კენტერბერული სცენა 70-იანი წლების დასაწყისში იზიარებდა ზოგადად ბრიტანეთში განვითარებულ მოვლენებს, რადგან ორი-სამი ალბომის გამოსვლის შემდეგ, ჩვეულებრივი ამბავი იყო მუსიკოსებს შორის დავა იდეათა გარშემო.
უბრალოდ კენტერბერელ მუსიკოსებთან დაკავშირებით, საგულისხმოა ერთი მომენტი. მათი რეპერტუარი შორს იდგა როკ’ნ’როლისგან, კომერციულ წარმატებაზე ფიქრი კი ამის გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით დასაფასებელია „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ მოღვაწე კენტერბერელი მუსიკოსების მთელი სპექტრის გამოჩენა იმ ათწლეულში, როდესაც როკს ისედაც არ ულხინდა მაინცდამაინც.
1972 წლისთვის საგანგაშო ნოტები თითქოს ჯერ არ გაისმოდა, მაგრამ ჰაერში უკვე ფანკის სურნელი ტრიალებდა, რასაც მალე მეინსტრიმიდან უნდა ჩამოეშორებინა ჭეშმარიტად როკული ჟღერადობა.
სწორედ ამ პერიოდში იქმნება კენტერბერული „სუპერჯგუფი“ Hatfield & The North. ჯგუფში არავინაა ჰეტფილდი. უბრალოდ ტრასაზე გამოკიდებული საგზაო მანიშნებელი - Hatfield & The North, ეტყობა კენტერბერიის მხარეს უნდა მიუთითებდეს, როგორც სრულიად თავისუფალს არამარტო ბრიტანული როკის, არამედ, ჯაზ როკის ზოგადი ტენდენციებისაგან...
Hatfield & The North-ის საფუძველია 1966 წელს Soft Machine-ის პარალელურად დაარსებული Delivery. სწორედ ამ ჯგუფში უკრავდნენ გიტარისტი ფილ მილერი და დრამერი პიპ პაილი.
მოგვიანებით დუეტის გზები გაიყარა - ფილ მილერი Soft Machine-დან წასულ დრამერ და მომღერალ რობერტ ვაიატის მიერ დაარსებულ Matching Mole (Soft Machine- ის ფრანგული სახელწოდება) აღმოჩნდა, ხოლო პიპ პაილმა კი მოღვაწეობა დეივიდ ალენის Gong-ში განაგრძო.
ამ ამბის პარალელურად, ფილ მილერის ძმამ - სტივმა, Delivery-ის დაშლის შემდეგ, Caravan-ში კლავიშებიან ინსტრუმენტებზე შემსრულებელი დევიდ სინკლერი შეცვალა. აქ მან ამ უკანასკნელის ბიძაშვილი - ბასისტი და მომღერალი რიჩარდ სინკლერი გაიცნო.
1972 წელს საფრანგეთიდან დაბრუნებულმა „გონგდალეულმა“ პიპ პაილმა Delivery-ის აღდგენა გადაწყვიტა და ძმებ მილერებთან და რიჩარდ სინკლერთან ერთად ჯგუფის ახალი შემადგენლობა შეკრა.
პირველი კონცერტების შემდეგ, Delivery სტივ მილერმა მიატოვა, მისი ადგილი კი კოლექტივში კენტერბერელმა პიანისტმა დევიდ სინკლერმა დაიკავა.
შემონახულია ფრანგული ტელევიზიის ჩანაწერი, რომელშიც Hatfield & The North სცენაზე რობერტ ვაიატთანაა ერთადაა წარმოდგენილი.
იმპროვიზაციისაგან ლამის დუღდა გამოცდილი მუსიკოსებისაგან შემდგარი ჯგუფი, რაც ფაქტობრივად Matching Mole-თვის დამახასიათებელ ვაკხანალიაში გადადიოდა ხოლმე. ეს კი ნამდვილად არ აკმაყოფილებდა მოწესრიგებულ „ქარავანელ“ დეივ სინკლერს, რომლის „შემპარავ“ ფსიქოდელიაზე აქამდე გვისაუბრია.
საბოლოოდ წესრიგსა და ქაოსს შორის ოქროს შუალედის პოვნა კიდევ ერთ პიანისტს - დეივ სტიუარტს მოუწია, რომელმაც ლომის წილი დაიდო Hatfield & The North-ის გამორჩეული ჟღერადობის შექმნაში, რაც თითქოს ადრეული Soft Machine-ის უკომპრომისობისა და Caravan-ის „შემპარავობის“ გამაერთიანებელი გამოდგა.
მან სინთეზატორული მრავალფეროვნებით წინა პლანზე წარმოაჩინა კლავიშებიანი ინსტრუმენტები, თუმცა საქმე არც ფილ მილერს აკლდა, რომლის დაუვიწყარი ფიუჟენ სოლოები განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა Hatfield & The North-ის რეპერტუარს.
დეივ სტიუარტს იქამდე Uriel-ში, Egg-სა და Khan-ში ჰქონდა ნამოღვაწარი გიტარისტ სტივ ჰილიჯთან, დრამერ ქლაივ ბუქსთან, ბასისტ მონტ კემპბელთან და შემდგომში სხვა სახელოვან მუსიკოსებთან ერთად.
საგულისხმოა, რომ სტიუარტი თავიდანვე - 17 წლის ასაკშივე, ექსპერიმენტული მუსიკის შექმნას შეუდგა.
Hatfield & The North კი ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომზე სამუშაოდ სტუდიაში 1974 წელს ჩაიკეტა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ოფიციალურად კვარტეტს წარმოადგენდა, მასში თავი არაერთმა კენტერბერელმა სტუმარმა მოიყარა და დაატყო კიდეც საკუთარი კვალი ექსპერიმენტებით აღსავსე ალბომს, რომელშიც კომპოზიტორული ტალანტი დეივ სტიუარტმა, პიპ პაილმა და რიჩარდ სინკლერმა ჩადეს.
სხვადასხვა კომპოზიციებში აქ ვოკალის პარტიები Spirogyra-ს ბარბარა გასკინმა და ზემოთხსენებულმა რობერ ვაიატმა შეასრულეს, აქვე გამოჩნდა Gong-ის საქსოფონისტი დიდიე მალერბიც...
Hatfield & The North -მა სადებიუტო ალბომს ერთი წლის შემდეგ The Rotters’ Club მოაყოლა, რომელშიც ფილ მილერის კომპოზიციებიც გამოჩნდა. კვარტეტს აქ უკვე Henry Cow-ს ვოკალისტი ქალბატონები სტუმრობენ, რომელთა ხელწერაც ადვილი ამოსაცნობია გამოუცდელი ყურისთვისაც კი.
ექსპერიმენტების ზღვაში გამორჩეულად საინტერესოა დეივ სტიუარტის ოთხი ნაწილისაგან შემდგარი 20 წუთიანი კომპოზიცია Mumps, რომელსაც ალბომის მეორე გვერდი უკავია.
გაივლის წლები, კომპაქტ დისკზე ეს ორივე ალბომი დამატებითი მასალის თანხლებით გამოვა და მსმენელს მით უფრო გააკვირვებს აურაცხელი პოტენციალით, რასაც ორი ალბომი ვერანაირად დაიტევდა.
მიუხედავად ამისა, ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა ერთი მარტივი მიზეზის გამო, რაზედაც ჩვენ შემდგომ მასალაში ვისაუბრებთ, იქამდე კი 1990 წელს, ძალიან უცნაურად, როგორც ალბათ მხოლოდ კენტერბერული სცენის წარმომადგენლებს შეშვენით, ჯგუფი „ექსპერიმენტულად“ შეიკრიბა, ჩაწერა დიდწილად ახალი მასალისგან შემდგარი საკონცერტო ალბომი და რაც მთავარია მისი ამსახველი ვიდეოც.
1993 წელს გამოსულ საკონცერტო ალბომში დეივ სტიუარტის ნაცვლად მონაწილეობას პიპ პაილის სერბული წარმოშობის ფრანგი მეგობარი ქალბატონი სოფია დომანჩიჩი იღებს. შესანიშნავი პიანისტის კალამს ეკუთვნის ჯაზური კომპოზიცია Blott, ძველი რეპერტუარიდან კოლექტივი კიდევ სამ კომპოზიციას ასრულებს, აი დანარჩენი კი...
უმნიშვნელოვანესია პიპ პაილის 12 წუთიანი Shipwrecked, რომლის ძირითად მოტივსაც ვოკალის პარტიის ჩათვლით ბას გიტარა, გიტარა და კლავიშებიც გვაწვდიან - ოღონდ სოლო ინსტრუმენტები იმპროვიზაციული ფორმით.
აღსანიშნავია, რომ ალბომის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ Hatfield & The North კვლავ შეუდგა საკონცერტო მოღვაწეობას, მაგრამ ერთ-ერთ ტურნეში პიპ პაილი 2006 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.
ამ ამბავს აწგარდაცვლილი Gong-ის დეივიდ ალენი მახვილგონივრულად გამოეხმაურა - ქალთან ურთიერთობისას ამ ქვეყნიდან გასვლას, ნებისმიერი ადამიანი უნდა ნატრობდესო...
ერთი კია, რომ პიპ პაილის გასვლამ საბოლოოდ შეწყვიტა შესანიშნავი ექსპერიმენტული ჯაზ როკ ბენდის არსებობა.
(გაგრძელება იქნება)