იური როსტი: მე ქართველი ვარ!...

იური როსტი: მე ქართველი ვარ!...

ჩემს მთავრობასა და პრეზიდენტთან ისეთივე დამოკიდებულება მაქვს, როგორიც მათ - ჩემთან: - მიმიფურთხებია მათთვის!

მიმიფურთხებია მათ გამგებლობაში მყოფი მოსახლეობისთვისაც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და განსაკუთრებით, წამყვანი სატელევიზიო ჟურნალისტებისთვისაც.

მათ არაფრისა რცხვენიათ...

დიდმა რუსმა მწერალმა ვიქტორ ასტაფიევმა, გულმავიწყობისა და გულგრილობის გამო, ჩვენს მოსახლეობას საჯაროდ “ძუკნა” უწოდა. მაგრამ ეს განსაზღვრება არ ეხება ხალხს, მათ, ვისაც რუსულ და ქართულ კულტურათა ნათესაობა ახსოვს, სარწმუნოების ერთიანობა ახსოვს. მათ, ვინც არ მონაწილეობს შოვინისტურ ისტერიკაში, მხარს არ უბამს ბნელეთის მოციქულობას და სიგიჟეს, რის გამოც, მერე შეგვრცხვება.

ორი საუკუნე ვეჩვეოდით ერთმანეთს, ვითმენდით ერთმანეთს, რათა აღმოცენებულიყო გრძნობა, რომელზეც ახლა ხელი აღმართეს რუსეთის დროებითმა მმართველებმა (საქართველოს ხელმძღვანელობის სისულელეებზე ქართველებმა წერონ!).

პოლიტიკაში უაზრობა მეწყერს ჰგავს. დღეს ნადირობაა გაჩაღებული ქართულგვარიან ადამიანებზე (დიდებზეც და პატარებზეც!), ხვალ ნოდარ დუმბაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, გალაკტიონ ტაბიძის წიგნებს დაწვავთ, თან პუშკინის და ლერმონტოვის, ანა ახმატოვას, ბორის პასტერნაკის, ოსიპ მანდელშტამის, ბელა ახმადულინას მიერ საქართველოზე დაწერილ და თარგმნილ ლექსებსაც მიაყოლებთ, აკრძალავთ გია ყანჩელის მუსიკას, რობერტ სტურუას სპექტაკლებს, გაანადგურებთ გიორგი დანელიას, ოთარ იოსელიანის, მარლენ ხუციევის, მიხეილ კალატოზოვის ფილმებს. დედაქალაქში ქართული სახელწოდების ქუჩებს სახელს შეუცვლით და წაშლით ხსოვნას. თქვენი ხსოვნაც წაიშლება, ხოლო საქართველო იცოცხლებს და ჩვენ, ვისაც გვიყვარდა ერთმანეთი და ვმეგობრობდით, კვლავ ვიმეგობრებთ და გვეყვარება, ერთმანეთს მხარში ვედგებით. წინააღმდეგობა რუსეთის ხალხსა და დაბრმავებულ ხელისუფლებას შორის ამ უკანასკნელის დამარცხებით დასრულდება.

ვისაც არავინ უყვარს, მას არავინ შეიყვარებს.

დღეს მე, რუსი კაცი, ვაცხადებ: - მე ქართველი ვარ და ვამაყობ ამით!