ივანიშვილის სასახლეს შსს ტელეანძიდან უთვალთვალებდა

ივანიშვილის სასახლეს შსს ტელეანძიდან უთვალთვალებდა

თითქმის ერთი წლის განმავლობაში ტელეანძის ერთ-ერთ სარკმელში დამონტაჟებული მძლავრი ტელეობიექტივიანი ფოტოაპარატით შსს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ყველა სტუმარს იღებდა...

ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად საპარლამენტო არჩევნები მოიგო და დღეს მთავრობის მეთაურია, თუმცა არჩევნებამდე ერთი წელი ქართული სპეცსამსახურების თვალთვალის ქვეშ გაატარა.

წინასაარჩევნო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილის "ქართული ოცნების" ყველა ოფისს და მათ შორის, სოლოლაკში მის ბიზნესცენტრს, უთვალთვალებდნენ, ტელეფონებს უსმენდნენ და ელექტრონულ ფოსტას "უჩხრეკდნენ".

თუმცა ფართო საზოგადოებისთვის (შეიძლება, თავად ბიძინა ივანიშვილისთვისაც), ალბათ, უცნობია, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მის რეზიდენციას უთვალთვალებდნენ მძლავრი ტელეობიექტივიდან, რომელიც ასე წარმტაცად განათებულ ტელეანძაზე იყო დამონტაჟებული.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის სასახლეს სოლოლაკში, ამაღლებულ ადგილზე აშენებდა, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ იქიდან თბილისის საუკეთესო ხედებით დატკბებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა უფრო შემაღლებული ადგილიც მოძებნეს და ფუნიკულორის სატელევიზიო ანძა მის სათვალთვალოდ გამოიყენეს.

საქართველოს ძირითად სატელევიზიო გადამცემ სადგურზე ანძის გარდა, ორ ადგილას, ჩაშენებულია სამკუთხედი და მრგვალი ფორმის სათავსები, რომლებიც ქალაქიდანაც კარგად მოჩანს.

ჩვენი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაუფარავად გამოხატა პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ და პოლიტიკური გუნდის შეკრება დაიწყო, ვანო მერაბიშვილის უწყებამ სასწრაფოდ მიიღო ზომები იმ ადამიანთა ვინაობის დასადგენად, ვინც ახალ ოპოზიციონერ ლიდერს სოლოლაკის სასახლეში ეწვეოდა. ამისათვის უშუალოდ ივანიშვილის ბიზნესცენტრის შესასვლელში თვეობით მორიგეობდნენ "რეალ-ტვ"-ის წარმომადგენლები, რომლებიც ივანიშვილის სასახლეში შემსვლელ-გამომსვლელს ვიდეოკამერებით იღებდნენ და ამ მასალას მაშინვე შსს-ს აწვდიდნენ, მაგრამ შსს-ს ისიც აინტერესებდა, რა ხდებოდა ბიზნესცენტრის ეზოში, აივნებზე, შუშისფანჯრებიან ოთახებში.

სწორედ ამ მიზნით ტელეანძის მრგვალი ფორმის ორსართულიანი სათავსის ერთ-ერთ ფანჯარაში, რომელიც ივანიშვილის ბიზნესცენტრს უყურებდა, შსს-მ დაამონტაჟა მძლავრი ტელეობიექტივით აღჭურვილი თანამედროვე ციფრული ფოტოაპარატი, რომელსაც ორი სპეციალისტი დღე-ღამის განმავლობაში ემსახურებოდა.

სავარაუდოდ, ამ ფოტოსისტემას, რომელსაც წამყვანი ქვეყნების სპეცსამსახურები შორი მანძილიდან ეჭვმიტანილების სათვალთვალოდ იყენებენ, შეეძლო, ფირზე აღებეჭდა ყველა ის ადამიანი, ვინც ივანიშვილის ბიზნესცენტრის შიგნით

მოძრაობდა როგორც დღისით, ისე - ღამით (მით უმეტეს, რომ ბიზნესცენტრის ტერიტორია ღამით კარგად არის განათებული).

პირდაპირი ხაზით ტელეანძიდან ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე 1 260 მ-მდეა, რაც ჩვეულებრივი ფოტოაპარატისთვის ძალზე დიდი მანძილია, მაგრამ მძლავრი ტელეობიექტივით აღჭურვილი თანამედროვე ციფრული ფოტოაპარატისთვის, რომლითაც ხარისხიანი ფოტოსურათის გადაღება ორი კმ-ის მანძილზეც შეიძლება - არა.

ვფიქრობთ, ეს ბიძინა ივანიშვილის სასახლეზე დაკვირვების ერთადერთი პუნქტი არ იქნებოდა და კიდევ რამდენიმე, ასეთივე მძლავრი ტელეობიექტივი, მაშინდელი ოპოზიციონერების ძირითად თავშესაყარ ადგილს სხვა სათვალთვალო პუნქტებიდანაც უმზერდა.

ვანო მერაბიშვილის ტელეობიექტივში არაერთხელ მოხვდებოდა დღევანდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელსაც არ უნდა გაუჭირდეს, გაარკვიოს, შსს-ს რომელი დეპარტამენტი უთვალთვალებდა და უსმენდა მას და შედეგად რა მასალა დაგროვდა.

შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ თვალთვალი, მოსმენა და კუდში დევნა განსაკუთრებული ღონისძიება არ არის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც სწორედ ასე იქცევიან.

თუმცა ერთია, როდესაც ასეთ ღონისძიებებს სპეცსამსახურები ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ გეგმავენ და სულ სხვაა, როდესაც სამიზნეები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხდებიან.

ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაშიM თუ ხელისუფლება სახელმწიფო რესურსს, კერძოდ კი - სპეცსამსახურების ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ბიუჯეტს ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს, იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი, როგორც ეს აშშ-ში "უოტერგეიტის" სკანდალის შემდეგ მოხდა.