ირაკლი წერეთელი პრეზიდენტობისთვის ემზადება

ირაკლი წერეთელი პრეზიდენტობისთვის ემზადება

ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი წერეთელმა გადაწყვიტა, მონაწილეობა აღარ მიიღოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

წერეთელი გაპრეზიდენტების მოსურნეთა პაექრობაში აპირებს ჩართვას და, ალბათ, ძალებს ზოგავს.

როგორც ირაკლი წერეთელმა განაცხადა, მის პარტიას მწირი ფინანსური მდგომარეობის, დროის უქონლობისა და ეროვნულ ძალთა დაქსასულობის გამო უწევს 31 ოქტომბრის არჩევნებზე უარის თქმა.

მისი აზრით, მომავალ არჩევნებში გამარჯვებას ორი პარტია, უფრო კონკრეტულად კი შევარდნაძისა და აბაშიძის ძალები იზეიმებენ.

წერეთლის თქმით, მომავალ პარლამენტში ჰამლეტისეულ „ყოფნა-არყოფნის“ პრინციპზე ფიქრი მოუწევთ ეროვნულ-დემოკრატიულ ალიანსს, რომელიც, თურმე ვერაფრით ამტკიცებს, რომ მესამეა, მამალივით გაბღენძილ თოფაძეს და „სახალხო“ პარტიას. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარის პროგნოზით, საპარლამენტო არჩევნებში დაახლოებით ორმოცდაორი პარტია მაინც გაბითურდება.

მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი წერეთელს, ალბათ, ერთ-ერთ კანდიდატად ვიხილავთ. მაგრამ თურმე ის ქართლოს ღარიბაშვილივით თავის შერცხვენას არ აპირებს: „თუ ვერ გავიმარჯვებთ, ღირსეულად მაინც უნდა დავმარცხდეთ, 25 პროცენტი მაინც ხომ უნდა ავიღოთ?“

წერეთელმა არ გამორიცხა, რომ ეროვნულმა კონგრესმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარდება, სხვა კანდიდატიც წამოაყენოს.

ირაკლი წერეთელმა არჩევნების გარდა, საქართველოს სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებაზეც ისაუბრა. მან სერიოზულ საფრთხედ დასახა ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენები. მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები ყოველნაირად ცდილობენ საომარი მოქმედებების საქართველოში გადმოტანას.

განსაკუთრებით საშიშ ზონებად წერეთელს მთა-თუშეთი და პირიქითა ხევსურეთი მიაჩნია. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია თავდაცვის სამინისტროსაგან ამ ზონაში 500 ჯარისკაცის ჩაყენებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წერეთელი პარლამენტის წინ პიკეტის მოწყობით იმუქრება.