ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქება იგეგმებოდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქება იგეგმებოდა

ახლახან რუსულმა მედიასაშუალებებმა თურქულ სააგენტოზე დაყრდნობით შემაშფოთებელი ინფორმაცია გაავრცელეს. მათი მტკიცებით, 22-23 ივნისს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქება იგეგმება. რას უკავშირდება ამ ინფორმაციის გავრცელება და რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, ამ თემაზე კავკასიური საკითხების ექსპერტ მამუკა  არეშიძეს ვესაუბრეთ.

- თუ გახსოვთ, აგვისტოს ომამდე ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ის მონაკვეთი აფეთქდა, რომელიც ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე გადიოდა. ეს მაშინ რუსეთის მხრიდან გაფრთხილებად ჩაითვალა, რომ ენერგომატარებლებს ის აკონტროლებს. აქცენტი იმაზეც გაკეთდა, რომ სწორედ ქურთებით დასახლებულ რაიონში მოხდა აფეთქება.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, წლების განმავლობაში, ანტითურქულ ქურთულ მოძრაობას სწორედ რუსეთი აკონტროლებდა. ნიშანდობლივია, რომ რუსულ მედიასაშუალებებში ეს ინფორმაცია იმ სააგენტოზე დაყრდნობით გავრცელდა, რომელიც სახელმწიფოებრივად თურქეთს, მაგრამ რეალურად ქურთებს ეკუთვნის. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციით რუსეთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აფრთხილებს, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ენერგომატარებლების პარალიზება შემიძლიაო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ 22-23 ივნისს ნავთობსადენის აფეთქება მართლაც იგეგმება და ინფორმაციამ საიდანღაც გამოჟონა.

რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციითვე (რომელიც, თავის მხრივ, თურქეთის სააგენტოს ეყრდნობა), საქართველოს კონტრდაზვერვა, სავარაუდოდ, საზოგადოებას ტერაქტების ორგანიზატორებად ორ ახალქალაქელ (ეთნიკურად სომეხ) მოქალაქეს წარუდგენს. თუ აფეთქება მოსალოდნელი არ არის, ასეთი ინფორმაცია რატომ გავრცელდა?

-  მე სწორედ ეს ინფორმაცია მაეჭვებს. ვფიქრობ, ის განგებ გაავრცელეს. რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური დაპირისპირება სჭირდება. საამისო "რესურსი" კი მხოლოდ სამცხე-ჯავახეთშია, სადაც სომხები და რუსები ცხოვრობენ. ამასთან, როცა საქართველოში ყირგიზული სცენარის ხორცშესხმაზეა ლაპარაკი, უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარი მოვლენებისთვის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი სწორედ ეთნიკური დაპირისპირებაა.

შესაძლოა, მოსალოდნელ ტერაქტზე საუბრისას ახალქალაქელი სომხებიც ეთნიკური შუღლის გამოსაწვევად ახსენეს. ამასთან, ერევანში სულ უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პოლიციური რეჟიმი აქვს დამყარებული. რუსეთს კი

ამ ტერიტორიაზე ზემოქმედების ბერკეტები მაინც აქვს. "მოსალოდნელი" აფეთქების თაობაზე გზავნილის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ რუსეთმა მსოფლიოს დაანახოს, რა დაუცველია ამ ტერიტორიებზე ენერგომატარებლები.

ამ ფასად რა დადებითი შედეგი უნდა მიიღოს  რუსეთმა?

- არავინ იცის, რა მოხდება. თუ ნავთობსადენის რომელიმე მონაკვეთი მართლაც აფეთქდა, კვალის ძიებას არავინ დაიწყებს, ისევე როგორც  2008 წლის აგვისტოს აფეთქების კვალი დარჩა გამოუძიებელი. რასაკვირველია,  ხელს კი გაიშვერენ რუსეთისკენ, მაგრამ რეალური შემსრულებლის პოვნა და მისი დანაშაულის დამტკიცება გაძნელდება. შემკვეთი კი თავის მიზანს - ენერგოსისტემის პარალიზებას და არასტაბილურობას მიაღწევს.