თბილისში ბინების გაიაფება გრძელდება

თბილისში ბინების გაიაფება გრძელდება

ექსპერტთა ვარაუდი, რომ ბინების ფასი დედაქალაქში სექტემბრიდან მოიმატებდა, არ გამართლდა. გაზაფხულიდან მოყოლებული, ფასების კლება დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში ფასები ბინებზე 20-25%-ით დაეცა.

თბილისში ბინების ყიდვა-გაყიდვა საგრძნობლად შემცირდა. შესაბამისად, ფასების კლება კვლავ გრძელდება. ამას გამყიდველები იოლად ვერ ეგუებიან. მყიდველებს კი, თითქმის ნახევარ ფასში სურთ ბინის შეძენა.

დღეს გასაყიდი ბინების რაოდენობა საგრძნობლად აღემატება პოტენციურ მყიდველთა რიცხვს. მოთხოვნამ ბინებზე მკვეთრად იკლო, რამაც გამოიწვია ფასების დაცემა. მაგალითისთვის, ერთოთახიანი სტანდარტული ბინა დიდუბეში, რომელიც წლის დასაწყისში 8 ათას დოლარად იყიდებოდა, ამჟამად დაახლოებით 6.5 ათასი ღირს.

შედარებით მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ინდივიდუალური პროექტის და სტანდარტული ერთოთახიანი ბინები. შედარებისთვის, ერთოთახიანი ჩეხური პროექტის ბინის ფასი თითქმის ე.წ. „ხრუშჩოვკის“ ოროთახიანი ბინის ფასის ტოლია.

„მშრალ ხიდთან“ მყოფ მაკლერებს თავიანთ საქმეში ამგვარი „ცუდი დრო“ არ ახსოვთ. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ადამიანთა ნაწილი, რომელთაც თავისუფალი სახსრები გააჩნდა და ბინებში აბანდებდა ფულს, ბინების ბაზარზე შექმნილი სიტუაციის შედეგად არა მარტო გაწბილებული აღმოჩნდა, არამედ ზარალიც განიცადა. დღეს ისინი შეძენილ ბინებს იმ ფასადაც ვერ ყიდიან, რა ფასშიც ამ რამდენიმე ხნის წინათ შეიძინეს.

გამოცდილი მაკლერების აზრით, უახლოეს ხანში დედაქალაქში ბინებზე ფასების შესამჩნევი ცვლილება არ მოხდება. მათი თქმით, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

ბინების ფასი თბილისში (ათას დოლარებში)

დიდუბე:   ერთოთახიანი - 5.5 – 10  ოროთახიანი - 12 – 17  სამოთახიანი - 16 – 25

დიღომი:  ერთოთახიანი - 4.5 – 8  ოროთახიანი - 9 – 14  სამოთახიანი - 13 – 20

საბურთალო:  ერთოთახიანი - 6 – 11  ოროთახიანი - 11 – 17  სამოთახიანი - 16 – 25

ვაკე, ვერა:  ერთოთახიანი - 9 – 15,  ოროთახიანი - 18 – 25,  სამოთახიანი - 25 – 35

დიდი დიღომი:  ერთოთახიანი - 2 – 4,  ოროთახიანი - 3 – 5  სამოთახიანი - 4 – 7

ვაზისუბანი:  ერთოთახიანი - 2 – 4  ოროთახიანი - 3.5 – 5  სამოთახიანი - 5 – 7

გლდანი, თემქა:  ერთოთახიანი - 3 – 4  ოროთახიანი - 4 – 6  სამოთახიანი - 6 – 8