(იბეჭდება შემოკლებით)
ჭრელჭრულა ფერებით გადაღებილი თბილისი ფუფალას ჰგავს, რომელსაც მაინცდამაინც ვინმე უცხოელზე გადაუწყვეტია გათხოვება და თავისი ალაგ-ალაგ დაბებკილი ტანსაცმელი უცხოური წარწერებით აუჭრელებია - იქნებ უცხოელმა სასიძოებმა თვალი მკიდონ და ბოლოს და ბოლოს ბედს ვეწიოო.
ამ ფონზე სასიამოვნო მოულოდნელობად შემომეფეთა წარწერა ერთ-ერთი კაფეს აბრიდან: „ელიტარული ხინკალი“.
აი ასე! თბილისში, ათასგვარი პროდასავლური, პროაზიური, პროამერიკული მიმართულების კაფე-რესტორნების გვერდით, ელიტარული სახინკლეც გაჩნდა - ჩვენებური, ქართული, მშობლიური სახინკლე, ოღონდ - ელიტარული.
ხინკალი ხინკალია და, ძნელი წარმოსადგენია, რა ნიშნით შეიძლება გახდეს ის ელიტარული - ნაოჭების რაოდენობით, მოყვანილობით, ფერითა თუ გემოთი?
სხვათაშორის, თბილისში „ხინკალცენტრიც“ არსებობს, ზედ რუსთაველის პროსპექტზე, „ზემელზე“.
რატომაც არა - ამდენი სამეცნიერო, კულტურული, შემოქმედებითი თუ პოლიტიკური ცენტრების გვერდით „ხინკალცენტრიც“ ხომ უნდა არსებობდეს?!
რადგან ელიტარული ხინკალი არსებობს, ესე იგი არსებობს ელიტაც, საზოგადოების რჩეული ნაწილი, გამორჩეულობა და განსაკუთრებულობა საზკვების ობიექტთა სახელწოდებებსა და მენიუშიც სათანადოდ არის ასახული.
ყვითელი ჟურნალ-გაზეთები ინტენსიურად აწოდებენ მოსახლეობას ელიტის ყოველდღიური ცხოვრების ნიუანსებს, ყვითელი ტელევიზიების ეკრანებზე გამოფენილი მათი გარდერობი თვალს გვჭრის სიმდიდრით და ფუფუნებით.
ელიტა მეტყველებითაც სხვანაირად მეტყველებს - მის ქართულს, ინგლისური, ხანაც ფრანგული აქცენტი დაჰკრავს და თუ კარგად არ მიუგდებ ყურს, შეიძლება ვერც გაიგო, რას ლაპარაკობს ეს ახალი ტიპის ქართველი.
ადრე იგი რუსულად უქცევდა, ახლა ინგლისურად უქცევს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ პატრონი და მბრძანებელი გამოუცვლია და ახლა სხვას ბაძავს, სხვას ცდილობს დაემსგავსოს, სხვის თარგსა და ყაიდაზე მოიჭრას.
კაცმა რომ თქვას, ეს არც არის ქართველი - ეს ვიღაცის ასლია, ვიღაცის კალკია, თუმცა ყვითელი ჟურნალ-გაზეთები და ყვითელი ტელევიზიები დაჟინებით გვარწმუნებენ, რომ სწორედ ეს არის აღმატებული ქართველი და თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, სწორედ ასეთი უნდა გახდე.
დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა თვითონ ზრდის და თვითონ წარმოაჩენს ერის საუკეთესო და საამაყო შვილებს - ჭეშმარიტ ელიტას, საზოგადოების ღირსეულ ნაწილს, ხოლო იმ ქვეყანაში, რომელიც სხვა სახელმწიფოზეა დამოკიდებული და, ფაქტობრივად, მისი ვასალია, ელიტას „ნიშნავენ“ - თავისი ინტერესების გამტარებელს, მის პროპაგანდისტსა და აგიტატორს.
ამ გარედან, „დანიშნული“ ე.წ. ელიტის დანიშნულება, მრავალ სხვა ფუნქციასთან ერთად, ისიც გახლავთ, რომ ჩაახშოს, ჩაკლას ერის ინტელექტუალური პოტენციალი, გზა არ მისცეს ნიჭიერებას, დაჩაგროს და დააბეჩავოს განათლებული და ამავე დროს ეროვნული ღირებულებების მატარებელი ინდივიდები.
აბა, გაიხსენეთ, რამდენი ხანია, არ გინახავთ ქართულ ტელეეკრანებზე ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, სხვათა და სხვათა შემოქმედებისადმი მიძღვნილი გადაცემები?!
სამაგიეროდ, ამავე ეკრანზე კვირაში რვაჯერ ნახავთ მწერლობის სახელით მოლაპარაკე აგრესიულ დილეტანტებსა და გრაფომანებს.