„მოქალაქეთა კავშირის“ დასასრული

„მოქალაქეთა კავშირის“ დასასრული

თვის ბოლოს დაგეგმილია „მოქალაქეთა კავშირის“ ყრილობა, რომელმაც უნდა განსაზღვროს პარტიის მომავალი. ბუნებრივია,  ყრილობაზე არც დაისმება საკითხი, უნდა იარსებოს თუ არა პარტიამ, მაგრამ სინამდვილეში, მიღებული გადაწყვეტილებები დიდად განაპირობებენ „მოქკავშირის“ შემდგომ სიცოცხლისუნარიანობას – იმას თუ რამდენად მოახერხებს ეს პარტია, იპოვოს თავისი ადგილი პოლიტიკურ წრფეზე უკვე არა როგორც „მმართველმა“ ან „სახელისუფლებო“, არამედ როგორც ნორმალურმა, ჩვეულებრივმა საპარლამენტო პარტიამ.

ამ თვალსაზრისით, მომავალი ყრილობა ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც „მოქალაქეთა კავშირის“ პირველი ყრილობა შორეული 1994 წლის ნოემბერში.

იმ ყრილობაზე ზურაბ ჟვანია აირჩიეს პარტიის გენერალურ მდივნად, ხოლო ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: „ჩვენ ვქმნით პარტიას, რომელიც მოვა ხელისუფლებაში და ძალიან დიდხანს დარჩება“. მის განცხადებას დარბაზი მქუხარე ოვაციით შეხვდა.

თუმცა, შევარდნაძეს, რასაკვირველია, უკვე მაშინ შესანიშნავად ესმოდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც „მოქკავშირის დრო“ წავიდოდა.

ეს დრო საუკუნეთა მიჯნაზე დადგა. ალბათ, ობიექტურად ყველა შემთხვევაში დადგებოდა, მაგრამ ამას ხელი შეუწყო „მოქალაქეთა კავშირის“ ზოგიერთმა აქტივისტმა (ეს არ ეხება ზურაბ ჟვანიას), რომელმაც ბოლოს მმართველი პარტია რაღაც „დისიდენტურ ორგანიზაციად“ გადააქცია ხელისუფლებაში.

ასეთი აბსურდული ვითარება კი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.

როგორც მოგახსენეთ, 1994 წელს ედუარდ შევარდნაძეს შესანიშნავად ესმოდა, რომ „მოქკავშირი“ მარადიული ვერ იქნებოდა, მაგრამ იგი ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოების განწყობა, რომელსაც გარკვეულობა და სტაბილურობა მოსწყურებოდა – ბობოქარი  5 წლის შემდეგ.

მაგრამ სახელმწიფოს მეთაურმა უკვე მაშინ მიმართა მისთვის ჩვეულ „დაბალანსებას“ და „კონტრომოტივაციათა“ ტექნოლოგიას: მიუხედავად იმისა, რომ ყრილობის დელეგაცია და დარბაზში შეკრებილ „ზეპურინტელიგენტთა“ აბსოლუტურ უმრავლესობას „რუბლის ზონაში“ შესვლის მომხრენი შეადგენდნენ (ალბათ, გახსოვთ ის იდიოტური დისკუსია), მან „მთავარ სტუმრად“ ყრილობაზე ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი მოიწვია.

ივნისის ბოლოს დაგეგმილ სესიას ედუარდ შევარდნაძე აუცილებლად დაესწრება, როგორც პარტიის რიგითი წევრი. უეჭველად გამოვა სიტყვითაც და არ არის გამორიცხული, მნიშვნელოვანი განცხადებებიც გააკეთოს. მაგრამ ამას არავითარი პირდაპირი კავშირი არა აქვს „მოქკავშირის“ მომავალთან. უმთავრესი  საკითხი იქნება სახელმწიფო მინისტრის არჩევა პარტიის თავმჯდომარედ, რაც „მოქალაქეთა კავშირის“, როგორც სახელისუფლებო პარტიის რეანიმაციის მცდელობაა.

წინასწარ შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ავთანდილ ჯორბენაძის თანხმობა, დაეკავებინა პარტიის თავმჯდომარის პოსტი, სხვა პარტიათა გაღიზიანებას გამოიწვევდა და გამოიწვია კიდეც. ვახტანგ რჩეულიშვილის უცნაური (ფამილარული) დემარში მთავრობის სხდომაზე სწორედ ამის მანიშნებელია, ისევე, როგორც სხვა ლიდერთა აშკარად გაღიზიანებული კომენტარები.

მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ასეთი რეაქცია და გადაჭარბებული მოლოდინი „მოქალაქეთა კავშირის“ მომავალთან დაკავშირებით უბრალო გაუგებრობას ეფუძნება. პრეზიდენტს რომ „მმართველი პარტიის“ არსებობა სდომებოდა, იგი პარტიის თავმჯდომარეობიდან არ გადადგებოდა.

უბრალოდ, გამაოგნებელია „მოქკავშირის“ ახალი ლიდერების მცდელობა, აიძულონ ხელისუფლება, დააკომპლექტოს მთავრობა „პარტიული ნიშნით“. პრეზიდენტმა უკვე საკმაოდ ცივი (თუმცა, ერთმნიშვნელოვანი) კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით. ანუ, პარტიის ახალ მმართველ დაჯგუფებას სურს (ცდილობს კიდეც) მიაღწიოს იმას, რასაც ზურაბ ჟვანიამაც კი (!) ვერ მიაღწია 7 წლის განმავლობაში.

სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: დიდი ხმაურითა და გნიასით ჩაივლის „მოქკავშირის“ ყრილობა, ფართოდ გაშუქდება პრესით, იქნება მხურვალე გამოსვლები, ფორმალურად აირჩევენ სახელმწიფო მინისტრს პარტიის თავმჯდომარედ და... ამით დამთავრდება ყველაფერი. პრეზიდენტი თითს თითზე არ დააკარებს, რათა დაეხმაროს ამ პარტიას მომავალ არჩევნებში ან სახელისუფლებო ბერკეტთა მოპოვებაში.

საეჭვოა, აგრეთვე, ავთანდილ ჯორბენაძემ ძალიან გამოიდოს თავი. იგი ექიმია და შესანიშნავად იცის, რამდენად არის შესაძლებელი მიცვალებულის გაცოცხლება.