რას უმალავს მეუღლე გურამ შარაძეს?

რას უმალავს მეუღლე გურამ შარაძეს?

პროფესორი, აკადემიკოსი გურამ  შარაძე, რამდენიმე დღეში  66 წლის შესრულდება.

- მთელი დატვირთვით ვმუშაობდი აკაკი წერეთლის მრავალტომეულზე და არც მეცალა დაბადების დღისთვის. მეორე ტომი ამ დღეებში გამოვა, სულ ხუთი უნდა იყოს... ისედაც, ჩემი ლაშიკოს ტრაგედიის შემდეგ, 1998 წლიდან, არც დაბადების დღე და არც სხვა დღესასწაული აღარ მახარებს.

გამორჩეული დაბადების დღე როდის გქონდათ?

- მაშინ სტუდენტი ვიყავი, ჩემ კურსელს, ჩემს მომავალ მეუღლეს, ცალმხრივად შევტრფოდი. გადავწყვიტე, ჩვენი საზიარო მეგობარი ქალების დახმარებით ჩემს დაბადების დღეზე მომეტყუებინა. ეს მოხდა 47 წლის წინათ. ამ დაბადების დღის შემდეგ მასში გაჩნდა სიყვარულის ნაპერწკალი, ჩემში კი უფრო გაძლიერდა. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარია.

წელს ახლობლებმა როგორ მოგილოცეს, რა გისახსოვრეს?

- შვილიშვილებისგან ყველაზე დიდი საჩუქარი ის არის, რომ მათი ნახვა შემიძლია. თანამშრომლებმა შოკოლადის ნაკრები მომართვეს, წითელი ღვინოც შემასვეს, რაც მე მკლავს.

რატომ?

-ამბობენ სიცოცხლის ელექსირიაო, მაგრამ ერთი წვეთიც კი ალერგიას მაძლევს. მაგრამ არაფერია, მის გარეშეც არ ვგრძნობ ელექსირის დანაკლისს.

აი, ეს მომწონს, ახლა, მეუღლეზეც მითხარით, რით გაგახარათ?

- სვეტლანამ ისეთი საჩუქარი გამიკეთა ამ დაბადების დღისთვის... მარტში სახლის წინ ავტოკატასტროფაში მოხვდა და მადლობა უფალს, რომ ათასიდან ის ერთი გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელიც ამ შემთხვევაში სიცოცხლეს ინარჩუნებს... სხვათა შორის, ჩემი მეუღლე თქვენი გაზეთის დაუძინებელი მკითხველია. ჩემგან დამალვით კითხულობს ხოლმე და სანამ ბოლომდე არ ჩაამთავრებს, ხელში არ მიგდებს...