რატომ არის რეალური აჭარაში დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე

რატომ არის რეალური აჭარაში დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე

რუსეთის ფედერაცია აქტიურად ცდილობს თავისი სამშვიდობოების ყარაბაღში გამწესებას, რაც მას სამხრეთ კავკასიის შუაგულში მოხვედრის საშუალებას მისცემს. ამის პარალელურად, სწორედ რუსულ ძალისხმევას უკავშირებენ სომხურ-თურქული ურთიერთობის აღდგენის მცდელობის ჩაშლას. თავის მხრივ, თურქეთი საქართველოში იმაგრებს პოზიციებს. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ რუსეთი და თურქეთი კავკასიის ხელახალი გადანაწილების პროცესში ჩაერთვნენ.

ამ თემაზე კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

დაიწყეს თურქეთმა და რუსეთმა მორიგი ბრძოლა კავკასიის გადანაწილებისთვის?

- კი არ დაიწყეს, უკვე მიმდინარეობს და გარკვეულ პიკსაც მიაღწია. ბრძოლის ერთგვარ ეტაპად შეიძლება, მივიჩნიოთ ფარული მოლაპარაკებები თურქეთსა და სომხეთს შორის, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციის ხელშეწყობით შედგა ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დროს. აგვისტოს ომის შემდეგ ერდოღანი ჩავიდა მოსკოვში და გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში აჭარას არ დამუქრებოდნენ, თორემ თურქეთი აამოქმედებდა ყარსის ხელშეკრულებას. რუსეთისთვის ეს საკმაოდ არასასიამოვნო იყო, რადგან თურქეთმა ხმამაღალი ლაპარაკი დაიწყო, რაც ბოლო პერიოდში არ იყო დამახასიათებელი რუსულ-თურქული ურთიერთობებისთვის. ალბათ, გახსოვთ, იმავე პერიოდში თურქეთმა წამოაყენა კავკასიის უსაფრთხოების გეგმა. პირველ ეტაპზე, რადგან ყველა მხრიდან იღებდა დარტყმებს აგვისტოს ომის გამო, რუსეთს არ ეცალა ამისთვის და მოვლენების განვითარებას შედარებით გვერდიდან ადევნებდა თვალყურს. ამასობაში თურქეთმა გადაწყვიტა რა, გამხდარიყო რეგიონული ლიდერი, გაახშირა თავისი ურთიერთობები სომხეთთან და დაიწყო ურთიერთობების მოწესრიგება ირანთან. რუსეთი გვიან, მაგრამ მაინც მოეგო გონს და გადაწყვიტა კონტრღონისძიებების გატარება თურქეთის ამ ახალი პოზიციის მიმართ და დღეს მივიღეთ ასეთი სიტუაცია: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და თურქეთი სერიოზული ეკონომიკური პარტნიორები არიან, მათ შორის საკმაოდ სერიოზული მტრობაცაა. აზერბაიჯანის უარყოფითი პოზიცია თურქული პოლიტიკის მიმართ განპირობებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ აზერბაიჯანი შეურაცხყოფილია თურქეთ-სომხეთის ურთიერთობით, არამედ რუსეთის ზეწოლით აზერბაიჯანზე. ჩემი აზრით, ქურთული სეპარატიზმის ახალი ტალღის აგორება თურქეთში, არის არა მხოლოდ ისრაელის, რუსული სპეცსამსახურების დამსახურებაც. მთლიანობაში, დღეს რუსეთსა და თურქეთს შორის აშკარად და წესების გარეშე მიმდინარეობს ბრძოლა კავკასიისთვის.

თურქეთს გულწრფელად უნდოდა სომხეთთან ურთიერთობის აღდგენა?

- გულწრფელი სურვილი იყო, თუმცა პოლიტიკაში გულწრფელობა მეორეხარისხოვანია. რადგან მინსკის ჯგუფის მუშაობა არაეფექტიანი აღმოჩნდა, დასავლეთმა, უპირველესად კი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ თავისი გეგმის მიხედვით გადაეჭრა ყარაბაღის პრობლემა. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა რეალური, რადგან ძალიან ბევრი აქტიორი გამოიკვეთა და, რაც მთავარია, თვით ამერიკისთვისაც კი მოულოდნელი იყო თურქეთის გაზრდილი მადა.

გამოდის, რომ რუსეთი არის ერთადერთი, ვისაც აქვს რეალური ბერკეტი, რომ ჩადგეს მშვიდობისმყოფელად ყარაბაღში?

-მე ამას ვერ დავარქმევდი რეალურ ბერკეტს, უბრალოდ, რუსეთს აქვს ამის სურვილი. ორივე - სომხური და აზერბაიჯანული მხარეც თვალთმაქცობს, არც ერთს არ უნდა იქ რუსეთის ჯარის ჩაყენება.

რა მოტივით არ უნდათ?

- აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ სომხეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც ნიშნავს, რომ ის სამშვიდობოები იქნებიან მტრის მოკავშირეები. უფრო ბუნებრივია, დაისვას კითხვა, რატომ არ უნდათ ეს სომხებს? პასუხი მარტივია: სომხეთი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს. ყარაბაღის დღევანდელი მდგომარეობა მისთვის აბსოლუტურად მისაღებია და მას არ უნდა, რომ ყარაბაღმა საერთაშორისო კონფლიქტის დატვირთვა შეიძინოს, ამიტომაც იქ არანაირი სამშვიდობოები არ სჭირდება, არც რუსეთის და არც გაეროსი.

ფელგენგაუერი ამბობს, რომ, თუ რუსი სამშვიდობოები ჩადგებიან ყარაბაღში, ეს გადაჭრის გიუმრის ბაზის სამხედრო ტექნიკის გამოცვლის პრობლემას, რაც დღის წესრიგიდან მოხსნის საქართველოსთან ომის თემასო?

- ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შემცირდება რუსეთის ზეწოლა საქართველოზე, აქ ისედაც დგას საოკუპაციო ჯარი. ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის ჯარები, გარდა სომხეთისა, დგანან აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც: გაბალის რადიოსალოკაციო სადგურზე. ამას გარდა, გიუმრის სამხედრო ბაზა ისედაც მარაგდება და ეს ხდება ჰაერით, უბრალოდ, რუსეთს ეს უფრო ძვირი უჯდება. მაგალითად, მაისში ერევნის აეროპორტში რამდენჯერმე დაეშვა რუსეთის თვითმფრინავები, რომლებმაც ჩაიტანეს შეიარაღება. ჩვენ არ ვიცით, სომხეთის არმიას ერგო ეს შეიარაღება თუ გიუმრის ბაზას, მაგრამ მათ შორის იყო რაკეტები „ეს 300“, რომელთა სასროლი დანადგარები სომხეთს დიდი ხანია, გადასცა რუსეთმა. ეს განსაკუთრებით აღიზიანებს აზერბაიჯანს. სხვათა შორის, ვერავინ მცემს პასუხს კითხვაზე, რა პრინციპით და რა უფლებით იყენებს რუსეთის სამხედრო ავიაცია საქართველოს საჰაერო სივრცეს?!

ალბათ, საქართველოს თანხმობით.

- იმიტომაც ვამბობ, არავინ მცემს ამ კითხვაზე პასუხს-მეთქი. ჩამოგდებით ვერ ჩამოაგდებ, მაგრამ პროტესტის გამოთქმა ხომ მაინც შესაძლებელია?! რადგან საქართველოს ხელისუფლება ამაზე დუმს, ესე იგი, აძლევს უფლებას.

ყარაბაღის ომის განახლების ალბათობა როგორია? ჩემდა გასაკვირად, ფელგენგაუერის წინასწარმეტყველებით, რუსეთ-საქართველოს ომის განახლების ალბათობა ჯერჯერობით დაბალია, არადა მას უყვარს ჩვენი შეშინება.

- ჩემი შეფასებით, ალბათობა 50-50-ზეა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა გასული წელი ყარაბაღში მშვიდ წლად შეაფასეს და ამ შეფასების საფუძველი იყო ის, რომ მხოლოდ 20 ადამიანი დაიღუპა სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების საზღვარზე. ჩემთვის ეს ცინიკურად ჟღერს და უნდა გითხრათ, რომ ჯერ წელი არ დამთავრებულა და უკვე იმაზე მეტი ადამიანია დაღუპული, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი თავიანთ ქვეყნებს მონოლითურებად მიიჩნევენ, მთლად ასეც არ არის საქმე: არის აზრთა სხვადასხვაობაც და მეხუთე კოლონის არსებობაც ჩანს. ზოგ შემთხვევაში ვგრძნობ, რომ ან სამხედროებს არ მოსწონთ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკა და ინიციატივებს იჩენენ, ან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ, რომ ყარაბაღში შენარჩუნდეს დაძაბულობა.

რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს გულისხმობთ?

- უპირველესად, რუსეთის. ამას გარდა, თურქეთის პოლიტიკის რადიკალურად შეცვლამ აშკარად გაააქტიურა ისრაელის აგენტურა, რომ თურქეთი არ გადავიდეს იმ რელსებიდან, რომლებზეც წლების განმავლობაში იდგა. არ გამოვრიცხავ, თურქეთში ქურთების გააქტიურებაში, ისრაელის ხელი ერიოს, რომ თურქეთი შიდა პრობლემებით იყოს დაკავებული.

ისევ აქტუალურია რუსეთისთვის პანკისის ხეობაში ტერორისტების ბუდის არსებობის თემა?

- პანკისი სახელგატეხილი ბრენდია და ის სუსტი რგოლია საქართველოსთვის. ვერაფერს მოგახსენებთ, არიან თუ არა ტერორისტები, რადგან იქ არანაირი მოსამზადებელი ბანაკი არ არსებობს, მაგრამ არის სხვა პრობლემა. სიწყნარისა და სიმშვიდის მიღმა ძალიან მაღალი საზოგადოებრივი დაძაბულობა იგრძნობა. არაერთხელ მითქვამს, რომ ხელისუფლებაში ადამიანთა არცთუ დიდი გაქანების მქონე ჯგუფს მოუვიდა აზრად, რომ პანკისის ხეობის გასაკონტროლებლად გაეკონტროლებინა ერთი რომელიმე ჯგუფი და ასეთ ჯგუფად აირჩა მაინცდამაინც ფუნდამენტალისტები, ჩვენ რომ ვაჰაბიტებს ვუწოდებთ. ვაჰაბიტებს პირობითად ვამბობთ, თორემ მათგან მხოლოდ რამდენიმემ იცის ყურანი და აქვს განათლება, დანარჩენები აყოლილები არიან, იმიტომ რომ ამ ჯგუფს აქვს ფული.

ვაჰაბიტები ჩვენები არიან?

- ჩვენები არიან, ადგილობრივები, თორემ ჩეჩენი იქ მხოლოდ 300 ადამიანია დარჩენილი და მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია ვაჰაბიზმი, ამიტომაც არ ბრუნდებიან ჩეჩნეთში. მაგალითად, ვაჰაბიტებმა სოფელ ბირკიანში დაანგრიეს ტრადიციონალი მუსლიმანების მეჩეთი. მათ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ არავინ მიაქცია ყურადღება. ამის შემდეგ ვიღაცამ დარეკა ჩეჩნეთში, კადიროვის ადმინისტრაციაში. ისინი ხომ სიხარულით მიიღებდნენ ამ ცნობას?! და იქიდან მოვიდა სიგნალი, თუ საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლება არ გაქცევთ ყურადღებას, მაშინ ჩვენ მოგხედავთო.

საინტერესოა, როგორ უნდა გააკეთონ ეს ტექნიკურად?

- რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებს, მაგრამ ეს არის დამატებითი კოზირი ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის. მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ტრადიციონალისტები: ისინი არიან ტრადიციული, კავკასიური ისლამის მიმდევრები. მათი ისლამი ეფუძნება ადგილობრივ ტრადიციებს, რომლებიც საერთო აქვთ საქართველოს მთიელებსა და ჩრდილოკავკასიელებს. უბრალოდ, საქართველოს მთიელებმა ამ ტრადიციებს დაუმატეს ქრისტიანობა, მათ - ისლამი. ვაჰაბიტიზმი მოსული რელიგიაა, რომელიც არღვევს დალაგებულ კავკასიურ მოზაიკას და დღესვე ჩანს ამის უარყოფითი შედეგი: პანკისის ხეობაში ქისტი ახალგაზრდა ვაჟების დიდმა უმრავლესობამ ძალიან ცუდად იცის ქართული. გოგონებმა იციან, იმიტომ რომ სკოლაში დადიან, ვაჟები კი მეცხრე-მეათე კლასიდან რელიგიურ ლიდერებთან მიდიან და ამ ვაჰაბიტურ ჯგუფებს ეკვრებიან. ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება, მოჰყვეს ამას ხვალ და ზეგ?!

ენობრივი სივრციდან გასვლა გამოიწვევს სრულ გაუცხოებას.

- ადგილობრივებისთვის არა მხოლოდ ენის დაკარგვაა მტკივნეული, არამედ ისიც, რომ ტრადიციებსაც კარგავენ, რომლებიც აერთიანებდა ამ პატარა თემს. ძალიან აწუხებთ ადგილობრივებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემას არ აგვარებს და თითებს შორის უყურებს. ანალოგიური პროცესები დაიწყო ქვემო ქართლშიც. იქ არ იყო ასეთი მყარი ტრადიციული ურთიერთობები, მაგრამ მოსულმა ისლამმა შეცვალა მათი ტრადიციული წესი და ფონიჭალაში უკვე მივიღეთ ვაჰაბიტების ჯგუფი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კი არ უნდათ, რომ მოუსმინონ ადამიანებს, ვინც იცნობს ისლამს. არ უნდათ, გამოიყენონ ის პოტენციალი, რაც აქვს ქართველ მუსლიმთა თემს აჭარაში. შესაბამისად, რადგან სახელმწიფოს არ აქვს თავისი მიდგომა ისლამისადმი, საქართველოს მუსლიმანური მოსახლეობა, ფაქტობრივად, დანაწილებულია: ქვემო ქართლი ირანს აქვს, პანკისის ხეობა და ქვემო ქართლის ზოგიერთი ნაწილი – არაბებს, აჭარა – თურქეთს და ჩვენ ამას ვუყურებთ გვერდიდან. თუ სახელმწიფომ არ აკონტროლა ქვეყანაში მიმდინარე, მათ შორის, რელიგიური პროცესები ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიან.

აჭარის მაღალმთიანეთში უკვე შეიმჩნევა თურქეთის რელიგიური ხელიო. არის საშიშროება, რომ აჭარაში რელიგიური უკუპროცესი დაიწყოს?

- ჩემი პროგნოზით, რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა, მოხდეს დაპირისპირება ადგილობრივ მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის. აჭარაშიც ეს პრობლემა კონტროლდება ძალისმიერად და არა ანალიტიკურად. ან მეორე უკიდურესობაა: ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. აჭარელმა მუსლიმანებმა ჩემთან დაიჩივლეს, რომ მეჩეთს აშენებს ყველა, ვისაც ამის საშუალება აქვს, ამიტომ ერთ სოფელში ხუთი მეჩეთია, მეორეში - არც ერთიო. არადა ყველა უნებართვოა, იმიტომ რომ ხელისუფლება ნებართვას არ იძლევა და არც პასუხს იმაზე, რატომ არ იძლევა ნებართვას. პატრიოტი მუსლიმანები მეუბნებიან, რატომ არ შეიძლება, გაიხსნას ისლამის შემსწავლელი ფაკულტეტი ბათუმში და მთლად უკეთესი, თბილისში, რომ ახალგაზრდებმა არ იარონ სასწავლებლად ირანში, საუდის არაბეთსა და თურქეთშიო.

დიდი პრობლემაა, რომ ჩვენი მუსლიმანი ახალგაზრდები იქ მიდიან სასწავლებლად და სულ სხვა პიროვნებებად გვიბრუნდებიან.

- ჩვენ გვყავს მუსლიმანი ქართველების უზარმაზარი რაოდენობა. ისინი ითხოვენ, რატომ არ შეიძლება, რომ შეიქმნას საქართველოს მუსლიმანთა სამმართველოო. არ შეიძლება, ამ საკითხის თვითდინებაზე მიშვება, რადგან ვხედავთ, რა პრობლემები ექმნებათ დიდ ევროპულ ქვეყნებს ისლამთან, ჩვენი ქვეყანა კი პატარაა. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და ხშირად ეს პრობლემები არ ჩანს ჩვენს ელექტრონულ მედიაში. ამიტომ მინდა, შევეხო ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიების პრობლემას, რადგან საქართველო მხოლოდ თბილისი, ბათუმი და ქუთაისი არ არის. სოფელ პერევთან არის სოფლები ქანძმანი და სინაგურა. ქანძმანი ქართული სოფელია, სინაგურა კი – ქართულ-ოსური. დღეს ეს ორი სოფელი „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მოხვდა. რაც შეეხება პერევს, რომელიც ჩვენს მხარესაა: იქ ტოტალური უმუშევრობაა და თან სათიბები და საძოვრები მოხვდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ ეკუთვნის და სოფელი მშიერია. იქ არ მიდის არანაირი ჰუმანიტარული დახმარება, ძალიან ცოტას აქვს სოციალური დახმარებაც, არადა, როგორ შეიძლება, პერევის, ზოგადად, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლის მცხოვრებლის მდგომარეობა ისევე შეფასდეს, როგორც სხვა სოფლის მცხოვრებლის მდგომარეობა?! თუ ჩვენ, რიგი მიზეზების გამო, ვერ ვუვლით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, ის მაინც მოვახერხოთ, რომ პერევს, რომელიც აქეთ არის, მაქსიმალური გავუკეთოთ?! ხალხი ამბობს, ზაფხული ჩაივლის და სარჩოც აღარ გვექნება, ერთი ტომარა ცემენტი ვერ შეგვიტანია, რომ სახლები გავარემონტოთო. ქართული პოლიცია არ ატარებს, იმის შიშით, რომ ვინმემ თავდაცვითი ნაგებობა არ ააშენოს. მეტიც, საქონელს ვერ გადაიყვან აქეთ-იქით საბუთის გარეშე. ამას დაამატეთ ისიც, რომ ტყე, სათიბი, სათოხნი და საძოვარიც აღარ აქვს სოფელს. ცოდვაა ის ხალხი, იქნებ თქვენს ჟურნალში მაინც წაიკითხოს ვინმემ და თვალი აეხილოს.