"იმედი" მოდელირებული "ქრონიკის" გამო ბოდიშს იხდის და, რაც უნდა უცნაური იყოს, ტელეარხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სათანადოდ ვერ შეაფასა ძალა, რომელიც თანამედროვე სამყაროში გააჩნია მობილურ ტელეფონებს, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტერნეტს.
"ვერ გამოვიჩინეთ საკმარისი სიფრთხილე", "ვერ გაითვალა მოვლენების მსგავსი განვითარება" და ა.შ. ის ფრაზებია, რომელიც "იმედის" ხელმძღვანელობის მიერ სინანულით აღსავსე ტექსტშია გამოქვეყნებული. თუმცა, რა სიტუაციაა საჩივრების მიღების კუთხით და რა პასუხი აქვთ "ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ" გავრცელებულ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც მოდელირებულმა "ქრონიკამ" ორი ადამიანი იმსხვერპლა, "იმედის" გენდირექტორმა გიორგი არველაძემ პასუხის გაცემა არ ისურვა.
"სპეციალური რეპორტაჟის" წამყვანი ნათია კობერიძე კი ფიქრობს, რომ მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება, ვინაიდან გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ტიტრის არდადებას, მას არ მიუღია.
ტელეკომპანია "იმედმა" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 15 მარტის 128/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლითაც შ.პ.ს. "ტელეიმედი" "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის, შპს "ტელეიმედის" ბ16 ლიცენზიის პირობებისა და "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" დარღვევისა და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი პროგრამის გადაცემის გამო მაყურებელსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლებს, რომელთა კადრები მათთან შეუთანხმებლად იქნა გამოყენებული იმიტირებულ სიუჟეტებში, ბოდიში მოუხადა.
"იმედის" რვასაათიანი "ქრონიკის" ეთერში, სხვათა შორის, 15 წუთის შემდეგ გასულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაცემაში მოყვანილი ყველა ფაქტი და სხვადასხვა პოლიტიკოსის, დიპლომატისა და საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება იყო იმიტაცია და არ წარმოადგენდა რეალურ ფაქტებსა თუ პოზიციას.
"ტელეიმედი" ასევე ბოდიშს უხდის გადაცემაში მონაწილე მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც გადაცემის გამო დაუმსახურებლად აღმოჩნდნენ ნეგატიური რეაქციის ეპიცენტრში. ამავდროულად გამოთქვამს მზადყოფნას, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს მოქალაქეთა ყოველი ინდივიდუალური საჩივარი", - განაცხადეს "იმედის" ეთერში.
იქვე აღნიშნულია, რომ ტელევიზიის თანამშრომელთა მიზანია, შემდგომი მუშაობის განმავლობაში მაყურებელმა იხილოს ჟურნალისტური ეთიკისა და სამაუწყებლო სტანდარტების უმაღლეს დონეზე შესრულებული სამუშაო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი ადგილობრივი არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას.
"იმედი" ასევე განცხადებას ავრცელებს საკუთარ ვებგვერდზე, სადაც ნათქვამია, რომ ტელეარხს მიზნად დაუსახავს, რომ ის მოვლენები, რომლებიც ნაჩვენები იყო მათ პროგრამაში, აღქმულიყო სინამდვილედ და ტელეკომპანია "იმედი" სინანულს გამოთქვამს, რომ მოდელირებულმა რეპორტაჟმა ამდენ ადამიანზე ასე უარყოფიათად იმოქმედა. ტელეარხის ხელმძღვანელობა წუხილს გამოთქვამს, რომ ვერ გათვალა მოვლენების მსგავსი განვითარება.
"შეუძლებელია, სიტყვებით გამოვხატოთ, თუ რამდენად ვწუხვართ იმ შეშფოთებისა და ნერვიულობის გამო, რაც თქვენ, თქვენმა ოჯახებმა და მეგობრებმა განიცადეთ 13 მარტის გადაცემის შედეგად. ტელეკომპანია "იმედი" მხოლოდ საზოგადოებას და საქართველოს უკეთეს მომავალს ემსახურება. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი გადაცემით იმედი გაგიცრუეთ", - ასე ინანიებს "იმედი" ჩადენილ შეცდომას.
იმავე ტექსტში ნათქვამია, რომ პროგრამა ითვალისწინებდა იმ საფრთხეების განხილვას, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა. "იმედს" სურდა, ეჩვენებინა ის, რაც არასოდეს გვინდა, რომ იქცეს რეალობად. გვსურდა, გამოეფხიზლებინა მთელი საზოგადოება და პირველ რიგში პოლიტიკოსები, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან, იმ სახიფათო გეგმების უკეთ დასანახად, რასაც ამზადებს იმპერია, რომელმაც ერთხელ უკვე წაართვა სახელმწიფოებრიობა 1921 წელს და მოახდინა საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს.
"თუმცა ჩვენ ეს არ გამოგვივიდა, რადგან ვერ გამოვიჩინეთ საკმარისი სიფრთხილე. ყველაზე იოლი სათქმელადაც და მოსასმენადაც არის ის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რთულია საუბარი საფრთხეზე და მისთვის თვალის გასწორება, მაგრამ ამის გარეშე უფრო რთული ხდება მისი თავიდან აცილება. თავიდანვე გვინდოდა, ნათელი ყოფილიყო ის ფაქტი, რომ ეს შოუ არის ფიქცია. სამწუხაროდ, გადაცემის დასაწყისში გაკეთებული გაფრთხილება არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ დავუშვით შეცდომა, რადგან ვერ წარმოვიდგინეთ, რომ საზოგადოების ამხელა ნაწილი ასე სერიოზულად აღიქვამდა გადაცემას და ესოდენ მძიმე შედეგი დადგებოდა. ეს არ იყო ჩვენი მიზანი", - ნათქვამია განცხადებაში.
"იმედის" ხელმძღვანელობა იმასაც დასძენს, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეს ძალა, რომელიც თანამედროვე სამყაროში გააჩნია მობილურ ტელეფონებს, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტერნეტს.
ამასთან, აცნობიერებენ, რომ გადაცემამ ვერ დააკმაყოფილა ჟურნალისტური ეთიკისა და ქცევის სტანდარტები, რამაც განაპირობა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შესაბამისი შეფასება და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სამართლიანი შეშფოთება.
"გარწმუნებთ, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება. ჩვენ გავატარეთ თვითრეგულირების სათანადო ზომები, რომლის მიხედვითაც ჩვენი ტელევიზია მუშაობას და მაუწყებლობას გააგრძელებს ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის უმაღლესი და სამაგალითო სტანდარტების მიხედვით", - აცხადებენ არხის მესვეურები და იმედოვნებენ, რომ მაყურებელთა რწმენა მათი არხის მიმართ უახლოეს მომავალში აღდგება.
"სპეციალური რეპორტაჟის" წამყვანი ნათია კობერიძე, რომელიც მოდელირებული "ქრონიკის" გამო 25 მარტს უნდა წარდგეს ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს წინაშე, ამბობს, რომ ეთიკის საბჭოს სხდომაზე მისვლას გეგმავს, თუმცა ფიქრობს, რომ მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება, ვინაიდან გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ტიტრის არდადებას, მას არ მიუღია.
"ქრონიკის გამოშვება არ მომიმზადებია არც მე და არც "სპეციალური რეპორტაჟის" გუნდს. საერთო ჯამში ეს იყო უგემოვნო ნამუშევარი, რომელიც ჩვენ რომ მოგვემზადებინა, სხვა დონის იქნებოდა და მას ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით არ დაედო ტიტრი. როდესაც იმიტირებული "ქრონიკა" გავიდა, "სპეციალურ რეპორტაჟში" ითქვა ამის შესახებ და პრობლემა შეიქმნა იქ, სადაც არ დაედო ტიტრი", - ამბობს კობერიძე. მისი თქმით, ის გადაცემის წამყვანად რჩება, რადგან "გადაცემას არაფერი დაუშავებია".