ვინ არის „ბიგ ბენის“ მფლობელი?

ვინ არის „ბიგ ბენის“ მფლობელი?

ვაკეში, ჭავჭავაძის პროსპექტზე ამ დღეებში ახალი სუპერმარკეტი „ბიგ ბენი“ გაიხსნა. მართალია, დღეს თბილისელებს სუპერმარკეტებითა და საფირმო მაღაზიებით, ვეღარ გააკვირვებ, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ ცნობილი რესტორნის, „მწვანე ველის“ ადგილას ახალი, ძვირადღირებული დიზაინის სუპერმარკეტმა საზოგადოებაში, მაინც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ვისია „ბიგ ბენი“, ვინ მოახერხა „მწვანე ველის“ პრესტიჟული ადგილის ხელში ჩაგდება? - სანამ ამის შესახებ ცნობისმოყვარე თბილისელები საკუთარ ვერსიებს ერთმანეთს უზიარებენ, სუპერმარკეტი პირველ მომხმარებელს მასპინძლობს და უცხოური თუ ქართული პროდუქტით დატვირთული ვიტრინებითა და თვალისმომჭრელი რეკლამებით თავს იწონებს. ისიც ხომ ფაქტია, რომ ამგვარი სუპერმარკეტები თუ საფირმო მაღაზიები მხოლოდ ქართული ელიტარული საზოგადოების გარკვეული ნაწილის ფუფუნებად რჩება.

„ბიგ-ბენის“ დირექტორი, კახა გურგენიძე აცხადებს:

-სუპერმარკეტს ელიტარულს ვერ ვუწოდებ. გარდა იმისა, რომ ფასები საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის ხელმისაწვდომია, აქ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი - რძის ნაწარმი, საკანცელარიო ნივთები, კვების პროდუქტები იყიდება. რატომ არის ეს ყველაფერი ელიტარული?

ბატონო კახა, ვისი კუთვნილებააბიგ ბენი“? ფაქტია, რომ ვაკეში, პრესტიჟული რესტორანის, „მწვანე ველისშესყიდვა  არცთუ ისე იაფი სიამოვნებაა და ამას ჩვეულებრივი მოქალაქე  ვერ მოახერხებდა?

-„ბიგ ბენი“ ფირმა „ვაკე-777“-ს ეკუთვნის.

ვინ არის ამ ფირმის დამფუძნებელი?

-არა მგონია, მათი ვინაობა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს.

ამბობენ, რომბიგ-ბენისერთ-ერთი მესაკუთრე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ნიკო ლეკიშვილია და რესტორანიმწვანე ველიცსწორედ მან შეისყიდა

-ძალიან საინტერესო ვერსიაა. დღეს თბილისში ასეთი ტენდენციაა, თუკი რაიმე ახალი და კარგი კეთდება, ყველაფერს ნიკო ლეკიშვილს მიაწერენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბატონ ნიკოს ამ ობიექტთან არანაირი კავშირი არა აქვს. არც ჩვენი დაფუძნებელია და არც მონაწილე.

არსებობს მეორე ვერსიაც, თითქოს ამ ძვირფასი სუპერმარკეტის უკან რუსთავის მერი ტყეშელაშვილი დგას, მართალია?

-არა, ესეც ტყუილია. რადგან ასეთი ჭორები გავრცელდა, დავაკონკრეტებ: ფირმა „ვაკე-777“-ის დამფუძნებლები არიან იოსებ ვიშინსკი, მანანა ჭანუყვაძე და გიორგი მახარაშვილი. ვფიქრობ, ეს გვარები არც თქვენ და არც საზოგადოებას არაფერს გეუბნებათ.

ალბათ, ამიტომაც გაჩნდა ასეთი ჭორები. უმეტეს შემთხვევაში უცნობი გვარებისა და ფირმების მიღმა გავლენიანი პირები დგანან.

-კიდევ ერთელ ვიმეორებ, „ბიგ ბენი“ „ვაკე-777“-ს ეკუთვნის.

ამბობენ, რომ სუპერმარკეტი მილიონ დოლარამდე დაჯდა, თუ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია, რა თანხაა ამ ობიექტში ჩადებული?

-ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ. ისე საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ მილიონი დოლარი ნადვილად არ დახარჯულა, ეს იმდენად დიდი თანხაა, რომ რამდენიმე სუპერმარკეტს ეყოფა.

სუპერმარკეტის ძირითადი მომწოდებელი იტალიური ფირმებია. აქვე შეხვდებით ჰოლანდიურ, გერმანულ და ქართულ ნაწარმსაც. „ბიგ ბენი“ მომხმარებლის ნაკლებობას არ განიცდის, პირიქით, რამდენიმე დღეა აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს. როგორც დირექტორი ბრძანებს, ობიექტს პირადი დაცვა ემსახურება და ოფიციალური თუ არაოფიციალური რეკეტი არ აწუხებს. „ბიგ ბენის“ თანამშრომლები მაღალი ხელფასით ვერ დაიკვეხნიან, დამფუძნებლები დირექტორს თვეში 200 ლარს უხდიან, სხვა თანამშრომლებს შედარებით ნაკლებს, მაგრამ იმედოვნებენ, რომ უახლოეს ხანებში ხელფასის მომატებას შეძლებენ.