„გერმანიას საქართველო არ უყვარს“

„გერმანიას საქართველო არ უყვარს“

(იბეჭდება შემოკლებით)

ჩვენ არ ვიცით, რა შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლებაზე ტალიავინისად წოდებული კომისიის დასკვნამ (საჯარო შთაბეჭდილებები არ ითვლება), სამაგიეროდ, აშკარაა, რომ ხელისუფლების მოქმედების ტაქტიკაში ცვლილებაა.

ამის ერთ-ერთ დასტურად პრეზიდენტის სასახლეში (მართალია, ბ-ნი ლანდსბერგისის დაჯილდოებისას) ნოდარ ნათაძის, აკაკი ასათიანისა და კონსტანტინე გამსახურდიას მიწვევაც გამოდგება (ყოველ შემთხვევაში, პირადად მე ასეთ ფაქტს ჩვეულებრივს ვერ ვუწოდებ).

მეტიც, პრეზიდენტმა ზემოჩამოთვლილების მისამართით არც კეთილი სიტყვები დაიშურა (რაც, მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა). ჩვენც პრეზიდენტის სასახლის ერთ-ერთ სტუმარს ნოდარ ნათაძეს მივაშურეთ და პრეზიდენტთან სტუმრობაზე, ევროკომისიის დასკვნასა და რუსულ ოცნებებზე (განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებაში) გავესაუბრეთ.

მახსოვს რა თქვენი შეფასება, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალი სერგო ორჯონიკიძეაო, გამიკვირდა თქვენი ნახვა პრეზიდენტის სასახლეში. როგორ მიგიწვიეს?

- წინა დღეს დამირეკეს კანცელარიიდან, ვგეგმავთ ლანდსბერგისის დაჯილდოებას და მობრძანდითო. ლანდსბერგისს ოცი წელია, ვიცნობ, ალბათ, ის მომიკითხავდა, ცოცხალია თუ არაო და, თუ ცოცხალია, აქ რატომ არ არისო. შეიძლება, ამიტომაც მიმიწვიეს. პირადად მე, მაინტერესებდა ლანდსბერგისთან ლაპარაკი, მისი აზრი ტალიავინის დოკუმენტის შესახებ და ჩემდა სასიამოვნოდ აღმოჩნდა, რომ მას ეს დოკუმენტი ისე ესმის, როგორც მე. ეს დოკუმენტი ბევრად უფრო საზიზღარია თავისი განწყობით, ვიდრე მეგონა. მაგრამ მსოფლიოს საზოგადოებრივმა აზრმა ისე გატეხა, რომ ობიექტურად მაინც ჩვენს სასარგებლოდაა. მართალია, რუსეთი გათახსირებულია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ფაქტი დამალულია. მაგალითად, დოკუმენტი ამბობს, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი, ეს კი ასე არ არის! პირდაპირ გეცემათ თვალში რუსული სტილი და ფრაზები. დასკვნის ბოლოს ჩამოთვლილია კომისიის წევრები: ექვსი იურისტი-ექსპერტია, მათგან სამი გერმანელია და ერთიც გერმანულენოვანი შვეიცარიელი. საიდან ასეთი პროპორცია?! ევროპაში გერმანული იურიდიული სკოლების გარდა, სხვა იურიდიული სკოლები არ არის?!

რა დავუშავეთ ასეთი გერმანიას? ცნობილია, რომ ის მთელი ძალით უწევს წინააღმდეგობას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასაც?

- ადრე დავბეჭდე ჩვენს გაზეთში, ოღონდ ფსევდონიმით, წერილი, თუ რატომ არ უნდა გერმანიას ჩვენი ნატოში ყოფნა. ახლა ამ საკითხზე უკვე აშკარად შეიძლება ლაპარაკი. ორი საუკუნის განმავლობაში, პეტრე პირველიდან ნიკოლოზ მეორემდე, რუსული რესურსი და გერმანული ტვინი ერთად მუშაობდა. ახლა მათ აი, იმ თანამშრომლობის აღდგენა ენატრებათ, რომ გერმანულმა ტვინმა და რუსულმა რესურსმა შექმნან კომპლექსი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ამერიკასაც, დანარჩენ ევროპასაც და ვისაც გნებავთ, იმასაც. ამერიკას კი ეს არ უნდა. რადგან მისი სტრატეგიული ხაზია შუა აზიაზე შეტევა.

ჩვენთან რატომღაც მიჯნავენ და ამბობენ, რომ დასკვნა სახიფათოა ხელისუფლებისთვისო, რით შეიძლება, ავნოს ან არგოს ჩვენს ქვეყანას ამ დასკვნამ?

- ქვეყანა პასუხისმგებელია თავისი ხელისუფლის მოქმედებაზე. მე ვამბობდი: სააკაშვილმა გაისროლა მაშინ, როდესაც რუსმა უბრძანა; გაისროლა იმ ტიპის ჭურვი, რომელიც რუსმა უბრძანა და გაისროლა იმ მიმართულებით, საითაც რუსმა უბრძანა. ეს მოსაზრება ძალაში რჩება, მაგრამ ერთი მომენტი უნდა დავუმატო: საკითხის დასმა, სააკაშვილმა დაიწყო ომი თუ რუსმა, არ არის ადეკვატური, იმიტომ რომ ომი, რასაკვირველია, რუსმა დაიწყო, რადგან სააკაშვილს ომის დაწყების ამოცანა არ ანდო! რუსმა ომი დაიწყო მანევრით, ანუ შეიარაღებული ძალების გადაადგილებით, რაც ისეთივე მოქმედებაა, როგორც სროლა. ჯერ შემოვიდა, გამაგრდა, პოზიციები დაიკავა, ესე იგი ომი მოიგო და შემდეგ დაავალა სააკაშვილს ომის დაწყების სიმულაცია, ანუ სააკაშვილმა ისიმულიანტა, რომ ომი მან დაიწყო. მან გაისროლა ცარიელი ქალაქისკენ, საიდანაც მოსახლეობა გასული იყო, იმის მაგივრად, რომ გაესროლა როკის გვირაბისკენ და ქალაქი დაეტოვებინა ზურგში. როგორც მოხსენებიდან ჩანს, გაისროლა „გრადი“, რის სროლაც მიღებული არ არის. კიდევ ერთი: თუ სააკაშვილმა იცოდა, რომ რუსები შემოდიოდნენ, მაშინ რატომ არ გააკეთა ოფიციალური განცხადება?! ამ შემთხვევაში, ტალიავინი ხომ ვერ დაწერდა, ვერ დასტურდება, რომ 7 და 8 აგვისტოს რუსული ჯარი შემოდიოდაო. სააკაშვილის კიდევ ერთი ღალატია ის, რომ მან არ გაუუქმა სამშვიდობო ძალებს მანდატი, ანუ რუსს დაუტოვა უფლება, რომ მესროლოს, მე კი წამართვა უფლება, რომ ვესროლო. ამას სხვა ახსნა, გარდა სახელმწიფო ღალატისა, არ აქვს. ლუპით წავიკითხე საქართველოს მთავრობის ორასგვერდიანი მოხსენება აგვისტოს ომის შესახებ. მოხსენება ორენოვანია, სპეციალობით ლინგვისტი ვარ და ასეთი რამ არ უნდა შემეშალოს: მოხსენების ნახევარი ქართულიდანაა ნათარგმნი ინგლისურად, ნახევარი ინგლისურიდან - ქართულად. პირველი ნახევარი არის სულელების, ანუ ჩვენების დაწერილი, მეორე ნაწილი კი, მოწვეული სპეციალისტების მიერ დაწერილი უმაღლესი დონის იურიდიული ანალიზია, რომელშიც გაანალიზებულია, რომ რუსეთს სამხედრო ჩარევის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა! ეს ფაქტორი რომ არა, ტალიავინის კომისიის დასკვნა იქნებოდა ისეთი, როგორც ეს შეესაბამება ტალიავინის და არა მსოფლიო საზოგადოების სულისკვეთებას.

თუმცა, რადგან ტალიავინი დანიშნეს ამ კომისიის ხელმძღვანელად, ესე იგი, მსოფლიო საზოგადოების სულისკვეთებაც ასეთია?

- არა, ევროკავშირმა გამოხატა თავისი შეშფოთება და არც მწვადი დაწვა და არც შამფური. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს დოკუმენტი მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ მოიწონა იმიტომ, რომ ამით რუსებს გააწნა სილა, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ინტერესებიც იყოს დაცული. დოკუმენტში კი არსად წერია, რომ არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ ბუნებაში არ არსებობს. სააკაშვილმა იმის უფლება მისცა თავის თავს, რომ დაეთანხმა საქართველოში „სამხრეთ ოსეთის“ არსებობას. კრიმინალი სანაკოევი, რომელიც თოფს გვესროდა, აარჩევინა პრეზიდენტად. არადა სანაკოევი უნდა დაეჭირა, როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი. სხვათა შორის, პირველად ვამბობ ამას ინტერვიუში: სააკაშვილმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ფრანგულ „მონდში“, სადაც გამოთქვა კონცეფცია, რომელიც დედამიწაზე არაფერს შეესაბამება, გარდა საქართველოში მცხოვრები გაქართველებული, ინტელიგენტი ოსების იდეოლოგიისა, მაგრამ ისეთი ინტელიგენტი ოსებისა, რომლებიც ჰუმანიტარები არ არიან. სააკაშვილმა თქვა: საქართველოში ოსები მრავალი საუკუნეა, ცხოვრობენ, თამარ მეფე იყო ოსი (სინამდვილეში მას დედა ჰყავდა ოსი), ოსი იყო დავით სოსლანიც და: ასევე, ის იყო თავისი დროის უდიდესი მთავარსარდალი და ასე შემდეგ. მართალია, დავით სოსლანი იყო მთავარსარდალი, მაგრამ არა უდიდესი, თანაც ის იყო ბაგრატიონი. მისი გვარი, რომელიც ნამდვილ ოსეთში, ანუ ჩრდილოეთ ოსეთში მეფობდა, ჩვენს დინასტიას გამოეყო გიორგი პირველის დროიდან. ქართველი მემატიანე დავით სოსლანს ოსს უწოდებს რითმისთვის. საიდან შეიძლება, ჰქონდეს ეს იდეოლოგია სააკაშვილს? მხოლოდ და მხოლოდ ოჯახიდან. ამიტომ შესაძლებელია, რომ მის ამ პროოსურ და ანტიქართულ მიმართულებაში წარმოშობაც ასრულებდეს როლს. ეს აზრი დამებადა მას შემდეგ, რაც ის ინტერვიუ წავიკითხე.

გასაგებია, რომ ევროკავშირმა სილა გააწნა რუსეთს, მაგრამ ეს სილა სილად დარჩება და მეტი არაფერი?

- კომისიის დასკვნა გაამყარებს მსოფლიო მოთხოვნებს: გაიყვანე ჯარი, გააუქმე აღიარება, დააბრუნე დევნილები. იურიდიული თვალსაზრისით არანაირ როლს არ ასრულებს ის, გაისროლა თუ არა სააკაშვილმა პირველმა, იმიტომ რომ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ვინმე თოფს ისვრის, მე ვალდებული ვარ, მას ვესროლო. მაგრამ, რომ დამტკიცებულიყო, როგორც რუსს უნდოდა, რომ ჩვენ ჩავიდინეთ გენოციდი, ეს უკვე კოსოვოს პრეცედენტის ძალით ქმნის საფუძველს, რომ ის ტერიტორია გამოეყოს ამ სახელმწიფოს.