„ნაციონალები“ დემოკრატიისგან შორს არიან

„ნაციონალები“ დემოკრატიისგან შორს არიან

გუშინდელი დღე ქალაქის მოსახლეობისათვის სიურპრიზებით დაიწყო. ჯერ იყო და „ნაციონალისტების“ გულშემატკივრები შეიკრიბნენ საკრებულოს შენობის წინ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის მხარდასაჭერად. მერე, როგორც იქნა, ქალაქის მოსახლეობას ეღირსა ნანატრი საკრებულო თავისი თავმჯდომარით. როგორც ელენე თევდორაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღის „ნაციონალებმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი დემოკრატიასთან ჯერ კიდევ შორს არიან.

ელენე თვდორაძე: რაც დღეს საკრებულოში მოხდა, ჩემთვის მიუღებელია. საკრებულოს შენობა პრაქტიკულად ალყაშემორტყმული იყო, რა თქმა უნდა, „ნაციონალების“ გულშემატკივრებით. შენობაში ვერ შეხვიდოდი და ვერც იქიდან გამოხვიდოდი. მე ვთვლი, რომ დღევანდელი პრეცენდენტი ძალიან ცუდი პრეცენდენტია...

რატომღაც, ჩემდა მოულოდნელად, გაუგებრობა მოხდა, რადგან პარასკევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გავუგზავნე შეტყობინება, რომ ჩემთვის საკრებულოში უფლებამოსილება მოეხსნათ. ასევე თხოვნით მივმართე ახლადარჩეულ საკრებულოს სამანდატო კომისიას. მოხდა ისე, რომ სამანდატო კომისიის არჩევისას ასევე იყო ძალადობა გამოყენებული და ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ასევე უგულებელყოფილი იყო ყველა იმ პარტიების აზრი, რომლებიც იქ იყვნენ წარმოდგენილნი.

ქალბატონო ელენე, პოლიტექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ახლად არჩეული საკრებულო ყველაზე ხმაურიანი და ამბიციური იქნებოდა. გამართლდა თუ არა ეს დღეს?

- მე ვიტყოდი რომ ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა, რათა საკრებულო ასეთი შემადგენლობით გვეხილა. ყოველივე ამის შემდეგ მებადება აზრი, რომ თავად ცენტრალურმა ხელისუფლებამ უბიძგა „ნაციონალურ მოძრაობას“ უკანონობისკენ, შემდეგ ხალხისათვის ხმამაღლა რომ ეთქვათ: „ნახეთ როგორი ხელისუფლება აირჩიეთ“ - ო. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს ბრწყინვალედ გამოუვიდა.

დღევანდელი საკრებულოს სახით ხელისუფლებამ მიიღო ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი საკრებულო. როგორ ფიქრობთ, ცენტრალური ხელისუფლება დაკარგავს თუ არა თავის გავლენას ქალაქის მოსახლეობაზე?

- მე ვფიქრობ, რომ ქალაქს განაგებს მერი, ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს. მაგრამ, თუ საკრებულომ შეძლო და ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება გადააყენა, ბოლო სიტყვა მაინც პრეზიდენტს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, არა მგონია, ჯერჯერობით რაიმე სერიოზული მოხდეს.

როგორც ვიცით, ამასწინათ პრეზიდენტმა ვანო ზოდელავას საყვედური გამოუცხადა 12 უკანონო სახლის მშენებლობისთვის. როგორ ფიქრობთ, დედაქალაქის ტერიტორიაზე მხოლოდ 12 უკანონო სახლია?

- მე კიდევ ვიმეორებ - პრეზიდენტს სძინავს, მაგრამ იღვიძებს, როცა მას სურს და აბსურდულ რაღაცეებს ამბობს... შევარდნაძე რეალობისგან ძალზედ შორსაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან არანაირი დადებითი დამოკიდებულება არა მაქვს და ვთვლი, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობის დასათრგუნად ყველაფერი გააკეთა.