გოგი თოფაძემ „კვირის პალიტრას” საინტერესო რამ გაუმხილა - შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ბაკურიანის კომპლექსი საქართველოს, ე.ი. დაბა ბაკურიანს აჩუქოსო. მრეწველთა ლიდერს არც ის დაუმალავს, რომ ივანიშვილისგან კომპანია „თოლია” სიმბოლურ ფასად იყიდა, მაშინ, როცა სამჯერ მეტ თანხას სხვები სთავაზობდნენ.
რატომ არჩია ბიძინა ივანიშვილმა სხვებს მრეწველთა ლიდერი, რას აფასებს ადამიანში ცნობილი ბიზნესმენი და რა არის მთავარი მრეწველის ყველაზე დიდი ოცნება, ამის შესახებ გოგი თოფაძეს ქართულ-რუსული ბიზნესფორუმის შემდეგ ვესაუბრეთ.
გოგი თოფაძე: - რუს ბიზნესმენებს მეორედ შევხვდით. პირველად მოსკოვში ჩვენ ჩავედით. რუსეთს უზარმაზარი თავისუფალი კაპიტალი აქვს და თუ რუსული ინვესტიციები საქართველოში წამოვა, ეს ძალიან წაადგება ჩვენს ურთიერთობებსაც და საქართველოს ეკონომიკასაც. ალბათ, რუსები უნდა მიხვდნენ ამას, საქართველოსადმი დამოკიდებულება შეცვალონ და ჩვენთვის უმტკივნეულესი პრობლემების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მოგვარებაში დაგვეხმარონ. თუ გააცნობიერებენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და საქმეში მათ აგრესიულ ჩარევას არ შევეპუებით, ეს ძალიან დაათბობს ჩვენს ურთიერთობებს.
რუსულ-ქართულ ბიზნესფორუმზე ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. დაისვა ისეთი საკითხები, რამაც საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტს უნდა შეუწყოს ხელი. ეს ვეებერთელა რესურსების მქონე ქვეყანა საინტერესოა არა მარტო როგორც ბაზარი, არამედ როგორც კეთილი მეზობელიც. არ შეიძლება, რუსები გვეუბნებოდნენ, ვიმეგობროთო და თანაც ტერიტორიებს გვტაცებდნენ. ასე ურთიერთობა რომ არ გამოვა, ეტყობა, თავადაც მიხვდნენ და, ვფიქრობ, ამის შედეგია სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაში ყინულის დაძვრა.
ინვესტიციებს შესაბამისი კლიმატის შექმნა სჭირდება, რამდენად არის ინვესტორებისთვის მიმზიდველი საქართველო?
- საინვესტიციო კლიმატი მართლაც არასახარბიელოა - თითქოს გადასახადების ლიბერალიზაცია მოხდა, მაგრამ ქართველ მეწარმეებს არა მგონია, ეს ეგრძნოთ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში სააქციზო საქონლის მწარმოებლები (სასმელები, ლუდი, თამბაქო) აღმოჩნდნენ. რვა წელიწადს ვლაპარაკობდი, საგადასახადო კოდექსი არ ვარგა-მეთქი. ახალი კოდექსი კი მივიღეთ, მაგრამ უფრო გართულდა მეწარმეების მდგომარეობა. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ჩვენი ხელისუფლება მიხვდება, რომ ეკონომიკური კლიმატი აქაური რეალობიდან გამომდინარე უნდა შეიქმნას. არ შეიძლება სხვების კარნახს დავემორჩილოთ, ჩიხამდე სწორედ ამან მიგვიყვანა. ვატყობ, ჩვენი მთავრობა უკვე ითვალისწინებს ამ საკითხებს. ქართველ მეწარმეს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ კაპიტალი კვლავწარმოებაში ჩადოს, ახალი საწარმო აამუშაოს. კარგია უცხოური ინვესტიცია, მაგრამ ქართველ მეწარმეებსაც უნდა გაეხსნათ ხელ-ფეხი. სამწუხაროდ, დღეს ამის საშუალება არ გვაქვს.
კომპანია “ყაზბეგის” მაგალითს მოგიყვანთ: ჩვენ 92 სხვადასხვა საწარმო გვაქვს, მაგრამ ზეწოლის შედეგად ინვესტიციებს სულ უფრო და უფრო ვამცირებთ. მარტო ლუდის ბიზნესიდან ჩვენი კომპანია 16 მილიონ ლარს იხდის ბიუჯეტში მაშინ, როდესაც მოგება მხოლოდ ნახევარი მილიონი გვრჩება. რაც მეტი მოგება დარჩება ქართველ ბიზნესმენს, ხომ მეტს გააკეთებს, ხომ უფრო გააფართოებს წარმოებას? მეწარმეს თუ მოგება მთლიანად წაგლიჯეს, მან რაღა განავითაროს, რაში ჩადოს ფული? გასაგებია, რომ უჭირს ბიუჯეტსაც, ბევრი პრობლემა დახვდა ხელისუფლებას, მაგრამ აუცილებელია, რეინვესტიციისთვის თანხა დაუტოვონ ბიზნესმენებს. რაკი ჩვენ ვეღარ ვავითარებთ წარმოებას, ჩვენს ადგილს რუსი, თურქი ან გერმანელი იკავებს.
რამდენადაც ვიცი, თქვენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად სამთო-სათხილამურო კომპლექსს აშენებთ ბაკურიანში.
- არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებული ფენომენია ქართულ სინამდვილეში. მასთან საჩხერეშიც ვყოფილვარ, შევხვედრივართ თბილისშიც, მოსკოვშიც და ბაკურიანშიც.
ეს კაცი საქართველოს კეთილდღეობისთვის ზრუნავს. როდესაც რამდენიმე საინტერესო იდეა გამიჩნდა, მასთან შეხვედრა მოვინდომე. ბევრი ვილაპარაკეთ და მაშინ ვუთხარი, ბაკურიანში საინტერესო პროექტის განხორციელება შეიძლება-მეთქი. ჩავედით ბაკურიანში, დიდველას მთაზე ავედით. მონადირე კაცი ვარ და მთაზე ასვლა არ მიჭირს, მაგრამ ბიძინამ მაჯობა, კალიასავით მიხტოდა და ვერ დავეწიე. კარგი ამინდი იყო. კავკასიონის ქედი რომ დაინახა, თვალები აენთო. დამეთანხმა, აქ მართლაც საინტერესო სამთო კომპლექსის აშენება შეიძლებაო. დღეს იქ ულტრათანამედროვე კომპლექსი შენდება. ყველაფერ ამას ბიძინა აფინანსებს.
40 წელი ვფიქრობდი ბაკურიანის პროექტზე. ვინღა არ ჩამოვიყვანე, - ფრანგები, შვეიცარიელები, ავსტრიელები, მაგრამ ვერავინ გაბედა დაულაგებელ ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება. ბიძინა ივანიშვილი კი არც დაფიქრებულა, ისე გაიღო რამდენიმე ათეული მილიონი. მას შეეძლო ეს თანხა გაცილებით წარმატებით დაებანდებინა რუსეთში ან სხვა ქვეყანაში, მაგრამ ის საქართველოში ბიზნესინტერესებზე არ ფიქრობს - მას თავისი ქვეყნის შველა უნდა. იცის, რომ სამთო ტურიზმს საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს, იცის, რომ ამ დარგის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერებისთვის სერიოზული ბიძგი იქნება და ამიტომ ჩაერთო ამ საქმეში. სამაგიეროდ, უკვე ფრანგებმაც მოინდომეს ორიათასკაციანი სასტუმროს აშენება, აშენებენ უზარმაზარ “შოპინგცენტრსაც”. რუსებიც ჩამოვიდნენ. ბაკურიანში გაკეთდა საბაგირო გზა, ტაბაწყურიდან სასმელი წყალი გამოიყვანეს, საკოლექტორო სისტემა მთლიანად შეიცვალა.
არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კომპლექსი დაბა ბაკურიანს აჩუქოს. ეს ბიზნესის ლოგიკაში არანაირად არ ჯდება, მაგრამ ეს კაცი ამას საქართველოს სიყვარულით აკეთებს.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, გოგი თოფაძემ ბიძინა ივანიშვილისგან კომპანია “თოლია” იყიდაო.
- ვიყიდე. ბანკის გარდა ბიძინას საქართველოში რამდენიმე საწარმო აქვს. მისი მიზანი მოგება კი არა, ხალხის დასაქმებაა. “თოლიას” (რომელიც საკონდიტრო, ხორცის, რძის ნაწარმსაც და ნაყინს აწარმოებს) ღირებულება გაცილებით მაღალი იყო, მაგრამ ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად მომცა, რადგანაც იცის, მოვუვლი და გავაფართოებ.
ითქვა, გაცილებით დიდ თანხას სთავაზობდნენ ამ კომპანიაში, მაგრამ ივანიშვილმა მაინც თოფაძეს მისცაო. რატომ?
- მართლაც ბევრად მეტს სთავაზობდნენ, მან კი უპასუხა, ისეთ ადამიანს უნდა გადავცე, რომელიც მას გააფართოებსო. ალბათ, მათში არ იყო დარწმუნებული და უარი იმიტომ უთხრა სხვებს. ზოგჯერ გულდაწყვეტილიც მინახავს იმის გამო, რომ ვიღაც-ვიღაცებმა მისი მოტყუება (კაცი რომ სამ მილიარდ დოლარს თავისი ჭკუით იშოვის, ის ვინ უნდა მოატყუოს, ზოგიერთს ეს არ ესმის) სცადეს, ზოგის კი უკმაყოფილოა. ხანდახან ისიც უთქვამს, კარგის გაკეთება მინდოდა და ზოგიერთებმა სათანადოდ ვერ გაიგესო... ვიცი, რომ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას აპირებს. თბილისში ის ბოლო დროს ხშირად არის...
ვინ არიან ის სხვები, რომლებშიც არ იყო დარწმუნებული?
- ისედაც ბევრი გითხარით და ნუღარ დამაკონკრეტებინებთ. ამ კაცს საერთოდ არ უყვარს ამ თემებზე ლაპარაკი... ისედაც ყველა სიტყვას ვწონი, ამას რომ გეუბნებით.
პოლიტიკაშიც ხომ არ აპირებს მოსვლას?
- სათოფეზე არ ეკარება პოლიტიკას. ამხელა ბიზნესის პატრონს რა უნდა პოლიტიკაში? ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამს, პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკებთო. პირველად რომ შევხვდით, მაშინვე მითხრა, როგორც ბიზნესმენს გხვდები და არა როგორც პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელსო.
მაშინ თქვენ გკითხავთ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე - ხელისუფლების შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები “შიშველი პოპულიზმია”. თქვენ რას ფიქრობთ?
- ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვარ, მაგრამ ზოგიერთისაგან განსხვავებით დღეს ბევრ პოზიტიურსაც ვხედავ. უსათუოდ გასათვალისწინებელია ის, რომ ამ ხელისუფლებას უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო. თუმც არ მომწონს, რომ ზედმეტად დამოკიდებული არიან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე, თუნდაც სოროსის ფონდზე.
გასულ კვირას ხალხმა სოროსის ფიტული კუბოში ჩასვენებული გამოიტანა ქუჩაში და მართალიც იყო. სოროსი უნდა წავიდეს საქართველოდან. სოროსმა რა იცის, რა უჭირს გურულ მეჩაიესა და კახელ გლეხს?! დღესაც ვთავაზობ მთავრობას - ოღონდ საეჭვო ფონდებზე ნუ იქნებიან დამოკიდებულნი და კომპანია “ყაზბეგი” გადაუხდის ხელფასს. ამ წინადადებაზე ადრე კატეგორიული უარი მივიღეთ, იქნებ ახლა დაუჯდეთ ჭკუაში... ხელისუფლების უარის მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ მას რაღაც ვალდებულებები აქვს ამ ფინანსური ინსტიტუტების წინაშე.
თუ გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ, საზღვარგარეთიდან მოწყალებას არ უნდა ველოდოთ. საერთოდ არ გავეკარები მთავრობას, არ გამოვიყენებ ამ შემთხვევას - ოღონდ ამ ქვეყანას მოუარონ და მეტი არაფერი მინდა. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ის არის, რომ საქართველო გალაღებული ვნახო, ხალხი კი დასაქმებული. ღმერთმა ქნას, ყველაზე ღარიბი კაცი მე ვიყო საქართველოში...