დედამიწისა და საქართველოს მოსახლეობას დიდი საფრთხე ემუქრება?!

დედამიწისა და საქართველოს მოსახლეობას დიდი საფრთხე ემუქრება?!

2010 წლის ზაფხული კაცობრიობას ხანძრებით, წყალდიდობებითა და სტიქიური უბედურებებით დაამახსოვრდება. ამის მიზეზი კი გლობალური დათბობაა - პრობლემა, რომლის გადაწყვეტაზეც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები თავდაუზოგავად შრომობენ. კლიმატის ცვალებადობას გულგრილად ვერც საქართველოში ხვდებიან. სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ჯემალ დოლიძეს:

ბატონო ჯემალ, წელს მართლა ძალიან ცხელი ზაფხული გვქონდა. როგორც ჩანს, გლობალური დათბობის შედეგებს უკვე ვიმკით...

- საქართველოში მეტეოროლოგიური დაკვირვებები უძველესი დროიდან მიმდინარეობს. ამ დაკვირვებებმა რეგულარული ხასიათი 1844 წლის 1 მაისიდან მიიღო, როდესაც თბილისში გაიხსნა პირველი მეტეოროლოგიური ობსერვატორია. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, თბილისში ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი მე–19 საუკუნის ბოლოს აღინიშნა. მაშინ ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცა. ძალიან ცივი ზამთარი იყო 1949-50 წლებშიც, მაშინაც ჩვენში არნახული ყინვები დაიჭირა. ასეთი სიცივე შემდეგ უკვე აღარ განმეორებულა.

რაც შეეხება სიცხეს, 1966 წელი ყველაზე თბილი იყო საქართველოში. 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლითაც გადაბმით იყო სიცხეები. 2000 წელს საქართველოს ძალიან ბევრ წერტილში მასობრივად გადაიფარა ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი. 40-41 გრადუსი აღინიშნა 2005 და 2008 წლებშიც. წელს კი, ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში 41-42 გრადუსი აღინიშნა ქვეყნის ძალიან ბევრ წერტილში. აქედან დასკვნა: გლობალური დათბობის შედეგები აშკარაა, რადგან სიცივეები 1960 წლის მერე აღარ განმეორებულა, ხოლო ცხელი ამინდები ძალიან გახშირდა.

დაახლოებით რამდენი გრადუსით მოიმატა ტემპერატურამ?

- საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 0,7-0,8 გარდუსით არის მომატებული, ეს ძალიან დიდი ციფრია. მიმდინარე საუკუნის ბოლომდე მთელი დედამიწის მასშტაბით 4-5 გრადუსით ვარაუდობენ ტემპერატურის მატებას.

რა მიზეზებით არის გამოწვეული გლობალური დათბობა დედამიწაზე?

- მიჩნეულია, რომ გლობალური დათბობა ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების კონცენტრაციის ზრდამ გამოიწვია. ეს აირებია: წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ჟანგი და ოზონი. ზოგი სათბურის აირი დედამიწაზე ბუნებრივად ჩნდება, უმეტესობა კი ადამიანის საქმიანობის შედეგია. ამიტომაც, დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას, რომ ასეთ მძიმე შედეგებამდე არ მივიდეთ. გამონაბოლქვი და სათბური აირები ატმოსფეროში რაც შეიძლება ცოტა უნდა იყოს, რომ როგორმე შესაძლებელი გახდეს ტემპერატურის დაწევა. გლობალურ დათბობასთან ბრძოლა სათბურ აირებთან ბრძოლასაც ნიშნავს.

ამ ზაფხულს მთელ მსოფლიოში ხანძრის უამრავი კერა გაჩნდა, ხანძარი გავრცელდა ჩვენს მეზობელ რუსეთშიც, საქართველოშიც. რით იყო გამოწვეული ეს უსიამოვნო მოვლენა?

- რუსეთის მაგალითზე გეტყვით: იქ ჩამოყალიბდა ანტიციკლონი, ანუ მაღალი წნევის არე, რომელმაც დაარღვია ატმოსფეროში ჰაერის მასების ჩვეული გადაადგილება, ანტიციკლონმა დაფარა რუსეთის მთელი ევროპული ნაწილი, ამიტომ მივიღეთ ის, რაც მოხდა. ამ ფაქტორმა ჩვენზეც იმოქმედა, რადგან ვეღარ მოხერხდა გრილი ჰაერის მასების გადმოსროლა საქართველოში. ჩვენთან ვეღარ შემოაღწია ნოტიო ჰაერის მასებმა და გაუსაძლისი სიცხეებიც სწორედ ამით უნდა აიხსნას. ხანძრებს კი უფრო ხშირად გაუფრთხილებლობა იწვევს. მოგეხსენებათ, გვალვის დროს ყველაფერი გამხმარია და სულ მცირე ნაპერწკალიც კი საკმარისია ხანძრის გასაჩენად. უნდა ვიცოდეთ, რომ იქ, სადაც გვალვიანი ამინდებია, ყოველთვის არის ხანძრის საშიშროება.

ამას წინათ წავიკითხე, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დედამიწაზე ცხოვრება კოშმარს დაემსგავსება. თქვენ, როგორც სპეციალისტი, რას გვეტყოდით ამის შესახებ

- ეს პროგნოზი იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ გლობალური დათბობა არ შეჩერდება და ჰაერი მართლაც 4-5 გრადუსით გათბება. ამ შემთხვევაში ყველაფერი უარესობისკენ წავა, ეს იქნება ყველაზე ცუდი რამ, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. თუმცა იმედი მაქვს, რომ მანამდე გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ უსიამოვნო პერსპექტივას თავიდან აგვაცილებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას და ატმოსფეროს გაწმენდას მავნე ნივთიერებებისგან. მთავარია სათბური გაზები დაუბრუნდეს იმ ნორმას, როგორიც იყო თუნდაც გასული საუკუნის შუა წლებში. ამ შემთხვევაში არც დედამიწას და არც მის მოსახლეობას საფრთხე აღარ დაემუქრება.