საქართველოდან ცხვარი საექსპორტოდ ირანშიც გადაყავთ

საქართველოდან ცხვარი საექსპორტოდ ირანშიც გადაყავთ

ადგილობრივ ბაზარზე ცხვარი გაძვირდა, ფარები კი თვალში საცემად შეთხელდა. მიზეზი ის არის, რომ ქართული ცხვრით არაბი ბიზნესმენები დაინტერესდნენ და არაოფიციალური ინფორმაციით, უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში, საქართველოდან უკვე 250 ათასი სული პირუტყვი გაიყვანეს. არაბების დაინტერესება ქართული ცხვრის სიიაფემ განაპირობა. აქ დაახლოებით 50 დოლარად ნაყიდ პირუტყვს, არაბები თავიანთ ქვეყნებში დაახლოებით 300 დოლარად ყიდიან.

საქართველოში ცხვრისა და თხის სულადობა 700-800 ათასამდე მერყეობს. აქამდე, ცხვრის ექსპორტი ძირითადად აზერბაიჯანში ხდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაზარზე არაბები გამოჩნდნენ, აზერბაიჯანელებისთვის, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა. უკმაყოფილებას ვერ მალავენ ბაზრის წვრილ-წვრილი ვაჭრები, რომლებიც ცხვრებს ე.წ. მაღაზიებში, თბილისის შემოგარენში ყიდიან. როგორც "ეკოპალიტრას" ერთ-ერთმა მოვაჭრემ უამბო, არაბი ბიზნესმენები ცხვრის საყიდლად მათთანაც მისულან, მაგრამ სულადობის სიმცირით უკმაყოფილო დარჩენილან. ისინი მხოლოდ მსხვილი გარიგებებით ინტერესდებიან.

"არაბებმა მთასა თუ ბარში ცხვარი აღარ დატოვეს, ყველას ყიდულობენ. ამის გამო ცხვარი გაგვიძვირდა, პირუტყვი, რომელსაც ადრე 80 ლარად ვყიდულობდით, ახლა 100-120 ლარი ღირს. მცირედით ჩვენც ხომ უნდა გავაძვიროთ, მოგება რომ დაგვრჩეს. გაძვირების გამო, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს და ცხვარს აღარ ყიდულობს. ამის გამო მუშაობა აღარ გვაქვს, ფაქტობრივად, გაჩერებული ვართ.

მომავალში ცხვარი კიდევ უფრო გაძვირდება, რადგან არაბების დაინტერესება საქართველოში მოშენებული პირუტყვით დიდია. ფული აქვთ, ამიტომ ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ. გავიგეთ, რომ მწყემსებისთვის ფულის ნაწილი წინასწარ გადაუხდიათ და უკვე მუცლადმყოფი ბატკნებიც კი დაუბევებიათ. საქართველოს ყველა კუთხეში ეძებენ ცხვარს და სადაც ფარას გადააწყდებიან, მთლიანად ყიდულობენ. ასე თუ გაგრძელდა, მალე საქართველოში საღმრთოდ შესაწირი ცხვარი აღარ დარჩება. სხვათა შორის, არაბები რქოსანი პირუტყვითაც დაინტერესდნენ და ცხვრების შემდეგ, ძროხების გაყვანასაც დაიწყებენ. ცხვრისა არ იყოს, მალე საქართველოში საქონლის ხორცი დეფიციტური იქნება და თუ გაიყიდება, კილოგრამი 15-20 ლარი ეღირება", - შემოგვჩივლა სტაჟიანმა ცხვრით მოვაჭრემ.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ცხვრის შესყიდვით დაინტერესებული არაბი ბიზნესმენების ერთმა ჯგუფმა, თბილისთან ახლოს, ძველი ფერმის სათავსოები შეიძინა და აღმოსავლეთ საქართველოში ნაყიდ პირუტყვს სწორედ ამ ფერმაში უყრის თავს. გზად რამდენიმე ფარა შემოგვხვდა კიდეც. გულმოდგინე ძებნის შემდეგ, რადგან ფერმა ფერდობზე, უცხო თვალისგან მოშორებით მდებარეობს, არაბების ადგილსამყოფელს მივაკვლიეთ. ჟურნალისტური ოსტატობის მოშველიებით, ფოტოკადრებზე ფერმისა და არაბეთში გასაგზავნად გამზადებული ფარაც გადავიღეთ, მაგრამ სიფრთხილით გამორჩეული, სიტყვაძუნწი არაბების ინტერვიუზე დაყოლიება ვერ შევძელით. ფერმაში დასაქმებული ადგილობრივებისგან კი შევიტყვეთ, რომ არაბი ბიზნესმენების ეს კონკრეტული ჯგუფი, საქართველოში თურქების შუამავლობით შემოვიდა. "ცხვარს მთელ აღმოსავლეთ საქართველოში დაეძებენ. მეტწილად კი მამლებსა და თოხლს ყიდულობენ. ფერმაში უმეტესად ადგილობრივი აზერბაიჯანელები ჰყავთ დასაქმებული, რადგან არაბების პარტნიორ თურქებთან მათ ენობრივი ბარიერი არ აქვთ. მუშებს კარგად გვიხდიან, დღეში 50 ლარს, სამუშაოც ბევრი არ გვაქვს, დღეში ორჯერ ცხვრისთვის თივის დაყრა გვევალება. ყოველდღიურად ფერმიდან ფოთში 3000 ცხვარს ვაგზავნით, იქიდან კი გემით, პირუტყვი არაბულ ქვეყნებში მიჰყავთ", - გვითხრა ფერმაში დასაქმებულმა თელაველმა ახალგაზრდამ.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში ცხვრის ბიზნესით დაკავებული არაბების რამდენიმე ჯგუფი მოქმედებს, მათ შორის ლიბანელები და იორდანიელებიც არიან. როგორც გაირკვა, ინფორმაცია საქართველოს

შესახებ ინტერნეტში ამოუკითხავთ და ამის შემდეგ დაინტერესებულან ადგილობრივი მეცხვარეობით. არაბებთან დასაქმებულმა ერთ-ერთმა პირმა გაგვიმხილა, რომ აღმოსავლელი ბიზნესმენები პრესასთან ურთიერთობას კონკურენტების მომრავლების გამო ერიდებიან, ამიტომ ეს ადამიანი საუბარზე მხოლოდ კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით დავიყოლიეთ. "არაბები მოწოდებით ვაჭრები არიან, ამიტომ საქართველოში ცხვრის მოშენებას არ აპირებენ და შესაბამისად, არც საძოვრების ყიდვა აქვთ გადაწყვეტილი. მათთვის გაცილებით უფრო მომგებიანია, ცხვარი მეცხვარისგან იყიდონ და შემდეგ არაბულ ქვეყნებში გაიტანონ ექსპორტით. სხვათა შორის, ექსპორტი არ იბეგრება, ამიტომ კომპანიას მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე დევს მათ მიერ შედგენილი ბიზნესის განვითარების გეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ არაბები საქართველოში დიდი ხნით აპირებენ დარჩენას. მხოლოდ ჯავახეთის საზაფხულო საძოვრებზე 25 ათასი სული ცხვარი შევიძინეთ, კიდევ რამდენიმე ათასი ყაზბეგსა და ალვანში ვიყიდეთ და ამ ერთი თვის განმავლობაში ექსპორტზე 40 ათასი სული პირუტყვი გავიყვანეთ. წლის განმავლობაში კი 200-250 ათასი ცხვრის გაყვანას ვგეგმავთ. ხელმისაწვდომი ფასის გარდა, არაბი ბიზნესმენები ქართული ცხვრის ხორცის გამორჩეულმა გემომაც დააინტერესა და ჩვენმა ექსპორტმა არაბული ქვეყნების ბაზარზე უკრაინული, ბრაზილიური და ურუგვაის ცხვრის ექსპორტი ჩაანაცვლა", - გვიამბო არაბი ბიზნესმენების ქართველმა პარტნიორმა.

სტატიაზე მუშაობისას, ცხვრების ბიზნესით დასაქმებულ კიდევ ერთი არაბული კომპანიის წარმომადგენლებს მივაკვლიეთ. აღმოჩნდა, რომ ისინი საქართველოში არაბული ენის მცოდნე თურქეთის ორმა მოქალაქემ ჩამოიყვანა. კომპანიას, რომელსაც წარმომადგენლობა აქვს საბერძნეთში, კვიპროსსა და სპარსეთის ყურეში, თურქი შუამავლები თარგმანისას ატყუებდნენ და ბიზნესის წარმართვა უფრო ძვირი უჯდებოდათ. როცა მიუხვდნენ, მერე საქმე ქართველებთან დაიჭირეს, იმ თურქებმა კი ახლა საქართველოში არაბების სხვა ჯგუფი ჩამოიყვანეს.

სანამ გზას გაიკვალავდნენ, არაბ ბიზნესმენებს პრობლემები ჰქონიათ საბაჟო კანონმდებლობასთან დაკავშირებითაც. აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ცოცხალი პირუტყვი ასეთი დიდი რაოდენობით აქამდე არ გაუყვანიათ. არაბებმა ექსპორტის ლეგალურად განსახორციელებლად, ცხვრების ჯანმრთელობის სერტიფიკატი მოითხოვეს და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაუკავშირდნენ. სახელმწიფო უწყებიდან დაახლოებით ასე უპასუხეს: შენობას ვარემონტებთ და ერთი თვის განმავლობაში პარალიზებული ვართო. როგორც გავარკვიეთ, არაბი ბიზნესმენები სერიოზულ ბიორაკრატიულ პრობლემებს გადააწყდნენ ფოთის პორტშიც, მაგრამ შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების დახმარებით, ლიბანში ცოცხალი ცხვრის ექსპორტი წარმატებით განხორციელდა. ჩვენთვის ცნობილი გახდა ასევე, რომ ბიზნესმენებმა, რომლებიც საუდის არაბეთიდან არიან ჩამოსული, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში საქართველოდან 100 ათასი სული ცხვარი გაიყვანეს. საზღვაო ტრანსპორტით არაბულ ქვეყნებში პირუტყვის ჩაყვანას კი მხოლოდ 4 დღე სჭირდება - არაბები საქართველოსთან სწრაფი მიმოსვლის შესაძლებლობამაც მოხიბლა. კიდევ ერთ არაბულ ბიზნესჯგუფს საქართველოდან ცხვარი საექსპორტოდ ირანში სახმელეთო გზით, სომხეთიდან გაჰყავთ.

გიორგი ლეჟავა (არაბისტი): "ხორცი ძალიან უყვართ არაბებს, განსაკუთრებით კი ცხვარი. მათი ბევრი ნაციონალური კერძი ცხვრის ხორცისგან მზადდება. დღესასწაულებზე, მაგალითად რამადანის დროს, ცხვარს ყველა მუსლიმანური ოჯახი კლავს. ჰაჯიზე, პილიგრიმობის დროს, როდესაც მუსლიმები მექაში ჩადიან მოსალოცად, უამრავი ცხვარი იკვლება და იმდენი ხორცი გროვდება, რომ ღარიბებსაც ურიგებენ და მუსლიმანურ ღარიბ ქვეყნებშიც კი აგზავნიან ცხვრის ხორცს, მაგალითად სომალიში. არადა, არაბულ ქვეყნებში ადგილობრივი კლიმატის გამო, საძოვრები ფაქტობრივად არ აქვთ და მეცხოველეობაც ძვირი უჯდებათ. მახსოვს, 2006 წელს, იორდანიაში ყოფნისას, კილოგრამი ცხვრის ხორცი 8 დინარად ვიყიდე, რაც მაშინდელი კურსით თითქმის 12 დოლარი იყო".

აშკარაა, რომ ცხვრის ხორცის მოყვარულმა არაბებმა საქართველოში ქერის ორმოს მიაგნეს. ადგილობრივ მეცხოველეობას კი გასაღების ბაზარი გამოუჩნდა. მთავარია, ეს შესაძლებლობა გონივრულად იყოს გამოყენებული - მეცხვარემ მოსაშენებლად საკმარისი რაოდენობის სადედე ცხვარი დაიტოვოს, სახელმწიფომ კი ადგილობრივი მეცხოველეობის განვითარებას შეუწყოს ხელი. თორემ ოქროს ზოდისა არ იყოს, თუ დაგეცა, შესაძლოა თავიც გაგიტეხოს, ხოლო თუ ჭკუით მოიხმარ, წელშიც გაიმართები.