საჩხერის რაიონში არსებულ ვითარებაზე „კვირის პალიტრა“ საჩხერის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, ამჟამად ძებნილ ვალერი გელბახიანს ესაუბრა:
- ვვარაუდობდი, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა საჩხერეში მისი დაფინანსებული ყველა ჰუმანიტარული პროექტისა თუ პროგრამის გაჩერებას გამოიწვევდა. ვიცი, რომ ყველა პროგრამა შეჩერდა, მათ შორის საავადმყოფოში უფასო მკურნალობა. მოსახლეობის ნახევარი თუ არა, 1/3 (ობლები, სოციალურად დაუცველები, რომელთაც ასევე ეხმარებოდა) ღვთის ანაბარა დარჩა. ამ პროგრამების შეჩერება ელექტორატზეა გათვლილი. კვლავ ამუშავდება შიშის მანქანა, საჩხერეში ბევრი უმუშევარი დარჩება, ვინც მუშაობს, იმასაც სამსახურიდან გაგდება დაემუქრება. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულია საჩხერის ელექტორატის დაახლოებით 40% და რაიონში, რომელიც ივანიშვილისადმი დადებითად იყო განწყობილი, მისგან გამიჯვნის პროცესი დაიწყო. მოხსნეს პოლიციის უფროსი, რომელიც ივანიშვილის დანიშნული და მხარდამჭერი იყო.
როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს საზოგადოების იმ ნაწილის იმედგაცრუება მოჰყვა, ვინც მისგან უფრო აქტიურ, შემტევ პოლიტიკას ელოდა.
- ერთ-ერთი ასეთი იმედგაცრუებული მეც ვარ. როდესაც ბატონი ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, ყველაზე მეტად მე, ემიგრანტს უნდა გამხარებოდა, რომ სამშობლოში დაბრუნების საშუალება მომეცემოდა. თანაც მეამაყება, რომ ჩემი მშობლიური კუთხის შვილი გამოჩნდა საქართველოს მხსნელად, მაგრამ გავოგნდი, როდესაც ივანიშვილმა სადემარკაციო ხაზის გავლება დაიწყო. როდესაც პირს პარტიული ლიდერის კი არა, ეროვნული გმირის სტატუსი აქვს და მთელი ერი იმედით უყურებს, ისეთი ნაბიჯი უნდა გადადგას, რასაც ერი სთხოვს. ბიძინა ივანიშვილს ყველა პოლიტიკური ძალა გვერდით უნდა დაეყენებინა, ერი გაემთლიანებინა და ეთქვა, მთელი საქართველო ჩემთან არისო. ამით ხელისუფლება უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, არ განხორციელდა ფორმულა „ყველა ერთის წინააღმდეგ“.
ივანიშვილმა გვერდით ისეთი სუბიექტები დაიყენა, რომლებზეც იტყვი, მკვდარი (პოლიტიკურად) გააცოცხლაო. წარმოგიდგენიათ, რამდენი მხარდამჭერი დაკარგა, როდესაც მიიერთა „რესპუბლიკელები“ და სხვებს უარი უთხრა „ქართულ ოცნებაში“ მიღებაზე. რატომ არ უნდა ვიყოთ ყველა მონაწილე იმ ქართული ოცნების აღსრულებისა, რომელსაც მან ხელი მოჰკიდა? პარტიული კუთვნილების გამო რატომ უნდა იყოს ერთი ქართველი მაინც, რომელსაც ამ ბედნიერების აღსრულებაში მონაწილეობის უფლება არ ექნება?!
ამის თქმისთვის, თუ უნდათ მისაყვედურონ. მე ამას გულისტკივილით ვამბობ.
ბატონ ბიძინას ვუდასტურებ პატივისცემას და ამას საჩხერელების სახელითაც ვამბობ, მეამაყება, რომ საჩხერელი კაცი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რაზეც დღეს თუ არ ვილაპარაკეთ, ხვალ შეიძლება გვიან იყოს.
არ მინდა, ბატონი ბიძინას ამოცანა მანდატებისთვის ბრძოლა იყოს. არადა, ასე ჩანს. ამ რეალობით 25%-ზე მეტს ვერ აიღებს.
საინტერესოა, რას იზამს ოპოზიცია, რომელიც ივანიშვილის კოალიციაში არ მოხვდება.
- ივანიშვილს ხმებს წაართმევენ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც არ იქნებიან მის გვერდით. ხმები, ძირითადად, წავა სამი სუბიექტის: ლეიბორისტების, ქრისტიან-დემოკრატებისა და ახალი პოლიტიკური ცენტრისკენ, რომელიც შესაძლოა ბურჯანაძის, ძმები გაჩეჩილაძეებისა და „ეროვნული ფორუმის“ მონაწილეობით შეიქმნას. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი სერიოზული ფრთა იქნება და 5%-იან ბარიერს უპრობლემოდ გადალახავს. თუ ასე მოხდა, 5 პოლიტიკური სუბიექტი შევა პარლამენტში, სადაც სულ 77 მანდატია განკუთვნილი პარტიებისთვის.
კულუარებში ლაპარაკია ქრისტიან-დემოკრატებისა და „ახალი მემარჯვენეების“ ალიანსზეც.
- „ახლებსა“ და თარგამაძეს შორის პარტიული კოალიცია რომ შედგეს, განა რამდენ მანდატს მიიღებენ? თარგამაძეს აქვს რესურსი პარლამენტში, ბიუჯეტიდან დაფინანსება და პარტიული სტრუქტურები. მას სჭირდება საარჩევნო კამპანიის კარგი ორგანიზება და არა მგონია, 5%-ის გადალახვის პრობლემა ჰქონდეს. რაღად სჭირდება სხვა პარტიის მიკედლება?
ერთგან თქვით, ივანიშვილი შლის პარტიებსო.
- აბა, სხვას რას ნიშნავს, როდესაც ერთი პარტიიდან ვიღაც გინდა და ვიღაც არა? ძიძიგური და დავითაშვილი პარტიების გარეშე შევიდნენ ივანიშვილის კოალიციაში. შესაძლებელია „ფორუმსა“ და ივანიშვილს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდეს, მაგრამ ვერ შეთანხმდებიან პარტიულ სიასა და კვოტებზე. ივანიშვილის კოალიციიდან ძიძიგური და დავითაშვილი თითო მანდატზეც თანახმა იქნებიან, მაგრამ რესპუბლიკელებსა და ალასანიას მინიმუმ 7-7 მანდატი მაინც ენდომებათ, რომ პარლამენტში შესვლის მერე ფრაქციები შექმნან. ამიტომ გამსვლელ სიაში 7-7 კვოტას მოითხოვენ. პარტიას ბიძინა ივანიშვილიც ხომ ქმნის? სამი პარტიიდან 7-კაციანი კვოტა 21 ადგილია. ამას დაუმატეთ ძიძიგური და დავითაშვილი. გამოდის 23. ივანიშვილი კი ამ რეალობიდან გამომდინარე, პარლამენტში 25 მანდატზე მეტს ვერ აიღებს. ძნელი იქნება „ფორუმის“, როგორც პარტიის დამატება. ამიტომაც ივანიშვილი იქიდან წონიანი ფიგურების წამოყვანას შეეცდება. წინასწარ გეუბნებით, „ფორუმთან“ მოლაპარაკება ჩიხში შევა.
ივანიშვილი ამბობს, რომ კარი ყველასთვის ღია აქვს.
- ეს ნიშნავს კარი ღიაა, მაგრამ დაკეტილია და თუ შემოანგრევ, მობრძანდი, ბატონოო. არავინ არის მაგ კარის შემნგრევი.
ბევრისაგან გავიგონე, ივანიშვილს ისე უნდა პოლიტიკაში მოსვლა, რომ ამ რთულ საქმეში მეუღლის ჩართვასაც არ მოერიდაო.
- ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვთქვი, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდოდა. ის ელოდებოდა დროს, როდესაც ხელისუფლების შეცვლის დრო დადგებოდა და არა მგონია, რომ ამას ამერიკა ან რუსები ავალებდნენ. ბიძინა ივანიშვილს გვერდით თანამოაზრეები და სანდო პოლიტიკური პარტნიორები რომ ჰყოლოდა, არ დასჭირდებოდა პოლიტიკური პარტიის საოჯახო ინსტიტუტად გადაქცევა. მეუღლე პოლიტიკაში იმიტომ მოჰყავს, რომ სხვას იმდენად ვერ ენდობა, რომ პარტია გადასცეს.
ეს უნდობლობაც გამართლებულია?
- აბსოლუტურად. 1999 წელს ჩვენ კოალიცია გვქონდა, სადაც „აღორძინება“ იყო ჰეგემონი. პარლამენტში ამ კოალიციის 5 სუბიექტი შევიდა და მოხდა ისე, რომ პარლამენტში მოსვლის შემდეგ ისინი აღარ ემსახურებოდნენ „აღორძინების“ პოლიტიკურ დირექტივებს. ყველა თავისი გზით წავიდა. ქართული პოლიტიკური ისტორიისთვის ეს კარგი მაგალითია, მაგრამ იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე დაამარცხო, ღირს ოპოზიციური ძალების გაერთიანება და მანდატების დათმობა. როდესაც ორიენტაცია მოგებაზე გაქვს, ეს მსხვერპლი უნდა გაიღო.
რადგან 5 პოლიტიკურ ცენტრზე ლაპარაკობთ, გამოდის, შუა არ იკრიფება?
- ამ ფორმულით არ იკრიფება, ყველა ოპოზიციური ძალა რომ გაერთიანებულიყო, მაშინ გაიკრიფებოდა. პოლიტიკა არ არის ისეთი სფერო, სადაც ხისტი პოზიცია იმარჯვებს. პოლიტიკაში ცოდვად არ ითვლება მტრის მიმხრობა, პირიქით, გამარჯვებაა, როდესაც მოწინააღმდეგეს თანამოაზრედ გახდი.
ჩემთვის ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ქვეყნის გარეთ ვარ. მოხუცი დედა მყავს, რომელიც გუშინწინ გახდა 80 წლის და ძალიან ავად არის. ღმერთმა დამიფაროს, რომ ცოცხალი ვეღარ ვნახო. ბიძინას ქართული, ანუ მთელი საქართველოს ოცნება აქვს, ჩემი ოცნება კი ისაა, დედა ვნახო ერთი საათით მაინც. არ მაინტერესებს პოლიტიკა. მშვენიერი პროფესია მაქვს და ვიმუშავებ. მე სამშობლოში დაბრუნება მინდა. ბიძინა ივანიშვილის ქომაგი ვარ. მინდა ეს საქმე გამოუვიდეს. ჩემთვის კი არა, ქვეყნისთვის. ვიდრე ბატონი ბიძინა საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, 1,5 წელი მაინც გავა. მე კი დღე-დღეზე სტრასბურგის სასამართლო მელოდება. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება ძალიან მალე ჩამოვიდე საქართველოში.