თბილისი წყალს ზემოთ დგას. ქალაქში მიწისქვეშა წყლების, პატარა მდინარეების, ნაკადულების დიდი ქსელია. განსაკუთრებით, შესასწავლია რუსთაველის, ვაკის მდგომარეობა. ვაკეში არის ორი მეწყერსაშიში ზონა - ფალიაშვილსა და მდინარე ვერეს ხეობაში, ყოფილი მე-9 საავადმყოფოს ქვემოთ, სადაც ახლა კორპუსებია აშენებული და კიდევ შენდება. გარდა ამისა, ნინო ჩხობაძის თქმით, ვაკეში გადის ვარაზისხევიც, ვარაზისხევის სათავეში კი დგას ახალი საცხოვრებელი კორპუსი...
ამას ემატება ბარნოვი, მისი ზედა ქუჩა, სადაც საშინლად იმოქმედა მოსახლეობამ და დიდი მშენებლობა წამოიწყო. სახიფათოა, ასევე, მამა დავითის ქედი, ლისის ქედი, თბილისის ზღვის სამხრეთი ფერდი და სხვა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვერეს ხეობა უნდა დაიცალოს. თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი ფიქრობს, რომ ვერეს ხეობაში არაფერი არ უნდა იყოს - არც წარმოება, არც საცხოვრებელი, არც ძაღლების თავშესაფარი, არც საფლავები. მით უფრო, რომ მდინარე ვერეს ფართობი თითქმის თბილისის ტერიტორიის ხელაა, ბეთანიიდან მტკვრამდე 22 კილომეტრია სწორი ხაზით და კიდევ უამრავი შენაერთია. ასე რომ, ეს არ არის უწყინარი მდინარე.
გეოგრაფი მერაბ ალავერდაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვერეს ხეობის წყალმოვარდნები შეიძლება კიდევ განმეორდეს, რაც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, უფრო და უფრო მატულობს. გეოგრაფი განმარტავს, რომ 4 ივნისს მოვარდნილმა წყალმა მისი ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიაც დატბორა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია 60-იან წლებში სწორედ ზოოპარკის დატბორვის შემდეგ შესაძლო საფრთხეების გასაანალიზებლად და პროგნოზირებისთვის შეიქმნა, თუმცა კარგა ხანია, მათი დასკვნებით სახელმწიფო უწყებები აღარ ინტერესდებიან.
გივი სვანიძის ქუჩაზე მასშტაბური დარტყმა განხორციელდა. ფაქტობრივად, ეს იყო მდინარე ვერეს საკუთარი ტერიტორია, მთის მდინარის ჭალა და ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის დასახლება არ უნდა მომხდარიყო. კომუნისტებს ასეთი რამეები არ ეშლებოდათ. რატომ არ აიკრძალა დასახლებების მშენებლობა წყნეთის ან სვანეთის სარისკო ქუჩებზე? რატომ არ გაითვალისწინეს მდინარე ვერეს შესაძლებლობი?
- კომუნისტებს არ ეშლებოდათ, მაგრამ ბევრი შეცდომა არსებობს ცხოვრებაში, საშიშროებას ვერ ითვალისწინებენ და შედეგიც ახლა მივიღეთ. ეს არის 1%-იანი უზრუნველყოფა, ანუ 100 წელიწადში ერთხელ მეორდება ასეთი რამ. 1960 წლის 4 ივლისს მდინარე ვერეზე დიდი წყალმოვარდნა განხორციელდა, მაგრამ ძალიან ბევრი წინაპირობა უძღოდა ამ ტრაგედიას. ფაქტობრივად, კლდე იშლებოდა. ეს იყო ეროზიული პროცესი. ვამბობდი კიდეც, რომ ასეთი ეროზიული პროცესი, ამ კლდის ასეთი ნგრევა არ მინახავს. მერიას გავაწმენდინე დიდი ლოდები, ნაპირსამაგრი დავაყენებინე ამ მდინარეზე, უშუალოდ ჩემი ტერიტორიის სანაპიროზე, რომელიც ინტენსიურად იშლებოდა. ვამბობდი, 40 წელია, სტუდენტობიდან მოყოლებული, ამ ლაბორატორიაში ვარ, 36 წელია მისი გამგე გახლავართ და ასეთი შლა არ მინახავს-თქო. პროგნოზი რომ გაეკეთებინა გარემოს დაცვის დეპარტამენტს, ცოტა შეუძლებელი იყო. ეს მოხდა ქანების დამძიმებით, რაც კატასტროფულმა ნალექმა გამოიწვია.
თქვენც ფიქრობთ, რომ სვანიძის ქუჩის მოსახლეობა უნდა აიყაროს ამ ზონიდან? 60-იან წლებში, როცა მდინარე ვერსეს ხეობა ადიდდა, აქ სახლები თითქმის არ იყო.
- 60-იან წლებში მოსახლეობა მანდ მცირე რაოდენობით ცხოვრობდა, მერე ნელ-ნელა მოიმატა. დაიწყეს მდინარის გვერდით ფართობების ათვისება, შეავიწროეს მდინარე. წყნეთის ქუჩიდან მოყოლებული, შეავიწროვეს მდინარე და შედეგიც ასეთი დადგა. დღესაც ზოგიერთი მოსახლე არ აპირებს გასვლას, ისევ ამ ადგილას უნდათ ცხოვრება, ეს უკვე მათი ნებაა, ალბათ, ვერ დავაძალებთ აყრას, მაგრამ საშიშია. მაგალითად, აქ მეორე ტერასაზე, მარჯვნიდან რომ ჩამოვდივართ, არსებული სახლები შეიძლება კიდევ დარჩეს (ოღონდ აღარ უნდა მიემატოს სხვა სახლები), მაგრამ ხელმარცხნივ აუცილებელია სახლების აღება და მოსახლეობის სხვაგან გადაყვანა.
ექსპერტები სხვა მეწყერსახიფათო ზონებს ასახელებენ თბილისში - მათ შორის, ასეთი ორი ზონაა ვაკეში. თბილისის მიდამოებში კიდევ სად შეიძლება განვითარდეს ტრაგიკული მოვლენები?
- თვითონ თბილისი დგას წყლის ზევით. თუნდაც რუსთაველი რომ ავიღოთ, ან ვაკე, ქალაქში ძალიან დიდი ქსელია მიწისქვეშა წყლების, პატარა მდინარეების, ნაკადულები მოდის ლამის. სადაც მიწისქვეშა წყლის ქსელია განვითარებული, ეს წყლები ხომ ფერდობებიდან მოდის?! შესაბამისად, არის საშიშროება, რომ ამ ფერდობებზე მოხდეს მეწყრული მოვლენა. მაგალითად, მამა დავითის ქედის აქეთ, ჩრდილო ფერდობზე, ლისის ქედის ჩრდილო ფერდობზე, გლდანის მხარეს, თბილისის ზღვის სამხრეთ ფერდზე, ეს საშიში ზონებია.
ფალიაშვილისა და ბარნოვის ქუჩები რამდენად სახიფათოა?
- რაც შეეხება ფალიაშვილის ქუჩას, ბარნოვს, ასევე, ზედა ქუჩას, საშინლად იმოქმედა მოსახლეობამ და შედეგსაც ვიღებთ. ძალიან დიდი მშენებლობები წამოიწყეს. არადა, ყველა მშენებლობა რაღაც გავლენას ახდენს ნიადაგსა და ქანების გეოლოგიაზე. უკვე ადგილი აღარ არის, რომ შენობა არ იყოს ჩადგმული და შენობებს შორის პატარა ადგილას მანქანის დაყენება ჭირს. რა მინდა, ამით ვთქვა, რომ ნიადაგი იხვრიტება და იქ გარკვეული ძვრები მიდის. ჩვეულებრივ, საძირკვლების ასაშენებლად გეოლოგიური ფირმებისგან იღებენ ნებართვას, ამ უკანასკნელებს კი აწყობთ ფულის აღება და ვითომ სწავლობენ, ვითომ ბურღავენ ტერიტორიას, შედეგად ვიღებთ დიდ რღვევას. ფალიაშვილი ახსენეთ და, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ფალიაშვილის ქუჩის ზევით ფერდობზე მივიღებთ რღვევას.
ასევე, ყოფილი მე-9 საავადმყოფოს ქვედა ტერიტორიაც საშიშია?
- დიახ, საშინელი ზონაა. ამ ბინების დაცურება შეიძლება მოხდეს სულ ახლო მომავალში. მართალია, შენობები დგას ხიმინჯებზე, მაგრამ ზოგი მცირე სიმძლავრით აკეთებს ამას, ძირითადად კეთდება შედარებით უხარისხოდ. მთავარი მიზანია, ოღონდ გაკეთდეს. ერთ მაგალითს გეტყვით, ნუცუბიძის ქუჩიდან საბაგირო გზა რომ ადის, სადღაც ორას მეტრში, ყველაზე დიდი კორპუსი მდებარეობს, იქ პირველ-მეორე სართულზე ცხოვრობდნენ პიროვნებები და მათ გადაწყვიტეს, პირველ სართულზე სარდაფი გაეფართოვებინათ, გათხარეს და დაინახეს, რომ საძირკველი არ ჰქონდა ბინას. წარმოიდგინეთ, ძალზე მცირედი საძირკველი ჰქონდა. ექსპერტებმაც დაადასტურეს ეს საშინელი მდგომარეობა. ვინც ეს კორპუსი ააშენა, ალბათ, გაქცეული იყო. რა თქმა უნდა, დატოვეს ამ ადამიანებმა ეს კორპუსი, გამოსახლდნენ და ცხოვრობენ სხვაგან. შეუძლებელია ამ ავარიულ ბინაში ცხოვრება, არადა, ეს სახლი აშენებულია სადღაც 5-6 წლის წინ.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, სადაც უამრავი მიწისქვეშა წყალია?
- რუსთაველის კინოთეატრის ქვეშ პირდაპირ პატარა მდინარე გადის, რომლის დანახვა შეიძლება. ეს აუზის ზონაა. რუსთაველის ქუჩის გაყოლებით მიწისქვეშა წყლების და ნაკადულების დიდი ქსელია. მაგალითად, უცხოეთში თვითონ მდინარეებზე აშენებენ სახლებს, მაგრამ გააჩნია, როგორი კულტურით და როგორი სიძლიერით აშენებ. ჩვენთან სახლების ნახევარი საფრთხის ქვეშაა.
დავუბრუნდეთ ისევ ვერეს ხეობას. შეიძლება, აქ წყალმოვარდნა განმეორდეს?
- მე ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში აღარ უნდა განმეორდეს და, თუ განმეორდა, უფრო ნაკლები სიძლიერის იქნება, რადგან მდინარემ თავისი კალაპოტი უკვე გააგანიერა, გამტარუნარიანობამ მოიმატა. ძალიან დიდი ხის მასალაა ძველ გვირაბთან. ეს დიდ პრობლემას შექმნის, მაგრამ მთავარია, დიდი წყალმოვარდნა არ იყოს.
რით ახსნით, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მატულობდა წყალმოვარდნები, ეს ადამიანის ხელოვნური ჩარევის შედეგია?
- საერთოდ, გასული საუკუნის მეორე ნახევარში არ იყო ასეთი კატასტროფები მოსალოდნელი. 70-80-იანი წლები გამოირჩეოდა ნაკლები წყალმოვარდნით, ერთი-ორი წყალმოვარდნა შეიძლება ყოფილიყო 2-3 წელიწადში, მაგრამ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ცოტა გახშირდა წყალმოვარდნები. ეს გლობალური დათბობის პირველი ნიშანია. 1990-იან წლებამდე იყო 11, 7 საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა, ხოლო 2012 წლამდე ავიდა უკვე 12, 6 მეათედამდე, ანუ ტემპერატურამ იმატა. რაც შეეხება ნალექებს, საშუალო მრავალწლიური თბილისისთვის არის 500 მილიმეტრამდე, მაგრამ საშუალო მრავალწლიური ნალექი 1990 წლამდე იყო 476 მილიმეტრი, ხოლო 1990-დან 2012 წლამდე ნალექების რაოდენობა ავიდა 530 მილიმეტრამდე. მდინარე ვერეს საშუალო მრავალწლიანი ჩამონადენი იყო 0, 87 მკ/წამში 1990 წლამდე, 90-დან 2012 წლამდე გახდა უკვე 1, 17 მეასედი.
თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ ბევრს ხუდონის პროექტი გაახსენა. შეიძლება, ბუნებაზე ასეთი ხელოვნური ზემოქმედება, ასევე, ავბედითად დამთავრდეს სვანეთისთვის?
- 1992 წელს რუსეთს ჩვენთვის უნდა ჩაებარებინა ხუდონის წყალსაცავი, რომლის აშენების შემდეგაც ჩვენ აღარ გაგვიჭირდებოდა ენერგეტიკის მხრივ. მაშინ დაგეგმილი იყო 98 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობა, ეს პროექტი ეკუთვნოდა აკადემიკოს გივი სვანიძეს (ზუსტად მისი სახელობის ქუჩა დაიტბორა თბილისში 13 ივნისს), იგი ჩემი ხელმძღვანელი იყო. 1990 თუ 91 წელს რუსები გვეხვეწებოდნენ, დაგვამთავრებინეთ ეს პროექტი და მესტიიდან ცაგერისკენ გაგიყვანთ გვირაბსო. იქ არის ცაგერის უღელტეხილი, რომელიც ძალზე ძნელი გადასასვლელია და ამ ხარჯებით ჩვენ გაგიყვანთ გვირაბს, რომ დაუკავშირდეთ ზემო სვანეთსო. იმ პერიოდში გარკვეული უარყოფითი ზემოქმედება ექნებოდა ხუდონს, მაგრამ ძირითადად დადებითი იქნებოდა მისი ფაქტორი. თუმცა მაშინაც იტბორებოდა ხაიშის მიდამოები, ოღონდ - მცირე ფართობზე. ახლა კი ამათ უნდათ 200-მეტრიანი სიმაღლის კაშხლის აშენება. არსებობს 20 პროექტი, სადაც 200-მეტრიანი სიმაღლის კაშხალი ფიგურირებს. ეს არ შეიძლება, რადგან ამით ძალიან დიდი ფართობი დაიტბორება და, მეორე მხრივ, ყოველი ასი მეტრის შემდეგ ზონის სეისმურობა იზრდება. ამით ჩვენ ხელოვნურად გავზრდით სეისმურობას. ამიტომ 200-მეტრიანი კაშხალი არაფრით არ შეიძლება ხუდონზე. ბოლოს და ბოლოს, სპეციალურად ენგურჰესისთვის აშენებული ჯვრის წყალსაცავი რომ დაინგრეს, თურქეთს გადაუვლის ორმეტრიანი ტალღა. რა თქმა უნდა, ამით მთელი დასავლეთ საქართველო დაზარალდება. ამაზე ადრე პროტესტიც განაცხადა თურქეთმა, მაგრამ მაშინ მოაგვარეს ეს საქმე.