კიდევ ერთი ბრალდებული, რომელიც შესაძლოა ოდესის პროკურორი გახდეს, ზურაბ ადეიშვილია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსის კანდიდატურები უკვე შეარჩია. უკრაინული ონლაინ გამოცემა „პრესტუპნოსტი.ნეტ“-ის ინფორმაციით, ოდესის რეგიონში პროკურორის პოსტზე ადეიშვილს უახლოეს მომავალში წარადგენენ. გამოცემას ეს ინფორმაცია ოდესის რეგიონის საოლქო ადმინისტრაციიდან მიაწოდეს და ამასვე ადასტურებენ წყაროები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.
იმ შემთხვევაში, თუ ოდესის ოლქის პროკურორის თანამდებობას ზურაბ ადეიშვილი დაიკავებს, სააკაშვილის შემდეგ ადეიშვილი იქნება მეორე ქართველი ბრალდებული, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი დააწინაურებს. იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, საქართველოს მთავარი პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და დანაშაულის პროვოცირების ორგანიზებას ედავება.
იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება, რადგან ბრალდებულის სტატუსი არ ნიშნავს, რომ დანაშაული ჩადენილია და დადასტურებულია სასამართლოს მიერ.
„პროკურორად დანიშვნამდე ადეიშვილი უნდა გახდეს უკრაინის მოქალაქე, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინის მოქალაქე უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად არ არის ბრალდებული. ასე რომ, სამართლებლივად, პრობლემა არ არის. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პრეცედენტი იყო საქართველოში, როდესაც მთავარი პროკურორად დაინიშნა ადამიანი, რომელსაც გერმანიაში ჰქონდა კანონთან კონფლიქტი, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად ეს არ ყოფილა შემაფერხებელი ფაქტორი, რომ ოთარ ფარცხალაძე გამხდარიყო მთავარი პროკურორი“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მისივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ფრონტი უკრაინაში გადის, ხდება ძალების მობილიზაცია და იმ ლიდერების გაძლიერება, რომლებსაც უკრაინა დასავლეთთან ერთად ბრძოლისუნარიანად მიიჩნევს.
„არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე მიღებულიყო. ვიცით, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის შენარჩუნების მოტივით თქვა უარი ვიცე-პრემიერობაზე, მაგრამ ახლა რანგით უფრო დაბალ თანამდებობის გამო უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ხდება. დიდი ალბათობით, უკრაინის პირველმა პირმა ეს გადაწყვეტილება დასავლეთთან კონსუტაციების შედეგად მიიღო“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინის ხელისუფლებას ადეიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე მისი პიროვნების კარგად შესწავლას ურჩევს.
„ნებისმიერ ქვეყანას ვურჩევდი, ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უბრალოდ კარგად შეისწავლონ რას აკეთებდნენ ეს პიროვნებები საქართველოში და რითი იყვნენ დაკავებული“, - აცხადებს ეკა ბესელია.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ადეიშვილი დაიკავებს ოდესის პროკურორის თანამდებობას, ამით უკრაინა ამკვიდრებს პრეცედენტს, რაც ძალიან სერიოზული შეცდომა იქნება.
„ვიცი, რომ პირი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებლივი დევნაა, მხილებულია მძიმე დანაშაულში, ასეთ პირები ზოგადად, ნორმალურ ქვეყნებში პროკურორად არ ინიშნებიან. თუმცა, უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო და ვისაც მოისურვებს იმას დანიშნავს პროკურორად - დამნაშავეს, ბრალდებულს თუ ყოფილ პატიმარს, ეს უკრაინის გადასაწყვეტია.
ჩვენ არ ვერევით უკრაინის შიდა საქმეებში. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული შეცდომა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი არის პროკურორი. მე ასეთი რამ არ მსმენია, არსად მინახავს. თუ ახლა რაღაც პრეცედენტს ამკვიდრებს უკრაინა, ეს მათი საქმეა“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.