გუშინ, 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე საათით მოძრაობა შეჩერდა. ქალაქის ცენტრალური პროსპექტი „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით ჩატარებულმა აქციამ გადაკეტა, რომელსაც თავად ისინი „გამაფრთხილებელს“ უწოდებენ.
კობა დავითაშვილი: „ამ აქციით ჩვენ მხოლოდ ცსკო კი არა, მთლიანად ხელისუფლება გავაფრთხილეთ, რომ თუ ისინი ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს არ მისცემენ ფუნქციონირების საშუალებას, მაშინ თავად გააკეთებენ არჩევანს მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლასა და დესტაბილიზაციასა და რევოლუციას შორის.
თუ მთავრობა ხალხს არ აძლევს საშუალებას, უუფლებო საკრებულო შეცვალოს არჩევნების გზით, ეს ნიშნაცს იმას, რომ ამ გზით ვერც პარლამენტს და ვერც პრეზიდენტს ვერ შევცვლით. ამ სიტუაციაში კი ისღა გვრჩება, სხვა გზით - საჯარო აქციებით გავაგრძელოთ ბრძოლა. და ეს ბრძოლა გაგრძელდება, თუ პარასკევამდე არ გამოქვეყნდება საბოლოო მონაცემები, რომლის მოხედვითაც, სხვათა შორის, რამდენიმე მანდატი დაგვემატა. მაგრამ თუ ხელისუფლებას ეს მანდატები აშინებს, მათთვის დაგვითმია, უკვე მოპოვებული მანდატებითაც მშვენივრად შევძლებთ ხალხის ინტერესის დაცვას.
ასე რომ, პარასკევის შემდეგ ჩვენს აქციებს გამაფრთხილებელი ხასიათი აღარ ექნება, ჩვენ უკვე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გამოვალთ.“
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამატებით მანდატებს, ცსკო-ს თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე ამ ფაქტს უარყოფს.
„არავითარი დამატებითი მანდატები არ გამოკვეთილა. შეიძლება, გარკვეულ ეტაპზე ასეთ რამეს ჰქონდა ადგილი, მაგრამ საბოლოო შედეგის მისაღებად ჯერ მონაცემთა შედარებაა გასაკეთებელი. მე დღევანდელი აქციით გაკვირვებული ვარ, თუმცა, მათ რაც სურთ, ის მოიმოქმედონ, ოღონდ ჩვენ ხელს ნუ გვიშლიან და ნუ გვაჩქარებენ. ყველაფერი, ალბათ, ათიოდე დღეში გაირკვევა. დამიჯერეთ, მე ყველაზე მეტად მეჩქარება. მინდა რაც შეიძლება, მალე დასრულდეს ეს ყველაფერი,“ - აცხადებს ჯუმბერ ლომინაძე.