კავშირგაბმულობის სამინისტროს გადაწყვეტილებამ სატელეფონო საუბრებზე „დროითი ლიმიტი“» შემოღებისა და ტარიფების გაზრდის თაობაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, „საყოველთაო გამძვინვარება“ გამოიწვია. მოსახლეობის გააფთრებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ნიკო ლეკიშვილი, რომელმაც თანამშრომელთა თანდასწრებით „დაგმო“ ეს გადაწყვეტილება და მისი გაუქმება მოითხოვა.
როგორც ჩანს, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში მორიგი ტრაგიკომედია თამაშდება. ფრიდონ ინჯიას უბედურება ის არის, რომ მისი უწყება რეალურ ბერკეტებს ფლობს გადასახადების ამოსაღებად. „საქენერგოსავით“ ფორმალურად რომ ადიდებდეს ტარიფებს, ზემოხსენებული გადაწყვეტილება არავის უკმაყოფილებას არ გამოიწვევდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სატელეფონო მომსახურებაზე ფასის გაზრდა „ერთსულოვან აღშფოთებას“ იწვევს, ოღონდ ამჯერად მიზეზი ძნელი ასახსნელია რაციონალური არგუმენტებით. მაგალითად, 1993 წელს ფრიდონ ინჯიას გადაწყვეტილებით გაიზარდა ფასი ესენგეს ქვეყნებთან საქალაქთაშორისო (საერთაშორისო) საუბრისათვის. პარლამენტშიც და საზოგადოებაშიც ამის გამო ნამდვილი ისტერიკა ატყდა. არადა, გადაწყვეტილება სავსებით ბუნებრივი იყო იმის გათვალისწინებით, რომ 1992 წელს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა და სატელეფონო საუბრის ფასმა საერთაშორისო ტარიფთან დაახლოება იწყო (თუმცა დღემდე ვერ გაუტოლდა მას). როგორც ჩანს, საზოგადოებას ქვეყნის დამოუკიდებლობის თაობაზე ცოტა არ იყოს უცნაური წარმოდგენა აქვს. კერძოდ: გვინდოდა დამოუკიდებლობა, გაეროს წევრობა, ოლიმპიადებზე ეროვნული დროშით გამოსვლა და, ამავე დროს, ცხოვრების იმავე წესით ცხოვრება, როგორც ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, ანუ სულ რამდენიმე კაპიკი გვეხადა ელექტროენერგიაში, ტელეფონით სარგებლობაში, 37 მანეთად გვემგზავრა თბილისიდან მოსკოვში და ა.შ.
ასე არ გამოვა!
ეს ყოველივე ყველაზე უკეთ ქვეყნის პრეზიდენტს ესმის და მიუხედავად „საყოველთაო აღშფოთებისა“, დღემდე უჭერს მხარს კავშირგაბმულობის მინისტრს, ვინაიდან იგი აკეთებს იმას, რაც მაინც გასაკეთებელია. ვინც არ უნდა ყოფილიყო დღევანდელი მინისტრის ადგილზე, ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებდნენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კავშირგაბმულობის სამინისტროს დადგენილება არ გაუქმდება და თუ მაინც გაუქმდა, მაშინ ხელისუფლება თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს: სულ მალე მას მაინც მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და გადიდებული ტარიფების გადახდა.
ამ თვალსაზრისით შესაძლოა, ანეკდოტური ვითარებაც კი შეიქმნას: ხელისუფლებამ გაზარდოს სააბონენტო გადასახადი მას შემდეგ, რაც „დასჯის“ კავშირგაბმულობის მინისტრს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა გაცილებით გონიერი გადაწყვეტილება მიიღო, სააბონენტო გადასახადის გაზრდის ნაცვლად დროითი გადასახადი დააწესა და ამით ყოველ აბონენტს მისცა საშუალება სატელეფონო საუბრების დრო საკუთარი შესაძლებლობის მიხედვით განსაზღვროს.
ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს პირობებში საზოგადოების ფსიქოლოგიურ განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - სხვადასხვაგვარად შეფერადებულმა ერთი და იმავე მოვლენამ შეიძლება განსხვავებული რეაქცია გამოიწვიოს. მასობრივ ცნობიერებას მყარი ორიენტირი არ გააჩნია და ადვილად ექცევა მანიპულაციის ობიექტად.