(იბეჭდება შემოკლებით)
70 წლის წინათ, 1941 წლის 22 ივნისს, დღევანდელ დღეს დაიწყო დიდი სამამულო ომი. დილით ქუჩაში სათამაშოდ გამოსული ბავშვები მოულოდნელმა „ატრაქციონმა“ გაგვახარა: ვერის უბანს დაბლა, ძალიან დაბლა გადაუფრინა მწვანე „უდვამ“ (У-2) და ქაღალდის დასტები გადმოაბნია.
მოფარფატებდა პატარა ოთხკუთხა ფურცლები ციდან და ვცდილობდით ბავშვები, მიწაზე დაშვებამდე, ჰაერშივე რომ დაგვეჭირა.
სხვები ახერხებდნენ, მე არ გამომდიოდა, ჩრჩილის მოსაკლავად დადევნებასავით იყო - ბოლო წამს განზე გასხლტებოდა, და დავრჩებოდი ხელცარიელი გივი სამსონაძეს, ჩემზე უფროს მეზობელს, ერთი ცალი რომ არ ებოძებინა.
ავარბენინე ჩვენს ერთოთახიან ბინაში, მშობლებს რომ წაეკითხათ ამ ბარათზე დაბეჭდილი რამდენიმე სტრიქონი: „ფაშისტური გერმანია მუხანათურად თავს დაესხა საბჭოთა კავშირს..“
70 წლის წინათ, 22 ივნისის, იმ საათსა და იმ წუთს დაიწყო „ომის თაობის ბავშვების“ დღეების ათვლა.
70 წლის შემდეგ ჩვენი დემოკრატიული მთავრობა დაინტერესებული ძალების კარნახითა და მითითებით გვიწყობს „ატრაქციონს“, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აღზევებული და რომელიც ერთი მიზნისკენაა მიმართული: სამამულო ომი იყო მხოლოდ „ბრძოლები აღმოსავლეთის ფრონტზე“, ხოლო მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება დასავლეთმა მოიპოვა... რომელშიც, „აგრეთვე, მონაწილეობდა საბჭოთა კავშირი“.
გამარჯვებას ართმევენ გმირ ხალხს.
„ცივი ომის“ შემდეგ ძალამოკრებილი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი ჯვაროსნული ლაშქრობა სწორედ ამ ხალხის, უწინარეს ყოვლისა, მისი ახალთაობის ეროვნული თვითშეგნების და ისტორიული მეხსიერების წინააღმდეგ არის მიმართული.
ცნობილია, რომ სწორედ ომისწინა და ომის დაწყების პერიოდის დამახინჯებულად წარმოდგენა ნიკიტა ხრუშჩოვის ანტისტალინური კამპანიით დაიწყო. რა ბოღმაც აღრჩობდა ნიკიტას, ესეც ცნობილია. მაგრამ, ეგებ, ბევრმა არ იცის ის ამბავი, რომელსაც იხსენებს ბაკურ გულუა ცნობილი საზოგადო მოღვაწის დამიანე გოგოხიასადმი მიძღვნილ კრებულში:
„ერთხელ, როცა ნიკიტა გაგრა-ბიჭვინთის ზღაპრულ სანახებს ეწვია, მისი მანქანების ესკორტი ბიჭვინთის შესასვლელთან, მოულოდნელად, მკვეთრად გაჩერდა. ნიკიტას საქართველოში განსაკუთრებულად იცავდნენ: დაცვის მანქანების რაოდენობა ზოგჯერ რამდენიმე ათეულს აჭარბებდა. მკვეთრად დამუხრუჭებამ ავარიული სიტუაცია შექმნა, მაგრამ მაშინ ამის მიზეზს ვერავინ მიხვდა. მიხეილ ბღაჟბა (პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი) ნიკიტასთან ერთად იჯდა დაჯავშნული მრავალტონიანი „ЗИС“-ის სალონში, დამიანე გოგოხია - მომდევნო მანქანაში იყო. რამდენიმე წუთში ესკორტი დაიძრა და, როცა ნიკიტა ლიძავაში სამთავრობო აგარაკზე დატოვეს, ბღაჟბამ დამიანეს გაუმხილა შეჩერების მიზეზი:
- თქვენ არ იცით, რა კაციჭამიასთან და ანტიქართველთან გაქვთ საქმე, - უთქვამს ბღაჟბას.
- როცა ბინჭვინთის ლამაზი ფიჭვნარი გამოჩნდა, ნიკიტამ მძღოლის გვერდით მჯდომ დაცვის ოფიცერს უბრძანა, გაეჩერებინათ მანქანა. იმან წინააღმდეგობა გაუწია: - მანქანები დიდი სიჩქარით მოგვყვება და ყველა ერთმანეთს დაეჯახებაო. მაშინ ნიკიტა დამუქრებია მძღოლსა და ოფიცერს, ახლავე მოგხსნით სამსახურიდანო.
გაჩერდა მანქანა. ნიკიტა გადავიდა ფიჭვნარში და მოშარდა. უკან მობრუნებულს კი გაკვირვებული ბღაჟბასთვის უთქვამს: - არ გეგონოს, 3 წუთით ვერ შევიკავეო შარდი (დაახლოებით ეს დრო იყო საჭირო ლიძავამდე მისასვლელად), - XI არმიის რიგებში, როგორც ჯარისკაცმა 1921 წელს გავიარე ეს ფიჭვნარი და მოვშარდე. ახლაც მომინდა, დამეფსა ქართული მიწისთვისო.
ასეთი ნაძირალა ებრძოდა სტალინს, მაგრამ სისტემა იყო ისეთი, რომ მას აჰყვნენ და მხარი აუბეს.
სტალინს დააბრალეს, რომ საბჭოთა შეიარაღებული ძალები, რომლებიც დასავლეთ საზღვართან იყო მობილიზებული, გაფრთხილებულიც არ იყო მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, რადგან სტალინი კატეგორიულად მოითხოვდა, არ წამოგებოდნენ გერმანელების პროვოკაციებს და მიზეზი არ მიეცათ საომარი მოქმედების დასაწყებად.
სტალინი, რა თქმა უნდა, აფრთხილებდა არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს, მაგრამ, ამასთან, სრული საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გაცემული იყო. დირექტივა - დაგზავნილი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებში.
სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარმა კუზნეცოვმა, დირექტივის თანახმად, საბედისწერო საათამდე კარგა ხნით ადრე გასცა ბრძანება, სრული საომარი მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ. და როგორც კი 22 ივნისის ღამით 3 საათზე გერმანულმა თვითმფრინავებმა საბჭოთა საზღვარი გადაკვეთეს, დაუყოვნებლივ ამოქმედდა ბალტიისა და შავი ზღვის ფლოტების საზენიტო არტილერია.
გერმანელებმა ვერც ერთი სამხედრო ხომალდი ვერ ჩაძირეს. სამაგიეროდ, არაერთი სვასტიკიანი თვითმფრინავი ჩამოაგდეს იმ დღეს მეზენიტეებმა.
მაშ, რა მოხდა?
მოხდა ის, რასაც სახმელეთო ჯარების სარდლების უნიჭობა და სიჩლუნგე ჰქვია. მაგალითად, დასავლეთის სამხედრო ოლქმა, რომელსაც გენერალი პავლოვი სარდლობდა, არ შეასრულა გენერალური შტაბის დირექტივა ჯარების გაშლისა და ომისთვის მათი სრული მზადყოფნის შესახებ. პავლოვი სულაც არ იყო „პარალიზებული პროვოკაციებზე არაყოლის“ ბრძანებით. მან არ შეასრულა ბრძანება. გამოძიების დროს გამოაშკარავდება ამ საბჭოთა სარდლის გერმანოფილური მისწრაფება და პროგერმანული ორიენტაცია.
ამის შედეგი იყო, რომ პირველივე დღეებში ამ სამხედრო ოლქის მსროლელთა ორმა და ერთმა სატანკო დივიზიამ ისეთი დანაკარგები განიცადა, რომ „როგორც გაერთიანებებმა, არსებობა შეწყვიტა“.
არც ასეთი ფაქტებიც უნდა იყოს ინტერესმოკლებული: ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში საბჭოთა არმიის გენშტაბმა ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ჩაატარა იმ პერიოდისთვის ცოცხლად დარჩენილი გენერლების, რომლებიც დასავლეთის ფრონტზე ომის პირველივე დღიდან იბრძოდნენ.
შეკითხვა ასეთი იყო: როდის მიიღეს დირექტივა შენაერთების საომარ მდგომარეობაში მოსაყვანად?
გენერალი პოლუბიაროვი, ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის ავტოჯავშანსატანკო ნაწილების სარდალი: საბრძოლო მზადყოფნაში ჯარების მოსაყვანად დირექტივა 16 ივნისს მიიღო.
გენერალი სობენიკოვი, მერვე არმიის ყოფილი სარდალი: სამხედრო ნაწილების გაშლის ბრძანება ცხრამეტში მიიღო.
გენერალ შუმილოვს კი დაცვისთვის მზადყოფნა 18 ივნისს უბრძანეს.
გენერალმა პურკაევმა, 1941 წელს კიევის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსმა, მსროლელთა დივიზიების თავდაცვისთვის სრული მზადყოფნის შესახებ ბრძანება 14 ივნისს მიიღო.
გენერალი ბაგრამიანი იხსენებდა, რომ იმავე ოლქის ოპერატიულმა რეზერვებმა გაშლა ომამდე 5 დღით ადრე დაიწყო.
ასეთია ფაქტები: ბრძანება, დირექტივა იყო, მაგრამ ხრუშჩოვის ნიშანზე გენერლების ერთმა წყებამ ომის პირველ პერიოდში წითელი არმიის წარუმატებლობა სტალინს გადააბრალა და ამით თავი იმართლეს. ასე სჭირდებოდა „პიროვნების კულტის“ საწინააღმდეგო კამპანიისთვის „ძვირფას ნიკიტა სერგეევიჩს“.