ვინ გახადა პოპულარული სეფაშვილი  და წურწუმია

ვინ გახადა პოპულარული სეფაშვილი და წურწუმია

(იბეჭდება შემოკლებით)

გაინტერესებთ, როგორია პოპულარობა და საერთოდ, როგორ უნდა გახდე ადგილობრივ მაქსიმუმ - ვარსკვლავი და მინიმუმ - პოპულარული?

უფრო ადვილად გასაგები რომ გახდეს, როგორ უნდა მიაღწიო პოპულარობას, რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.

მერაბ სეფაშვილი - მერაბის კარიერა ბავშვობიდან დაიწყო. იგი ცნობილი მუსიკოსის და კოლორიტის შვილია. თუმცა, დღეს ბატონ ედუარდს უფრო ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მერაბის მამას.

იყო დრო, როცა მერაბი სცენიდან თითქმის გაქრა, ეს ის პერიოდია, როცა ფაქტობრივად, არავინ მღეროდა. ძველი სიმღერებიდან ყველაზე მეტად საზოგადოებას ჯემალ სეფიაშვილის „თეთრი რაში“ ახსოვს.

მისი დაბრუნება ფილარმონიაში გრანდიოზული შოუ-კონცერტით (1998-2000 წლებში) აღინიშნა და ეს დღეს უკვე „არტ იმედის“ არტ-დირექტორის მარინა ბერიძის დამსახურება გახლავთ. სეფაშვილი, ძირითადად, ძველი სიმღერების რემიქსებით აღზევდა, რომელთაგანაც ბევრი მის მეგობარს, გია მაჭარაშვილს ეკუთვნის. იმის გარდა, რომ მერაბი „არტ იმედის“ ერთ-ერთი ფავორიტია, ჯულია ხოფერიას სახითაც ჰყავს მფარველი, რომელიც მისი კლიპების და კონცერტების სპონსორად გვევლინება.

დათო ხუჯაძე მერაბთან შედარებით ესტრადისთვის ჯერ ბავშვია, თუმცა, ქართულ შოუ-ბიზნესში ვეტერანად ითვლება. ვინ შექმნა ხუჯაძე? ამაზე დღეს ბევრს დაობენ. ვფიქრობთ, ქვემოთ მოყვანილი ფაქტების მიხედვით, ამაზე პრეტენზია მისი მშობლების გარდა, არავის უნდა ჰქონდეს.

„ლახტი“, „ამბრიონი“, „ვერნისაჟი“, „ფლეში“ და ჯგუფი „სახე“ - ამ ჯგუფებში დათო წამყვანი სახე იყო, მან ყველანაირი პოპულარობა გამოსცადა.

„სახის“ პარალელურად, ჯგუფის ზენიტის დროს დათომ სოლო-კარიერა დაიწყო. პირველად იგი „ფლეშის“ სიმღერით - „ბათუმი“ დაგვამახსოვრდა. შემდეგ - „სახის“ „შენ რა სექსი ხარ“ და სოლო-კარიერის დროს „ლალის“, „ჩიტო-გვრიტოს“ შესრულებით. მისმა ბოლო ორმა ჰიტმა - „არ მინდა, გული გატკინო“ და „მეგობრებთან ერთად“ წლის ყველა რეკორდი მოხსნა.

კარიერის დასაწყისშივე პირველივე გამოსვლებით ის მრავალი ჯილდოს პატრონი ხდება, შემდეგ იწყებს თანამშრომლობას იმ დროს „ქუჩის ბიჭების“ მენეჯერთან ნატო დუმბაძესთან. ხუჯაძე იღებს გრან-პრის „სლავიანსკი ბაზარზე“. იშლება „სახე“. ხუჯაძე ერთადერთი მომღერალი მამაკაცია, რომელმაც ზედიზედ ორ წელიწადს სპორტის სასახლე გაავსო.

დღეს ის ყველაზე ძვირადღირებული შემსრულებელია. მისი ჰარმონიული ტანდემი ნატო დუმბაძესთან მეორე სოლო-კონცერტის დამთავრებისთანავე, 2002 წლის 17 დეკემბერს დაირღვა, ამის მიზეზადაც უამრავი ფაქტორი სახელდება, მათ შორის - ფინანსურიც და პირადულიც. ისევე, როგორც სოლო-კარიერის დასაწყისში, ნატოსთან თანამშრომლობის  შეწყვეტის შემდეგ მას პროფესიულ კრახს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა. ის არც „არტ იმედში“ შესულა. დათო უკანასკნელ წლებში ყველა ფესტივალის ტრიუმფატორია, თანაც რამდენიმე ნომინაციაში.

ადგილობრივ არჩევნებში მომღერალი „გაერთიანებული დემოკრატების“ სახე იყო, საპარლამენტოზე უკვე - „აღორძინების“.

დღეს დათო ხუჯაძე „აკვა პარკის“ დირექტორიც გახლავთ. ვისთან ერთად არის ხუჯაძე? არც არავისთან. ის ძირითადად, ბავშვობის მეგობრების წრეშია, შოუ-ბიზნესის „ტუსოვკებზე“ ნაკლებად ჩნდება და იმღერებს თუ არა, გარბის.

ლელა წურწუმია. ვინ მოიყვანა დღემდე ლელა? აშკარაა, რომ მხოლოდ საკუთარმა თავმა. მან ჩვეულებრივად დაიწყო, ოღონდ ჩვეულებრივად - უცხოეთის შოუ-ბიზნესისთვის.

ლელა მღეროდა კაზინო „ევროპაში“, რომელიც რჩეულიშვილებისა და არველაძეების საკუთრება იყო. იქ გაიცნო მამულიჩა - კახა მამულაშვილი, რომელიც მისი უფროსი გახლდათ. დღეს კი კახა მეუღლეობასთან ერთად მის მენეჯერობასაც ითავსებს.

პირველად ლელა სმკ-ს „გიხაროდენში“ გამოჩნდა, მან კარიერა ნატო გელაშვილის სიმღერებით დაიწყო, თუმცა, პოპულარობა ზურა დოიჯაშვილთან ჩაწერილმა დუეტმა „მე ისევ მოვალ შენთან“ მოუტანა.

ლელამ ძალიან ბევრი იბრძოლა, ცნობილი ფაქტია, რომ ის ძნელად მიიღეს და როცა მისი დღევანდელი დიდების შარავანდედით ბრმავდებიან, ხშირად იხსენებენ ხოლმე, რომ რესტორანის მომღერალი იყო.

იგი დღეს „არტ იმედის“ მსახიობია, ამბობენ, რომ სოლიდურ ხელფასსაც იღებს და განსაკუთრებული უფლებებითაც სარგებლობს. წურწუმიამ ყოველთვის იცის, რა უნდა, ვისგან უნდა და როგორ მიიღოს.