თბილისში გაზი უკვე მესამე კვირაა არ არის

თბილისში გაზი უკვე მესამე კვირაა არ არის

მიუხედავად ოპტიმისტური განცხადებისა, ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ვითარება სულ უფრო იძაბება. დედაქალაქში  გაზი უკვე მესამე კვირაა არ არის. საწვავი არ მიეწოდება უმსხვილეს სამრეწველო საწარმოებსაც. პირველი სოციალური შედეგები ამან უკვე გამოიღო: მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში გათბობის აუცილებლობა არ არსებობს, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რაც, შესაბამისად, აისახება გადასახადის ოდენობაზე – ამას პირველი გამოსვლები მოჰყვა დიდ დიღომში.

ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება ზამთარში, როდესაც აცივდება და „ენერგოკრიზისი“ ძველებურად იჩენს თავს – თბილსრესის მე-9 ბლოკის (წყეულხსენებულის) ამუშავებისთვის აუცილებელი ბუნებრივი აირიც ხომ „იტერამ“ უნდა მოგვაწოდოს.

ბოლო დრომდე ერთადერთი იმედი ისრაელ-ამერიკის კომპანია „ტაჰალი“ იყო, რომლის ხელმძღვანელობა მზად იყო, 75 მილიონი დოლარი დაებანდებინა მრიცხველების გამოტანასა და მილსადენის ინფრასტრუქტურის ნაწილობრივ განახლებაში. მაგრამ მოლაპარაკება, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩიხში შევიდა, ვინაიდან ჩვენი ჩინოსნების ძალიან დიდი ნაწილი უცხოურ კომპანიებს („ტაჰალსა“ და „აესს“, თუ ნებისმიერ სხვას) კვლავინდებურად განიხილავს „წითელი ჯვრის“ მსგავს საქველმოქმედო ორგანიზაციად  ერთგვარ „სათნოების სახლად“ და „ხსნის არმიად“, რომელიც მზად არის, უანგაროდ გვასვას, გვაჭამოს, ჰუმანიტარული დახმარებით მოგვამარაგოს, თვითონ კი ამ საქმიდან არაფერი მოიგოს.

„წარმოგიდგენიათ, ისეთ ხელშეკრულებას გვთავაზობს, რომ მოგება მიიღოსო  ერთგვარი „მამხილებელი“ ტონით აღნიშნავენ ჩვენი „ენერგომამები“. გაუგებარია, აბა რაზე უნდა იზრუნოს კომერციულმა კომპანიამ? რასაკვირველია, „ტაჰალი“ ყველანაირად შეეცდება, ინვესტიცია არათუ დაკარგოს, არამედ მოგებაც ნახოს.

თბილისიდან კი მათ საოცარ პროექტებს სთავაზობენ: „ტაჰალმა“ უზრუნველყოს თბილისის 24-საათიანი მომარაგება ბუნერივი აირით“, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი (პოლიტიკური მოსაზრებებით) შეგვიწყვეტს გაზის მოწოდებას, მაშინ საიდან მოიტანოს? აზერბაიჯანიდან? თუ შაჰ-დენიზის გაზსადენი ვერ მოესწრო?

არ ვიცით, – საიდანაც უნდა, იქიდან მოიტანოს  თუნდაც ციდან! გეგონება, ებრაელებს მეტი საქმე არა აქვთ ან ფულს სხვაგან ვეღარსად დააბანდებენ და „თბილგაზის“ დაუფლებას ისევე ესწრაფვიან, როგორც იერუსალიმის გათავისუფლებას ესწრაფოდნენ ათასწლეულთა განმავლობაში.

თანაც „ტაჰალს“ თვალწინ. აქვს „ეი-ი-ეს“-ის ტრაგიკომიკური მაგალითი, როდესაც ამერიკული კომპანია ფლობდა „თელასს“, მაგრამ რაკი რუსეთთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო ხაზები სახელმწიფოს საკუთრებად რჩებოდა, „რაო-ეეს“-ისაგან შეძენილი ელექტროენერგია რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან თბილისამდე თვალსა და ხელს შორის „ორთქლდებოდა“.

გარდა ამისა, სურთ, „ტაჰალს“ დააკისრონ „თბილგაზის“ 50-მილიონიანი ვალი და ვალდებულება, – არ გაზარდოს ბუნებრივი აირის საფასური იმ შემთხვევაშიც კი, თუ მომწოდებელი (რუსეთი) გააძვირებს საწვავის ფასს!

რასაკვირველია, ეს არის ზღაპარი. არც ერთი ჭკუათმყოფელი ბიზნესმენი ასეთ პირობებზე მსხვილ ინვესტიციას არ განახორციელებს, რაც შესანიშნავად იციან იმ ჩინოსნებმა, ვინც „ტაჰალთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს, მაგრამ პასუხისმგებლობის ეშინიათ, ამიტომ ცნობილი იგავის იმ პერსონაჟებს ემსგავსებიან, ერთმანეთს რომ ეკითხებოდნენ ხმააკანკალებით: „ვინ შეაბამს ეჟვანს?!“

სინამდვილეში „ტაჰალი“ თბილისისა და მთელი საქართველოს გაზსადენი სისტემის გადარჩენის უკანასკნელი შანსია, მაგრამ უბედურებაც სწორედ ის არის, რომ თუ რუსეთმა გაზი არ მოგვაწოდა, ვერანაირი სადისტრიბუციო კომპანია ვითარებას ვერ შეცვლის.

მოსკოვში კი საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, ჩვენს ქვეყანას „ენერგეტიკული მარწუხი“ შემოუჭირონ მოსახრჩობად. უკანასკნელი მოლაპარაკებები მოსკოვში არც თუ იმედიანად დასრულდა. „იტერა“ (აშკარად კრემლის ფარული მითითებით) მოითხოვს 1996-2002 წლებში დაგროვილი ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებას.

ამ დოკუმენტის პარაფირებამდე შემოდგომიდან იგი კატეგორიულად გამორიცხავს ბუნებრივი აირის მოწოდებას.

დიპლომატიური ენიდან თუ გადმოვთარგმნით, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ვალად არ აღიარებს 90 მილიონ დოლარს, რომლის დიდი ნაწილი კომერციული სტრუქტურების მიერ შემოტანილი და სახელმწიფო თუ კერძო სააქციო საწარმოებში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურია, რუსეთიდან გაზს ვერ მივიღებთ. რა თქმა უნდა, საქართველომ საპასუხოდ შეიძლება „გადაუჭრას“ ბუნებრივი აირის ტრანზიტი სომხეთს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ზამთარში სომხეთიდან ელექტროენერგიასაც ვერ მივიღებთ თბილისისთვის.

ერთი სიტყვით, უმძიმესი შემოდგომა-ზამთარი გველის. და ეს ყოველივე იმის გამო, რომ ვერავინ გაბედა „ეჟვანი შეება“ და „ტაჰალი“ ჯერ კიდევ 2 წლის წინ შემოეყვანა. ამჟამად უკეთესი საწყისი პირობები გვექნებოდა „ენერგობლოკადის“ გასარღვევად.