„პირადი ცხოვრებისთვის ყოველთვის ვიცლიდი“

„პირადი ცხოვრებისთვის ყოველთვის ვიცლიდი“

(იბეჭდება შემოკლებით)

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:

„პირადი ცხოვრებისთვის ყოველთვის ვიცლიდი, შეიძლება, ღამის 3 საათზე დაასრულო გადაცემა, სახლში გაიქცე, გამოიცვალო, ფორმაში მოხვიდე, სატელევიზიო ნიღაბი ჩამოიხსნა და მერე გაიქცე პაემანზე, მაგრამ მე დღეს ვცხოვრობ სამსახურით, ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება.

დიდი ხანია, რაც ამ გრაფიკით ვცხოვრობ. დღეს არ არსებობს ჩემთვის პაემანი, ფლირტი კი ყველას აქვს, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს, შესაბამისად არ მიწევს დროის გადანაწილება.

თუ ვიცი, რომ ვარ შეყვარებული, აუცილებლად ვიცლი ჩემი თავისთვის, რაც უნდა დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა იყოს.

ერთი წელია, პაემანზე არ ვყოფილვარ, მართლა გეუბნებით. უკანასკნელი ერთი წელი დაკავებული ვიყავი იმით, რომ ჩემს შვილს ვატარებდი მასწავლებლებთან. წელს ვერ მოეწყო ჩემი შვილი, ანუ არის კვლავ აბიტურიენტი და მოუწევს საკუთარ თავზე თვითონვე იზრუნოს.

ამას წინათ ერთ - ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ოქრუაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განვაცხადე, ვაუ, მაგარია - მეთქი და რამდენიმე ადამიანისგან მივიღე შენიშვნა.

რატომღაც, ყველას ავიწყდება ხოლმე, რომ ვარ ჟურნალისტი და ჟურნალისტისთვის ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი. ესაა ჩემი ცხოვრების წესი.

ვერ წარმომიდგენია, დილას გავიღვიძო და არ ვუყურო ტელევიზორს, არ დამირეკოს ოცდაათმა კაცმა. ჩემი ცხოვრების წესია აგრეთვე ის, რომ არასოდეს ვთიშავ ტელეფონს. მე ვარ მუდმივად დაძაბული და მუდმივად ფორმაში. მივეჩვიე იმას, რომ ვარ დამოუკიდებელი ადამიანი, მაქვს სამსახური, სადაც სისუსტე უნდა გამორიცხო და უნდა გადააგდო.

მხოლოდ მაშინ ვხდები სუსტი, როცა ვინმე ჩემს მორალს ეხება და სულიერ ტკივილს მაყენებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სუსტი ვარ. პირიქით, ძალიან ძლიერი ვარ და იმდენად ძლიერი, რომ ვამბობ, - რატომ არ ვარ კაცი?“