უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ ოქრუაშვილს “დაბადებიდან მდაბიო” უწოდა. არადა, რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან ღირსების დასაცავად გამოსული საზოგადოება, რომელიც ამავდროულად მდაბიოდ შერაცხულ ოქრუაშვილსაც უცხადებდა თანადგომას, სულაც არ იყო ვინმეს ამრეზით შესახედი და გასაკიცხი. მათ შორის ბევრი “ჩარეცხილი” და ხელისუფლებისგან სანაგვეზე მოსროლილიც იყო, მაგრამ მიუხედავად ასეთი იარლიყებისა, ხომ ყველამ ვიცით, რომ სწორედ ისინი არიან რჩეულები. ამ რჩეულ საზოგადოებას კი სწორედ მაია ნადირაძის დაწუნებული ოქრუაშვილი მიაჩნდა იმ წუთში კაცობის საზომად და არა ვერხვის ფოთოლივით ათრთოლებული დიმიტრი ქიტოშვილი, რომელმაც ნამინისტრალზე ჩვენება იმიტომ მისცა, რომ თავად თავისუფლებით დამტკბარიყო. განა ღირსების საზომი თანამდებობა, ვინმეს თანაგუნდელობა ან ვინმეს ნავში ხრიკებით ჩახტომაა? ასეთები ღირსეულებისა და უღირსების დამდგენებად ვერ გამოდგებიან და ვერც იმის გამრჩევად, რა არის სიმდაბლე და რა - ზნეობა.
გასულ კვირას საზოგადოება ისე იყო აბორგებული, რომ აქა-იქ ისიც გაისმა, განა ვარდების რევოლუცია იმისთვის მოხდა, რომ ასეთი ბრალდებების მქონე ხელისუფლება გვყოლოდაო. ირაკლი ოქრუაშვილის გისოსებს მიღმა ჩასმამ და ბრალდებებზე გაჩუმებამ ხელისუფლებას მაზანდა ვერ აუწია.
გასული კვირის მოვლენებზე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს ვესაუბრეთ:
ხელისუფლებას ეგონა, ხალხის დაშინება შემიძლიაო, მაგრამ ბოკერიას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ქართველებს არ უყვართ, როცა ვიღაც ბიჭბუჭები აშინებენ. ღმერთი არ გაგიწყრეთო, წესით, ეს სიტყვები ბოკერიას საკუთარი თავისთვის უნდა ეთქვა. თუ ჰგონიათ, ვინმეს სააკაშვილის ქმედების გამეორება და პარლამენტის შენობის აღება უნდა, ცდებიან. ეს თავის დროზეც სისულელე იყო, მაგრამ სააკაშვილის პარლამენტში შესვლას კიდევ ჰქონდა აზრი, რადგან იქ მაშინ შევარდნაძე ბრძანდებოდა. ჩვენ ძალადობა არ გვჭირდება. ბოკერიას მუქარას ერთი მიზანი ჰქონდა, - მან თქვა, მიტინგზე არ მიხვიდეთ, თორემ დაგარბევთო. როგორ უპასუხა საზოგადოებამ ბოკერიას მუქარას, ხომ ნახეთ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ოპოზიცია კი არა, ქართველი ხალხია მაგარი, რომელსაც თურმე სააკაშვილი არ იცნობს. ხალხი მას არჩევნების გზით გაუშვებს, მაგრამ სახლში კია არა - ციხეში.
გიგა ბოკერიამ განაცხადა, კორუფციაში მხილებულმა ოქრუაშვილმა იმუნიტეტის მოპოვება განიზრახა და ამიტომ გააკეთა პოლიტიკური განცხადებებიო.
- როდესაც ბატონი ბოკერია ამას ამბობდა, გვერდით კორუფციის მამა მიხეილ მაჭავარიანი ედგა. ბოკერიას გულის მესაიდუმლე ვანო მერაბიშვილი კი სააკაშვილის შემდეგ ყველაზე კორუმპირებული კაცია. დავუშვათ ირაკლი ოქრუაშვილს თავადაც აქვს დანაშაული ჩადენილი, მაგრამ რატომ არ უპასუხეს მის ბრალდებებს? ოქრუაშვილის ბრალდებებს თემურ ალასანიაზე ისინი დაადასტურებენ, რომლებიც მომსწრე იყვნენ იმისა, როგორ სამარცხვინოდ დააკავა თემურ ალასანია ოქრუაშვილმა. პრეზიდენტის ბიძისთვის მოკრძალებით არ უთქვამს, უკაცრავად, დაკავებული ბრძანდებითო. ხელებიც გადაუგრიხეს და კა-გე-ბეს გამოცდილ ოფიცერს მაშინ ისეთი მწარე წუთები განაცდევინეს, სიცოცხლეში რომ არ გაუცდია.
ირაკლი ოქრუაშვილმა ხელისუფლებაზე საშინელი კომპრომატები გაახმაურა, ამაზე კი ხელისუფლება პასუხობს, ოფისის ყიდვის დროს გადასახადი არ გადაიხადაო. ეს მაშინ, როდესაც კანონი ამბობს, გადასახადი იმან უნდა გადაიხადოს, ვინც ქონება გაყიდა. მერე კი გვასმენინებენ ჩანაწერს, სადაც ოქრუაშვილი ამბობს, გაგუა თუ დაიჭირეს, მე არ ვიციო. ამათ რაში “დაგვარწმუნეს” ვერ მივხვდი. ოქრუაშვილი ისეთი ნაღდი ფაქტებით ლაპარაკობს, ყველამ რომ ვიცით მათი გარემოებები. მას ხელისუფლების შეთითხნილ კომპრომატებზე პასუხის გაცემა არ დასცალდა, ოქრუაშვილის დაკავებით ხელისუფლებამ ძალზე ბრიყვული და მცდარი ნაბიჯი გადადგა. როდესაც გამოძიება ჩატარდება, ის უსათუოდ დაადასტურებს, რომ სააკაშვილის ბიძა არის მექრთამე, მისი ორივე ძმა უკანონო ბიზნესში მონაწილეობს, დედამისი კი უკანონო საქმიანობას ეწევა. უკანონო ბიზნესშია თავად პრეზიდენტიც, მისი დამცველი მიხეილ მაჭავარიანი კი ყველაზე ცნობილი კორუმპირებულია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში.
ოქრუაშვილს ბევრი რამ უთქმელი დარჩა. როდესაც მან ნაწილობრივ გაამჟღავნა ის ინფორმაცია, რაც ჰქონდა, ალბათ, გააზრებულიც უნდა ჰქონოდა, რომ დაიჭერდნენ.
- ცხადია, დაპატიმრებას ელოდა, მაგრამ დადგება დრო, როდესაც დაფარული გაცხადდება. მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილი ციხეშია, ის არ დასჯერდება იმ ინფორმაციას, რაც უკვე მოგვაწოდა. ირაკლი ოქრუაშვილს შეეძლო უცხოეთში წასულიყო, მაგრამ მან გააკეთა არჩევანი. ეს არც მიკვირს. პარტიის შექმნა და ხალხის სიყვარულის მოპოვება ძვირი ღირს. თუ გინდა ხალხს უყვარდე, რაღაც უნდა გაიღო შენი ცხოვრებიდან. მისი საქციელი გაბედული კაცის ნაბიჯია. მან გადაწყვიტა, იოლი გზით არ იაროს. სიმტკიცეს ვუსურვებ მას.
ბატონო ლევან, საზოგადოება უკვე რევოლუციის მთავარი სუბიექტების დაპირისპირების მომსწრე გახდა. გარკვეულწილად, ეს თავად რევოლუციასაც ხომ არ აყენებს ჩრდილს?
- ვერავინ იტყვის თავიდანვე, რომ რევოლუცია აუცილებლად წარმატებული იქნება. თუ ის შედეგი დადგა, რისთვისაც რევოლუცია მოხდა, მაშინ ის დადებითად ჩაითვლება. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციაში ყოველთვის მოიძებნება უარყოფითი მომენტებიც. ქართული რევოლუცია შედგება, თუკი ის პრინციპები გაიმარჯვებს, რისთვისაც მასში ვმონაწილეობდით. ეს პრინციპები კი გახლავთ: არა - ავტორიტარულ მმართველობას! ჩვენ დავსახეთ ათი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ და მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო კანონი ლუსტრაციის შესახებ. ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს. დასახული მიზნებიდან რაღაც მიღწეულია. რევოლუცია მხოლოდ სააკაშვილი ან ოქრუაშვილი არ არის, არც ხიდაშელი ან ბერძენიშვილებია და არც ბოკერია. რევოლუციას აზრი იმიტომ ჰქონდა, რომ ხელისუფლების გამოცვლის წესი შეიცვალა. ხელისუფლება ოპოზიციამ შეცვალა და დღეს თუ ვინმე მეტყვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელიაო, მას ხუმარა კაცად ჩავთვლი, ან კიდევ დავასკვნი: მოვლენებს ვერ აანალიზებს ან არაფრით არ უნდა სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა-მეთქი. ლაპარაკი, თუ სააკაშვილი არა, სხვა ვინო, დამთავრდა. რევოლუციის შემდეგ პირველად შეიქმნა კონკურენტული პოლიტიკური გარემო. ხომ ვიცით, რომ შევარდნაძეს კონკურენტულ ბრძოლაში არჩევნები არ მოუგია. სანამ ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს არჩევნების მოგების შანსი, მანამ აქვს აზრი რევოლუციას. თუ სააკაშვილი წაგებულ არჩევნებზე იტყვის, მოვიგეო, მაშინ დამთავრებულა რევოლუცია.
თქვენ გჯერათ, რომ არჩევნების შედეგების არ გაყალბდება?
- არჩევნებისთვის ბევრი ფულიც დაიხარჯება, მაგრამ ხელისუფლების შენარჩუნება აღარ იქნება ისე მარტივი, როგორც რევოლუციამდე იყო. ეს არის სწორედ რევოლუციის მონაპოვარი. რევოლუციის მერე არაფერი შეცვლილაო, ამბობენ ზოგჯერ აჭარლები. არ შეცვლილა იმ მხრივ, რომ ვისაც არ ჰქონდა ფული აჭარაში, დღესაც არა აქვს. ბათუმელმა კაცმა როგორ ვთქვა, არაფერი შეიცვალა-მეთქი, როდესაც ქობულეთს რომ მივუახლოვდებოდი, საჭესთან ადგილს ვუცვლიდი ჩემს ცოლისძმას და მანქანაში ვიმალებოდი, არავის რომ არ დავენახე, შესაძლებელი იყო, ბათუმში არ შევეშვი. გავახსენო ხალხს, რომ აჭარაში შესასვლელად პასპორტი იყო საჭირო? ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ რევოლუციის ეს მონაპოვარი დარჩა. ვარშალომიძე ცუდი ხელმძღვანელია, ჩვეულებრივი ქურდბაცაცაა, მაგრამ ის საფრთხეს აბაშიძესავით არ უქმნის საქართველოს მთლიანობას. რევოლუცია არ ყოფილა შევარდნაძის სააკაშვილით გამოცვლა. უბრალოდ, სააკაშვილმა ვერ გაატარა ის მაღალი იდეალები, რასაც რევოლუცია ისახავდა მიზნად.
რევოლუციაში მონაწილეობდა სოროსის ფული და აშშ-ის ხელისუფლების გარკვეული წრეები (აშშ-ის დაზვერვა და ა.შ.). ზოგი კითხულობს, რამდენად უანგაროა ასეთი დახმარებებიო. ვეთანხმები იმ აზრს, რომ სოროსი ზოგჯერ ტყუილად ყრის ფულს, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რომ სოროსმა საქართველოდან იდეები და ტვინები მოიპარა - მოსაპარი იდეა საქართველოში ჯერ არც მსმენია. თუმც ვიცი ის, რომ ყინწვისის აღსადგენად სოროსმა იმაზე მეტი ფული დახარჯა, რაც ოდესმე ქართველებს დაუხარჯავთ. ასე რომ, ვატყუებდით თუ თავს იტყუებდა, მან ფული ჩადო ქართულ დემოკრატიაზეც და კულტურაზეც. სოროსის, აშშ-ისა და “კმარას” წილი რევოლუციაში მხოლოდ 1%-ია, დანარჩენი ქართველი ხალხის დამსახურებაა.
საინტერესოა, რამ გამოიყვანა თავის დროზე ოქრუაშვილი ამ თამაშიდან?
- ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალში დაბადებული და ამ რეგიონის პრობლემების კარგი მცოდნეა. როდესაც ოსეთის საკითხის პოლიციური ოპერაციით გადაწყვეტა დაევალა და ათქმევინეს, 2007 წლის 1-ელ იანვარს ცხინვალში შევხვდებითო, მერე კი “გაირკვა”, ეს მხოლოდ მისი ინიციატივა იყო, ომი უნდოდაო, არ გამწარდებოდა? ოქრუაშვილი ომის დამწყებად, კაცის მკვლელად და გიჟად გამოაცხადეს. მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, - რას ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრიო, სინამდვილეში კი ყველაფერი ქვეყნის მთავარსარდალმა მოიფიქრა.
ოქრუაშვილის მწვავე ბრალდებებზე უცნაური რეაქცია ჰქონდა ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ მოკლე კომენტარებს დასჯერდა.
- ბოკერია პირველად ვნახე ასეთი სუსტი. მან იცოდა, როგორ ეპასუხა ოქრუაშვილისთვის, მაგრამ სააკაშვილი არ იყო თანახმა ამაზე. პრეზიდენტს გონს მოსასვლელად დრო სჭირდებოდა, იმიტომ იყო მდუმარე რამდენიმე დღე.
გიგი უგულავას ოქრუაშვილის ნაამბობზე ბებერი კაგებეშნიკი გაახსენდა, ანუ მან სერიოზულად არ მიიღო უმძიმესი ბრალდებები.
- ვიცი, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოქრუაშვილს სთხოვა, თანამდებობიდან უხმაუროდ წადიო. სანამ ოქრუაშვილი უხმაუროდ წავიდოდა, მას უგულავამ ტელევიზიით დაარტყა. მაშინ ოქრუაშვილმა პირობა წამოაყენა, უხმაუროდ წავალ, ოღონდ ჯერ უგულავასთან დამალაპარაკეთო. მაშინ პრეზიდენტის კაბინეტში შედგა ეს ლაპარაკი. ოქრუაშვილმა კარგად ჟეჟა უგულავა, სანამ დაცვის წევრები არ შემოცვივდნენ და ხელიდან არ გამოგლიჯეს. ნაჟეჟი კაცისგან განცხადებები, “მშიშარა” და “ბებერი კაგებეშნიკიო”, სასაცილოა. კაგებეშნიკებზე რომ ლაპარაკობს, უგულავას არ რცხვენია?
რატომ უნდა რცხვენოდეს?
- “კმარას” ვინ აკეთებდა და უცხოური დაფინანსებით ახალგაზრდებს ტვინს ვინ უბრუებდა?! რევოლუციაში უგულავას ერთადერთი დამსახურება ეს არის. სწორედ “კმარას” მომზადებისას გამოიყენეს მეთოდები, რომლებზეც უგულავა ლაპარაკობს. კი ბატონო, კა-გე-ბე არა, მაგრამ ცეერუ ხომ იყო მისი წარმმართველი? რატომ ჰგონია, რომ მორალური თვალსაზრისით მართალია? ირაკლი ოქრუაშვილი როდის ყოფილა ეკლესიაში ან სხვაგან შეგზავნილი აგენტი?
როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი მწვავე განცხადებების გაუკეთებლად წავიდა ხელისუფლებიდან, მიხეილ სააკაშვილმა ხელში ტორტი დაიჭირა და ისე ეწვია ოჯახში...
განსაკუთრებით უმრავლესობის იმ წევრების განცხადებებმა გამაოცა, რომლებიც ბოლო დროს გამოჩნდნენ. მეგი გოცირიძემ რა იცის, რა კაცია ირაკლი ოქრუაშვილი, სად გამოცადა? ეს განცხადებები დადგმული სპექტაკლი იყო. ან ვახტანგ ბალავაძე რას ლაპარაკობს? ეს ახალგაზრდა უმრავლესობის განსაკუთრებული პროდუქტია, 150 კაცში ძნელია ისეთი კაცის პოცნა, რომელიც ასეთ არაკაცურ საქმეებში გამოდგება. თავიდან რატი სამყურაშვილის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ არ გაამართლა. ვგონებ, მისი ნაკლი ისაა, რომ მაღალია. სააკაშვილმა კი ის იცის, რომ კონკურენტები არ უნდა შეიქმნას. სამყურაშვილი რომ გაიზარდოს და წლების შემდეგ პრეზიდენტობა მოუნდეს? ამ მხრივ ბალავაძე საფრთხეს არ ქმნის... სააკაშვილთან მეც არაერთხელ მქონია მწვავე საუბარი, მაგრამ არანორმატიული სიტყვები არასოდეს გვიხმარია. მაგალითად, ჩემი ყველაზე მწვავე სიტყვა იყო “დაგმარხავ”.
როდის უთხარით?
- თუ ჟვანიასთან ერთად გამოხვალ არჩევნებზე-მეთქი და დამიჯერა.
გოცირიძე რა ნიშნით შეირჩა ოქრუაშვილთან დასაპირისპირებლად?
- მეგი გოცირიძე გლადიატორი ქალია, რომელსაც საკუთარი თავის, იდეებისა და ნაცმოძრაობისთვის ბრძოლა შეუძლია. ვისაც გნებავთ, ყელს გამოჭრის, ისეთი ბოევიკია. ნაცმოძრაობის სიაში ხომ იმის მიხედვით შეირჩა ხალხი, ვინც უკეთ იბრძოლა, ვინ უკეთ ისროლა ქვა და უკეთ ჩაარტყა მოწინააღმდეგეს კასტეტი.
ეს ქალი ნაციონალური მოძრაობის სახელით შედიოდა ხალხში და იბრძოდა. ის მოწინააღმდეგეებს ფიზიკურად უსწორდებოდა. ვერ წარმოიდგენთ, რა მაგარი ქალია და ეს არც დაუკარგეს...
მეგი გოცირიძე ოქრუაშვილის წინააღმდეგ იცით, რატომ წამოსწიეს? ერთ მაგალითს მოვიყვან: დავუშვათ, მეგი გოცირიძე არის “მერსედესი”, მაგრამ ყველაზე დაბალი, “A” კლასის. ოქრუაშვილიც “მერსედესია”, ოღონდ “ჩ” კლასის. “A” კლასის გოცირიძე იმიტომ დაუპირისპირა ხელისუფლებამ ოქრუაშვილს, რომ ეთქვა, “ჩ” კლასის “მერსედესად” არ მიგიჩნევთო. ამით მისი დაკნინება სცადეს, მაგრამ ოქრუაშვილი არ არის ის კაცი, რომ მეგი გოცირიძესა და მის წითელ შარვალზე ელაპარაკა.
უმრავლესობის ლიდერმაც გააკეთა ოქრუაშვილზე განცხადება, “დაბადებიდან მდაბიო” უწოდა.
ჭავჭავაძეები და ორბელიანები არც ნადირაძეები არიან, მაგრამ მამამისის გამო უდიდეს პატივს ვცემ მაია ნადირაძესა და მის ოჯახს. ნადირაძეს სისხლით არისტოკრატობა არც უგულისხმია. ის იგულისხმა, რომ ვინც სააკაშვილთან არის, ისინი არიან ზეპურნი, დანარჩენები კი უაზნონი და მდაბიონი. ნადირაძემ ამით თქვა, ვინც ჩვენგან წავიდა, ჩვენი წრის აღარ არისო. ამით ამ ელიტურმა ქალბატონმა ისიც მიანიშნა, ოქრუაშვილი გორელიაო. მაპატიოს ქალბატონმა მაიამ, მაგრამ მე ჭყვიშელი გალაკტიონის ფანატიკოსი ვარ და ასეთ გამონათქვამებზე ყოველთვის მეცინება. გვარით, დედით, მამით, განათლებით მაია ნადირაძე მდაბიო არ არის, მაგრამ ასეთ განცხადებებს სულით მდაბიო ადამიანები აკეთებენ.