ამიერიდან მდინარის ხეობაში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა გამკაცრდება, მანამდე კი კითხვები ჩნდება ლავრენტი ბერიას პროექტთან დაკავშირებით - უნდა გაუქმდეს თუ არა რამდენიმე უბნისა და ქუჩის შემაკავშირებელი გმირთა მოედანი? ამასთან, ხომ არ შეიცავს რისკებს ნაციონალების დროს ასე პომპეზურად აშენებული ესტაკადა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი კვანძია?
წინათ გმირთა მოედნის ტერიტორია თბილისის შემოსასვლელად ითვლებოდა და აქ მთავრდებოდა საქართველოს სამხედრო გზა. დღევანდელი ცირკის მახლობლად 1846 წლიდან თუჯის დიდი ჯვარი იდგა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის გადარჩენის აღსანიშნავად, რომელიც სასწაულებრივად გადარჩენია სიკვდილს, როცა 1837 წელს ტფილისიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით მიმავალს ეტლი გადაბრუნებია. ამ ჯვარს თბილისელები „ვერის ჯვარს” უწოდებდნენ. მოგვიანებით „ვერის ჯვარი” მოედნის გაფართოებასა და რეკონსტრუქციას შეეწირა და ის ქედი, სადაც ჯვარი იდგა, ლავრენტი ბერიას პერიოდში აიღეს.
გმირთა მოედანს სახელწოდება საბჭოთა კავშირის პირველი გმირების – გემ „ჩელუსკინის” ეკიპაჟის გადამრჩენი მფრინავების პატივსაცემად 1934 წელს ეწოდა. ახალი მოედნის გაჩენა თბილისის საგრძნობმა გაფართოებამ განაპირობა, რაც 1922 წელს დაიწყო, ხოლო ზოოპარკის გაშენებამ მოედანს საზოგადოებრივი მნიშვნელობა შესძინა. მოგვიანებით ვარაზისხევიც ამოივსო. 1939 წელს გმირთა მოედანზე აშენდა იმ დროის თბილისის ყველაზე მაღალი შენობა – 11-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის არქიტექტორი კალაშნიკოვი გახლდათ.
11-სართულიანის მშენებლობის პარალელურად, აშენდა პირველი 100-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. 1940 წელს კი, 11-სართულიანის მოპირდაპირე მხარეს, ბორცვზე აშენდა თბილისის ცირკის შენობა.
1970-იან წლებში აუცილებელი გახდა მოედნის ორნახევარჯერ გაფართოება, რამაც მისი სრული რეკონსტრუქცია გამოიწვია, მოეწყო მიწისქვეშა გვირაბი, თუმცა, რეკონსტრუქციის შედეგად მოედანმა დაკარგა საფეხმავლო ფუნქცია. 2006-2012 წლებში განხორციელებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა კი მთლიანად შეცვალა მოედნის იერი, აშენებულმა ესტაკადებმა და ახალმა გზებმა მოედანს სრულიად ახალი ფუნქცია შესძინა.
დღეს სწორედ ეს ფუნქცია ხდება განსჯის საგანი, მაგრამ პრობლემაა ის, რომ გმირთა მოედანმა უკვე დასრულებული სახე მიიღო და მასში ხელოვნურად ჩარევა, ალბათ, დაგვიანებულია.
კავკასიის გარემოსდაცვით ორგანიზაციაში (CENN-ი) განმარტავენ, რომ 13 ივნისის ძლიერი წყალდიდობის მსგავსი მომავალში განმეორდება. ამიტომ სამომავლო სტიქიების თავიდან აცილების რეკომენდაციას იძლევიან.
იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მდინარე ვერეს ხეობას დაბრუნებოდა ბუნებრივ-მორფოლოგიური იერი, თუმცა დღეს ამის მიღწევა არარეალურია. მაშინ საჭირო გახდება გმირთა მოედნის გაუქმება, მისი ზედაპირის ქვეშ მდინარის ხეობის აღდგენა, ყველა საინჟინრო ნაგებობის (სახლები, გზები, გვირაბები და სხვ.) გაუქმება და ა.შ. გარდა ამისა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მდინარე ვერეს აუზში თუ მოხდება ბუნებრივი ტყის აღდგენა, მაშინ კატასტროფული წყალდიდობების რისკი შემცირდება, მაგრამ ასეთი ღონისძიების გატარებას, სულ მცირე, 40-50 წელი დასჭირდება“, - აღნიშნულია CENN-ის კვლევაში.
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN-ი) პროექტის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გმირთა მოედნის გაუქმება, შესაბამისად, ახალი გზის გაუქმება, იქიდან საცხოვრებელი კორპუსების აღება და მდინარისთვის პირველადი მორფოლოგიური სახის აღდგენა ძალზე არარეალურია. ამიტომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მაქსიმალურად შევამციროთ რისკები, დაშვებული შეცდომები, რაც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო, როცა მდინარის კალაპოტში სახლები გაჩნდა.
„ეს არ იყო პირველი შემთხვევა. როგორც კი აშენდა ეს გვირაბი, ზუსტად ორი წლის შემდეგ, ანუ 1961 წელს მოხდა ბუნებრივი კატასტროფა. მაშინვე გამოვლინდა, რომ სწორად არ იყო გათვლილი ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესოა ერთი ფაქტიც - ვიდრე აქ წყალგამტარი გვირაბი გაკეთდებოდა და ინსფრასტრუქტურა მოეწყობოდა, არსებობდა მე-18 საუკუნის აკვედუკი (წყალსატარი არხი, რომლითაც წყალი თვითდინებით მიემართება), რომელიც ძალიან კარგად უზრუნველყოფდა წყლის ნებისმიერი ხარჯის გატარებას. ანუ ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში საინჟინროდ უფრო გამართული პროექტი არსებობდა, მაშინ, როცა შემდგომში აქ სწორედ წყლის გატარების პრობლემა შეიქმნა. რა საშუალებები გვაქვს დღეს, რომ მომავალში მზად დავხვდეთ სტიქიურ მოვლენებს? ამის საშუალებები რეალურად არსებობს. პირველ რიგში, ვიცით, რომ ამ გვირაბების წყალგამტარობა იყო შეზღუდული და დიდი რაოდენობით წყალს ვერ გაატარებდა. ამიტომ საჭიროა, გაიზარდოს ამ გვირაბების გამტარობა და დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს აღნიშნული გვირაბების მუდმივი გაწმენდა. რაც შეეხება ესტაკადაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების საფრთხეს, არა მგონია, ამ ეტაპზე არსებობდეს რაიმე ფაქტობრივი გარემოებები, რომ ამ პროექტის მდგრადობა ეჭვქვეშ დადგეს. საფრთხე, რომ ამ ესტაკადას წაიღებს მდინარე ვერე, არ არსებობს. თუ ამ ესტაკადას აქვს მდგრადობის პრობლემა, ამას სხვა კვლევა სჭირდება. ჩვენ ვსაუბრობთ ბუნებრივი ტყის აღდგენაზეც მდინარე ვერეს აუზში, 32 კილომეტრის პერიმეტრზე.
როგორც გარემოსდამცველმა, შემიძლია გითხრათ, რომ საბჭოთა პერიოდში გარემოს დაცვის საკითხები არ იყო ასეთ დონეზე პრიორიტეტული, არ არსებობდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და რისკების პროცედურები, რაც დღეს თანამედროვე მსოფლიოში გამოიყენება. არადა, ნებისმიერ პროექტს უნდა ჰქონდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რისკების ანალიზი, ალტერნატივის მოძიება და ეს უნდა იყოს განხილული მეცნიერებთან, საზოგადოებასთან. მე არ ვამბობ, რომ დღეს ამ მხრივ გაცილებით წინ ვართ. ბევრ კონვენციასაც მივუერთდით, მაგრამ, სინამდვილეში, წინ არ წავსულვართ.
მარტო მდინარე ვერე არ არის ერთადერთი პრობლემა, თბილისში ასზე მეტი მდინარეა და არცთუ ნაკლებ სახიფათო“, -აღნიშნა რეზო გეთიაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ თბილისში არახელსაყრელი პირობებია მშენებლობისა და საინჟინრო გეოლოგიისთვის, თუნდაც მდინარეების და მათი ჰიდროლოგიური რეჟიმის თვალსაზრისით. ქალაქის მშენებლობა განვითარდა ისეთ ტერიტორიებზე, სადაც მაინცდამაინც არ იყო ხელსაყრელი პირობები მშენებლობისთვის. საბჭოთა პერიოდში ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ალბათ, უფრო მეტი შეცდომა იყო დაშვებული შემდგომში, როცა სტიქიურად მიმდინარეობდა მშენებლობები. ამიტომ მდინარე ვერეს მიდამოების მწვანე ზონად გადაქცევა აუცილებელია. თბილისის ცენტრში ეს ერთ-ერთი უკანასკნელი რეკრიაციული ზონა იქნება, რადგან ბოლო პერიოდში თბილისში 50-მდე მწვანე ზოლი გაუქმდა. გარდა ამისა, აქ არსებობს ძალზე ბინძური კომერციული ინტერესები, ამ ტერიტორიაზე მიწა ძვირი ღირს.
„ჩვენ არ შეგვიძლია, მთელი რესურსი ავიღოთ და მარტო ვერეს ხეობისთვის გავიღოთ, რაციონალურად უნდა გადავანაწილოთ რესურსები. შეიძლება, ამ ხეობაში პრობლემები ავიცილოთ, მაგრამ იგივე ხვალ სხვაგან დაგვემართოს. ამისთვის ყველაზე სწორი მიდგომაა ბრძოლა არა შედეგებთან, არამედ მიზეზებთან. ამ ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მიზეზი კი ტყეების დეგრადაციაა. 20 და 30 წელიწადში ისე უნდა დაიგეგმოს ტყეების მართვა და მენეჯმენტი, რომ როგორმე მოვახერხოთ ამ ტყეებისა და ეკოსისტემების აღდგენა, რაც მომავალში რისკებს აგვაცილებს. დღეს ამ ტყეებიდან გამოგვაქვს 5-10-ჯერ მეტი რესურსი, რისი მოცემაც ტყეს შეუძლია. ამ რესურსს მოვიხმართ ერთი მარტივი, ბანალური საჭიროებისთვის - მოსახლეობის გასათბობად. ასე დაიწყო თბილისის გარშემო ეკოსისტემების დეგრადაცია. მართალია, დღეს თბილისში შეშით აღარ თბება ხალხი, მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის 80% შეშით თბება, ისევე, როგორც მე-19 საუკუნეში. საქართველოს ნებისმიერ მდინარესთან გვხვდება ღვარცოფით ამოვსებული კალაპოტები, დეგრადირებული აუზები, ამას მოსდევს ყოველწლიური წყალდიდობები, ტრაგედიები, კალაპოტებში ჩასახლებული ხალხი. მაგალითად, ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული მდინარე ხოდაშენის ხევი ალავერდის მონასტერს უქმნის საფრთხეს, ორჯერ იყო წყალდიდობა, დაიტბორა მონასტერი, დიდი თანხა დახარჯა სახელმწიფომ, რომ დროებით გადადოს ეს პრობლემა, მაგრამ იმ მდინარის აუზში, რამაც მდინარეს კატასტროფული ხასიათი მისცა, დღესაც მიმდინარეობს საშეშე რესურსის გამოტანა არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ სხვა რეგიონებისთვისაც. ანუ აქ არის გაშლილი შეშის ბიზნესი“, - აცხადებს ექსპერტი.