„საქართველოს იარაღს არავინ აწვდის“

„საქართველოს იარაღს არავინ აწვდის“

ომის შემდეგ არა მარტო უკრაინამ, არამედ იარაღის ყველა მომწოდებელმა გაწყვიტა კავშირები საქართველოსთან, აცხადებს სამხედრო ექსპერტი. მისი მტკიცებით, ამის შესახებ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშია საუბარი.

ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებზე საქართველო-უკრაინას შორის სამხედრო კონტრაქტების გაწყვეტასა და აშშ-ს გამოძიების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების საერთაშორისო კორუფციაში გარევასთან დაკავშირებით, "რეზონანსი" კახა კაციტაძეს ესაუბრა.

თქვენი ინფორმაციით, გაწყვიტა თუ არა უკრაინამ საქართველოსთან სამხედრო კონტრაქტები?

- უკრაინას საქართველოსთან დიდი ხანია სამხედრო კონტრაქტები გაწყვეტილი აქვს. საერთოდ, ომის შემდგომ საქართველო ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ჩვენ იარაღს არავინ გვაწვდის. ის ტანკები, რომელიც უკრაინისგან გვქონდა ნაყიდი, რუსებმა წაგვართვეს. ომის შემდეგ კი არც ერთი სამხედრო კონტრაქტი არ დადებულა. თუ ისეთი მაგარი ბიჭები არიან, რომ ჩუმ-ჩუმად ყიდულობენ ტანკებს უკრაინიდან, არ ვიცი.

 როდესაც არაპროგნოზირებადი სახელმწიფოს სახელი გაქვს, იარაღს არავინ არ მოგყიდის და მათ შორის არც უკრაინა. არსებობს სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ცენტრის მონაცემები, სადაც ცალსახადაა აღნიშნული, რომ საქართველოს შეიარაღებას არავინ აწვდის და, რომ სამხედრო კონტრაქტები არ იდება. გარდა ამისა, ვენაში არსებობს სპეციალური უწყება, რომელიც შეიარაღებაზე ახორციელებს კონტროლს, მათი ინფორმაციაც ასეთია, რომ საქართველოს მძიმე ტექნიკის რაოდენობა ომის შემდეგ არ გაზრდილა. არავინ არ გვაძლევს შეიარაღებას, რატომ მოგვცემენ გამაგებინეთ.

 ეფ-ბი-აის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები 2008 წელს აშშ-დან იარაღის შესყიდვას კორუფციული გარიგებებით ახორცილებდნენ. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება ყოფილიყო ამის უკან?

- სანამ ეს მასალები სასამართლოზე არ წავა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი სახელს და გვარს არ იტყვიან, ანუ ჯერჯერობით არ იტყვიან, ვინ იყო კორუფციული გარიგების მონაწილე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. რასაკვირველია, ეს შეიძლება ყოფილიყო ბატონი კეზერაშვილი, რომელსაც ვერ გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ პირებზე ვნახავთ ამ ბრალდებებს, რომ თმები ყალყზე დაგვიდგება.

სხვათა შორის, ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ იარაღის ბიზნესში ჩართულია ნიკა ალასანია, და რომ ის იყო იარაღის ერთადერთი იმპორტიორი საქართველოში...

- ოქრუაშვილი იყო გენპროკურორი, შს და თავდაცვის მინისტრი, შესაბამისად მან უკეთ იცოდა, რა ხდებოდა და ვინ იყო ჩართული ამ ბიზნესში. პირადად არ ვიცნობ ბატონ ალასანიას. მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ჯაჭვი ამერიკელ შუამავალზე, ვინც საპროცესო გარიგებაზე წავიდა, არ გაწყდება. რა სახეს მიიღებს და ვინ აღმოჩნდება ამ ქარბორბალაში ჩართული, ამას ახლო მომავალში ვნახავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გახდება ცნობილი იმ მაღალჩინოსნების ვინაობა, რომლებიც ამ კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართული. სკანდალი არ გაჩერდება და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აუცილებლად ჩაითრევს.

რაც შეეხება საჰაერო ძალების გაუქმებას, თქვენი აზრით, რა მოტივით მოხდა ეს?

იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც შექმნილია თავდაცვის უწყებაში, უკვე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. სხდომა, სადაც სამხედრო საჰაერო ძალების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს, ქალბატონმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ჩაატარა, რომელსაც თავდაცვასთან საერთო არაფერი აქვს. სამხედრო საჰაერო ძალები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს. მაგრამ რატომ გააუქმეს საქართველოში, ამის რაციონალური ახსნა არ მომისმენია. უბრალოდ ვიღაცას მოუვიდა აზრად, რომ საჰაერო ძალები არ უნდა არსებობდეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ეს რეფორმა პირდაპირ უკავშირდება ბიუჯეტის შემცირებას...

ბიუჯეტი აქ არაფერ შუაში არაა. მაგალითად სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გაცილებით ნაკლები ბიუჯეტი აქვს, ვიდრე საქართველოს, მაგრამ სამხედრო საჰაერო ძალები ჰყავს. ჩვენზე ნაკლები ბიუჯეტის მქონე მსოფლიოს დაახლოებით 20 ქვეყანა შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელსაც სამხედრო საჰაერო ძალები ჰყავს. მაგრამ თავდაცვის სამინისტროში კაცი შვილი არაა თავდაცვის საკითხების აზრზე.