“პატარკაციშვილმა ბოკერიას გამოსვლაზე ბევრი იცინა”

“პატარკაციშვილმა ბოკერიას გამოსვლაზე ბევრი იცინა”

ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური “ტემპერატურა” მატულობს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია თითქმის მთელ ოპოზიციურ სპექტრს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან ფარულ ალიანსში ადანაშაულებს.

როგორც გიგა ბოკერია “კვირის პალიტრასთან” საუბარში აცხადებს, ხელისუფლებამ პატარკაციშვილთან ყველანაირი ურთიერთობა დაასრულა, ხოლო ოპოზიცია მასთან თანამშრომლობით საარჩევნოდ თავადვე გაითხრის სამარეს.

გიგა ბოკერიას ბრალდებებს დავით უსუფაშვილი, “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერი უპასუხებს. ის გასულ კვირას ლონდონში ბადრი პატარკაციშვილს შეხვდა.

როგორ ჩაიარა ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრამ და რა გადაწყვეტილება მიიღეთ?

- ლონდონში მხოლოდ პატარკაციშვილს არ შევხვედრივარ. სხვა საქმეც მქონდა, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის” ლიბერალური პარტიების საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრებას ეხება. მათი შტაბბინა ლონდონშია. რადგან ბატონი ბადრიც ლონდონში ბრძანდებოდა, გადავწყვიტეთ, შევხვედროდით. ეს არც პირველი შეხვედრა ყოფილა და არც უკანასკნელი. ამ ხნის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ხშირად სვამენ ხოლმე კითხვას: პატარკაციშვილი პოლიტიკაში მოდისო? პატარკაციშვილის აზრით, რომელსაც მეც ვიზიარებ, ის დიდი ხანია პოლიტიკაშია.

. . შესაძლოა, პატარკაციშვილმა თბილისის მერობაზე იყაროს კენჭი?

- ამ თემაზეც მაინტერესებდა მასთან საუბარი, რადგან პრესაში არაერთგზის დაიწერა ამის შესახებ. ვფიქრობთ, ამ არჩევნებში მისი კანდიდატურა მომგებიანი ვარიანტი ვერ იქნება. შედეგის თვალსაზრისით შეიძლება გაცილებით უფრო ეფექტიანია კანდიდატურის შერჩევა.

ვის მიიჩნევთ პატარკაციშვილზე უფრო ეფექტიან ოპოზიციურ კანდიდატად?

- ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ. ადგილობრივი არჩევნები ჩვენთვის სერიოზული ეტაპია გაცილებით სერიოზული მოვლენების წინ, რასაც ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა ჰქვია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რამდენად იქნება მზად თითოეული რეიტინგული ლიდერი, რათა საკუთარი რეიტინგი და საარჩევნო ავტორიტეტი სხვას უწილადოს. ცხადია, მარტო მოთამაშე ერთი ფიგურა ვერ შეძლებს საბიუჯეტო სახსრებით აღჭურვილ ხელისუფლებასთან გამკლავებას. პატარკაციშვილთან ამ საკითხზეც ვისაუბრე, ჩვენი შეხედულებები მეტწილად ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილებას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ის მას შემდეგ მიიღებს, რაც საქართველოში ჩამოვა (ალბათ, სექტემბრის დასაწყისში). მას ხელისუფლებასთან ურთიერთობის საბოლოოდ გარკვევა სურს. პატარკაციშვილი ხელისუფლებასთან დღემდე თანამშრომლობდა. მისი ავტორიტეტი თუ ფინანსები სახელისუფლებო სამსახურში იყო. იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ზამთრის ოლიმპიადასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ა.შ.

რა რეაქცია ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილს გიგა ბოკერიას გამოსვლაზე?

- ბევრი იცინა... მისთვისაც გაუგებარია, რა უნდოდა ბოკერიას. თუ ახლა ფიქრობს, რომ პატარკაციშვილთან ურთიერთობა მადისკრედიტირებელი მოვლენაა, მაშინ რატომ არ ყვიროდა, როცა პატარკაციშვილს პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა ყოველდღიური ურთიერთობა?! კიდევ უფრო გაუგებარია მისი გამოსვლა ჩვენი ლონდონში შეხვედრის თაობაზე. ადამიანები იქ ხვდებიან ერთმანეთს, სადაც მოცემულ მომენტში არიან. ბატონი ბადრი თბილისში რომ ჩამოვა, აქაც შევხვდებით. ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ბოკერიასა და სხვებსაც უკიდურესად აშფოთებთ, რომ ვერ შეძლეს პატარკაციშვილის ისეთ მახეში გაბმა, რომ მხოლოდ თავიანთი ინტერესების მსახურად ექციათ. იმის გაფიქრებაც კი, რომ შესაძლოა, პატარკაციშვილმა თავისი ფინანსური რესურსი ოპოზიციას მოახმაროს, ზოგიერთებს ისტერიკაში აგდებს და გაუაზრებელ თავდასხმაზე გადადიან.

როგორ ფიქრობთ, რატომ ეშინია ასე ისტერიულად ხელისუფლებას პატარკაციშვილის ფულის?

- იმიტომ, რომ თავად მხოლოდ ფულის იმედზე არიან. ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავენ სარეკლამო კამპანიებში, რადგან, სამწუხაროდ, იდეურად გაკოტრებულები არიან. მათ ყველა ფუძემდებლურ იდეასა და პრინციპს უღალატეს. ესენია: ხელისუფლების დანაწილება ცენტრში, საპარლამენტო კონტროლი მთავრობაზე, დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი და თავისუფალი ბიზნესი, დამოუკიდებელი მედია. პრეზიდენტსა და მის გუნდს სურთ, რომ მათ გარეშე წარმატებას ვერავინ მიაღწიოს: მოცეკვავის წარმატებას პრეზიდენტის წარმატებად მიიჩნევენ; ვიღაც თუ კარგად იმღერებს, პრეზიდენტის წარმატებად მიიჩნევენ და ა.შ. თუკი ვინმე მათთან შეუთანხმებელ ნაბიჯს გადადგამს, ეს მათთვის პრინციპულად მიუღებელია.

ბატონო დავით, როგორგაგშიფრათბოკერიამ, ლონდონში პატარკაციშვილთან შეხვედრას რომ გეგმავდით?

- დარწმუნებული ვართ, ჩვენი საუბრები ისმინება. არც ჩვენ ვართ გულუბრყვილოები და საამისო “ტესტებიც” ჩაგვიტარებია. ამ შემთხვევაშიც ბოკერიას განცხადება სატელეფონო მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ზუსტად ვიცი, რომ სპეცსამსახურების რამდენიმე მაღალჩინოსანმა, რომლებსაც მანამდე ამ სფეროში არ უმუშავიათ, პირველ რიგში, პოლიტიკური პარტიების დაზვერვის განყოფილება შექმნეს (ასეთი სამსახური არ არსებობდა, რადგან კანონით იკრძალებოდა) და მთელი სამსახურები პოლიტიკური პარტიების სათვალთვალოდ ჰყავთ გამწესებული.

რომელ მაღალჩინოსნებს გულისხმობთ?

- არ დავასახელებ, რადგან ბევრნი არიან და თანაც, ეს მხოლოდ მათ დონეზე გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ბოკერიას განცხადებამდე ერთი დღით ადრე ჩემს მეგობარს, გია ხუხაშვილს შევხვდი. მანქანა ზუსტად ფეხბურთის ფედერაციის შენობის მოპირდაპირე მხარეს გავაჩერე. გია ჩემს მანქანაში გადმოვიდა და ზუსტად ხუთ წუთში მოგვადგა მანქანა, გადაგვიღეს სურათი უკნიდან, გვერდიდან, წინიდან და წავიდნენ. ბოკერიას განცხადებაში ერთი პატარა დეტალი იყო, რომელსაც ვერ იტყოდა, იმავე დილას ჩემი და კობა დავითაშვილის საუბარი რომ არ მოესმინათ. ასე რომ, პოლიტიკური დაზვერვა “კარგად” მუშაობს...

თქვენ ბოკერიას პარანოიკი უწოდეთ. ეს ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო თუ მართლაც ასე ფიქრობთ?

- ეს სენი მხოლოდ მას არ შეჰყრია. პოლიტიკური პარანოია გარდაუვალია ტოტალიტარული აზროვნების ადამიანებისათვის. მუდმივი შიში დამახასიათებელია რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლებისთვის. თუ შევარდნაძისთვის მართვის ერთ-ერთი მეთოდი ხალხის კორუფციაში ჩათრევა იყო, ახლა სხვა მოდელი მუშაობს: ადამიანებს აიძულებენ, კანონი დაარღვიონ და შემდეგ შანტაჟით მართონ. ამიტომ პოლიტიკური პარანოია გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისა, რასაც შველიან ხოლმე. ეიფორიაში მყოფი ამ ადამიანებისაგან გამორიცხული არ არის, რეპრესიებიც დაიწყონ, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანს. ამ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს არ არის კეთილგონიერი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადადგამს რაიმე ნაბიჯს. ამიტომ მათი კუთხეში მიყენებაც სახიფათოა. სერიოზული პოლიტიკური ძალის ფორმირების შემთხვევაში მოვლენების მშვიდობიანი და ნორმალური განვითარების შანსი არსებობს, რადგან არა მგონია, სახელისუფლებო წრეებში ყველა ერთნაირად იყოს აყოლილი პოლიტიკურ პარანოიას. ვფიქრობ, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა კონსტიტუციური რეფორმების ჩატარებაა, რათა შეიცვალოს ხელისუფლების უზურპაციული სისტემა.

ხელისუფლებას ძლიერი ბერკეტები აქვს არჩევნების თავის სასარგებლოდ წარსამართავად. როგორ ფიქრობთ, გაუწევს ოპოზიცია ღირსეულ მეტოქეობას?

- არჩევნები უკვე წარმართეს ისე, როგორც თვითონ სურდათ. ისეთი საარჩევნო კანონი მიიღეს, როგორიც უნდოდათ. ისეთი საარჩევნო კომისიები შექმნეს, როგორიც თავად აძლევდათ ხელს. ისეთი საბიუჯეტო სისტემა შექმნეს, რომლითაც საშუალება მიეცათ, დაახლოებით 350 მლნ ლარი საარჩევნოდ გამოიყენონ. უგულავას პორტრეტების გარეშე ექსკავატორები ვერ მუშაობენ? რა, ქუჩას ვერ გადათხრიდნენ მისი პორტრეტის გარეშე? ფაქტია, რეკლამას საბიუჯეტო სახსრებით იკეთებენ. მიუხედავად ამისა, მთავარია, პოლიტიკოსებსაც და მოქალაქეებსაც მარათონელის და არა სპრინტერის თვისება აღმოგვაჩნდეს. ამ არჩევნებში გამარჯვება უნდა დავისახოთ მიზნად, მაგრამ ფინიშზე მეორე ადგილზე მირბენა, შესაძლოა, სწორედ ის იმპულსი აღმოჩნდეს, რომლითაც პირველ ადგილზე გასვლაში ძალადახარჯულ ხელისუფლებას შემდგომ ეტაპზე გადავუსწრებთ, რადგან ძალასა და მხარდაჭერას შევიძენთ. დღეს მთავარია, რევოლუციით იმედგაცრუებულ მოქალაქეებს იმედი დავუბრუნოთ და აქტიური პოლიტიკისკენ შემოვაბრუნოთ.

რას გეუბნებათ პოლიტიკური ინტუიცია, საით აღმოჩნდება პატარკაციშვილი - ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხარეს?

- მიმაჩნია, რომ ყველა, ვისაც აქვს თავისუფლების მაღალი ხარისხი, ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდება. ჩვენს მხარეს არის თავისუფლება, სამართლიანი კონკურენციის შესაძლებლობა, ღირსებაზე უარის თქმის გარეშე სასიკეთო საქმეების კეთება... “რესპუბლიკელებიც” და ბევრი ჩვენი პარტნიორიც პრინციპულად წინააღმდეგი ვართ “ახალი მესიის” გამოჩეკისა, სულერთია, ვინც უნდა იყოს ის. ჩვენ რთული გზა ავირჩიეთ. არჩევნებს მარტივად იგებს ე. წ. მესია და ეს გამარჯვება, ფაქტობრივად, დამარცხებაა, ამიტომ ამ გზას არ დავადგებით. მთავარია, რამდენიმე ლიდერმა გუნდური თამაში შეძლოს, რაც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე.