„ხელისუფლებას ხალხთან დიალოგი არ სურს“

„ხელისუფლებას ხალხთან დიალოგი არ სურს“

ოპოზიციამ პრეზიდენტის ახალ ინიციატივებსა და საკადრო კარუსელს მიღმა შიში დაინახა, შიში, რომლიც მათი თქმით, უკვე იგრძნობა ვარდების ხელისუფლებაში. ხელისუფლება ხალხისგან უწინდელ მხარდაჭერასა და სიყვარულს ვეღარ გრძნობს. საზოგადოების გაგულგრილება მას ვითარების შეცვლისკენ უბიძგებს, მაგრამ აქვს კი მას სწორი გზა არჩეული?

ამ თემით დავიწყეთ საუბარი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან:

- პრეზიდენტის ახალი ლოზუნგი - ე. წ. ხალხში გასვლა რესპუბლიკელებმა იმიტომ კი არ გავაკრიტიკეთ, რომ დავიწუნეთ, არამედ იმიტომ, რომ ბუტაფორიულია, ამ ნაბიჯს რეალური მიზანი და ამოცანა არ გააჩნია.

პრეზიდენტმა ხალხთან მისვლა მოუწოდა გამგებლებს, გუბერნატორებსა და მინისტრებს, ანუ იმათ, რომლებიც ხალხის წინაშე კი არ არიან ანგარიშვალდებული, არამედ პრეზიდენტის.

თუ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის ურთიერთობაში პრობლემებია, უნდა იცოდეს, რომ პრობლემა მომდინარეობს ხელისუფლებისგან, ჩინოვნიკებისგან. ერთი მხრივ, სააკაშვილი გვთავაზობს უკიდურესად ცენტრალიზებული მართვის მოდელს (როდესაც მოსახლეობას მინიმალური გავლენა აქვს ხელისუფლებაზე) და მეორე მხრივ, ლოზუნგად გამოაქვს - “გადით ხალხში”. “ხალხში გასვლა” იქნებოდა ისეთი კანონის მიღება, რომელიც დედაქალაქის მერისა და რაიონებში გამგებლების არჩევითობას იგულისხმებდა. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს არანაირი მოწოდება და შეგონება არ დასჭირდებოდა.

ხელისუფლებას ხალხი წარმოუდგენია მასად, რომელსაც არანაირი სისტემა და სტრუქტურა არ აქვს და რომლითაც მანიპულირება ადვილია: გავხსნით ძეგლს, გზას, ტაშს დავუკრავთ, ხელს ჩამოვართმევთ და ამით დამთავრდება ყველაფერი... სინამდვილეში ხალხი პოლიტიკური თვალსაზრისით გაცილებით რთული ცნებაა.

თუ ხელისუფლებას ხალხთან სურს დიალოგი, უნდა შეეძლოს საუბარი საზოგადოების შემადგენელ სტრუქტურულ ნაწილებთან - პროფესიულ გაერთიანებებთან, მედიასთან, ბიზნესჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან... მათთან დიალოგი უფრო შედეგიანი იქნება. მხოლოდ ასე შეიძლება კონკრეტული საკითხების განხილვა, რაიმე შედეგამდე მისვლა და არა სტადიონებსა და ქუჩის აქციებზე სიარულით. ამ დროს არ მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ხალხს შორის დიალოგი, აქ მხოლოდ მონოლოგი შეიძლება, რომლის დროსაც ასპარეზი ეძლევათ გუბერნატორებსა და მინისტრებს. ეს არის ხალხისთვის სათქმელის თქმის საუკეთესო საშუალება, ხალხი კი ამ დროს თავის სათქმელს ვერ ამბობს.

ამიტომაც არის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი პიარაქცია ბუტაფორია. ბუტაფორია იყო პრეზიდენტის შეკითხვა - მინისტრებო, ტელეფონებს რატომ არ პასუხობთო. საქმეში ჩახედული ნებისმიერი მოქალაქისთვის ხომ ცხადზე უცხადესია, რომ შეუძლებელია მინისტრი ყველა სატელეფონო ზარს პასუხობდეს. მაშინ ის მინისტრი კი არა, სატელეფონო ოპერატორი იქნება. მინისტრმა ისე უნდა ააწყოს თავისი სამსახური, რომ მოქალაქეს მასთან დაკავშირება არ სჭირდებოდეს.

მაგრამ რისთვის დასჭირდა პრეზიდენტს ბუტაფორიების გამოყენება?

- პრეზიდენტის მოწოდებები იმის მანიშნებელია, რომ ის შფოთავს და მართებულადაც. მან სხვადასხვა წყაროდან იცის, რომ მოსახლეობაში ხელისუფლების ნდობის ხარისხი ეცემა. მან ეს დაინახა კიდეც 1-ელი ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც ძალზე ძვირი დაუჯდა თავისი კანდიდატების გამარჯვება. საამისოდ უზარმაზარი სახსრები დაიხარჯა და თითოეული ხმა, რომელიც ხელისუფლებამ თავის ყულაბაში მიითვალა, ძნელად მოსაპოვებელი შეიქნა. ასე რომ, სააკაშვილი დარწმუნდა, ამავე მეთოდით საქართველოში არჩევნებს ვეღარ მოიგებს. მან დაინახა, რომ ოპოზიციური ჯგუფები უკეთ ახერხებენ კონსოლიდაციას და საერთო ენის გამონახვას. სალომე ზურაბიშვილის მაგალითმა კი ცხადყო, რომ მოსახლეობა პირველივე დაძახებაზე მზად არის მასობრივი აქციებისთვის. პრეზიდენტი ეცნობა ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგებსაც, რაც ხელისუფლებისთვის კატასტროფულია. მან იცის საერთაშორისო ორგანიზაციების განწყობილებაც, რომლებიც სულ უფრო შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ანუ პრეზიდენტმა იცის, რომ კარგავს ხელისუფლებასა და მოსახლეობის მხარდაჭერას. რაკი ეს დაასკვნა, მან უნდა სცადოს სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ საამისოდ არსენალში ძალზე მცირე რესურსები აქვს. ის უნდა მიხვდეს, რომ პრობლემათა სათავე მისი მართვის სტილია, რომ აქციებით ხელისუფლებაში მოსვლა შესაძლებელია, მაგრამ ქვეყნის მართვა შეუძლებელი, რომ საჭიროა ქვეყნის კონსტიტუციურ, კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა, რაც ყველას აუკრძალავს თვითშემოქმედებას კანონდარღვევების გზით, რომ ბიუროკრატია დისციპლინირებული უნდა იყოს და საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დიალოგით გაირკვეს.

ნაცვლად ამისა, პრეზიდენტს თვალი ნაცადი ხერხისკენ - ხალხთან მისვლისა და მისი აყოლიებისკენ გაურბის. ამ ხერხით მან ოპოზიციაში ყოფნისას მიაღწია წარმატებას. პრეზიდენტი დიდ და ტრაგიკულ შეცდომას უშვებს არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ქვეყნისთვისაც. მას დაავიწყდა ახლო წარსული. მაშინ ერთმა ჩვენმა პრეზიდენტმა სცადა მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას რუსთაველის პროსპექტზე კარვებში დაბანაკებული მხარდამჭერებით დაპირისპირებოდა. ამ მოვლენის სახეშეცვლილი ვარიანტი გვაქვს დღეს, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, ხალხთან მივიდეთ და პრობლემა მოგვარდებაო.

მთავრობაში უკვე მომხდარი და მოსალოდნელი ცვლილებები რაზე მეტყველებს?

- სალომე ზურაბიშვილის გადაყენების მიზეზებზე ბევრი რამ ითქვა. ეთერ ასტემიროვას შეცვლა კი არ გამკვირვებია - ეს უბანი იმდენად ჩავარდნილია, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რაღაც ეღონა. სააკაშვილის ხელისუფლების რეიტინგი ეცემა და ის მხოლოდ ხალხში გასვლით არ ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას. მეორე ნაცადი ხერხი ე. წ. კარუსელია, რომლის დროსაც მთავრობის წევრებს უხმაუროდ ათავისუფლებენ დაკავებული თანამდებობებიდან.

 მინისტრების გადაადგილება მორიგი კარუსელის მცდელობაა, არადა მთავრობის მუშაობის უმთავრესი განმაპირობებელი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი არიან. პრეზიდენტი საკუთარ თავს არ და ვერ შეცვლის, მაგრამ იმის უნარი უნდა ჰქონდეს, რომ ხელისუფლებაში ისეთი პრემიერ-მინისტრი მოიყვანოს, რომელიც მთავრობას აამუშავებს. ნელ-ნელა მივუახლოვდით ისეთ სიტუაციას, როგორშიც შევარდნაძის მმართველობისას ვიყავით - მაშინ მინისტრებს ერთმანეთთან უკიდურესად მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ. დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ანალოგი, მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი მხოლოდ რამდენიმე სამინისტროს აკონტროლებდა. ხელისუფლებაში უმთავრესი ბუტაფორია პრემიერ-მინისტრია. ის ვერ ჩაითვლება ისეთ ფიგურად, რომელსაც მიმდინარე პროცესებზე შეუძლია გავლენის მოხდენა.

რევოლუციის მეორე წლისთავს ხელისუფლება იმავე შედეგებით ხვდება, რაც რევოლუციის შემდგომ პერიოდში ჰქონდა. უმთავრესი შედეგი ის არის, რომ შევარდნაძე, მისი უქნარა და გახრწნილი მთავრობა აღარ არიან ხელისუფლებაში, ამავეს ვიტყოდი ასლან აბაშიძეზეც. ეს ორი უკეთური ძალა საქართველოში აღარ ბატონობს და, სამწუხაროდ, ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ამით ვიმშვიდებთ თავს. დანარჩენი - ბიუჯეტის ზრდა და საპატრულო პოლიცია არამდგრადი მიღწევაა. ეს არ არის მყარად ჩასხმული საძირკველი და კარგად დადებული აგური იმისთვის, რომ საიმედო შენობა ავაშენოთ. საპატრულო პოლიციის მიღმა კვლავაც იმალება ძველი მეთოდით მოქმედი კრიმინალური პოლიცია თავისი სადამსჯელო აპარატით, ნარკოტიკების ჩადებითა და სხვა ყველა სიბინძურით. ვანო მერაბიშვილს ექვემდებარება კონსტიტუციური ზედამხედველობის დეპარტამენტიც. ნუთუ არ იცის მინისტრმა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათო ახალაია პირადად სცემს ხოლმე დაკავებულებს?!