მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოღვაწე ჟურნალისტი, ერთ-ერთი ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემის რედაქტორი – გიორგი ღონღაძე გაუჩინარდა, უკვე 10 წელი გავიდა. მაგრამ, ამასთან დაკავშირებით დღემდე პასუხგაუცემელია უამრავი შეკითხვა. ჟურნალისტის დედა ალექსანდრა ღონღაძე-კორჩაკი ფიქრობს, რომ გიორგი ღონღაძე მოკლეს ყველაზე მაღალი რანგის უკრაინელმა მოხელეებმა და პოლიტიკურმა პირებმა. ამით კი მაღალი დივიდენდები გამოიმუშავეს – როგორც პოლიტიკური, ასევე მატერიალური. ჩვენ ქალბატონ ალექსანდრას ლვოვში დავუკავშირდით.
მადლობა, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე.
– საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. მე ის ძალიან მიყვარს. 23 წელი ვცხოვრობდი მე თბილისში. ვმუშაობდი ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ინსტიტუტში – უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე. გიორგიც მანდ დაიბადა და ცხოვრობდა 21 წლამდე. ფალიაშვილის ქუჩაზეა მისი სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგაც, უცხო ენების ინსტიტუტში ჩააბარა ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 9 აპრილი... სიცივე... უშუქობა... ეს ყველაფერი მე და გიორგიმ თბილისში გავიარეთ. შემდეგ მას ლვოვში გადმოსვლა მოუხდა.
თუ არ ვცდები, ნუცუბიძის პლატოზე ცხოვრობდით?
– 1989 წლამდე, ცირკის პირდაპირ სამხედრო ქალაქში ვცხოვრობდით. შემდეგ გადავედით ნუცუბიძეზე. 1993 წელს გიორგის მამა გარდაიცვალა და ამ ამბიდან მეორმოცე დღეს, გიორგი აფხაზეთის ომში წავიდა და იქ დაიჭრა.
როდის დაიწყო გიორგის ჟურნალისტური კარიერა?
– გიორგის ჟურნალისტური კარიერა თბილისში დაიწყო, იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. უკრაინაში რომ ჩამოვიდა, აქაც საქართველოზე წერდა ხოლმე. ძალიან აქტიური იყო. როგორ გითხრათ, ადამიანი ჟურნალისტად არ იბადება. ჟურნალისტობა გიორგის მოწოდება იყო. არიან სხვადასხვა განხრით მომუშავე ჟურნალისტები. გიორგი პოლიტიკური ჟურნალისტი იყო. მას ყოველთვის პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში ნახავდით. არ ერიდებოდა და არც არავისი ეშინოდა. ადამიანი, რომელსაც უფლება აქვს, იყოს თავისუფალი, ვერ შეძლებს, გახდეს საკუთარი ჯიბის, ან კიდევ ვინმეს მონა. ამიტომაც დააარსა მან კიევში სატელევიზიო არხი და იქ მიჰყავდა გადაცემა. ლვოვშიც ჰქონდა პროგრამები პირდაპირ ეთერში. რა თქმა უნდა, ყველას არ მოსწონდა, რასაც ის პირდაპირი ეთერიდან ამბობდა. ხშირად აღნიშნავდა, რომ, ჟურნალისტი მუდამ ოპოზიციონერი უნდა იყოსო.
გახსოვთ, ბოლო დღე, როდესაც გიორგი ნახეთ?
– მან ერთ-ერთი პირველი ინტერნეტგამოცემა დააარსა – „უკრაინული სიმართლე”, მე მასთან ჩავედი და ლვოვში რომ დავბრუნდი, მალე გიორგიც ჩამოვიდა. ეს იყო 2000 წლის ივლისში. 16 სექტემბერს ის გარდაიცვალა.
თქვენ ამ ტრაგედიის შესახებ ტელევიზიით შეიტყვეთ?
– დიახ. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ტელეფონითაც ვისაუბრეთ. ეს იყო და ეს.
მიგაჩნიათ, რომ გიორგის მკვლელობა პოლიტიკური ხასიათის იყო?
– კი. გიორგის მკვლელობა პოლიტიკური მკვლელობაა.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის დღემდე ცნობილი, თუ ვინ ჩაიდინა ეს საზარელი მკვლელობა?
– ალბათ, ბოლო დროის ახალ ამბებს თვალ-ყურს ადევნებთ. პრეზიდენტ კუჩმას წინააღმდეგაც კი აღძრეს კრიმინალური საქმე, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა მაქვს. მე, როგორც დედამ, ვერ ამოვიცანი გიორგი იმ მიცვალებულში, რომელიც მაჩვენეს. ცხედარს, რომელიც კიევის მორგშია და დღემდე ვერ მარხავენ ჩემი თანხმობის გარეშე, არავითარი საერთო არ აქვს ჩემს შვილთან! სურთ, მალე დაასრულონ ეს საქმე, მაგრამ მე ვერ დავთანხმდები, რომ დავმარხო უცხო ადამიანი, როგორც ჩემი შვილი! ამიტომ, საჭიროა, სიტუაციიდან გამოსავალი ნახონ. ვერ გეტყვით, ყველაფერი რით დასრულდება ამჯერად, რადგან ეს პოლიტიკური თამაშები და გარჩევებია მაღალჩინოსნებს შორის. უკვე მეექვსე გენერალურ პროკურორს და მესამე პრეზიდენტს მოვესწარი, მაგრამ გიორგი ღონღაძის საკითხი კიდევ არ არის შესწავლილი, უკვე მეათე წელია. ვიღაცას ეს აწყობს, ამაზე კეთდება პოლიტიკა.
გიორგი ღონღაძე მოკლეს ყველაზე მაღალი რანგის უკრაინელმა მოხელეებმა და პოლიტიკურმა პირებმა, ამით კი მაღალი დივიდენდები გამოიმუშავეს – როგორც პოლიტიკური ასევე, მატერიალური. იცით, ამ ამბებიდან, ყველაზე მთავარი ის არის, რომ არგუმენტები, რომლებიც მე მომყავს, არ არის გათვალისწინებული. მინდა ვიცოდე, ვინ უნდა დავასაფლავო და ვის გვერდით უნდა დავიმარხო.