებას სჭირდება მოვლა და ძალიან ხშირად ეს უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თავად შეიარაღება. ამდენად, თუ ირანმა რუსეთისგან ჩაიბარა ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება...

– რომლის მიწოდებაზეც რუსეთმა მაშინვე მოხსნა ემბარგო, როგორც კი დასავლეთი ირანისთვის ეკონომიკური ემბარგოს მოხსნაზე ალაპარაკდა.
– დიახ… თუკი ირანმა ეს ჩაიბარა, ნიშნავს, რომ ის დამოკიდებული გახდება რუსეთზე. ირანსა და აზერბაიჯანს გარკვეულწილად ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, ირანში მცხოვრები მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანელი მოსახლეობის გამო. რაც შეეხება ირანის ენერგომატარებლებისთვის გამოსასვლელს სომხეთის გავლით: თუ სომხეთი წავა ფერადი რევოლუციის რომელიმე ვარიანტის მიმართულებით, ირანი არ იქნება დაინტერესებული რევოლუციის წარმატებაში, ისევე, როგორც, ბუნებრივია, რუსეთი, რომელსაც მოუწევს სერიოზული პლაცდარმის დატოვება სომხეთში და ჩვენ ვნახეთ საკუთარ მაგალითზე, რომ რუსეთი ამას ასე უბრალოდ არ აკეთებს. არ ვიცი, როდის რა მოუვა რუსეთს თავში, მაგრამ დღეს მას შეუძლია, თავისი ინტერესები დაიცვას სამხრეთ კავკასიაში.

– რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში იგივე სიტუაცია დარჩება, რაც არის და ეს სტაგნაციას ჰგავს.
– სამხრეთ კავკასიაში ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ მხარეებს: ევროპას, ამერიკასა და, შესაძლოა, თურქეთსაც, ამ სამს იმიტომ გამოვყოფ, რომ მათი ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ერთ ბანაკში არიან, დღეს არ გააჩნიათ სტრატეგიული უპირატესობა, რაც მათ მისცემდა საშუალებას, აშკარად ჩარეულიყვნენ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესში. ასევე, ასეთი უპირატესობა არ გააჩნია რუსეთს, თუმცა ეს ორი ძალა ერთმანეთს მაინც აბალანსებს და ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც არის, ამავე ვითარებაში დარჩება და ეს შეიძლება, გაგრძელდეს 10, 20 ან მეტი წლის განმავლობაში. დღეს ვერ გათვლი, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები მომავალში. ასევე, პერსპექტივაში ჩანს აზიის კიდევ ერთი მოთამაშე – ჩინეთი. ამიტომ როგორ დალაგდება სიტუაცია, ძალიან ძნელი სათქმელია.

– ამ პირობებში შევძლებთ განვითარებას? თუ დინებას უნდა მივყვეთ?
– დინებას კი არ უნდა მივყვეთ, არამედ უნდა ავირჩიოთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო კურსი.

– და რა კურსია ეს?
– ამაზე იფიქრონ მათ, ვისაც ეს ეხება. არსებობს დროის რაღაც მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც შეიძლება როგორც მშვიდობის უზრუნველყოფა საქართველოსთვის, ისე გარკვეული პოლიტიკური წონის შეძენა. პოლიტიკური წონა არ არის დამოკიდებული ჯარების რაოდენობასა და ფიზიკურ პარამეტრებზე; ეს არის სახელმწიფოს ავტორიტეტი, რა როლის შესრულება შეუძლია მას, გნებავთ, რეგიონში, გნებავთ, მის გარეთ. როდესაც მცირე ქვეყნები შედიან პოლიტიკურ სივრცეში, ისინი, ძირითადად, ირჩევენ ასეთ სტრატეგიულ კურსს და საკუთარ ექსპერტიზისა და მოლაპარაკებების უნარებზე დაყრდნობით არიან ხოლმე არაჩვეულებრივი მედიატორები, რაც მათ სძენს პოლიტიკურ წონას. არსებობს მცირე ქვეყნების გადარჩენის ალგორითმი გლობალიზაციის ეპოქაში. ჩვენ ვიცით სახელმწიფოები, რომლებიც მშვენივრად ართმევენ თავს ამ როლს და აქვთ პოლიტიკური წონა. ეს ნიშნავს, რომ მათ მიმართ არსებობს გარკვეული რიდი და შეთანხმება, რომ ისინი ამ ფუნქციისთვის უფრო გამოდგებიან და ამიტომ მათ სხვა პრობლემები არ ექმნებათ, როგორც წესი. ანუ მათი ძალა მათი დიპლომატების უნარშია. ჩვენ რომ მოვახერხოთ და ჩვენს თავზე ავიღოთ შუამავლობა ჩვენს მეზობლებს შორის, რაც ჩვენი თითქოსდა ბუნებრივად გამოკვეთილი ფუნქციაა, მაშინვე შევიძენდით კავკასიაში უფრო მეტ წონას, ვიდრე გვაქვს დღეს და ვიდრე გვექნებოდა, ასიათასიანი ლაშქარი რომ გვყოლოდა.

– ფაქტია, ამასობაში აზერბაიჯანმა აკრიფა ჩვენზე გაცილებით დიდი წონა, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდია.
– მათ მოახერხეს თავიანთი ინტერესების დანახვა და მათი განუხრელად ნაბიჯ-ნაბიჯ გატარება. ისინი არ აჰყვნენ ცდუნებას, რითაც გარკვეულწილად მოიმდურეს ვიღაც-ვიღაცეები, მაგრამ, სამაგიეროდ, სახელმწიფოს შეუნარჩუნეს სიმყარე. ჩვენთან ყველაზე ცუდი მოხდა ის, რომ პირველი პირების შეცვლის შემდეგ რყევას იწყებდა სახელმწიფო ინსტიტუტი. ერთმა შეცვალა მეორე და გაანადგურა ყველაფერი, რაც მის წინ იყო და უკვე მესამედ ვუყურებთ იმავეს.

– აზერბაიჯანის სათავეში, სანამ ჩვენ სამი შევცვალეთ, სულ ალიევები არიან და წინას როგორ გაანადგურებდნენ?
– არ აქვს ამას მნიშვნელობა. მათ თავი ზუსტად დაიჭირეს იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და დღეს აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიაში ყველა თავის მეზობელს გაასწრო როგორც დემოგრაფიული, ისე ეკონომიკური მაჩვენებლებით და თავისი არმია არ შეაგდო სასწორზე.

– თუმცა ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს.
– დიახ, მაგრამ დაითმინა ნაცვლად იმისა, რომ ეცადა რაღაც იმნაირი, რაც ჩვენ ვცადეთ. რადგან ცნობილია, რომ ომიანობის შემთხვევაში შემთხვევითობის შემოქმედია შეიარაღებული ძალები და რაც უნდა ძლიერი იყოს, ომის რეზულტატი ყოველთვის საალბათოა. აზერბაიჯანი წონას აგროვებდა და არასად უცდია ამ წონის მოსინჯვა. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ დღეს, გნებავთ, რუსეთმა, გნებავთ, ირანმა შეძლოს ბლიც-კრიგის რეჟიმში აზერბაიჯანის არმიის განადგურება. აზერბაიჯანს აქვს უამრავი ნიშანი იმისა, რომ ემზადება რეგიონის ლიდერობისთვის და თუ არაფერი შეიცვალა პოლიტიკურ კონფიგურაციაში, ის ამას მოახერხებს.

– და დარჩება ევროპისთვის, როგორც პარტნიორი?
– ევროპას სჭირდება მყარი სავაჭრო პარტნიორი.

– და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ბანაკში მყოფი?
– ბანაკში ვერ მოვხდები, თუ არ გააჩინე სიმყარის განცდა. მას არ სჭირდება აზერბაიჯანი თავის ბანაკში, მაგრამ სჭირდება, როგორც მყარი პარტნიორი. ამიტომ არ მგონია, ევროპას ჰქონდეს ცდუნება, აზერბაიჯანში რამე შეცვალოს, მით უმეტეს, სადაც არ სცადა ევროპამ რაიმეს შეცვლა, ყველაფერი გაუკუღმართებული სცენარით წავიდა.

– უკრაინაში რა ექსპერიმენტი ტარდება ქართული რევოლუციური პოტენციალის გამოყენებით?
– არ ვიცი…

– ისეთივე შედეგი უნდა მიიღონ, რაც საქართველომ მიიღო რუსეთთან დაპირისპირებაში თუ გაუმჯობესებული?
– მეჩვენება, რომ მიზეზი შეიძლება, იყოს იგივე, რის გამოც იუგოსლავიაში დაიწყო კონფლიქტი. ისეთი სივრცის მქონე სახელმწიფო, როგორიც უკრაინაა, ევროპას არაფერში სჭირდება.

– დაქსაქსული ურჩევნია?
– რატომ არა?! წარმოიდგინეთ, უკრაინა შედის ევროპაში, როგორც მთლიანი სახელმწიფო, ანუ ჩნდება ახალი პოლუსი, რომელიც არავინ იცით, როგორ მოიქცევა და შეიძლება, სულ არიოს დალაგებული გეოპოლიტიკა. არავინ ლაპარაკობს ამაზე, მაგრამ იუგოსლავიის პრობლემაც ეგ იყო: ის ძალიან დიდი იყო იმისთვის, რომ ევროპაში თავი ეგრძნო კომფორტულად, იმიტომ რომ მასპინძელი არ გრძნობდა თავს კომფორტულად და დღეს ერთი იუგოსლავიის ადგილას რამდენი ქვეყანაა?! მეჩვენება, რომ უკრაინაც დაახლოებით აი, ამ რეჟიმშია, თუ ექსპერიმენტი ტარდება და თუ ავყვებით მოსაზრებას, რომ ვიღაც ამას სპეციალურად აკეთებს. საბოლოო ანგარიშით, დიდი მოთამაშეები, როდესაც ჩიხში შედიან, ახერხებენ მოლაპარაკებას და ამის გამო ძალიან ხშირად ხურდავდებიან ისინი, რომლებსაც დაპირისპირების არანაირი რესურსი არ გააჩნიათ.