საქართველოს პარლამენტში საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტის მიღების ვადებზე ვერ თანხმდებიან. ნაციონალები საკუთარ ცხრაპუნქტიან დოკუმენტს ლობირებენ და პროექტის დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვენ, მმართველი გუნდი სახელმწიფო უწყებებისგან ინფორმაციის მიღებას ელოდება, „თავისუფალი დემოკრატები“ კი, უმცირესობა-უმრავლესობის დაპირისპირებაში არ ერევიან.
უმცირესობის მიერ მომზადებული დოკუმენტი განხეთქილების მიზეზი ბიუროს სხდომაზე უკვე გახდა. უმრავლესობამ უმცირესობის გამოსვლების პათოსი გააპროტესტა და დესტაბილიზაციის მოსალოდნელ საფრთხეზე ისაუბრა, ნაციონალებმა კი ყურადღება ხელისუფლების სისუსტეზე გაამახვილეს.
სხდომაზე მხარეები ერთმანეთს იმდენად დაუპირისპირდნენ, რომ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ჭკუასელი სერგო რატიანს მიეჭრა, ხოლო გიგა ბუკია რატიანს ცემით დაემუქრა.
„ჯიბეში დაწერილი რეზოლუცია გიდევთ და რაც ხდება, გიხარიათ? სერგო, თუ ასე გააგრძელებ, მართლა გაილახები“, - მიმართა საკუთარი ადგილიდან ბუკიამ რატიანს, რომელიც საკუთარმა თანაგუნდელმა გიორგი ვაშაძემ დაიცვა და „კონსერვატორს“ კორექტულობისკენ მოუწოდა.
დაახლოებით ერთი საათის მანძილზე, ბიუროს სხდომა ცხარე კამათის, ჩხუბისა და ყვირილის ფონზე მიმდინარეობდა, სადაც გიგი წერეთელმა რეზოლუციის მიღების თარიღის გადაწევა უხერხულ ფაქტად მიიჩნია, გია ვოლსკიმ საქართველოს სიფრთხილისკენ მოუწოდა, დეპუტატების განცხადებებით გაღიზიანებული დავით ბერძენიშვილი კი, სხდომაზე მოგვიანებით გამოცხადდა და ოპოზიციის განცხადება, რომ „ქართული დიპლომატია არ მუშაობს“ უნიჭო ტყუილად შეაფასა.
ოპოზიცია ბიუროს სხდომაზე გაკეთებული განცხადებებით არ დაკმაყოფილდა და საკუთარი პოზიციის გაჟღერება რიგგარეშე სხდომაზეც გააგრძელა, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ სხდომათა დარბაზში შედარებით სიმშვიდე იყო.
მართალია, რეზოლუციის პროექტზე კამათი დღეს დაიწყო, მაგრამ მხარეებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გაგრძელდება, რადგან 17 ივლისს, „ნდობის ჯგუფის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ეწვევა, 20 ივლისს კი, სოფელ წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმენენ და 21 ივლისს, უმრავლესობა საკუთარ რეზოლუციის პროექტს წარადგენს.
ვინაიდან, ნაციონალებმა საკუთარი დოკუმენტის დაუყონებლივ განხილვა მოითხოვეს, კომიტეტებში მასზე მსჯელობა დღეს დაიწყება, მაგრამ უმრავლესობა დოკუმენტის პათოსის გაზიარებას არ აპირებს.
როგორც for.ge-ს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძარობა“ ცდილობს, რომ არაერთიანობის დემონსტრირება მოახდინოს.
მისი თქმით, უმცირესობის ქმედებები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისკენ არის მიმართული.
„ეს ყველაფერი მათი მხრიდან პროვოკაციად შევაფასე. ამ ვითარებაში ერთიანობის დემონსტრირება გვჭირდება და რეზოლუციის მიღებაც აუცილებელია, მაგრამ თუკი არსებულ ვითარებასა და მოლოდინებზე ინფორმაციას არ მივიღებთ, რეზოლუცია ისე როგორ უნდა მივიღოთ? პროგმატული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და არა ემოციური“, - აცხადებს სესიაშვილი.
კანონმდებელის მოსაზრებით, ნაციონალების მიზანია ყაყანი, რასაც დაპირისპირება მოჰყვება და საზოგადოება დაინახავს, მხარეები როგორი არაერთიანები არიან, როცა საქმე ოკუპაციას ეხება.
„მათი სტრატეგიაა, ხელისუფლება უსაფუძვლოდ გალანძღონ და არც იმას კითხულობენ, ხელისუფლება რას აკეთებს. წინასწას შეთანხმებულ მესიჯებს ახმოვანებენ. პრაგმატულები და შედეგზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ. ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას იმის გამბედაობა უნდა ჰქონდეს, რომ საკუთარი ინტერესები გვერდზე გადადოს და ქვეყანას გვერდზე დაუდგეს. ზოგიერთ პარტიას ეშინია, რომ საზოგადოებამ მათი ქვეყნის გვერდში დგომა ხელისუფლების მხარდაჭერად არ აღიქვას. მშიშრები არიან“, - დასძენს სესიაშვილი.
რუსეთის ქმედებების შეფასებისას რადიკალურია ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას ძირს უთხრის, რაც ქვეყნის გავლით ყველა არტერიის გადაკეტვას ისახავს მიზნად. კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ოკუპანტი ქვეყნის საწინააღმდეგოდ საქართველოს მთავრობამ აგრესიული საგარეო პოლიტიკა უნდა აწარმოოს, ვინაიდან ხელისუფლების მიერ გატარებულმა საგარეო პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო.
„დათმობითმა ხაზმა ის მოგვიტანა, რომ რუსეთი თავის აგრესიას აგრძელებს. ფაქტია, რომ არანაირი შედეგი არ გვაქვს. პირიქით, უპრეცედენტოა, როცა ნავთობსადენიც კი უნდათ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოაქციონ. საქართველოს პოლიტიკის საერთაშორისო ასპარეზზე წარმართვის მიმართულებით ერთიანი სტრატეგია სჭირდება“, - დასძენს ვაშაძე.
რაც შეეხება ნაციონალების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს, ოპოზიცია მთავრობას მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მიმართ ცივილიზებული სამყაროს ყურადღების მობილიზაცია მოახდინოს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვოს, ასევე ყველა ზომას მიმართოს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციების მიზეზებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხვდეს, ხოლო მოთხოვნებში - დეოკუპაცია. ამას გარდა, ნაციონალები აღმასრულებელ ხელისუფლებას ურჩევენ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფი აღადგინოს და აბაშიძე-კარასინის ფორმატი გააუქმოს, ხოლო ჟენევის ფორმატი გააძლიეროს.
შეგახსენებთ, რომ ბანერი, რომელიც ორჭოსანშია დამონტაჟებული, თბილისი-გორის მაგისტრალიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ამავე სივრცეში გარკვეულ მონაკვეთზე მოქცეულია ბაქო-სუფსის ნავთობსადენიც.